ვენახში ნიადაგის მოხვნა

ხვნის მიზანი, გარკვეულ სიღრმეზე ნიადაგის გაფხვიერება, ნიადაგის აერაციის გაუმჯობესება, მოსული ნალექების და ყინვების შეღწევადობის გაზრდა სახნავი ფენის ქვემოთ, ნიტროფიკციის პროცესის გაუმჯობესება, სარეველების დარეგულირება, ორგანულ – მინერალური სასუქების ნიადაგის სიღრმეში ჩაკეთების უზრუნველყოფაა.

განასხვავებენ ნიადაგის საშემოდგომო და საგაზაფხულო დამუშავებას.

ნიადაგის დამუშავების სისტემები უკავშირდება რეგიონების აგროკლიმატურ პირობებს, ნიადაგის ტიპებს, მოსული ნალექების რაოდენობას, მოსავლის ვადებს, ადგილის რელიეფს და ა.შ აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, ყოველ განსხვავებულ რეგიონში ნიადაგის დამუშავების შესაბამისი სისტემა უნდა იქნეს გამოყენებული.

ვენახის ნიადაგის საგაზაფხულო დამუშავება ადრე გაზაფხულზე (მარტ-აპრილში) ვენახში ნიადაგის ხვნა ტარდება, როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში – ე. წ. ნაზურგად, ხოლო შემდეგ (2-3 დღის ვადაში) ტარდება მოხნულის ფარცხვა ან კულტივაცია, რაც იწვევს ნიადაგის მოსწორებას და გაფხვიერებას, ეს კი ხელს უწყობს ტენის აორთქლების შემცირებას.

ნიადაგის საგაზაფხულო დამუშავება მიზნად ისახავს :
1. წყლის აორთქლების შემცირებას ნიადაგის კაპილარების მოშლის შედეგად;
2. ნიადაგის აერაციის გაუმჯობესებას.

ვენახის ნიადაგის საშემოდგომო დამუშავება

ამ წესის დანიშნულებაა გააფხვიეროს ზაფხულის პერიოდში გამყარებული ნიადაგის ფენა, გააუმჯობესოს აერაცია, ხელი შეუწყოს საშემოდგომო ნალექების შეღწევას და დაგროვებას ფესვთა სისტემის გავრცელების არეში. ხვნა ტარდება 20-22 სმ-ის სიღრმეზე ნაღვარად, ე.ი. გუთნის ფრთები ისეა გაწყობილი, რომ ბელტებს აგორებს ვაზის მწკრივებისაგან, შუაზე კი ტოვებს კვალს (ღარს), რომელიც მიწის სიღრმეში ატარებს მოსულ ნალექს. საშემოდგომო ხვნა მიზანშეწონილია ჩატარდეს ვაზის ფოთოლცვენის დამთავრებისთანავე.

დასავლეთ საქართველოში ჭარბტენიანი კლიმატისა და დაქანებული რელიეფის გამო ვენახის ნიადაგის საშემოდგომო ხვნა რეკომენდირებილი არ არის – ამით თავიდან აცილებული იქნება ნიადაგის ეროზია.

მევენახეობა ვ.გოცირიძე ა. გოდაბრელიძე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.