აგროსიახლეებიდარგებიმემცენარეობასტატიები

2016 წლის კლიმატური მაჩვენებლები სუბტროპიკულ ზონაში

გასული 2013-2015 წლის სავეგეტაციო პერიოდი სუბტროპიკულ ზონაში გამოირჩეოდა ცხელი კლიმატითა და გვალვებით, 2016 წელი კი _ პირიქით, უხვი ნალექებით, დაბალი ტემპერატურებითა და მაღალი ტენიანობით, რამაც ნეგატიური გავლენა იქონია მცენარეთა ზრდაგანვითარებასა და მოსავლიანობაზე

2015 წლის 30-31 დეკემბერს სუბტროპიკულ ზონაში მოვიდა თოვლი ბარში 0,5 მ, მთაში 1-2 მ. 1-2 იანვარს აღინიშნა ტემპერატურის დაცემა დაბლობ რაიონებში -3-50C -მდე. 5 იანვრიდან ტემპერატურამ აიწია +5+60C -მდე და თოვლმა დაიწყო დნობა. მთელი თვის განმავლობაში ამინდი იყო არამდგრადი. 10-18 იანვრის პერიოდში ტემპერატურამ +12+150C მდე მიაღწია. 19 იანვრიდან ტემპერატურა დაეცა ძირითადად წვიმისა და თოვლჭყაპის სახით. 25 იანვარს ისევ გათოვდა. 0.5 მ სიმაღლის თოვლი მოვიდა ბათუმში, ქობულეთში, ურეკში. სამეგრელოსა და იმერეთის დაბლობ რაიონებში თოვლის სისქე ნაკლები იყო. აღნიშნულ ზონებში ღამით ტემპერატურა -3-40C -მდე დაფიქსირდა (ბათუმის ბულვარში ხელოვნური ტბაც კი გაიყინა).

თებერვალში შედარებით დათბა. 1-20 თებერვლის განმავლობაში მშრალი მზიანი ამინდი დაფიქსირდა, ტემპერატურა დღისით +12+150C -ის ფარგლებში მერყეობდა. 20-25 თებერვალს აღინიშნა წვიმა, სუსხი +8+90C ტემპერატურით. 26 თებერვლიდან თვის ბოლომდე მშრალი მზიანი ამინდი (+15+160) დაფიქსირდა.

მარტის პირველი ნახევარი უჩვეულო დათბობით აღინიშნა. 1-15 მარტამდე დღისით ტემპერატურა +20+230C დაფიქსირდა, რასაც ხეხილოვანთა მასიური ყვავილობა მოყვა. 15 მარტიდან კლიმატი შეიცვალა ძლიერი წვიმითა და თოვლჭყაპით. ტემპერატურა +1+60C -მდე დაეცა, 21 მარტს დაბლობ ადგილებში შეინიშნებოდა წაყინვები -1-20C. თვის დანარჩენი დღეები აღირიცხა მცირე წვიმიანობით, ნისლით, მაღალი სინესტით, რაც უარყოფითად მოქმედებდა აყვავილებულ და ვეგეტაციაში შესულ მცენარეებზე.

აპრილის პირველი დეკადა მშრალი და მზიანი იყო, ტემპერატურა +12+140C. 13 აპრილიდან გაწვიმდა. 16 აპრილს მთებში ჩამოთოვა. 21-22 აპრილს ძლიერი ქარის შედეგად დაზიანდა ვეგეტაციაში შესული მცენარეები, დაიმტვრა ყლორტები (ვაზი, აქტინიდია, თხილი და სხვა). ჩამოთოვა გურია-აჭარის, სამეგრელოს მთებში. 23 აპრილიდან გამოიდარა, თვის ბოლომდე დღის ტემპერატურა +22+240C და ღამით +7+80C შეადგენდა.

1-8 მაისი ღრუბლიანობით, ნალექებითა და მაღალი შეფარდებითი ტენიანობით გამოირჩეოდა. თვის დანარჩენი პერიოდი აღინიშნებოდა მშრალი, მზიანი, ზოგჯერ ღრუბლიანი და ნესტიანი კლიმატით. თვის საშუალო ტემპერატურა +18+200C, მაქსიმალური კი +24+250C დაფიქსირდა. იყო გამონაკლისი დღეებიც, მაგალითად 16 მაისს ძლიერმა ქარმა, წვიმამ ჩამოყარა ნაყოფები კურკოვნებზე, ხეხილოვნებზე, თხილზე, დააზიანა აქტინიდიისა და ვაზის ნარგაობა.

ივნისის პირველი ნახევარი (1-17 ივნისი) უხვი ნალექით, დაბალი ტემპერატურით (+16+180C) და მაღალი ტენიანობით გამოირჩეოდა. იყო შემთხვევები,როდესაც წინა დღეებთან შედარებით ტემპერატურა მკვეთრად ეცემოდა. მაგალითად, 14 ივნისს მზეზე დაფიქსირდა +35+360C, ხოლო მესამე დღეს ტემპერატურა +18+190C -მდე დაეცა. ტემპერატურის ასეთ რყევას მოჰყვა ძლიერი ქარიშხალი, რამაც ისევ გამოიწვია კულტურული ნარგაობის მექანიკური დაზიანება, ტოტების ხლეჩვა, ნაყოფების ცვენა, სიმინდის ნათესების ჩაწვენა. 18 ივნისიდან კლიმატი დასტაბილურდა, ტემპერატურა დღისით +18+190C შეადგენდა, ღამით +12+140C აღინიშნა

ივლისის პირველი ნახევარი (1-14 ივლისი) ძალზე არამდგრადი, წვიმიანი, ტენიანი და ცივი კლიმატით ხასიათდებოდა. აღინიშნა კოკოსპირული წვიმები, წყალდიდობა და მეწყერული მოვლენები (აჭარა, გურია, სამეგრელო). ტემპერატურა დღისით 7+90C -მდე დაეცა. სიცივემ და უხვმა ნალექმა დააზიანა ბოსტნეული კულტურები, თხილის პლანტაციები, ხეხილოვნები, ვაზი. 14-25 ივლისი შედარებით უნალექო, მაღალი ტემპერატურით (+25+300C) და მაღალი შეფარდებითი ტენიანობით (80-90) გამოირჩეოდა. ამ პერიოდში მასიურად შეინიშნებოდა მავნებელ დაავადებათა გააქტიურება ყველა სასოფლო-სამეურნეო კულტურებზე და განსაკუთრებით თხილზე, ვაზზე. თხილზე მასიურად გაჩნდა ნაყოფების, ფოთლებისა და ყლორტების ნაცრისფერი სილაქავე. ეს პროცესი კიდევ უფრო გააძლიერა 25-31 ივლისის არამდგრადმა ცივმა წვიმიანმა და ნესტიანმა ამინდმა. ღამით ტემპერატურა +11+120C -მდე დაეცა.

აგვისტოს პირველი დეკადა (1-10) გამოირჩეოდა ცხელი, ტენიანი ამინდით. დღის საშუალო ტემპერატურა +30+320C ფარგლებში მერყეობდა. 14 აგვისტოს კლიმატი უეცრად შეიცვალა, სამხრეთ-დასავლეთიდან შემოიჭრა ძლიერი ქარი წვიმით, ელჭექით, რომელიც გაგრძელდა მთელი დღის განმავლობაში. ისევ დაზიანდა ხეხილოვნები, კაკლოვნები, ბოსტნეული კულტურები, სიმინდის ნათესები. 21 აგვისტოდან გამოიდარა მაღალი ტემპერატურითა (+30+320C) და ტენიანობით.

აგვისტოს არამდგრადი კლიმატი დაემთხვა საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში თხილის ნაყოფების მასიური დამზადების პერიოდს. მაღალი ტენიანობითა და მავნებელ-დაავადებებით დაზიანებული თხილის ნაყოფების სრულყოფილი შეშრობა მცენარეზე ვერ მოხერხდა. მითუმეტეს ძირს ჩამოცვენილი თხილის ნაყოფების შეშრობა კიდევ უფრო რთული პროცესი გახდა, რამაც საბოლოო ჯამში გამოიწვია თხილის ნაყოფების სოკოვანი დაავადებების მასიური განვითარება. დამზადებული ნაყოფების 50-60% სარეალიზაციოდ უვარგისი გახდა.

სექტემბრის პირველი ორი დეკადა (1-20) გამოირჩეოდა ზომიერი, თბილი და ტენიანი კლიმატით. დღისით საშუალოდ +20+250C, ხოლო ღამით +13+160C ფარგლებში მერყეობდა. სექტემბრის მესამე დეკადაში (20-30) აცივდა. 23 სექტემბერს პირველად ჩამოთოვა — სამეგრელოს, აფხაზეთის, გურია-აჭარის მაღალმთიანი ზონები.

ოქტომბრის პირველი დეკადა (1-10) გამოირჩეოდა მშრალი მზიანი ამინდით, მეორე და მესამე დეკადა ძალზე წვიმიანი, მაღალი სინესტითა და დაბალი ტემპერატურით (10-130C) დაფიქსირდა. 15 ოქტომბერს მთებში ისევ თოვლი მოვიდა.

ნოემბრის პირველი დღეები ცივი და ნალექიანი დაბალი ტემპერატურით +8+9 დაფიქსირდა მთებში თოვლის სახით, დაბლობში წვიმისა და სეტყვის სახით (ქობულეთი, ურეკი, ნატანები) აღინიშნა. 5 ნოემბრიდან 14 ნოემბრამდე მშრალი კლიმატი იყო, დღისით ტემპერატურა +20+220C. ციტრუსებისათვის ეს პერიოდი სასარგებლო აღმოჩნდა, დაიწყო მწვანე ნაყოფების მასიური გაყვითლება. 15-18 ნოემბერს ისევ წვიმდა, მთებში თოვლი მოვიდა. 19-24 ნოემბერს დაფიქსირდა აღმოსავლეთის ძლიერი, მშრალი ქარი, განსაკუთრებით იმერეთისა და სამეგრელოს რეგიონებში, დააზიანა სახლები, მცენარეები, სათბურები, გადამცემი ელექტროხაზები. 25 ნოემბრიდან თვის ბოლომდე შედარებით მშრალი მზიანი ამინდები დაფიქსირდა. ტემპერატურა დღისით +18+200C შეადგენდა.

ყველაზე ნალექიანი და ცივი დეკემბერი აღმოჩნდა. 1-13 დეკემბერს წვიმა, ნესტი სიცივე დღისით +5+60C, ღამით +2+30C. 14 დეკემბრიდან გათოვდა. 14-17 დეკემბერს ღამით ყინვა დაბლობ რაიონებში -2-50C აღწევდა. 20-24 დეკემბერი უნალექო იყო, ღამით ყინვა -1-30C. 25 დეკემბრიდან ისევ წვიმა, მთებში თოვლი.

ამრიგად: 2016 წელი თავისი კლიმატური მაჩვენებლებით დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში ძალზე არამდგრადი გამოდგა სასოფლო-სამეურნეო კულტურების ზრდა-განვითარების და მოსავლიანობის თვალსაზრისით. რაც შეეხება ჩაის, ის ერთადერთი კულტურა აღმოჩნდა, რომელმაც გაუძლო ასეთ არახელსაყრელ კლიმატურ ცვლილებებს, ასევე ნაკლებად დაზიანდა ციტრუსოვნები, თუ მხედველობაში არ მივიღებთ გვიან შემოდგომაზე ლოკალურ ადგილებში სეტყვით გამოწვეულ ზარალს.

ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ პლანეტაზე გლობალური დათბობის შედეგად გამოწვეულმა არამდგრადმა კლიმატურმა პირობებმა შესაძლებელია სერიოზული ზიანი მიაყენოს სუბტროპიკულ სოფლის მეურნეობას. ჩვენი ამოცანაა პრევენციულ ღონისძიებებთან ერთად მკაცრად დავიცვათ სუბტროპიკულ კულტურათა მოვლა-მოყვანის მეცნიერულად დასაბუთებული და პრაქტიკულად აპრობირებული ღონისძიებების კომპლექსური სისტემა.

ზაურ გაბრიჩიძე,

სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი