ლოქოს მოშენება: ყოველდღიური მენეჯმენტი და მოვლის პრაქტიკული სახელმძღვანელო
კომერციულ მეთევზეობაში ლოქოს სწრაფი ზრდა და მაღალი რენტაბელობა პირდაპირ არის დამოკიდებული ყოველდღიურ სწორ მენეჯმენტზე.
ლოქო საკმაოდ გამძლე თევზია, თუმცა ინტენსიური წარმოებისას მოვლის რეჟიმის დარღვევა მყისიერად აისახება ფერმერის ფინანსურ შედეგებზე.
ლოქოს აუზები დღეში მინიმუმ ორჯერ უნდა შემოწმდეს, _ დილით ადრიანად და გვიან ნაშუადღევს.
- დაკვირვება – ჯანსაღი ლოქო საკვებზე აგრესიულად და სწრაფად რეაგირებს.
- საგანგაშო ნიშნები – თუ თევზი დუნედ მოძრაობს, წყლის ზედაპირზე ვერტიკალურად ტივტივებს ან უარს ამბობს საკვებზე, ეს ნიშნავს, რომ აუზში პრობლემაა (ჟანგბადის ნაკლებობა ან დაავადების დასაწყისი).
წყლის ხარისხი და მისი შეცვლა
ლოქო დიდი რაოდენობით ორგანულ ნარჩენს გამოყოფს, რაც წყალს სწრაფად აბინძურებს.
- წყლის ფერი და სუნი – თუ წყალმა მიიღო მუქი ყავისფერი შეფერილობა ან დადგა ამიაკის სპეციფიკური სუნი, საჭიროა წყლის ნაწილობრივი (20-30%) შეცვლა.
- ტემპერატურა – ლოქო სითბოს მოყვარული თევზია. ტემპერატურის მკვეთრი ვარდნა ანელებს მის მეტაბოლიზმს და ზრდას.
ჟანგბადის მართვა და კვება
ლოქოს აქვს უნარი ატმოსფერული ჰაერიც გამოიყენოს, თუმცა წყალში ჟანგბადის დაბალი დონე მას სტრესში აგდებს.
- კვების რეჟიმი – მიაწოდეთ საკვები დღეში ორჯერ, ერთსა და იმავე დროს.
- დოზირება – ნუ დატოვებთ ზედმეტ საკვებს აუზში. ჩაუყარეთ იმდენი, რამდენსაც თევზი 5-10 წუთში შეჭამს.
- დაუშლელი საკვები ლპება და წყალს ჟანგბადს ართმევს.
სინჯების აღება და წონის კონტროლი
ყოველ 2 კვირაში ერთხელ მოახდინეთ რამდენიმე ინდივიდის საკონტროლო აწონვა. ლოქო ძალიან სწრაფად იზრდება, ამიტომ საჭიროა საკვების დოზის მუდმივი კორექტირება მისი წონის მატების შესაბამისად. ეს აგაცილებთ საკვების ფუჭ ხარჯს.
დაავადებების პრევენცია და ჰიგიენა
- დახარისხება – ლოქოს ახასიათებს კანიბალიზმი. ყოველდღიური დაკვირვებისას, თუ შეამჩნევთ ზომაში მკვეთრ სხვაობას, საჭიროა თევზის ზომების მიხედვით დახარისხება.
- სისუფთავე – მკვდარი თევზი დაუყოვნებლივ უნდა ამოიღოთ აუზიდან. აუზის ირგვლივ ტერიტორია გაათავისუფლეთ მაღალი ბალახისგან, რათა თავიდან აიცილოთ გველებისა და სხვა მტაცებლების გავრცელება.
აღრიცხვიანობა წარმატების საფუძველია
აწარმოეთ ყოველდღიური ჩანაწერები:
- გახარჯული საკვების რაოდენობა;
- წყლის ცვლის თარიღი;
- დანაკარგები (სიკვდილიანობა);
- წყლის ტემპერატურა.
ლოქოს მოშენება მაღალშემოსავლიანი ბიზნესია, თუ ფერმერი ყოველდღიურად აკონტროლებს წყლის ხარისხსა და კვების ნორმებს.
თანმიმდევრულ მენეჯმენტს მინიმუმამდე დაჰყვს დანაკარგები და უზრუნველყოფს ხარისხიანი პროდუქციის მიღბას.

