აგროსიახლეები

ფალსიფიცირებული თაფლი _ ევროპული მეფუტკრეობა დაცვას ითხოვს

ევროპული მეფუტკრეობის სექტორი კრიზისშია. დაბალ ფასად განხორციელებული მასობრვი იმპორტი, ფართოდ გავრცელებული ფალსიფიკაცია და ავთენტურობის არასაკმარისი კონტროლი სექტორს საფრთხეს უქმნის.

ევროპელი მეფუტკრეები განგაშს ტეხენ და ბრიუსელისგან ქმედით ნაბიჯებს ითხოვენ.

ევროპარლამენტის დეპუტატმა, კონსტანტინოს არვანიტისმა, ევროკომისიას წერილობითი კითხვით მიმართა, სადაც სამ ძირითად პრობლემაზე გაამახვილა ყურადღება: ევროკავშირის თაფლის სარეფერენტო ლაბორატორიის არარსებობა, იმპორტზე კონტროლის მექანიზმების არაეფექტიანობა და ევროკავშირი-მერკოსურის (UE-Mercosur) სავაჭრო შეთანხმების გავლენა დარგზე, რომელიც ძალაში მიმდინარე წლის 1 მაისს შევიდა.

ორმაგი სტანდარტები ერთიან ბაზარზე

დეპუტატის მიერ აღწერილი სურათი ბაზარზე დისბალანის არსებობას აჩვენებს. ევროპელი მწარმოებლები ვალდებულნი არიან დაიცვან სურსათის უვნებლობის, მიკვლევადობის, გარემოს დაცვისა და ფუტკრის ჯანმრთელობის მკაცრი სტანდარტები. ეს ყოველივე მაღალ ხარჯებთან არის დაკავშირებული.

ამის საპირისპიროდ, იმპორტირებული პროდუქცია ხშირად არ ექვემდებარება მსგავს სისტემურ შემოწმებას. იმპორტირებული თაფლის ნიმუშების ბოლოდროინდელმა ანალიზმა აჩვენა ფალსიფიკაციის მაღალი მაჩვენებელი, რაც პირდაპირ აზიანებს მომხმარებელთა ნდობას და ევროპელი მეფუტკრეების კონკურენტუნარიანობას. ბევრი მათგანი იძულებულია პროდუქტი თვითღირებულებაზე დაბალ ფასად გაყიდოს.

ევროკავშირის თაფლის სარეფერენტო ლაბორატორიის შექმნასთან დაკავშირებით ევროკომისია სიფრთხილეს იჩენს. შეიქმნა ე.წ. „თაფლის პლატფორმა“ (Honey Platform), რომელიც აგროვებს მონაცემებს ავთენტურობის კონტროლის გასაუმჯობესებლად.

კომისიის განცხადებით, სანამ საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მიღებული, საჭიროა გამოირიცხოს დუბლირება უკვე არსებულ სტრუქტურებთან და გარანტირებული იყოს პროექტის ფინანსური მდგრადობა. საკითხი დამატებით შესწავლას საჭიროებს.

იმპორტის კონტროლის კუთხით კომისია უფრო კონკრეტულია. 2025 წლის 9 დეკემბერს ბრიუსელმა გაამკაცრა ზომები: გაიზარდა აუდიტორული შემოწმებების რაოდენობა, დაწესდა მკაცრი მონიტორინგი არაკეთილსინდისიერ ქვეყნებსა და ტვირთებზე და, რაც მთავარია, შეიქმნა იმპორტის კონტროლის სპეციალური ჯგუფი (Task Force). ეს ნაბიჯები სწორი მიმართულებით გადადგმულად მიიჩნევა, თუმცა მათი ეფექტურობა პრაქტიკაში უნდა დადასტურდეს.

UE-Mercosur შეთანხმება: საფრთხე თუ რეგულირება?

ყველაზე მწვავე საკითხი სამხრეთ ამერიკის ქვეყნებთან (Mercosur) გაფორმებული სავაჭრო ხელშეკრულებაა. ევროპელი მეფუტკრეები შიშობენ, რომ იაფი თაფლის მოზღვავება სექტორისთვის სასიკვდილო დარტყმა იქნება.

ევროკომისია ირწმუნება, რომ თაფლის ბაზრის სენსიტიურობა გათვალისწინებულია. შეთანხმების ფარგლებში თაფლის იმპორტზე არ დაწესებულა შეუზღუდავი წვდომა; ამის ნაცვლად დადგინდა კონკრეტული სატარიფო კვოტები და იურიდიულად სავალდებულო „დამცავი მექანიზმი“.

ამგვარი ქმედებები სრულად ვერ აქარწყლებს სექტორის შიშებს, თუმცა მიანიშნებს იმას, რომ ბრიუსელი პრობლემას და ევროპული თაფლის დაცვის საჭიროებას აცნობიერებს.

ავტორი: გაბრიელე ფრონჯა

წყარო: www.sardegnagol.eu