მიკროელემენტები კარგია, მაგრამ დაბალანსებული კვება უფრო უკეთესია
ქრონიკული დაავადებები, გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიები და სიმსუქნე – ყველამ კარგად ვიცით, მავნე პროდუქტების ჭარბად მიღებას თუ რა ზიანის მოტანა შეუძლია ორგანიზმისთვის. თუმცა, დღეს უკვე ახალი რეალობის წინაშე ვდგავართ: თანამედროვე აგრარული ტექნოლოგიების ფონზე, ბოსტნეულსა და ხილში მიკროელემენტების კონცენტრაცია საგრძნობლად შემცირდა, რაც სურსათის ხარისხის მიმართულებით სერიოზულ კითხვებს აჩენს.
როდესაც ჯანსაღი კვების პრინციპებზე ვლაპარაკობთ, ძირითადი წესები ყველასთვის ნაცნობია: უნდა მოვერიდოთ სწრაფი კვების პროდუქტებზე (ფასტფუდი) და გაზიან სასმელებზე და უპირატესობა სუფთა, ნატურალურ სურსათს მივანიჭოთ. მაგრამ ბუნებრივად ჩნდება კითხვა _ ინარჩუნებს თუ არა ისეთი ტრადიციულად სასარგებლო სურსათი, როგორიცაა ახალი ხილი, ბოსტნეული თუ მარცვლეული, თავის ძველ ღირებულებას?
მოკლე პასუხი ასეთია: სავალდებულო არ არის, რომ პასუხი დადებითი იყოს.
როგორც ვაშინგტონის უნივერსიტეტის დედამიწისა და კოსმოსურ მეცნიერებათა დეპარტამენტის გეოლოგი დევიდ მონტგომერი აღნიშნავს, სურსათის ფართო სპექტრში მინერალების შემცველობა შემცირებულია. ძირითადი მიზეზი კი სწორედ მიწათმოქმედების წარმოების თანამედროვე მეთოდებშია.
მონტგომერმა ათასობით სამეცნიერო კვლევა შეისწავლა, რათა გაერკვია, თუ როგორ მოქმედებს ფერმერული პრაქტიკის ცვლილება ნიადაგსა და ნაყოფის ხარისხზე. აღმოჩნდა, რომ მაკროელემენტების _ ნახშირწყლების, ცილებისა და ცხიმების რაოდენობა ათწლეულების განმავლობაში არსებითად არ შეცვლილა. თუმცა, სრულიად საპირისპირო სურათია ვიტამინებისა და მიკროელემენტების, მაგალითად, რკინისა და თუთიის შემთხვევაში.
როდესაც სელექციის შედეგად მარცვლეულის ახალ-ახალი ჯიშები მოსავლის ორ-სამჯერ გასაზრდელად გამოჰყავთ, ხშირად მცენარეში მიკროელემენტების კონცენტრაცია მცირდება. ეს ე.წ. „განზავების ეფექტია“, როდესაც ნიადაგიდან მიღებული სასარგებლო ნივთიერებები გაზრდილ მოსავალზე ნაწილდება. შედეგად, დღევანდელი სურსათი ხშირად იმავე კვებით ღირებულებას ვეღარ შეიცავს, რასაც ათწლეულების წინანდელი პროდუქტები.
ვითარების გამოსწორების გზა რეგენერაციულ მიწათმოქმედებაშია. ნიადაგის ზედმეტი მექანიკური დამუშავებისა და სინთეზური სასუქების გამოყენების შემცირება ხელს უწყობს მიკროორგანიზმებისა და სოკოების ბუნებრივი ბალანსის შენარჩუნებას. ეს აუმჯობესებს მცენარის მიერ მკვებავი ნივთიერებებისა და ანტიოქსიდანტური თვისებების მქონე ფიტოქიმიკატების ათვისებას, რაც საბოლოოდ პროდუქტის გემოსა და საურსათო ღირებულებას ზრდის.
ძირითადი მიკროელემენტები და მათი წყაროები:
- C ვიტამინი: სასარგებლოა კბილებისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის, აძლიერებს იმუნიტეტს. უხვად არის ტყბილი წიწაკაში, მწვანილში, მარწყვსა და ციტრუსებში.
- თუთია: აუცილებელია ორგანიზმის ზრდისა და ჭრილობების შეხორცებისთვის. გვხვდება ზღვის პროდუქტებში, შვრიასა და კვერცხში.
დაბალანსებული და სეზონური კვების უპირატესობა
გერმანიის კვების ფედერალური ცენტრის ნუტრიციოლოგ ასტრიდ დონალისის შეფასებით, მთავარი ყურადღება არა ცალკეული ელემენტების ძიებაზე, არამედ რაციონის მრავალფეროვნებაზე უნდა გამახვილდეს. დღეს ჩვენ გვაქვს საშუალება, წელიწადის ნებისმიერ დროს მივიღოთ ხილისა და ბოსტნეულის ფართო ასორტიმენტი, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ არასეზონური პროდუქტების უპირატესადად მოხმარებაა საჭირო. უპირატესობა ყოველთვის ადგილობრივ და სეზონურ მოსავალს უნდა მიენიჭოს, რაც პროდუქტის სიახლესა და გარემოს დაცვას უზრუნველყოფს.
გერმანიის კვების საზოგადოების ექსპერტი სილკე რესტემაიერი აღნიშნავს, რომ ადამიანები, რომლებიც ხშირად მიირთმევენ ხილს და ბოსტნეულს, ნაკლებად უჩივიან ჰიპერტონიას, გულის დაავადებებსა და ინსულტს. ჯანსაღი რაციონის შესაქმნელად რეკომენდებულია შემდეგი პრინციპების დაცვა:
- ლობიო და ომბოლო მდიდარია B ჯგუფის ვიტამინებით, რკინითა და მაგნიუმით. ის არ იწვევს სისხლში შაქრის მკვეთრ მატებას და ხანგრძლივი დროის განმავლობაში ინარჩუნებენ დანაყრების შეგრძნებას;
- დღეში ერთი მუჭა თხილეული აუცილებელ ცხიმოვან მჟავებს აწვდის ორგანიზმს და დადებითად მოქმედებს გულის მუშაობაზე;
- პურ-ფუნთუშეულის ნაცვლად უპირატესობა მთლიანი მარცვლის პროდუქტებს უნდა მიენიჭოს, რაც ამცირებს მეორე ტიპის დიაბეტისა და გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიების განვითარების რისკს.
თანამედროვე სოფლის მეურნეობის გამოწვევები და ზოგიერთი მიკროელემენტის შემცველობის შემცირება სურსათში კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს კვების კულტურის სწორად წარმართვის აუცილებლობას. მიუხედავად იმისა, რომ ცალკეული ვიტამინები და მინერალები ჯანმრთელობის ფუნდამენტს წარმოადგენს, ჯანსაღი ცხოვრების მთავარი საწინდარი მაინც მცენარეული პროდუქტებით, მთლიანი მარცვლეულითა და სეზონური, ადგილობრივი სურსათით მდიდარი, დაბალანსებული რაციონია.
მოამზადა შოთა მაჭარაშვილმა

