აგროსიახლეები

საოჯახო მეურნეობების გაძლიერებას აჭარაში სოფლის მეურნეობის პროექტებიში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს

საქართველოს აგრარულ სექტორში საოჯახო მეურნეობები ეკონომიკური აქტივობის ხერხემალს წარმოადგენს. მათ ეფექტიან განხორციელებაზე მხოლოდ სოფლის მოსახლეობის კეთილდღეობა კი არა, მთლიანად ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოება და აგრარული პოტენციალის სრულფასოვანი ათვისებაა დამოკიდებული.  

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ინიცირებული პროგრამა – „საოჯახო მეურნეობების განვითარების ხელშეწყობა“ – სწორედ იმ სტრატეგიულ მიზანს ემსახურება, რაც ფერმერებს უმზადებს რეალურ საფუძველს, მცირე მეურნეობები თანამედროვე, კონკურენტუნარიან და მაღალპროდუქტიულ საწარმოებად გარდაქმნან…

აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრმა, დენის სალუქვაძემ, სამინისტროს გუნდთან ერთად, ხულოს მუნიციპალიტეტს ესტუმრა, სადაც  პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული სასოფლო-სამეურნეო ობიექტები, მათ შორის: ჟოლოს, კაკლისა და თხილის ახალი ბაღები, საფუტკრე მეურნეობები დაათვალიერა.

მინისტრის თქმით, წლის ბოლომდე პროგრამა ჯამში 5 000 ბენეფიციარის დაფინანსებას ითვალისწინებს. „ეს ნიშნავს 5 000 ახალ შესაძლებლობას ფერმერებისთვის, რაც მნიშვნელოვანი წვლილია რეგიონის ეკონომიკური განვითარების საქმეში. სამინისტროს მხარდამჭერი პროგრამები სწორედ ამ მიზანს ემსახურება და ფერმერებს შესაძლებლობას აძლევს, გაახლონ საწარმოო საშუალებები, გაზარდონ წარმოების ხარისხი და პროდუქტიულობა“, – აღნიშნა დენის სალუქვაძემ.

სტუმრობის მიზანი მარტო მიმდინარე შედეგების შეფასება კი არა, არამედ ფერმერებთან უშუალო დიალოგის გამართვა, მათი საჭიროებების მოსმენა და დარგობრივი გამოწვევების ერთობლივად გაანალიზება და გადაჭრის გზების დასახვაც იყო.

ფერმერებთან გამართუ შეხვედრებს ესწრებოდნენ მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ფანცხავა და ხულოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ნური გორგაძე.

საოჯახო მეურნეობები, როგორც ქვეყნის განვითარების პოტენციალი

აჭარის მაგალითი ნათლად აჩვენებს, რომ სახელმწიფო მხარდაჭერა მიზნობრივი პროგრამების სახით, სოფლის მეურნეობის განვითარების უმოკლესი გზაა. „საოჯახო მეურნეობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამა კომპლექსური ხასიათისაა და ის სამი ძირითადი მიმართულებით აძლიერებს რეგიონს:

  • სასურსათო უსაფრთხოება _ შიდა წარმოების ზრდა პირდაპირ უკავშირდება იმპორტზე დამოკიდებულების შემცირებას. მრავალფეროვანი კულტურების (ჟოლო, თხილი, კაკალი) და მეფუტკრეობის მხარდაჭერა ხელს უწყობს ადგილობრივი ბაზრის მაღალი ხარისხის პროდუქციით უზრუნველყოფას.
  • ეკონომიკური მდგრადობა _ 5 000 ბენეფიციარის დაფინანსება ქმნის „სამუშაო ადგილების ეფექტს“ თავად სოფლად, რაც ურბანიზაციას ამცირებს და ადგილობრივ მოსახლეობას საკუთარ მიწაზე შემოსავლის მიღების მოტივაციას უჩენს.
  • ტექნოლოგიური მოდერნიზაცია _ პროგრამის მთავარი ღირებულება ფერმერებისთვის საწარმოო საშუალებების განახლების შესაძლებლობაა. ტექნოლოგიური გადაიარაღბის გარეშე პროდუქტიულობის ზრდა და საერთაშორისო სტანდარტებთან მიახლოება შეუძლებელია.

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ აჭარის მოდელი, მინისტრის უშუალო მონაწილეობით, მუნიციპალიტეტებთან მჭიდრო კოორდინაციითა და ფერმერების საჭიროებებზე ორიენტირებული პროგრამებით, ქმნის სოფლის მეურნეობის განვითარების ეფექტიან მოდელს.

 მსგავსი ინიციატივების მასშტაბურობა უზრუნველყოფს არა მხოლოდ ეკონომიკურ კეთილდღეობას, არამედ სოფლის ტრანსფორმაციას თანამედროვე, სტაბილურ და სიცოცხლისუნარიან სივრცედ, როცა ფერმერებისთვის იქმნება ხელსაყრელი გარემო, რათა მათ შეძლონ ხარისხიანი პროდუქციის შექმნა და ამ პროდუქციის შიდა თუ გარე ბაზრებზე წარმატებით გაყიდვა.