სანერგის თესლბრუნვა (რეკომენდაციები
ხეხილსანერგის აგროწესებში გათვალისწინებული ღონისძიება მიმართული უნდა იყოს სტანდარტული საძირეების და სარგავი მასალის მიღებისათვის დაწყებული ნიადაგის გაკულტურების, ნაყოფიერების გაუმჯობესების, ნერგის მოვლა-აღზრდის და საბაღე ნაკვეთზე გაშენების დამთავრებით.
აღნიშნული ამოცანის შესასრულებლად აუცილებელია ნერგის წარმოებისათვის თესლბრუნვის გათვალისწინება.
თესლბრუნვის სქემა
- 1. სათეს-სამყნობი მინდორი;
- აღზრდა-ფორმირების მინდორი;
- სათოხნი კულტურები;
- მინდორი – სიდერატები;
- მინდორი – სიდერატების ჩახვნა, შავად ხნული;
II ვარიანტი
საძირეთა სანერგისათვის
I მინდორი – პარკოსნები სამარცვლედ;
II მინდორი – ხეხილის თესლის თესვა და საძირეთა აღზრდა;
III მინდორი – სათოხნი კულტურები;
თესლბრუნვა ფორმირების განყოფილებისათვის
I მინდორი _ პარკოსნების თესვა;
II მინდორი _ მყნობა.ნამყენის პირველი წლის ნაკვეთი;
III მინდორი _ ერთწლიანი ნამყენი;
IV მინდორი _ მრავალწლიანი ბალახი – პირველი წლის ნაკვეთი;
V მინდორი _ მრავალწლიანი ბალახი მეორე წლის ნათესი, შემოდგომაზე ჩახვნით.
კატეგორიულად უნდა აიკრძალოს სანერგის მინდვრების თესლბრუნვაში კარტოფილის და ჭარხლის და საერთოდ ძირხვენების თესვა, როგორც წინამორბედი კულტურები.
ხეხილის ზრდის სიდიდეები წარმოდგენილი საძირეების ზრდის სიძლიერის მიხედვით
- 1. ძლიერი ზრდის საძირეებზე ნამყენი ხის სიმაღლე 7,0 მ და მეტი;
- საშუალო ზრდის საძირეებზე ნამყენი ხის სიმაღლე 4,0-7,0 მ;
- ნახევრად ნაგალა ზრდის საძირეებზე ნამყენი ხის სიმაღლე 3,0-4,0 მ;
- ნაგალა ზრდის საძირეებზე ნამყენი ხის სიმაღლე 3,0 მეტრამდე;
პრაქტიკაში მიღებულია ნაგალა ან ნახევრად ნაგალა ზრდის ხის მისაღებად ძლიერი ფესვთა სისტემით სამ კომპონენტიანი ჩართული მყნობა. ნათესარ საძირეზე ემყნობა ნაგალა საძირე და მის ნაზარდზე ემყნობა ხეხილის სასურველი ჯიში. ჩართული მყნობა გამოიყენება საძირე-სანამყენეს შეუთავსებლობის დროსაც, მაგალითად მსხალი კომშზე.
ხეხილის საძირეების შერჩევა პროცენტული შეფარდებით
ხეხილი ძლიერ ზრდის საძირეებზე – ნათესარები, დაკალმებული საძირეები – 10%.
ხეხილი საშუალო და ნახევრად ნაგალა ზრდის საძირეებზე – ნათესარები, კლონური და დაკალმებული საძირეები – 70%;
ხეხილის ნაგალა ზრდის კლონური და დაკალმებული საძირეები – 10%;
ჩართული მყნობა – ნათესარზე ნაგალა საძირის კვირტით მყნობა _ 10%.
თესლის დამზადება და შენახვა
ხეხილის საძირეთა მისაღებად თესლი მზადდება ველური ფორმებისა და კულტურული ჯიშებისაგან.
სათესლე ნაყოფი ბოტანიკური სიმწივის პერიოდში უნდა მოკრიფოს, ის თანაბარი განვითარების და საღი უნდა იყოს.
1 კგ თესლის დასამზადებლად საჭიროა ნედლი ნაყოფი. მაჟალო
100-120 კგ, ვაშლის ჯიშები – 400 დან 700 კგ-მდე. მსხალი – პანტა, ბერყენა 110-130 კგ, კულტურული ჯიშები – 500-დან 800 კგ-მდე, ზღმარტლი 50-60 კგ, ატამი, ქლიავი – 6-10 კგ-მდე; ბლის სახეობები და ჯიშები
7-25 კგ-დე.
ხეხილოვანი კულტურების საძირეებისათვის თესლი ცივი წესით უნდა დამზადდეს. უმჯობესია თესლი შეძენილი იქნეს საკონსერვო და ხილის წვენების საამქროებიდან. რისი თესლის შეძენაც ვერ მოხერხდება, სანერგის მფლობელმა თვით უნდა დაამზადოს თესლი, ცალკეული ჯიშების მიხედვით.
წვრილი, განუვითარებელი და მკვახე ნაყოფი სათესლედ არ გამოდგება. სათესლე მასალის დასამზადებლად ნაყოფი ცალკე ჯურების, სახეების და ჯიშების მიხედვით უნდა დალაგდეს და გადამუშავდეს. თესლების ერთიმეორეში შერევა დაუშვებელია. დაუშვებელია აგრეთვე სხვადასხვა სიმწიფის პერიოდის ნაყოფების თესლების ერთმანეთში შერევა.
თესლის დასამზადებლად ნაყოფები სრულყოფილი, გადასამუშავებლად მისაღები უნდა იყოს და არა ნარჩენები.
თესლის გამოღება ნაყოფიდან წარმოებს სპეციალური მანქანით, ან ხელით.
თესლის დამზადებისას არ შეიძლება ის დაყოვნდეს რამოდენიმე საათით, ნაყოფის და თესლის მასა იწყებს დუღილს, ტემპერატურა 35°C მეტს აღწევს და ახდენს თესლის აღმოცენების უნარის შემცირებას, ხოლო 60°C პირობებში იღუპება ნახევარ საათში. ამიტომ ცივ წყალში თესლის გაბანების შემდეგ ის შეიძლება თხელ ფენად გაიშალოს ჩრდილში.
გამშრალ თესლს ატარებენ 5 მმ-ან საცერში, ხოლო მეორედ 2-3 მმ ცხრილში.
თესლის დამზადებისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს თესლის სიჯანსაღეს, ის არ უნდა იყოს მექანიკურად დაზიანებული. წინააღმდეგ შემთხვევაში თესლი დალპება სტრატიფიკაციის და თესვის შემდეგ. თესლის ტენიანობა გაშრობის შემდეგ არ უნდა აღემატებოდეს
15-16 %; წვიმიან, ცივ ამინდში თესლი უნდა გაშრეს სპეციალურ საშრობში სადაც ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 30-35°C. ასეთ პირობებში თესლს უნარჩუნდება მაღალი აღმოცენების უნარი. მიუღებელია მზის სხივებით თესლის გაშრობა, მისი გარსაცმი სკდება, თესლი ხმება და იღუპება. კარგი ამინდის და ხელსაყრელ პირობებში თესლის პარტიის გაშრობა 2-3 დღეს გრძელდება.
დასათესად გამზადებული თესლი გაწმენდილი უნდა იყოს მინარევებისაგან, დაზიანებული, დამტვრეული და ფშუტი თესლებისაგან.
თესლის დანაგვიანება არ უნდა აღემატებოდეს თესლოვანი კულტურებისათვის 3,0%-ს; კურკოვნების, კაკლოვნებისა და მშრალი სუბტროპიკული კულტურებისათვის 1,0%-ს ხოლო კენკროვანი კულტურებისათვის 5,0%-ს; გარეგანი ნიშნებით თესლი უნდა იყოს სავსე, მთელი ლებნებით და ჩანასახით. თესლს უნდა ჰქონდეს მისი ბუნებრივი ფერი როგორც კანზე, ისე შიგთავსზე. გაწმენდილი და დახარისხებული თესლი უნდა მოთავსდეს სათანადო ჭურჭელში (ყუთი, ტომარა), გაუკეთდეს სათანადო ეტიკეტი კულტურის ჯიშის დასახელებით, წონა, დამზადების ადგილი და წელი; თესლის აღმოცენების განსაზღვრა ლაბორატორიაში ტარდება ინდიკო-კარმონით, შეღებვის მეთოდით, რაც მიჩნეულია საიმედო მარტივ წესად. თესლი, რომელიც მთლიანად ან ნაწილობრივ ცისფრად შეიღებება, აღმოცენების უნარდაკარგულ თესლად ითვლება. ხოლო რომელიც არ შეიღებება, ის კარგ თესლების პარტიას მიეკუთვნება. ხეხილის თესლი უნდა აკმაყოფილებდეს მოთხოვნებს: თესლის სიწმინდე 95-100%; აღმოცენების უნარიანობა 75-90%;
შეღებვის პროცედურას შეიძლება გაეცნოთ სპეციალურ ლიტერატურაში.
თესლის სტრატიფიკაცია
ტერმინი სტრატიფიკაცია ლათინური ორი სიტყვისგან შედგება შტროცტუმ – ფენა, ფაცერე-კეთება. სიტყვა გამოიყენება თესლის ფენობრივად სილაში განსაზღვრული დროით მოთავსებისას. რასაც შეიძლება ვუწოდოთ თესლის დასილვა. სტრატიფიკაციის პირობებში თესლის დათესვის ნორმა მცირდება, აღმოცენება ერთდროული ხდება და სტანდარტული საძირეთა გამოსავლიანობა დიდდება.
თესლის ბიოლოგიური თავისებურებების გამო სხვადასხვა კულტურა მოსვენების სხვადასხვა პერიოდს გადის. ჩვეულებრივ თესვის დროს გრუნტში თესლის აღმოცენებას ორი წელიწადიც კი სჭირდება. ამისთვის თესლი შერეული უნდა იქნას ტენიან სუფთა სილაში შეფარდებით 1:3; (ერთი ნაწილი თესლი, 3 ნაწილი სილა). სილის ტენიანობა უნდა იყოს 30-50 %; ტემპერატურა თესლოვანი კულტურების თესლისათვის +30C -დან +70C მდე; კურკოვნებისათვის +50 დან +100° ჩ. სტრატიფიკაციის დროს ყუთებში. სილის ფენა თესლოვანი კულტურების თესლისთვის უნდა იყოს 25 სმ, ხოლო კურკოვნებისათვის 40 სმ სისქის.
თესლის სტრატიფიკაცია ტარდება თესვამდე შემდეგ ვადებში – ვაშლი, მსხალი, კომში 90 დღე; ზღმარტლის თესლისათვის 100 დღე. კურკოვანი კულტურებიდან ატმისათვის 160-170 დღე; ბლის ჯიშებისათვის – 250 დღე, ტყემლისათვის 150 დღე; შინდისათვის 120-130 დღე; ჭერმის, ნუშის და კაკლოვნების თესლებისათვის 70 დღე. სტატიფიცირებული თესლი ითესება ადრე გაზაფხულზე. სტატიფიცირების შემდეგ თესლის აღმოცენების უნარის მინიმალური რაოდენობა ცალკეული სახეების მიხედვით შემდეგია: თესლოვანი კულტურების თესლისთვის 65-80 %, კურკოვანი კულტურების თესლებისათვის 60-70%, ატმის, ჭერმის, ნუშისათვის 75-80 %, კაკლოვნებისათვის 60-75 %.
სუბტროპიკული კულტურების თესლის დამზადება დასათესად ისეთივეა, როგორც კონტინენტალური ხილის თესლების. დამწიფებულ ნაყოფები ცვივა და აკრეფენ ან მსუბუქად შეარხევენ მცენარეს. ჩამოცვენილ ნაყოფებს აგროვებენ გროვებად ან ათავსებენ კასრში. 30-40 დღის შემდეგ ნაყოფი რბილდება და აცლიან თესლს.
საძირეთა სანერგე
სათესი სკოლის თესლბრუნვის მინდორზე მდელოს შავ მიწებში, ყავისფერ ნიადაგზე შესატანია 20-30 ტ ორგანული სასუქი, შეიტანება შავად ხნულში. სარეველების წინააღმდეგ გამოიყენება შესაბამისი ჰერბიციდი.
მინერალური სასუქი შავადხნულ მინდორზე შეაქვთ 120 კგ ფოსფორი და კალიუმი, ხოლო შავმიწებში 90-60კგ; აზოტოვანი სასუქი შეაქვთ სათეს მინდორზე საძირეების გამოკვების მიზნით 90-60კგ მოქმედი ნორმით. ნათესარების მორწყვა აუცილებელია დასავლეთ საქართველოშიც კი. ერთ ჰექტარზე ყოველ მორწყვის ჯერზე საჭიროა 400-600 მ3 წყალი.
ნათესარები უნდა გამოიხშიროს ისე, რომ მცენარეთა შორის მანძილი 4-5 სმ დარჩეს. გამოხშირვის საუკეთესო ფაზაა 2-3 ნორჩი ფოთლის წამოზრდისას. გაზაფხულზე ნათესარები 2-ჯერ იმარგლება. წვიმებისა და მორწყვის შემდეგ აუცილებელია ნიადაგის გაფხვიერება. ნათესებს იღებენ სათესი სკოლიდან გვიან შემოდგომაზე და ადრე გაზაფხულზე. დასავლეთ საქართველოში 15 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდე, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში პირველი ნოემბრიდან პირველ დეკემბრამდე. გაზაფხულზე დასავლეთ საქართველოში 15 თებერვლიდან 15 მარტამდე, აღმოსავლეთ საქართველოში პირველი მარტიდან პირველ აპრილამდე.
საძირეებს ნაკვეთიდან ამოღების შემდეგ ფოთოლი გაცვენილი უნდა ჰქონდეს. ფოთოლის შენარჩუნების შემთხვევაში გამოიყენება დეფოლიანტი მაგნიუმის ქლორატის 0,3 % ხსნარი შესხურებით, რაც აუცილებელია 10 დღით ადრე.
საძირეების ამოღების შემდეგ საჭიროა ნათესარების დახარისხება და მიმარხვა რეალიზაციამდე.
თესლოვანი, კურკოვანი და კაკლოვანი კულტურების სანერგე
თესლოვანი, კურკოვანი და კაკლოვანი კულტურები ითესება ან საძირეები ირგვება სანერგის I მინდორზე შემოდგომით და მომავალი წლის ზაფხულზე იმყნობა. თესლი ითესება და საძირე ირგვება 10 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდე; გაზაფხულზე 15 თებერვლიდან I აპრილამდე. დარგულ საძირეებს მიწა უნდა შემოეყაროს ფესვის ყელთან 4-5 სმ სიმაღლეზე.
ერთწლიანი თესლოვანი კენკროვანი ნერგის გამოსაყვანად მანძილი მცენარეთა შორის უნდა იყოს 90 სმ, ხოლო მწკრივში 20 სმ. კურკოვნების, მშრალი სუბტროპიკული კულტურების და კაკლოვნების ნერგის აღზრდისათვის მცენარეთა შორის მანძილი რიგში 150 სმ-ია, ხოლო მწკრივში 25 სმ.
საძირეების სამყნობად გამზადების წინ მას 25-30 სმ სიმაღლეზე წაეჭრება წვეროები. საძირი უნდა გასუფთავდეს გვერდითი ყლორტებიდან და ჩვრით გაიწმინდოს. მყნობის წინ როგორც წესი საჭიროა ნაკვეთი მოირწყას. ყოველი მორწყვის შემდეგ ნიადაგი ფხვიერდება კულტივატორით.
იუზა ვასაძე _ სსმმ აკადემიის აკადემიკოსი, სმმ დოქტორი.პროფესორი;
/გივი ბადრიშვილი/ _ – სსმმ აკადემიის აკადემიკოსი, სმმ დოქტორი.პროფესორი;
ვაჟა კვალიაშვილი _ სსმმ აკადემიის აკადემიკოსი, სმმ დოქტორი.