ნემატოდები სასოფლო-სამეურნეო კულტურებში _ იდენტიფიკაცია და მართვის სტრატეგიები
ნიადაგის მიკროსკოპული ბინადარი ჭიები – ნემატოდები, ხშირად ფერმერების „უხილავ მტრებად“ გვევლინებიან. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს სასარგებლო ნემატოდებიც, მათი პარაზიტული სახეობები დიდ ზიანს აყენებს ბოსტნეულ (პომიდორი, წიწაკა, კომბოსტო), მარცვლოვან (სიმინდი) და ტექნიკურ კულტურებს.
წინამდებარე სახელმძღვანელო დაგეხმარებათ ამ მავნებლის დროულ ამოცნობასა და ეფექინა მართვაში.
- როგორ ამოვიცნოთ ნემატოდური დაზიანება?
ნემატოდების მიერ დაზიანებული მცენარის სიმპტომები ხშირად გვალვის ან საკვები ნივთიერებების ნაკლებობას ჰგავს, თუმცა არსებობს სპეციფიკური ნიშნები, რასაც ყურადღბა უნდა მიექცეს:
მიწისზედა სიმპტომები:
- ფოთლების გაყვითლება და ზრდის შეფერხება;
- მცენარის ჭკნობა მაშინაც კი, როდესაც ნიადაგში საკმარისი ტენია;
- ნაკვეთზე მცენარეთა არაერთგვაროვანი, „ლაქოვანი“ განვითარება;
- მოსავლიანობის მკვეთრი შემცირება.
მიწისქვეშა სიმპტომები (ყველაზე სარწმუნო ნიშნები): დიაგნოსტიკისთვის აუცილებელია მცენარის ფრთხილად ამოთხრა და ფესვთა სისტემის შემოწმება:
- კოჟრები (წანაზარდები): ფესვებზე არსებული შესიებები (დამახასიათებელია ფესვის ნემატოდისთვის);
- დეფორმირებული ან დამოკლებული ფესვები;
- ყავისფერი ან შავი ლაქები (ნეკროზები) ფესვებზე.
ყველაზე ზუსტი დადასტურება ხდება ნიადაგისა და ფესვის ლაბორატორიული ანალიზით.
- გავრცელებული სახეობები
სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკაში ყველაზე ხშირად გვხვდება:
- ფოთლის ნემატოდები;
• ღეროს ნემატოდები;
• ფესვის ნემატოდები:
ა) ფესვის გალიანი ნემატოდები;
ბ) ფესვის მოძრავი ნემატოდები;
გ) ფესვის ექტოპარაზიტი ნემატოდები.
ზოგიერთი ნემატოდა წარმოქმნის ცისტას, რომელიც 10 წლამდე ინარჩუნებს სიცოცხლისუნარიანობას.
ნემატოდები მრავლდებიან კვერცხით, რომელსაც დედალი დებს სუბსტრატზე ან გალში ანდა მკვდარი დედლის სხეულში, რომელიც ცისტადაა გადაქცეული. კვერცხი იდება 14-15 გრადუსი ტემპერატურის დროს. 30 გრადუსზე კვერცხში ნემატოდის განვითარება 20-25 დღეს გრძელდება, დაბალ ტემპერატურაზე კი შეიძლება 3 თვემდე გაგრძელდეს.
ამის მიხედვით ნემატოდას შეიძლება ჰქონდეს 1-დან 4-5 თაობამდე. კვერცხების რაოდენობა 1-4 დან 500-1000 ცალამდეა.
მცენარეში იჭრებიან ფესვის ბუსუსებიდან, ბაგეებიდან, ჭრილობებიდან. ნემატოდები ერთი მცენარიდან მეორეზე ვრცელდებიან ნიადაგით, მწვანე ოპერაციებით, ნაკელით და სხვ.
ნემატოდა ნიადაგში დიდხანს არ ცოცხლობს, გამხმარ ფოთლებში კი შეუძლია რამდენიმე წელს გაძლოს. დაავადებას ხელს უწყობა ნიადაგის მაღალი ტენიანობა, 25-300C ტემპერატურა, ph-5,5-5,8.
- ქიმიური ბრძოლის მეთოდები
მნიშვნელოვანია: ქიმიური საშუალებები აჩერებს მავნებლის გავრცელებას, მაგრამ ვერ აღადგენს უკვე დაზიანებულ ფესვს.
- ოქსამილი (Oxamyl) _ გამოიყენება წვეთოვანი ირიგაციით ან ნიადაგის მორწყვით. დოზირება _ 2-4 ლიტრი ჰექტარზე.
- ფლუოპირამი (Fluopyram) _ ეფექტურია ადრეულ სტადიაზე, წვეთოვანი სისტემით შეტანისას (0.5-1 ლ/ჰა).
- აბამექტინი (Abamectin) _ გამოიყენება ჩითილების გადარგვისას ან ნიადაგის დასამუშავებლად (1-2 ლ/ჰა).
- ინტეგრირებული მართვა (IPM) _ ოქროს შუალედი
ნუ დაეყრდნობით მხოლოდ ქიმიას. საუკეთესო შედეგს იძლევა კომპლექსური მიდგომა:
- თესლბრუნვა _ ნუ დარგავთ ერთსა და იმავე კულტურას ზედიზედ. მონაცვლეობა ისეთი მცენარეებით, რომლებიც არ წარმოადგენენ ნემატოდის მასპინძელს (მაგ. მარცვლეული), მკვეთრად ამცირებს მათ პოპულაციას;
- რეზისტენტული ჯიშები _ შეარჩიეთ ნემატოდების მიმართ გამძლე თესლი და ნერგი;
- ნიადაგის სოლარიზაცია _ ცხელ სეზონზე ნოტიო ნიადაგის გამჭვირვალე პლასტიკით დაფარვა (6-8 კვირა) თერმულად ანადგურებს მავნებლებს;
- ორგანული სასუქები _ კომპოსტის და გადამწვარი ნაკელის შეტანა აუმჯობესებს ნიადაგის ბიოლოგიურ აქტივობას და ხელს უწყობს სასარგებლო მიკროორგანიზმების გამრავლებას.
- რეკომენდაციები მცირე და მსხვილი ფერმერებისთვის
- მცირე მეურნეობები: ფოკუსირება მოახდინეთ თესლბრუნვაზე, ნიადაგის გაჯანსაღებაზე და დაზიანებული კერების ლოკალურ დამუშავებაზე.
- მსხვილი მეურნეობები: აუცილებელია ნიადაგის წინასწარი ტესტირება, პრევენციული ნემატიციდების გამოყენება და ზუსტი დოზირება წვეთოვანი სისტემით.
- მოსალოდნელი შედეგები
სწორი მართვის შემთხვევაში, ახალ ფესვებზე აღარ შეინიშნება გალები, მცენარე იბრუნებს სასიცოცხლო ძალას და მოსავლიანობა იზრდება.
ნემატოდებთან ბრძოლა ხანგრძლივი პროცესია, რომელიც მოითხოვს სიფხიზლეს და ნიადაგის ჰიგიენის დაცვას. დაიმახსოვრეთ: ყოველთვის ადვილია პრევენცია, ვიდრე დაზიანებული პლანტაციის რეაბილიტაცია. ქიმიური პრეპარატების გამოყენებისას კი მკაცრად დაიცავით უსაფრთხოების წესები და ლოდინის პერიოდები.
გაფრთხილება: სტატია ატარებს საინფორმაციო ხასიათს. პესტიციდების გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია აგრონომთან და გაეცანით ქვეყანაში რეგისტრირებული პრეპარატების ნუსხას.

