აგრარული განათლებარუბრიკებისტატიებიფერმერი ფერმერს

პარმეზანი სასურსათო პროდუქტებს შორის ცილის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი წყაროა

ცილა თანამედროვე კვების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კომპონენტად მიიჩნევა. ბოლო პერიოდში განსაკუთრებით პოპულარული გახდა ე.წ. „ცილის მაქსიმიზაციის“ ტენდენცია, ადამიანები ცდილობენ რაციონში მეტი ცილა დაამატონ და ამისთვის ცილით გამდიდრებულ სხვადასხვა პროდუქტს ირჩევენ.

ამ ფონზე ყურადღება მიიპყრო ერთმა საკმაოდ ჩვეულებრივმა პროდუქტმა — პარმეზანმა. აღმოჩნდა, რომ მცირე რაოდენობით ნამდვილი პარმეზანი საკმაოდ დიდი რაოდენობის ცილას შეიცავს.

პარმეზანს, რომელსაც ტრადიციულად მაკარონზე, სალათებსა და სუპებში იყენებენ, იტალიური სამზარეულოს ერთ-ერთ გამორჩეულ პროდუქტად მიიჩნევენ. მას დამახასიათებელი, ინტენსიური და ოდნავ თხილის მსგავსი გემო აქვს.

რამდენი ცილაა პარმეზანში?

იტალიური Parmigiano Reggiano-ს კონსორციუმის მონაცემებით, დაახლოებით 28 გრამი ნამდვილი პარმეზანი 10 გრამამდე ცილას შეიცავს.

ეს დაახლოებით სამჯერ მეტია, ვიდრე ცილის რაოდენობა იმავე წონის ბერძნულ იოგურტში ან კვერცხში. ამ მაჩვენებლით პარმეზანი ასევე აღემატება ჩედარს და დაახლოებით ორი გრამით მეტ ცილას შეიცავს, ვიდრე იგივე რაოდენობის ქათმის მკერდი ან გამომშრალი საქონლის ხორცი.

პარმეზანს სრულფასოვანი ცილის წყაროდაც მიიჩნევენ, რადგან მასში ადამიანის ორგანიზმისთვის აუცილებელი ცხრავე ამინომჟავაა.

გარდა ცილისა, პარმეზანი კალციუმის მნიშვნელოვანი წყაროცაა. დაახლოებით 28 გრამი ყველი 320 მილიგრამამდე კალციუმს შეიცავს, რაც ზრდასრული ადამიანის საშუალო დღიური საჭიროების დაახლოებით მეოთხედია.

რატომ არის პარმეზანში ამდენი ცილა?

ამის მთავარი მიზეზი მისი წარმოების ტექნოლოგიაა.

პარმეზანის დასამზადებლად დიდი რაოდენობით რძე გამოიყენება, რომლისგანაც წარმოების პროცესში წყლის მნიშვნელოვანი ნაწილი გამოიყოფა. დაახლოებით ნახევარი ლიტრი რძეა საჭირო დაახლოებით 28 გრამი პარმეზანის მისაღებად.

ამიტომ საბოლოო პროდუქტში საკვები ნივთიერებები, მათ შორის ცილა და მინერალები, საკმაოდ მაღალი კონცენტრაციითაა წარმოდგენილი.

პარმეზანის წარმოებაში ასევე გამოიყენება მარილი და ცხოველური წარმოშობის ფერმენტი, კვეთი, რომელიც რძის შედედებასა და ყველის დამახასიათებელი სტრუქტურის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.

მხოლოდ ცილაზე ყურადღების გამახვილება არ ღირს

პარმეზანის მაღალი ცილოვანი ღირებულება არ ნიშნავს, რომ მისი დიდი რაოდენობით მიღება სასარგებლოა.

დაახლოებით 28 გრამი პარმეზანი 110 კილოკალორიას შეიცავს. ამავე რაოდენობის ქათმის მკერდთან ან კვერცხთან შედარებით ეს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.

ამასთან, ასეთ პორციაში დაახლოებით 9 გრამი ცხიმია, მათ შორის დაახლოებით 5 გრამი ნაჯერი ცხიმი.

პარმეზანი ასევე საკმაოდ მარილიანია _ 28 გრამი, დაახლოებით 180 მილიგრამ ნატრიუმს შეიცავს, რაც ზრდასრული ადამიანის რეკომენდებული დღიური მაქსიმალური რაოდენობის დაახლოებით 10 პროცენტია.

ამიტომ მისი ჭარბი მოხმარება არ არის სასურველი, განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, რომლებიც აკონტროლებენ სხეულის მასას, არტერიულ წნევას ან გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობას.

რამდენი პარმეზანი შეიძლება მივირთვათ?

დიეტოლოგების რეკომენდაციით, ჯანმრთელი ზრდასრული ადამიანისთვის პარმეზანის დაახლოებით 28 გრამი დღეში ზომიერი რაოდენობაა.

ეს არც ისე დიდი ულუფაა, დაახლოებით ორი კამათლის ზომის ნაჭერი, თუმცა საკმარისია იმისთვის, რომ კერძს ინტენსიური გემო და მნიშვნელოვანი რაოდენობის ცილა და კალციუმი შესძინოს.

პარმეზანის დიდი რაოდენობით მიღება რეკომენდებული არ არის, რადგან ცილასთან ერთად ორგანიზმი იღებს საკმაოდ ბევრ კალორიას, ნაჯერ ცხიმსა და ნატრიუმს.

განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო მათთვის, ვისაც უკვე აქვს ჯანმრთელობის ისეთი პრობლემები, რომელთა დროსაც მარილის, ცხიმის ან კალორიების რაოდენობის კონტროლი მნიშვნელოვანია.

პარმეზანი ყველასთვის არ არის

პარმეზანი ბუნებრივად ძალიან დაბალი ლაქტოზის შემცველობით ხასიათდება და ხანგრძლივი დამწიფების შედეგად მასში ლაქტოზის რაოდენობა პრაქტიკულად უმნიშვნელო ხდება. ამიტომ ის შეიძლება უფრო ადვილად ასატანი იყოს ლაქტოზის აუტანლობის მქონე ადამიანებისთვის.

თუმცა პარმეზანი შეიცავს კაზეინს, რძის ძირითად ცილას, ამიტომ რძის ცილაზე ალერგიის მქონე ადამიანებისთვის მისი მიღება უსაფრთხო არ არის.

მნიშვნელოვანია ნამდვილი პარმეზანის არჩევა

სპეციალისტები მომხმარებლებს ურჩევენ, ცილისა და სხვა საკვები ნივთიერებების მაღალი შემცველობის მისაღებად ყურადღება მიაქციონ პროდუქტის ნამდვილობას.

ორიგინალ იტალიურ პროდუქტს ეწოდება Parmigiano Reggiano. მისი წარმოება მკაცრად რეგულირდება, პროდუქტი მხოლოდ იტალიის განსაზღვრულ რეგიონებში იწარმოება და დაძველების პერიოდი მინიმუმ 12 თვეა.

ბაზარზე არსებული სხვა პროდუქტები, რომლებიც უბრალოდ „პარმეზანის“ სახელით იყიდება, შესაძლოა იმავე მკაცრ სტანდარტებს არ აკმაყოფილებდეს და მათი საკვები ღირებულებაც განსხვავდებოდეს.

პარმეზანი ნამდვილად გამოირჩევა ცილისა და კალციუმის მაღალი შემცველობით და მცირე პორციით კერძის კვებითი ღირებულების გაზრდა შეუძლია. თუმცა მისი მთავარი უპირატესობა სწორედ ზომიერ მოხმარებაშია.

დაახლოებით 28 გრამი პარმეზანი შეიძლება იყოს ცილისა და კალციუმის კარგი დამატება რაციონში, მაგრამ მისი დიდი რაოდენობით მიღება არასასურველია მაღალი კალორიულობის, ნაჯერი ცხიმისა და მარილის შემცველობის გამო.

საბოლოოდ, პარმეზანი შეიძლება მივიჩნიოთ არა „ცილის სასწაულ პროდუქტად“, არამედ კონცენტრირებულ საკვებ პროდუქტად, რომელიც სწორად შერჩეული რაოდენობით დაბალანსებული რაციონის ნაწილია.

მოამზადა, ნატა მაჭარაშვილმა