აგროსიახლეები

ხარისხიანი ქართული ღვინო–გურჯაანში მეღვინეებს ლაბორატორიული შესაძლებლობები გააცნეს

კახეთში ღვინის მწარმოებელთა მხარდაჭერა და პროდუქციის ხარისხის სტანდარტების ამაღლება გურჯაანში გამართული საქმიანი შეხვედრის მთავარი თემა იყო. სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის წარმომადგენლებმა ადგილობრივ მეღვინეებს თანამედროვე კვლევის მეთოდები და სერვისები წარუდგინეს.

გურჯაანის მუნიციპალიტეტში გამართულ შეხვედრაზე ღვინის მცირე და საშუალო კომპანიების წარმომადგენლებს დეტალური ინფორმაცია მიეწოდათ ღვინის ხარისხის კვლევის ძირითადი პარამეტრებისა და საერთაშორისო სტანდარტების შესახებ.
  • ოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია პროდუქციის ანალიზს სრულად აკრედიტებული მეთოდებით ახორციელებს, რაც მეღვინეებს საერთაშორისო ბაზრებზე კონკურუნტუნარიანობის ამაღლებაში ეხმარება.

  • ღონისძიებაში ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ირმა ჭანტურიას სახელობის ღვინის ლაბორატორიის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. აღინიშნა, რომ მიმდინარე წელს გურჯაანში ირმა ჭანტურიას სახელობის ლაბორატორიის ახალი ფილიალი გაიხსნება.

ახალი რეგიონული ფილიალის გახსნა კახეთში მოქმედი მეღვინეებისთვის ლაბორატორიულ სერვისებზე ხელმისაწვდომობას მნიშვნელოვნად გაზრდის.

სახელმწიფო სტრუქტურების ეს ინიციატივა ხელს შეუწყობს ქართული ღვინის ხარისხის კონტროლის გაძლიერებას და დარგის მდგრად განვითარებას.