დარგებიმეფუტკრეობა

იტალიელმა მეცნიერება ფუტკრის მიკრობიომის სრული რუკა შეადგინეს

ვენეტოს ზოოპროფილაქტიკური ექსპერიმენტული ინსტიტუტის (IZSVe) მეფუტკრეობის ეროვნული საცნობარო ცენტრის მკვლევართა ჯგუფმა მნიშვნელოვანი სამეცნიერო ნაბიჯი გადადგა – დასრულდა იტალიური თაფლის ფუტკრის (Apis mellifera) მიკრობიომის პირველი მოლეკულური და მეტაგენომური დახასიათება. კვლევის შედეგები ჟურნალ Applied Sciences-ში გამოქვეყნდა.

კვლევა, რომელიც იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსებით და სხვა ზოოპროფილაქტიკური ინსტიტუტების თანამშრომლობით ჩატარდა, მოიცავდა ნიმუშებს იტალიის სხვადასხვა რეგიონის 20 საფუტკრიდან. მეცნიერებმა გამოიყენეს როგორც მიზნობრივი მოლეკულური დიაგნოსტიკა, ისე მაღალი გარჩევადობის მეტაგენომური ანალიზი.

ერთიანი ბაქტერიული შემადგენლობა და სამი დომინანტი გვარი

16S rRNA გენის მეტაგენომურმა ანალიზმა აჩვენა, რომ საფუტკრეებში ნიმუშები ერთმანეთს ჰგავს და მათში ბაქტერიული საზოგადოება თითქმის იდენტურია. დომინანტი გვარებია: Lactobacillus, Gilliamella და Snodgrassella. აღნიშნული ბაქტერიები ფუტკრის მეტაბოლურ პროცესებში, განვითარებასა და იმუნურ პასუხში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ.

მოლეკულურმა მეთოდებმა ვეტერინარული თვალსაზრისით საყურადღებო რამდენიმე მიკროორგანიზმი გამოავლინა, მათ შორის: სოკო Vairimorpha ceranae, სხვადასხვა ტრიპანოსომატიდი და არაერთი ვირუსი, რომლებიც ფუტკრის დაავადებებთანაა დაკავშირებული. კვლევამ დაადასტურა მათი თანაარსებობა ფუტკრის კოლონიებში, რაც პირდაპირ გავლენას ახდენს ფუტკრის ჯანმრთელობაზე.

რნმ-ის სეკვენირებამ (RNA-seq) მეცნიერებს საშუალება მისცა, დაედგინათ ისეთი ვირუსები, რომლებიც იტალიაში აქამდე არასდროს ყოფილა დოკუმენტირებული. მათ შორისაა:

  • Apis rhabdovirus (ARV 1 და ARV 2);
  • Bee Macula-like virus;
  • Lake Sinai virus.

მნიშვნელობა ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობისთვის

ეს კვლევა მყარ საფუძველს ქმნის სამომავლო ეპიდემიოლოგიური მონიტორინგისთვის. მიღებული მონაცემები დაეხმარება სპეციალისტებს:

  1. დიაგნოსტიკური ტექნიკის გაუმჯობესებაში;
  2. უფრო მგრძნობიარე და მიზნობრივი მონიტორინგის სტრატეგიების შემუშავებაში.

იმ კონტექსტში, სადაც ფუტკრის ჯანმრთელობა ბიომრავალფეროვნებისა და სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობის გარანტიაა, ეს კვლევა მეფუტკრეობის წინაშე არსებული თანამედროვე საფრთხეების ეფექტიანად სამრთავად აუცილებელ მეცნიერულ ბაზას ქმნის.