მარცვლეულიდან სუფრამდე: პურის რომელი სახეობაა ყველაზე სასარგებლო ორგანიზმისთვის?
რა გავლენას ახდენს ფქვილის ხარისხი, ცხობის ტექნოლოგია და თესლეულის დანამატები პურის ხარისხზე და ადამიანის ჯანმრთელობაზე?
თანამედროვე სურსათის ბაზარზე პურის მრავალფეროვანი ასორტიმენტი — ცეხვილი (მთლიანმარცვლოვანი), თეთრი, საფუარზე თუ ბუნებრივ დედოზე (ე.წ. Sourdough) დამზადებული, თესლეულითა თუ სხვადასხვა მარცვლეულით გამდიდრებული, მომხმარებელს ხშირად არჩევანის წინაშე აყენებს.
სპეციალისტების განმარტებით, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რა ტიპის ფქვილია გამოყენებული წარმოებაში, როგორია უჯრედისის (ბოჭკოს) შემცველობა და რა ტექნოლოგიურ დამუშავებას გადის მარცვლეული. სწორედ ეს ფაქტორები განსაზღვრავს ნაწლავის მიკრობიომის – საჭმლის მომნელებელ სისტემაში მცხოვრები სასარგებლო ბაქტერიის მდგომარეობას.
ბოლოდროინდელი სამეცნიერო კვლევები ცხადყოფს, რომ რაციონში არასწორად შერჩეული პურის სიჭარბე პირდაპირ კავშირშია მძიმე ქრონიკულ დაავადებებთან.
2025 წელს ჩატარებულმა მასშტაბურმა კვლევამ, რომელიც 1,600-ზე მეტ პაციენტს მოიცავდა, აჩვენა, რომ გადამუშავებული და ანთების მაპროვოცირებელი პროდუქტების, მათ შორის, რაფინირებული თეთრი პურის აქტიური მოხმარება საგრძნობლად ზრდის დაავადების რისკებს.
დიეტოლოგ ნიკოლა ლუდლამ-რეინის თქმით, საკვები პირდაპირ განსაზღვრავს ნაწლავური ბაქტერიების შემადგენლობას, რაც თავის მხრივ გავლენას ახდენს არა მხოლოდ მონელებაზე, არამედ იმუნურ სისტემაზე, მეტაბოლიზმსა და საერთო ტონუსზე. განსაკუთრებული როლი კი მარცვლეულში არსებულ უჯრედისს ენიჭება, რომელიც პრებიოტიკის ფუნქციას ასრულებს და სასარგებლო მიკროფლორას კვებავს.
ჯანდაცვისა და კვების საერთაშორისო რეკომენდაციებით (მათ შორის, ბრიტანეთის კვების ფონდის სტანდარტებით), ზრდასრულმა ადამიანმა დღეში მინიმუმ 30 გრამი უჯრედისი უნდა მიიღოს. რეალური მოხმარება კი ხშირად 20 გრამს ან უფრო ნაკლებს შეადგენს. დიეტოლოგ კირსტენ ჯექსონის შეფასებით, პურის შერჩევისას ყურადღება უნდა მიექცეს როგორც ნედლეულს, ისე დუღილის პროცესს:
- ბუნებრივ დედოზე (Sourdough) და თესლეულზე დამზადებული პური: ამ ტიპის თესლოვანი პურის ერთი ნაჭერი დაახლოებით 5.1 გრამ უჯრედისს შეიცავს, რაც დღიური ნორმის 17%-ია. გარდა იმისა, რომ თესლეულისა და შვრიის ბოჭკოს კომბინაცია მრავალფეროვან კვებით ღირებულებას ქმნის, თავად ბუნებრივი დედო (ველური საფუარისა და სასარგებლო ბაქტერიების ცოცხალი კულტურა) ცომის ხანგრძლივი ფერმენტაციისას შლის ფრუქტანებს, ნახშირწყლებს, რომლებიც ხშირად იწვევს შებერილობასა და დისკომფორტს. თუმცა, ექსპერტი აზუსტებს: თუ ინდუსტრიული პურის მთავარი ინგრედიენტი მაინც რაფინირებული თეთრი ფქვილია, სადაც ბოჭკო, დაახლებით, 3.5 გრამია და ის ავტომატურად სრულმარცვლოვან პურზე უკეთესად ვერ ჩაითვლება.
- თესლეულით გამდიდრებული პური (მაგ. Tesco Hi Fibre Seed Loaf): ერთ ნაჭერში 3.8 გრამი უჯრედისით გამოირჩევა. მზესუმზირის, სელისა თუ სხვა კულტურების თესლი პროდუქტს მატებს უჯერ ცხიმებსა და მნიშვნელოვან მიკროელემენტებს: მაგნიუმსა და თუთიას. კვლევები ადასტურებს, რომ მაგნიუმის დეფიციტი ამცირებს ნაწლავური ბაქტერიების მრავალფეროვნებას. ექსპერტის რჩევით, ეტიკეტზე წარწერა „მაღალი უჯრედისი“ ყოველთვის არ ნიშნავს მთლიანი მარცვლის გამოყენებას, ზოგჯერ მწარმოებლები თეთრ ფქვილს ხელოვნურად უმატებენ ინულინს, ვარდკაჭაჭას ფესვის ან შვრიის იზოლირებულ ბოჭკოს, რომლებსაც მთლიანი მარცვლის ბუნებრივი ვიტამინები აკლია.
- ხელმისაწვდომი ცეხვილი (მთლიანმარცვლოვანი): სპეციალისტების შეფასებით, ეს საუკეთესო ბიუჯეტური ალტერნატივაა. მიუხედავად იმისა, რომ თხელ ნაჭერში 1.5 გრამი უჯრედისია, 100 გრამ პროდუქტზე გადაანგარიშებით მისი მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია. რადგან მთავარი ნედლეული მთლიანმარცვლოვანი ფქვილია, შენარჩუნებულია მარცვლის გარსი და ჩანასახი, რაც ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და მე-2 ტიპის დიაბეტის რისკს. ერთადერთი ნაკლი მასობრივ წარმოებაში გამოყენებული კონსერვანტები და ემულგატორებია (მაგალითად, E481), რომელთა გავლენა მიკრობიომზე ჯერ კიდევ კვლევის საგანია.
- კომბინირებული და მრავალთესლოვანი ვარიანტები: ისეთი პროდუქტები, როგორიცაა თეთრი და ცეხვილი ფქვილის ნაზავი _ 2.8 გრამი უჯრედისიან 7 სახეობის თესლი _ 2.3 გრამი უჯრედისი, გარდამავალი ვარიანტებია იმ მომხმარებლებისთვის, ვისაც რბილი ტექსტურა ურჩევნია, თუმცა მათში რაფინირებული ფქვილის წილი მაინც მაღალია.
პურის სახეობების შედარებითი ანალიზი (ერთი ნაჭრის მიხედვით)
| მთავარი ნედლეული და მახასიათებელი | უჯრედისი (ბოჭკო) | კალორიულობა | ცილა | შაქარი | |
| ბუნებრივი დედო, თესლეული, შვრიის ბოჭკო | 5.1 გ | — | — | — | |
| მარცვლეული, თესლეული (მაგნიუმი, თუთია) | 3.8 გ | — | — | — | |
| რაფინირებული ფქვილი, ჭვავი, შვრია, თესლი | 3.5 გ | 128 კკალ | 4.8 გ | 1.3 გ | |
| თეთრი და ცეხვილი ფქვილის ნაზავი | 2.8 გ | 113 კკალ | 4.7 გ | 1.4 გ | |
| რაფინირებული ფქვილი, 7 სახეობის თესლი | 2.3 გ | 122 კკალ | 4.4 გ | 1.7 გ | |
| მთლიანმარცვლოვანი (ცეხვილი) ფქვილი | 1.5 გ (თხელი ნაჭერი) | 55 კკალ | 2.5 გ | 0.6 გ | |
| რაფინირებული (უმაღლესი ხარისხის) ფქვილი | 0.8 გ | 97 კკალ | 3.2 გ | 1.4 გ | |
| რაფინირებული ფქვილი (მხოლოდ 3% დედო) | 0.7 გ | 96 კკალ | 4.1 გ | 1.1 გ | |
| რაფინირებული ფქვილი, შაქარი, ცხიმი | 0.5 გ | 98 კკალ | 2.45 გ | 3.3 გ |
კვების ტექნოლოგები და დიეტოლოგები პურის სამ კატეგორიას გამოყოფენ, რომლებიც ნაწლავის მიკროფლორისთვის ყველაზე ნაკლებად ღირებულია:
- ფსევდო პურები (მაგ. ბუნებრივი საფუარით): მომხმარებელი ხშირად ტყუვდება ეტიკეტზე წარწერით „ბუნებრივი საფუარი“. რეალურად, ამ პროდუქტში ბუნებრივი დედოს წილი მხოლოდ 3%-ია, ძირითადი მასა კი ჩვეულებრივი რაფინირებული თეთრი ფქვილია, რის გამოც უჯრედისის შემცველობა მიზერულ 0.7 გრამამდე ეცემა.
- კლასიკური თეთრი დაჭრილი პური: მარცვლის დაფქვისას ქატოსა და ჩანასახის მოცილების გამო, ასეთი პური თითქმის მთლიანად კარგავს ბოჭკოსა და მინერალებს (მხოლოდ 0.8 გრამი უჯრედისი ნაჭერზე). თუ მომხმარებელი მაინც თეთრ პურს ანიჭებს უპირატესობას, დიეტოლოგები ურჩევენ, კვებითი ღირებულება სხვა აგრარული პროდუქტებით — თხილეულის კარაქით, კენკრით ან სხვადასხვა მცენარეული თესლით — დააბალანსონ.
- ტკბილი პურ–ფუნთუშეული (მაგ. ქადა, ფუნთუშა): შაქრის მაღალი შემცველობა (3.3 გრამი ერთ ნაჭერზე) და უჯრედისის უკიდურესი სიმცირე (0.5 გრამი) უარყოფითად მოქმედებს ნაწლავის ბაქტერიულ ბალანსზე.
რეკომენდაციები მომხმარებლებისა და მწარმოებლებისთვის
- წაიკითხეთ ინგრედიენტების სია: პირველ ადგილზე უნდა ეწეროს მთლიანმარცვლოვანი (ცეხვილი) ფქვილი და არა უბრალოდ „ხორბლის ფქვილი“, რაც რაფინირებულ პროდუქტს ნიშნავს.
- შეამოწმეთ დედოს წილი: ნამდვილი პური მზადდება მხოლოდ ფქვილის, წყლის, მარილისა და ბუნებრივი დედოსგან, კომერციული საფუარისა და დანამატების გარეშე.
- უპირატესობა მიანიჭეთ ნატურალურ მარცვალს: მზესუმზირის, სელის, გოგრის თესლისა და შვრიის მარცვლების დამატება ცხობისას არა მხოლოდ აუმჯობესებს პურის გემოვნურ თვისებებს, არამედ მნიშვნელოვნად ზრდის მის ბიოლოგიურ და აგრო-კვებით ღირებულებას.
მოამზადა გიორგი მაისურაძემ

