ბლოგი

ქინძი და სისხლში შაქრის დონე – შეუძლია თუ არა ამ პოპულარულ მწვანილს დიაბეტის მართვაში დახმარება?

ქინძი ქართული სამზარეულოს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და საყვარელი მწვანილია. მას კერძებში განსაკუთრებული არომატი და გემო შეაქვს, თუმცა მისი მნიშვნელობა მხოლოდ კულინარიული დანიშნულებით არ შემოიფარგლება. ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელებში სულ უფრო ხშირად ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს ქინძს სისხლში შაქრის დონის შემცირება, ორგანიზმის მძიმე მეტალებისგან გაწმენდა და ინფექციებთან ბრძოლა შეუძლია.

შეესაბამება თუ არა ეს მტკიცებები მეცნიერულ მონაცემებს და შეგვიძლია კი ქინძი დიაბეტის მართვის ბუნებრივ საშუალებად მივიჩნიოთ?

საკითხის გასარკვევად სპეციალისტები ქინძში შემავალი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებისა და მათი შესაძლო გავლენის შესახებ არსებულ კვლევებს ეყრდნობიან.

ქინძი შეიცავს მცენარეულ ნაერთებს, რომლებსაც ორგანიზმში გლუკოზის ცვლაზე გარკვეული გავლენის მოხდენა შეუძლიათ. მკვლევართა ყურადღებას განსაკუთრებით მასში არსებული ფლავონოიდები, პოლიფენოლები და ეთერზეთები იპყრობს.

სპეციალისტები განმარტავენ, რომ ამ ნივთიერებებს რამდენიმე მიმართულებით შეუძლია მოქმედება:

  • ხელი შეუწყოს კუჭქვეშა ჯირკვლის უჯრედებიდან ინსულინის გამოყოფას;
  • გააუმჯობესოს ქსოვილების მგრძნობელობა ინსულინის მიმართ;
  • გარკვეულწილად შეაფერხოს ნახშირწყლების დაშლა და გლუკოზის სწრაფი წარმოქმნა.

ინსულინის მიმართ დაბალი მგრძნობელობა, ანუ ინსულინრეზისტენტობა, ნიშნავს, რომ ორგანიზმის უჯრედები ინსულინის სიგნალს სათანადოდ ვერ პასუხობენ. ამის შედეგად სისხლში გლუკოზის დონის კონტროლი რთულდება.

ჟურნალ Phytotherapy Research–ში გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ქინძის ექსტრაქტი დიაბეტის მქონე ცხოველურ მოდელებში ინსულინის გამოყოფის ზრდასა და სისხლში გლუკოზის შემცირებას უკავშირდებოდა.

თუმცა აქ ერთი მნიშვნელოვანი გარემოებაა გასათვალისწინებელი: კვლევების უმეტესობაში გამოიყენებოდა ქინძის კონცენტრირებული ექსტრაქტები ან გამხმარი თესლის ფხვნილი და არა საკვებში დამატებული მცირე რაოდენობით ახალი მწვანილი.

სხვა კვლევაშიც, რომელიც მეორე ტიპის დიაბეტის მქონე ადამიანებში ქინძის თესლის დანამატების გამოყენებას ეხებოდა, სისხლში შაქრისა და ქოლესტერინის მაჩვენებლების გაუმჯობესება დაფიქსირდა. მაგრამ აქაც გამოყენებული იყო სტანდარტიზებული, კონცენტრირებული დოზები.

პენსილვანიის უნივერსიტეტის მედიცინის ცენტრის დიეტოლოგის, კაროლინ მეჰანის განმარტებით, ქინძის გარკვეულ ნაერთებს შესაძლოა გავლენა ჰქონდეს ინსულინისა და გლუკოზის ცვლაზე, თუმცა არსებული მტკიცებულებების დიდი ნაწილი ლაბორატორიულ და ცხოველურ კვლევებს ეფუძნება. ახალი ქინძის ჩვეულებრივი საკვები რაოდენობით მიღების შედეგად სისხლში შაქრის საგრძნობლად შემცირების დამადასტურებელი მონაცემები კი შეზღუდულია.

შესაბამისად, ქინძი შეიძლება ჯანსაღი კვების რაციონის სასარგებლო ნაწილი იყოს, მაგრამ მისი გამოყენება დიაბეტის მკურნალობის მეთოდად არ უნდა განვიხილოთ.

ქინძი ორგანიზმის დეტოქსიკაციის საშუალებაა?

ქინძს სოციალურ ქსელებში ხშირად ბუნებრივ გამწმენდ საშუალებადაც წარმოაჩენენ. გავრცელებული მტკიცებების თანახმად, მას ორგანიზმიდან მძიმე მეტალების გამოდევნა და სხვადასხვა ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლა შეუძლია.

ლაბორატორიულმა კვლევებმა მართლაც გამოავლინა ქინძში ანტიმიკრობული თვისებების მქონე ნივთიერებები, მათ შორის ლინალოოლი. ექსპერიმენტულ პირობებში ამ ნაერთს გარკვეული ბაქტერიებისა და სოკოების, მათ შორის ნაწლავის ჩხირისა (E. coli) და სალმონელას, წინააღმდეგ მოქმედება გამოუვლენია.

თუმცა ლაბორატორიული შედეგები ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ახალი ქინძის საკვებად მიღება ორგანიზმში იმავე ეფექტს გამოიწვევს ან ინფექციის მკურნალობას შეძლებს.

სპეციალისტები ასევე სკეპტიკურად აფასებენ ქინძის, როგორც ორგანიზმის დეტოქსიკაციის საშუალების, პოპულარიზაციას. ღვიძლი და თირკმელები ბუნებრივად ასრულებენ ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებების გადამუშავებისა და გამოდევნის მნიშვნელოვან ფუნქციას. არ არსებობს საკმარისი კლინიკური მტკიცებულება, რომ ჩვეულებრივი რაოდენობით ქინძის მიღება მძიმე მეტალებისგან ორგანიზმის გაწმენდას უზრუნველყოფს.

რა სასარგებლო ნივთიერებებს შეიცავს ქინძი?

მიუხედავად იმისა, რომ ქინძის სამკურნალო თვისებებთან დაკავშირებული ზოგიერთი მტკიცება ჯერ კიდევ კვლევის საგანია, მისი კვებითი ღირებულება ეჭვს არ იწვევს.

ახალი ქინძი დაბალკალორიული მწვანილია და შეიცავს:

  • K ვიტამინს – მნიშვნელოვანია სისხლის ნორმალური შედედებისა და ძვლების ჯანმრთელობისთვის;
  • A ვიტამინსა და ბეტა-კაროტინს – მონაწილეობს მხედველობისა და იმუნური სისტემის ნორმალური ფუნქციონირების შენარჩუნებაში;
  • ანტიოქსიდანტურ ნაერთებს – ხელს უწყობს უჯრედების დაცვას ჟანგვითი სტრესისგან;
  • ეთერზეთებსა და მცენარეულ ბიოაქტიურ ნივთიერებებს – რომლებიც ქინძს დამახასიათებელ არომატსა და გემოს ანიჭებს.

ქინძი, ოხრახუშის, რეჰანისა და პიტნის მსგავსად, კარგი საშუალებაა კერძებისთვის დამატებითი არომატის მისაცემად ზედმეტი მარილისა და კალორიების გარეშე.

ქინძის ჩვეულებრივი საკვები რაოდენობით მიღება ადამიანების უმეტესობისთვის უსაფრთხოდ მიიჩნევა. თუმცა სიფრთხილეა საჭირო მისი კონცენტრირებული დანამატებისა და ექსტრაქტების გამოყენებისას.

განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ:

  • სისხლის შედედებაზე მოქმედი პრეპარატების მომხმარებლებმა – ქინძში არსებული K ვიტამინის გამო;
  • დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტების მომხმარებლებმა – კონცენტრირებულმა დანამატებმა შესაძლოა სისხლში შაქრის ზედმეტად შემცირების რისკი შექმნას;
  • ღვიძლისა და თირკმელების დაავადებების მქონე ადამიანებმა – ნებისმიერი მნიშვნელოვანი კვებითი ცვლილება ექიმთან უნდა შეათანხმონ.

სპეციალისტები ხაზს უსვამენ, რომ საკვები მცენარეების კონცენტრირებული დანამატები ჩვეულებრივი საკვებისგან განსხვავდება და მათი გამოყენება ავტომატურად უსაფრთხოდ არ უნდა ჩაითვალოს.

ქინძი სასარგებლო, არომატული და კვებითი ღირებულებით გამორჩეული მწვანილია, რომლის შემადგენლობაში არსებული ზოგიერთი ნივთიერება მეცნიერების ინტერესს იწვევს. კვლევები მისი შესაძლო გავლენის შესახებ სისხლში გლუკოზის რეგულაციაზე იმედისმომცემია, თუმცა ჯერ არ არსებობს საკმარისი მტკიცებულება, რომ ახალი ქინძის ჩვეულებრივი რაოდენობით მიღება დიაბეტის კონტროლს მნიშვნელოვნად აუმჯობესებს.

ფერმერებისა და მომხმარებლებისთვის მთავარი გზავნილი მარტივია: ქინძი ღირსეულ ადგილს იმსახურებს ყოველდღიურ რაციონში, მაგრამ ის არ არის დიაბეტის წამალი და ვერ ჩაანაცვლებს ექიმის მიერ დანიშნულ მკურნალობას, სწორ კვებასა და ფიზიკურ აქტივობას.

მოამზადა შოთა მაჭარაშვილმა