ხახვის მოყვანის სრული გზამკვლევი ჯიშის შერჩევიდან მაღალ მოსავალამდე
ხახვი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ბოსტნეული კულტურაა. მისი პოპულარობა განპირობებულია სტაბილური საბაზრო ფასით, სასურსათო ღირებულებით, შენახვის ხანგრძლივობითა და მაღალი მომგებიანობით.
ხახვის წარმატებული მეურნეობის საწინდარი სწორად შერჩეული ჯიში და მოვლის თანამედროვე აგროტექნიკური წესების დაცვაა.
ბევრი ფერმერი დიდ ყურადღებას უთმობს მორწყვასა და სასუქს, თუმცა ავიწყდებათ ყველაზე მნიშვნელოვანი_ ჯიშის სწორად შერჩევა.
ხახვის ჯიშები ორ მთავარ ჯგუფად იყოფა _ ჰიბრიდები (F1) და თავისუფლად დამტვერვადი (OPV) ჯიშები.
ჰიბრიდული ჯიშები (F1)
ეს ჯიშები გამოყვანილია სპეციალურად მაღალი მოსავლიანობის, ბოლქვების ერთგვაროვნებისა და ხარისხისთვის. მიუხედავად თესლის შედარებით მაღალი ფასისა, ინვესტიცია სრულად ანაზღაურდება გაზრდილი მოსავლით.
- Saturn F1 _ გამძლეა, იძლევა ერთგვაროვან, კომერციულად მიმზიდველ მოსავალს (სავეგეტაციო პერიოდი: 100–130 დღე).
- Yellow Granex F1_ გამოირჩევა ტკბილი, რბილი გემოთი. იდეალურია პრემიუმ ბაზრისთვის (სავეგეტაციო პერიოდი: 90–120 დღე).
- Superex F1_ მაღალპროდუქტიული ჰიბრიდი, შესაძლებელია დიდი ზომის ბოლქვების მიღება (სავეგეტაციო პერიოდი: 110–130 დღე).
- Super Elad F1_ სტაბილური, მაღალი ხარისხის ჯიში, ადვილად რეალიზებადი (სავეგეტაციო პერიოდი: 100–130 დღე).
- Neptune F1_ საიმედო და პროდუქტიული ჰიბრიდი მასშტაბური წარმოებისთვის (სავეგეტაციო პერიოდი: 100–130 დღე).
თავისუფლად დამტვერვადი ჯიშები (OPV)
პოპულარულია მცირე ფერმერებში, რადგან თესლი ხელმისაწვდომია და შესაძლებელია მისი თვითაღება.
- Red Creole _ კლასიკური წითელი ხახვი, გამორჩეული შენახვისუნარიანობითა და გვალვაგამძლეობით (სავეგეტაციო პერიოდი: 120–150 დღე).
- Texas Grano _ ადრეული ჯიში, იძლევა მსხვილ, მომრგვალო ბოლქვებს (სავეგეტაციო პერიოდი: 90–120 დღე).
- Regent _ ადაპტირებადი, საიმედო ჯიში დაბალი საწარმოო დანახარჯებისთვის (სავეგეტაციო პერიოდი: 110–140 დღე).
ნერგის გამოყვანა და გადარგვა
წარმატებული მოსავალი იწყება ჯანსაღი ნერგით.
- თესვის ნორმა _ ღია გრუნტის სანერგეში 3-5 კგ/ჰა, პირდაპირი თესვისას 6-8 კგ/ჰა.
- გადარგვის დრო _ ნერგი მზადაა გადასარგავად 6-8 კვირის ასაკში, როდესაც ღეროს სისქე ფანქარს უტოლდება და აქვს 3-5 ნამდვილი ფოთოლი.
- სქემა _ მწკრივებს შორის დაშორება 20 სმ, მცენარეს შორის 5-10 სმ. ეს უზრუნველყოფს 600 000–1 000 000 მცენარეს ჰექტარზე.
კვება და სასუქების მართვა
ხახვი საკვებისადმი მომთხოვნი კულტურაა და კვების რეჟიმის მკაცრად დაცვა სჭირდება:
- ორგანული სასუქი _ გადამუშავებული ნაკელი ან კომპოსტი (20 ტონა/ჰა) შეგვაქვს გადარგვამდე 1-2 კვირით ადრე;
- საბაზისო სასუქი _ გადარგვისას შეიტანეთ 800 კგ/ჰა კომპლექსური სასუქი (მაგ. 6:17:15 ან 10:15:15);
- გამოკვება (აზოტი/კალიუმი):
- გადარგვიდან 21-ე დღეს _ 100 კგ/ჰა N:K (16:24);
- 35-ე დღეს _ 150 კგ/ჰა N:K (16:24);
- 50-ე დღეს _ 100 კგ/ჰა N:K (16:24).
- კალციუმი _ 50-ე დღეს შეიტანეთ 300 კგ/ჰა კალციუმის გვარჯილა.
გაფრთხილება: ბოლქვის ფორმირების ფაზაში აზოტის ჭარბი რაოდენობა აზიანებს ხარისხს და შეამცირებს შენახვის ვადას.
რჩევები მოსავლის აღებისა და შენახვისთვის
- მორწყვა _ აუცილებელია ტენის თანაბარი რეჟიმი. მოსავლის აღებამდე 3 კვირით ადრე მორწყვა უნდა შეწყდეს, რაც ხელს უწყობს ბოლქვის მომწიფებას და უკეთესად შენახვას.
- მოსავლის აღება _ როდესაც ფოთლების 75% გადაწვება და ყელი დარბილდება.
- შენახვა _ თუ მიზანი ზამთარში გაყიდვაა, აირჩიეთ Red Creole, რადგან მას ყველაზე ხანგრძლივი შენახვის პოტენციალი აქვს.
საუკეთესო ფერმერი ის კი არ არის, ვისაც ყველაზე დიდი ფართობი აქვს, არამედ ის, ვინც სწორად არჩევს ჯიშს კონკრეტული ბაზრისთვის და ზედმიწევნით იცავს აგროტექნიკურ ნორმებს!

