აგროსიახლეები

საქართველო-უზბეკეთი: ახალი შესაძლებლობები აგრარული თანამშრომლობისთვის

საქართველოსა და უზბეკეთს შორის აგრარულ სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება ქართული პროდუქციის ექსპორტის გაფართოების, ზეთისხილის სამრეწველო წარმოების განვითარებისა და თანამედროვე აგრარული ტექნოლოგიების დანერგვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის. ამ საკითხების განხილვას დაეთმო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით სონღულაშვილის სამუშაო ვიზიტი უზბეკეთში.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს მინისტრი უზბეკეთის სოფლის მეურნეობის მინისტრს იბროჰიმ აბდურახმონოვს შეხვდა. მხარეებმა ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისა და ერთობლივი პროექტების განხორციელების პერსპექტივები განიხილეს.

შეხვედრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შედეგი 2027 წლის თანამშრომლობის სამოქმედო გეგმის ხელმოწერა გახდა. დოკუმენტი ითვალისწინებს ერთობლივ სამეცნიერო პროექტებს, ციფრული ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დანერგვას, სპეციალისტებსა და ბიზნესს შორის კავშირების გაძლიერებას.

საქართველოსთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება უზბეკეთის ბაზარზე აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის გაზრდაა. დავით სონღულაშვილის განცხადებით, ქართული ღვინის, ალკოჰოლური სასმელების, მინერალური წყლებისა და სხვა პროდუქციის რეალიზაციის მნიშვნელოვანი პოტენციალი არსებობს. ამასთან, მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს სურსათის უვნებლობის, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სფეროებში თანამშრომლობას, რაც საერთაშორისო ვაჭრობის განვითარებისთვის აუცილებელი წინაპირობაა.

განსაკუთრებით საინტერესო იყო მინისტრის ვიზიტი ტაშკენტის სახელმწიფო აგრარულ უნივერსიტეტში. უნივერსიტეტის მეცნიერებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან შეხვედრაზე განხილული იყო ზეთისხილის სამრეწველო წარმოების განვითარების საერთაშორისო გამოცდილება, თანამედროვე ტექნოლოგიები და ახალი საინვესტიციო პროექტების განხორციელების შესაძლებლობები. ეს მიმართულება საქართველოსთვისაც აქტუალურია, რადგან ზეთისხილის კულტურის წარმოების გაფართოება და გადამუშავების განვითარება აგრარული სექტორის დივერსიფიკაციის ერთ-ერთი პერსპექტიული გზაა.

უზბეკეთის გამოცდილების გაზიარება კი ქართველ სპეციალისტებსა და მეწარმეებს ამ დარგის განვითარების ახალი შესაძლებლობების შეფასებაში დაეხმარება.

ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს უზბეკეთის ინვესტიციების, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრთან შეხვედრაზეც. საუბარი შეეხო აგროსასურსათო წარმოებაში ინვესტიციების მოზიდვასა და გადამმუშავებელი მრეწველობის განვითარებას.

ვიზიტის შედეგების რეალური მნიშვნელობა მიღწეული შეთანხმებების პრაქტიკულ განხორციელებაზე იქნება დამოკიდებული. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ თანამშრომლობა კონკრეტულ საინვესტიციო და სამეცნიერო პროექტებში გადაიზარდოს, რაც ხელს შეუწყობს როგორც ზეთისხილის წარმოების განვითარებას, ისე ქართული აგროპროდუქციის საექსპორტო ბაზრების გაფართოებას.