ჯიშთაშორისი სამრეწველო შეჯვარების ორგანიზაცია მებოცვრეობაში/რეკომენდაცია
მებოცვრეობის მეტ-ნაკლებად მსხვილი სპეციალიზირებული მეურნეობები და/ან ფერმები საქართველოში არა არის. ამასთან, კვლევები ადასტურებენ, რომ ბოცვრის ხორცზე მოთხოვნილება ქვეყნის სამომხმარებლო ბაზარზე საკმაოდ მაღალია, რაც, უახლოეს მომავალში, ამ მიმართულებით ინვესტიციების გაფართოების პირობებს ჰქმნის.
დღეისთვის ამ სახეობის ცხოველს, ძირითადად, აშენებენ და მებოცვრეობის პროდუქტებს, ხორცსა და ტყავბეწვს, აწარმოებენ ცალკეული მოყვარული ფერმერები. უნდა აღინიშნოს, რომ ისინი ამ საქმიანობაში, არაიშვიათად, აწყდებიან გარკვეულ პრობლემებს, რაც დაკავშირებულია ძირითადი სადგამი ჯიშისა და მოშენების მეთოდის შერჩევასთან, კვების ორგანიზაციასთან, ცხოველთა სადგომების მოწყობასთან და რიგი სხვა საკითხების გადაწყვეტასთან, რომლებიც დაკავშირებულია წარმოების ეფექტურობის გაუმჯობესებასა და მებოცვრეობის პროდუქტების ხარისხის ამაღლებასთან.
ცნობილია, რომ სამრეწველო მებოცვრეობაში, ხალასჯიშიანებთან შედარებით, უპირატესობა ეძლევათ ჰეტეროზისის მაღალი ეფექტის მქონე ორ, სამ და ოთხჯიშიან ნაჯვარ სულადობას, ე.წ. ბოცვერ-ბროილერებს, რომლებიც ზრდის მაღალი ენერგიასთან ერთად ხასიათდებიან მეხორცული მალმწიფადობით.
ასთი მდგომარეობა, თავისთავად, არ აკნინებს ბოცვერის ხალასად მოშენების მნიშვნელობას, რამდენადაც შესაჯვარებელი ფორმების შერჩევისას, სწორედ ხალასჯიშიან ცხოველს და მისი კომბინაციური შეთანაწყობის უნარიანობას აქცევენ ყურადღებას. საქმე ის არის, რომ ორი ან მეტი ჯიშის ნებისმიერი შეჯვარება არ იძლევა სათანადო ეფექტს, უფრო მეტიც, ზოგიერთ შემთხვევაში აღინიშნება უფრო დაბალი პროდუქტიულობა და სიცოცხლისუნარიანობა, ვიდრე ეს გამოსავალ ჯიშებშია აღნიშნული;
უნდა გვახსოვდეს, რომ ჰეტეროზისი ვლინდება მხოლოდ სპეციალურად შერჩეული, ერთმანეთთან შეხამებული, კონკრეტული ჯიშის, აგრეთვე მათ შორის ნაჯვარი ბოცვრების შეწყვილებით მიღებულ თაობაში. ეს არის იმის მიზეზი, რომ მრავალი თაობის მკვლევარების ყურადღება გამახვილებულია ჯიშთაშორისი შეჯვარების ოპტიმალური ვარიანტების გამოვლენისკენ და მათი გენეტიკური პოტენციალის რეალიზაციის ზოოტექნიკური მეთოდების დამუშავებისკენ. მსგავსი სამუშაოები წლების მანძილზე ტარდებოდა საქართველოშიც, რომლის შედეგების საფუძველზე შედგენილია წინამდებარე რეკომენდაცია.
მოშენების მეთოდის შერჩევა და შეჯვარების ორგანიზაცია
შესაჯვარებელი ჯიშებისა და შეჯვარების მეთოდის შერჩევისას მებოცვრე ფერმერმა უნდა განსაზღვროს რისი მიღწევა სურს და შესაბამისად მიმართოს თავისი საქმიანობა.
იმ შემთხვევაში, როდესაც მუშაობის ძირითადი მიმართულებაა ხორცის წარმოების გადიდება, ყველაზე მარტივია ორჯიშიანი სამრეწველო შეჯვარების მეთოდის გამოყენება. ასეთ შემთხვევაში, როგორც წესი, ერთ-ერთი ჯიში მაინც სასურველია იყო სახორცე პროდუქტიული მიმართულების.
გასათვალისწინებელია ის, რომ სამრეწველო შეჯვარებისას საჭიროა იმდენი ჯიშის ბოცვერის ყოლა, რამდენჯიშიანი შეჯვარებაც გვაქვს გამიზნული. ეს ნიშნავს, რომ ორჯიშიანი შეჯვარებისას უნდა გვყავდეს ორი ისეთი ჯიშის ბოცვერი, რომელთა შეწყვილებამ მიღებულ თაობაში (F1) ზრდის ენერგიის, საკვების კონვერსიის უნარით და საკლავი პროდუქტიულობით უზრუნველყოს ჰეტეროზისის მაღალი ეფექტი; შესაბამისად სამჯიშიანი შეჯვარებისას აუცილებელია სამი, ხოლო ოთხჯიშიანი შეჯვარებისას- ოთხი ჯიშის ბოცვრების ყოლა.
რა თქმა უნდა, ერთ ფერმერულ მეურნეობაში ორი, მით უფრო სამი და ოთხი ჯიშის ბოცვერის ხალასად მოშენება, მათთან ეფექტური სასელექციო მუშაობა და, იმავდროულად ორი, სამი ან ოთხჯიშიანი შეჯვარების განხორციელება მეტად რთულია, პრაქტიკულად შეუძლებელია.
აღნიშნულის დასადასტურებლად მიზანშეწონილია ასეთი მოკლე განმარტების გაკეთება:
ნებისმიერი რაოდენობით ჯიშების მონაწილეობით სამრეწველო შეჯვარების გარდა, ფერმერმა უნდა უზრუნველყოს ძირითადი სადგამი ჯიშების ხალასად მოშენება, რომელთაგან მიღებული მოზარდი გამოყენებული იქნება აღწარმოებისთვის, ანუ სამომავლოდ სადედე ბირთვისა და სანაშენე მწარმოებლების დასაკომპლექტებლად. ამდენად:
- ორჯიშიანი შეჯვარებისას ფერმერმა თავისი საქმიანობა უნდა განახორციელოს ორი მიმართულებით: პირველი, ორი ჯიშის ხალასად მოშენებით სანაშენე მოზარდის მიღება-გამოზრდა სადგამი სულადობის აღწარმოებისთვის და მეორე, I თაობის ჯიშთაშორისი ნაჯვარების მიღება, მათი ინტენსიურად გამოზრდა და სახორცედ რეალიზაცია;
- სამჯიშიანი შეჯვარებისას მეურნეობაში მას ეყოლება ორი სხვადასხვა გენოტიპის სადედე სულადობა, ხალასჯიშიანი ძირითადი სადგამი ჯიშისა და F1 ნაჯვარების; შესაბამისად, ფერმერს საქმიანობა უხდება სამი მიმართულებით: 1. ხალასჯიშიანი მოშენებით ძირითადი სადგამი ჯიშის გუნდის აღწარმოება, 2. F1 ნაჯვარების მიღება-გამოზრდა და მათი საუკეთესო ნაწილიდან სადედე გუნდის დაკომპლექტება და 3. ამ უკანასკნელის მესამე ჯიშთან შეჯვარება და მიღებული ნაჯვარების სახორცედ გამოზრდა- რეალიზაცია.
- თავის მხრივ, ოთხჯიშიანი შეჯვარებისას ფერმაში უნდა იყოს სადედე სულადობის ოთხი ჯგუფი, ორი ხალასჯიშიანი და ორი F1 ნაჯვარი. ასეთი შემთხვევისას საჭირო იქნება: 1. ხალასჯიშიანი მოშენებით ორი ძირითადი სადგამი ჯიშის გუნდის ხალასჯიშიანად აღწარმოება, 2. ორი სადგამი ჯიშის მდედრების ორი სხვა ჯიშის მწარმოებლებთან შეჯვარებით მიღებული F1 ნაჯვარების მიღება-გამოზრდა და მათი საუკეთესო ნაწილით სადედე გუნდის დაკომპლექტება და 3. დედალი და მამალი F1 ნაჯვარი ბოცვრების შეჯვარება და მიღებული ოთხჯიშიანი ნაჯვარების სახორცედ გამოზრდა- რეალიზაცია.
აღნიშნული სირთულეების თავიდან ასაცილებლად, უმჯობესია ფერმერს, როგორც მინიმუმ, მჭიდრო კომუნიკაცია ჰქონდეს ქვეყნის შიგნით სხვადასხვა პროდუქტიული მიმართულების ჯიშის ბოცვრების მომშენებელ კოლეგებთან, რაც მას შესაძლებლობას მისცემს მინიმალური მატერიალური დანახარჯებით უზრუნველყოს მაღალი კლასის, სათანადო პროდუქტიული და სამეურნეო ღირებულების სულადობის გაცვლა-გამოცვლა და შეჯვარებაში გამოყენება. ასეთი მიდგომისას ფერმერი დაზღვეული იქნება მაღალი კლასის სანაშენე ცხოველების შესაძენად საჭირო საკმაოდ მნიშვნელოვანი დანახარჯებისგან, რაც, თავის მხრივ, აძვირებს წარმოებულ პროდუქციას.
ჯიშთაშორისი სამრეწველო შეჯვარების ეფექტურობას განსაზღვრავს შესაჯვარებელი წყვილების სწორად შერჩევა და მათი მიზანმიმართულად გამოზრდა. როგორც აღინიშნა, ბოცვრების ზოგიერთი ჯიშების შეწყვილებისას რამდენადმე მნიშვნელოვნად არ უმჯობესდება სამეურნეო და პროდუქტიული ნიშან-თვისებები, ან შედეგი საერთოდ ნეიტრალურია.
ჩვენს მიერ ჩატარებულმა მრავალწლიანმა გამოკვლევებით სამრეწველო შეჯვარებაში გამოვლენილია ბოცვრის სხვადასხვა პროდუქტიული მიმართულების ჯიშების შეთანაწყობის შემდეგი საუკეთესო კომბინაციები:
ორჯიშიანი სამრეწველო შეჯვარების 10 გამოცდილი ვარიანტიდან, უმეტეს შემთხვევაში, უპირატესობა აქვთ ახალზელანდიური თეთრი X საბჭოური შინშილა პირდაპირ და რეციპროკულ ნაჯვარებს.
ასეთი შეჯვარებისას აღინიშნება ყველაზე მაღალი განაყოფიერების უნარი (93,3%) ვიდრე სხვა ორჯიშიანი კომბინაციებში. კერძოდ, უფრო მაღლი იყო მათი ნაყოფიერება, ანუ ბუდეში მოგებული ბაჭიების რაოდენობა; იმავდროულად, ყველაზე მაღალი იყო ცოცხალი მასის დღეღამური ნამატი, საბოლოო ცოცხალი მასა და ტანხორცის მასა.
სამჯიშიანი სამრეწველო შეჯვარების შესწავლილი 4 ვარიანტიდან განაყოფიერების უნარით საუკეთესო შედეგი, 100% მიღებული იქნა (საბჭოური შინშილა X ახალზელანდიური თეთრი) მდედრების კალიფორნიული ჯიშის მამრებით განაყოფიერებისას.
ფერმერმა უნდა გაითვალისწინოს, რომ სამჯიშიანი სამრეწველო შეჯვარების სქემით მუშაობისას მან ჯერ უნდა მიიღოს სასურველი კომბინაციის პირველი თაობის ნაჯვარები, რომელთაგან საუკეთესო სადედე სულადობას დაიტოვებს მესამე ჯიშთან შესაჯვარებლად, ხოლო მამრებს და წუნდებულ მდედრებს ინტენსიურად გამოზრდის შემდეგ აგზავნის აგრეთვე სახორცედ სარეალიზაციოდ.
თავის მხრივ, მიღებული სამჯიშიანი ნაჯვარებიც, ინტენსიურად გამოზრდის შემდეგ, ასევე იგზავნება სახორცედ დასაკლავად.
ოთხჯიშიანი სამრეწველო შეჯვარების შესწავლილი ოთხი ვარიანტიდან ყველაზე მაღალი განაყოფიერების უნარი (96,6%), ნაყოფიერება (10 ბაჭია ერთ მოგებაზე) და შენარჩუნების დონე (64,6%) გამოვლინდა (ახალზელანდიური X საბჭოური შინშილა) X (რუხი გოლიათი X კალიფორნიული) კომბინაციაში. საყურადღებოა, რომ ამ კომბინაციის ნაჯვარები, 60; 90 და 120 დღის ასაკში ხასიათდებიან ყველაზე მაღალი ცოცხალი მასით, მაგრამ ნაკლავის გამოსავლით ჩამორჩებიან სხვა ოთხჯიშიან თანატოლებს.
აღნიშნულთან ერთად დადგენილია, რომ ნაყოფიერებისა და პროდუქტიულობის სხვადასხვა მაჩვენებლის მიხედვით ჰეტეროზისი ვლინდება შეჯვარების ცალკეულ კომბინაციებში, ხოლო ეფექტი ცვალებადობს 8,6-30,1%- ის ფარგლებში.
ზოგადად, სამრეწველო შეჯვარების ეფექტურობის შესწავლის მონაცემები მოწმობენ, რომ განაყოფიერების უნარი, ნაყოფიერება, ბაჭიების სიცოცხლისუნარიანობა, აგრეთვე ზრდის ინტენსივობა და დაკვლის პროდუქტების გამოსავლიანობა, როგორც წესი, უმჯობესდება შეჯვარებაში მონაწილე ჯიშების რაოდენობის ზრდის კვალობაზე. ამასთან, ხორცის ქიმიურ და ამინმჟავურ შედგენილობაზე ასეთი ერთსახოვანი დასკვნის გაკეთება შეუძლებელია მაშინ, როდესაც ტყავბეწვის გამოსავლიანობა და ხარისხი უმჯობესდება, რაც, უპირატესად დაკავშირებულია მისი ფართობის, მასისა და სისქის ზრდასთან.
ჯიშთა ნებისმიერ კომბინაციების პროდუქტიულობის მაქსიმალური პოტენციალი ვლინდება ინტენსიური კვების, აგრეთვე მოვლა-შენახვის ზოოჰიგიენური პარამეტრების დაცვის პირობებში.
მებოცვრე ფერმერმა უნდა იცოდეს, რომ საკვების სახე და ხარისხი, ულუფის საერთო ენერგეტიკული ღირებულება და მასში ცალკეული საყუათო ნივთიერების შემცველობა გადამწყვეტ გავლენას ახდენს ბოცვრის პროდუქტიულობაზე, წარმოების ეკონომიკურ ეფექტიანობაზე.
ამის გათვალისწინებით მნიშვნელოვანია მკაცრად იყოს დაცული კვების ნორმები და პირობები, რაც მოცემულია სპეციალურ ცნობარებში და ითვალისწინებს სხვადასხვა დანიშნულების, ასაკისა და ფიზიოლოგიური მდგომარეობის ცხოველის ბოცვრების დიფერენცირებულად კვებას.
ჯემალ გუგუშვილი – სსმმა აკადემიკოსი;
გიული გოგოლი – სმმ დოქტორი, პროფესორი;
ზაზა ლაშხი – სმმ აკადემიური დოქტორი.