აგრარული განათლებააგროტექნოლოგიებირუბრიკებიფერმერი ფერმერს

ტკბილი წიწაკის მავნებლები და მათთან ბრძოლის მეთოდები

ტკბილი წიწაკის მოყვანისას მავნებლები ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას წარმოადგენს. დროული კონტროლის გარეშე, მათ შეუძლიათ შეაფერხონ მცენარის ზრდა, შეამცირონ მოსავლიანობა, დააზიანონ ნაყოფი და გაავრცელონ სერიოზული დაავადებები.

ჯანსაღი ნათესის შესანარჩუნებლად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მუდმივ მონიტორინგსა და ოპერატიულ ჩარევას.

ტკბილი წიწაკის გავრცელებული მავნებლები

  1. ბუგრები (Aphids)

მცირე ზომის, რბილტანიანი მწერები, რომლებიც ძირითადად მცენარის ნორჩ ნაწილებსა და ფოთლების ქვედა მხარეს ესხმიან თავს და წოვენ მცენარის წვენს.

  • ზიანი _ ფოთლების დახვევა და დეფორმაცია, ზრდის შეფერხება, ჭკნობა, „თაფლოვანი ნამის“ გამომუშავება, რომელიც ხელს უწყობს ჭვარტლოვანი სოკოს განვითარებას და ვირუსული დაავადებების გადატანა.
  • კონტროლი _ სასარგებლო მწერების (ჭიამია, მაქმანფრთიანები, ობობები) მოზიდვა, ჟელატინის ხსნარების გამოყენება დაბალი ინვაზიის დროს, საჭიროების შემთხვევაში — რეკომენდებული ინსექტიციდების (მაგ. დიმეთოატი, ციპერმეტრინი) გამოყენება.
  1. მიწის მატლები/ჭიაღუები (Cutworms)

მუხლუხოები, რომლებიც ღამით ანადგურებენ ნერგებს. დღისით მიწაში იმალებიან, ღამით კი ახალგაზრდა მცენარეებს აზიანებენ.

  • ზიანი _ ფოთლებზე ნახვრეტების გაჩენა, ნერგების გადაჭრა მიწის დონეზე, მცენარეთა რაოდენობის მკვეთრი შემცირება.
  • კონტროლი _ სარეველების მოცილება დარგვამდე, ნიადაგის ღრმა მოხვნა დარგვამდე რამდენიმე კვირით ადრე, ბუნებრივი მტრების (პარაზიტული კრაზანები, ჭიანჭველები) წახალისება, ნიადაგის დამუშავება შესაბამისი პრეპარატებით (მაგ. თიამეთოქსამი, ალფა-ციპერმეტრინი).
  1. თეთრფრთიანა (Whiteflies)

წვრილი, თეთრი მწერები, რომლებიც ძირითადად ფოთლების ქვედა მხარეს სახლდებიან და ვირუსული დაავადებების მთავარი გადამტანები არიან.

  • ზიანი _ წვენის წოვა, ფოთლების გაყვითლება, „თაფლოვანი ნამის“ გამომუშავება, ვირუსული დაავადებების (მაგ. ფოთლის დახვევა) გავრცელება.
  • კონტროლი_ ნერგების დაცვა ბადეებით, ყვითელი წებოვანი მახეების გამოყენება, სასარგებლო მწერების შენარჩუნება, საჭიროებისამებრ ინსექტიციდების გამოყენება.
  1. ფოთლის მღრღნელი მწერები (Leaf Miners)

პატარა ბუზები, რომელთა მატლებიც ფოთლის ქსოვილებში გვირაბებს აკეთებენ.

  • ზიანი _ ფოტოსინთეზის შემცირება, ფოთლების ნაადრევი ცვენა, ყვავილობისა და ნაყოფის განვითარების შეფერხება, დაავადებების შეჭრის წერტილების გაჩენა.
  • კონტროლი _ ღრმა ხვნა, ნიადაგის სოლარიზაცია, ბუნებრივი მტრების წახალისება, ნიმის (Neem) საფუძველზე დამზადებული პრეპარატები, მძიმე ინვაზიის დროს — შესაბამისი ინსექტიციდები (მაგ. აბამექტინი).

მავნებლების ინტეგრირებული მართვა (IPM)

საუკეთესო შედეგს იძლევა მრავალმხრივი მიდგომა და არა მხოლოდ ქიმიური პრეპარატების გამოყენება.

რეკომენდებული პრაქტიკა:

  • რეგულარული დაკვირვება;
  • ნაკვეთის სათანადო სანიტარული წესრიგი;
  • სარეველების კონტროლი;
  • თესლბრუნვის დაცვა;
  • ჯანსაღი ნერგების გამოყენება;
  • სასარგებლო მწერების შენარჩუნება;
  • პესტიციდების დროული და მიზნობრივი გამოყენება.

საგანგაშო ნიშნები, რომლებსაც ფერმერმა ყურადღება უნდა მიაქციოს:

  1. ფოთლების დახვევა;
  2. ფოთლის ქსოვილების გაყვითლება;
  3. ფოთლებზე წებოვანი ნივთიერების გაჩენა;
  4. ფოთლებზე წვრილი ნახვრეტების არსებობა;
  5. მცენარის ჭკნობა საკმარისი ტენიანობის მიუხედავად;
  6. მცენარის ზოგადი მდგომარეობის მოულოდნელი გაუარესება.

გახსოვდეთ  _ ადრეული დიაგნოსტიკა მავნებლებთან ბრძოლის წარმატების გასაღებია. ფერმერები, რომლებიც რეგულარულად ამოწმებენ თავიანთ ნაკვეთებს, პრობლემებს მანამდე აიდენტიფიცირებენ, სანამ ისინი სერიოზულ და ძვირადღირებულ ზიანს მიაყენებენ მოსავალს.