ჯიშთაშორისი სამრეწველო შეჯვარების ორგანიზაცია მებოცვრეობაში/რეკომენდაცია

მებოცვრეობის მეტ-ნაკლებად მსხვილი სპეციალიზი­რებული მეურნეობები და/ან ფერმები საქართველოში  არა არის. ამასთან, კვლევები ადასტურებენ, რომ ბოცვრის ხორ­ცზე მოთხოვნილება ქვეყნის სამომხმარებლო ბაზარზე საკმა­ოდ მაღალია, რაც, უახლოეს მომავალში, ამ მიმარ­თულებით ინვესტიციების გაფართოების პირობებს ჰქმნის.

დღეისთვის ამ სახეობის ცხოველს, ძირითადად, აშენებენ და მებოცვრეობის პროდუქტებს, ხორცსა და ტყავ­ბეწვს, აწარმოებენ ცალკეული მოყვარული ფერმერები. უნდა აღინიშნოს, რომ ისინი ამ საქმიანობაში, არაიშვიათად, აწყდებიან გარკვეულ პრობლემებს, რაც დაკავ­შირებულია ძირითადი სადგამი ჯიშისა და მოშენების მეთოდის შერჩე­ვასთან, კვების ორგანიზაციასთან, ცხოველ­თა სადგომების მოწყობასთან და რიგი სხვა საკითხების გადაწყვეტასთან, რომლებიც დაკავშირებულია წარმოების ეფექტურობის გაუმჯობესებასა და მებოცვრეობის პროდუქ­ტების ხარისხის ამაღლებასთან.

ცნობილია, რომ სამრეწველო მებოცვრეობაში, ხალას­ჯიშიანებთან შედარებით, უპირატესობა ეძლევათ ჰეტერო­ზისის მაღალი ეფექტის მქონე ორ, სამ და ოთხჯი­შიან ნაჯვარ სულადობას, ე.წ. ბოცვერ-ბრო­ილერებს, რომ­ლებიც ზრდის მაღალი ენერგიასთან ერთად ხასიათდე­ბიან მეხორ­ცული მალმწიფადობით.

ასთი მდგომარეობა, თავისთავად, არ აკნინებს ბოცვე­რის ხალასად მოშენების მნიშვნელობას, რამდენადაც შესაჯ­ვარებელი ფორმების შერჩევისას, სწორედ ხალასჯიშიან ცხოველს და მისი კომბინაციური შეთანაწყობის უნარიანო­ბას აქცევენ ყურადღებას. საქმე ის არის, რომ ორი ან მეტი  ჯიშის ნებისმიერი შეჯვარება არ იძლევა სათანადო ეფექტს, უფრო მეტიც, ზოგიერთ შემთხვევაში აღინიშნება უფრო დაბალი პროდუქტიულობა და სიცოცხლისუნარიანობა, ვიდრე ეს გამოსავალ ჯიშებშია აღნიშნული;

უნდა გვახსოვდეს, რომ ჰეტეროზისი ვლინდება მხოლოდ სპეციალურად შერჩეული, ერთმანეთთან შეხა­მებული, კონკრეტული ჯიშის, აგრეთვე მათ შორის ნაჯვარი ბოცვრების შეწყვილებით მიღებულ თაობაში. ეს არის იმის მიზეზი, რომ მრავალი თაობის მკვლევარების ყურადღება გამახვილებულია ჯიშთაშორისი შეჯვარების ოპტიმალური ვარიანტების გამოვლენისკენ და მათი გენეტიკური პოტენ­ციალის რეალიზაციის ზოოტექნიკური მეთოდების დამუ­შავებისკენ. მსგავსი სამუშაოები წლების მანძილზე ტარდებოდა საქართველოშიც, რომლის შედეგების საფუძველზე შედგენილია წინამდებარე რეკომენდაცია.

მოშენების მეთოდის შერჩევა და შეჯვარების ორგანიზაცია

შესაჯვარებელი ჯიშებისა და შეჯვარების მეთოდის შერჩევისას მებოცვრე ფერმერმა უნდა განსაზღვროს რისი მიღწევა სურს და შესაბამისად მიმართოს თავისი საქმიანობა.

იმ შემთხვევაში, როდესაც მუშაობის ძირითადი მიმართულებაა ხორცის წარმოების გადიდება, ყველაზე მარტივია ორჯიშიანი სამრეწველო შეჯვარების მეთოდის   გამოყენება. ასეთ შემთხვევაში, როგორც წესი, ერთ-ერთი ჯიში მაინც სასურველია იყო სახორცე პროდუქტიული მიმართუ­ლების.

გასათვალისწინებელია ის, რომ სამრეწველო შეჯვა­რებისას საჭიროა იმდენი ჯიშის ბოცვერის ყოლა, რამდენ­ჯიში­ანი შეჯვარებაც გვაქვს გამიზნული. ეს ნიშნავს, რომ ორჯიშიანი შეჯვარებისას უნდა გვყავდეს ორი ისეთი ჯიშის ბოცვერი, რომელთა შეწყვილებამ  მიღებულ თაობაში (F1) ზრდის ენერგიის, საკ­ვების კონვერსიის უნარით და საკლავი პროდუქტიულობით უზრუნველყოს ჰეტეროზისის მაღალი ეფექტი; შესაბამისად სამჯიშიანი შეჯვარებისას აუცილე­ბელია სამი, ხოლო ოთხჯიშიანი შეჯვარებისას- ოთხი ჯიშის ბოცვრების ყოლა.

რა თქმა უნდა, ერთ ფერმერულ მეურნეობაში ორი, მით უფრო სამი და ოთხი ჯიშის ბოცვერის ხალასად მოშენება, მათთან  ეფექტური სასელექციო მუშაობა და, იმავ­დროულად ორი, სამი ან ოთხჯიშიანი შეჯვარების განხორ­ციელება მეტად რთულია, პრაქტიკულად შეუძლებელია.

აღნიშნულის დასადასტურებლად მიზანშეწონილია ასეთი მოკლე განმარტების გაკეთება:

ნებისმიერი რაოდენობით ჯიშების მონაწილეობით სამრეწველო შეჯვარების გარდა, ფერმერმა უნდა უზრუნველყოს ძირითადი სადგამი ჯიშების ხალასად მოშენება, რომელთაგან მიღებული მოზარდი გამოყენებული იქნება აღწარმოებისთვის, ანუ სამომავლოდ სადედე ბირთვისა და სანაშენე მწარმოებლების დასაკომპლექტებლად. ამდენად:

  1. ორჯიშიანი შეჯვარებისას ფერმერმა თავისი საქმიანობა უნდა განახორციელოს ორი მიმართულებით: პირველი,  ორი ჯიშის ხალასად მოშენებით სანაშენე მოზარდის მიღება-გამოზრდა სადგამი სულადობის  აღწარმოების­თვის და მეორე, I თაობის ჯიშთაშორისი ნაჯვარების მი­ღება, მათი ინტენსიურად გამოზრდა და სახორცედ რეალიზაცია;
  2. სამჯიშიანი შეჯვარებისას მეურნეობაში მას ეყოლება ორი სხვადასხვა გენოტიპის სადედე სულადობა, ხალასჯი­შიანი ძირითადი სადგამი ჯიშისა და F1 ნაჯვარების; შესაბამისად, ფერმერს საქმიანობა უხდება  სამი მიმართულებით: 1. ხალასჯიში­ანი მოშენებით ძირითადი სადგამი ჯიშის გუნდის აღწარმოება, 2. F1 ნაჯვარების მიღება-გამოზრდა და მათი საუკეთესო ნაწილიდან სადედე გუნდის დაკომპლექტება და 3. ამ უკა­ნასკნელის მესამე ჯიშთან შეჯვარება და მიღებული ნაჯვარების სახორცედ გამოზრდა- რეალიზაცია.
  3. თავის მხრივ, ოთხჯიშიანი შეჯვარებისას ფერმაში უნდა იყოს სადედე სულადობის ოთხი ჯგუფი, ორი ხალასჯი­შიანი და ორი F1 ნაჯვარი. ასეთი შემთხვევისას საჭირო იქნება: 1. ხალასჯიში­ანი მოშენებით ორი ძირითადი სად­გამი ჯიშის გუნდის ხალასჯიშიანად აღწარმოება, 2. ორი სადგამი ჯიშის მდედრების ორი სხვა ჯიშის მწარმოებ­ლებთან შეჯვარებით მიღებული F1 ნაჯვარების მიღება-გამოზრდა და მათი საუკეთესო ნაწილით სადედე გუნდის დაკომპლექტება და 3. დედალი და მამალი F1 ნაჯვარი ბოცვრების შეჯვარება და მიღებული ოთხჯიშიანი ნაჯვარების სახორცედ გამოზრდა- რეალიზაცია.

აღნიშნული სირთულეების თავიდან ასაცილებლად, უმჯობესია ფერმერს, როგორც მინიმუმ, მჭიდრო კომუნი­კაცია ჰქონდეს ქვეყნის შიგნით სხვადასხვა პროდუქტიული მიმართულების ჯიშის ბოცვრების მომშენებელ კოლეგებთან, რაც მას შესაძ­ლებლობას მისცემს მინიმალური მატერი­ალური დანახარჯებით უზრუნველყოს მაღალი კლასის, სათანადო პროდუქტიული და სამეურნეო ღირებულების სულადობის გაცვლა-გამოცვლა და შეჯვარებაში გამოყენება. ასეთი მიდგომისას ფერმერი დაზღვეული იქნება მაღალი კლასის სანაშენე ცხოველების შესაძენად საჭირო საკმაოდ მნიშვნელოვანი დანახარჯებისგან, რაც, თავის მხრივ, აძვირებს წარმოებულ პროდუქციას.

ჯიშთაშორისი სამრეწველო შეჯვარების ეფექტურო­ბას განსაზღვრავს შესაჯვარებელი წყვილების სწორად შერჩევა და მათი მიზანმიმართულად გამოზრდა. როგორც აღინიშნა, ბოცვრების ზოგიერთი ჯიშების შეწყვილებისას რამდენადმე მნიშვნელოვნად არ უმჯობესდება სამეურნეო და პროდუქ­ტიული ნიშან-თვისებები, ან შედეგი საერთოდ ნეიტრალურია. 

ჩვენს მიერ ჩატარებულმა მრავალწლიანმა გამოკვლე­ვებით სამრეწველო შეჯვარებაში გამო­ვლენილია ბოცვრის სხვადასხვა პროდუქტიული მიმართულების ჯიშების შეთანაწყობის შემდეგი საუკეთესო კომბინაციები:

 ორჯიშიანი სამრეწველო შეჯვარების 10 გამოცდილი ვარიან­ტიდან, უმეტეს შემთხვევაში, უპირატესობა აქვთ ახალზელანდიური თეთრი X საბჭოური შინშილა პირდაპირ და რეციპროკულ ნაჯვარებს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ასეთი შეჯვარებისას აღინიშნება ყველაზე მაღალი განაყოფი­ერების უნარი (93,3%) ვიდრე სხვა ორჯიშიანი კომბინაციებში. კერძოდ, უფრო მაღლი იყო მათი ნაყოფიერება, ანუ ბუდეში მოგებული ბაჭიების რაოდენობა; იმავდრო­ულად, ყველაზე მაღალი იყო ცოცხალი მასის დღე­ღამური ნამატი,  საბოლოო ცოცხალი მასა და ტანხორცის მასა.

სამჯიშიანი სამრეწველო შეჯვარების შესწავლილი 4 ვარიანტიდან განაყოფი­ერების უნარით საუკეთესო შედეგი, 100% მიღებული იქნა (საბჭო­ური შინშილა X ახალზელან­დიური თეთრი) მდედრე­ბის კალიფორ­ნიული ჯიშის მამ­რებით განაყოფიერებისას.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ფერმერმა უნდა გაითვალისწინოს, რომ სამ­ჯიშიანი სამრეწველო შეჯვარების სქემით მუშაობისას მან ჯერ უნდა მიიღოს სასურველი კომბინაციის პირველი თაობის ნაჯვარები, რომელთაგან საუკე­თესო სადედე სულადობას დაიტოვებს მესამე ჯიშთან შესაჯვა­რებლად, ხოლო მამრებს და წუნდებულ მდედრებს ინტენსიურად გამოზრდის შემდეგ აგზავნის  აგრეთვე სახორცედ სარეალიზაციოდ.

თავის მხრივ,  მიღებული სამჯიშიანი ნაჯვარებიც, ინ­ტენსიურად გამოზრდის შემდეგ, ასევე იგზავნება სახორცედ დასაკლავად.

ოთხჯიშიანი სამრეწველო შეჯვარების შესწავლილი ოთხი ვარი­ანტიდან ყველაზე მაღალი განაყოფიერების უნარი (96,6%), ნაყოფიერება (10 ბაჭია ერთ მოგებაზე) და შენარჩუნების დონე (64,6%) გამოვლინდა (ახალზელან­დიური X საბჭოური შინშილა) X (რუხი გოლი­ათი X კალი­ფორნიული) კომბინაციაში. საყურად­ღებოა, რომ  ამ კომბი­ნაციის ნაჯვარები, 60; 90 და 120 დღის ასაკში ხასიათდებიან ყველაზე მაღალი ცოცხალი მასით, მაგრამ ნაკლავის გამოსავ­ლით ჩამორჩებიან სხვა ოთხჯიშიან თანატოლებს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

აღნიშნულთან ერთად დადგენილია, რომ ნაყოფიერე­ბისა და პროდუქტიულობის სხვადასხვა მაჩვენებლის მიხედვით ჰეტეროზისი ვლინდება შეჯვარების ცალკეულ კომბინაციებში, ხოლო ეფექტი  ცვალებადობს 8,6-30,1%- ის ფარგლებში.

ზოგადად, სამრეწველო შეჯვარების ეფექტურობის შესწავლის მონაცემები მოწმობენ, რომ განაყოფიერების უნარი, ნაყოფიერება, ბაჭი­ების სიცოცხლისუნარიანობა, აგრეთვე ზრდის ინტენსივობა და დაკვლის პროდუქტების გამოსავლიანობა, როგორც წესი, უმჯობესდება შეჯვარე­ბაში მონაწილე ჯიშების რაოდენობის ზრდის კვალობაზე. ამასთან, ხორცის ქიმიურ და ამინმჟავურ შედგენილობაზე ასეთი ერთსახოვანი დასკვნის გაკეთება შეუძლებელია მაშინ, როდესაც ტყავბეწვის გამოსავ­ლიანობა და ხარისხი უმჯობესდება, რაც, უპირატესად დაკავშირებულია მისი ფართობის, მასისა და სისქის  ზრდასთან.

ჯიშთა ნებისმიერ კომბინაციების პროდუქტიულობის მაქსიმალური პოტენციალი ვლინდება ინტენსიური კვების, აგრეთვე მოვლა-შენახვის ზოოჰიგიენური პარამეტრების დაცვის პირობებში.

მებოცვრე ფერმერმა უნდა იცოდეს, რომ საკვების სახე და ხარისხი, ულუფის საერთო ენერგეტიკული ღირებულება  და მასში ცალკეული საყუათო ნივთიერების შემცველობა გადამწყვეტ გავლენას ახდენს ბოცვრის პროდუქტიულო­ბაზე, წარმოების ეკონომიკურ ეფექტიანობაზე.

ამის გათვალისწინებით მნიშვნელოვანია მკაცრად იყოს დაცული კვების ნორმები და პირობები, რაც მოცემუ­ლია სპეციალურ ცნობარებში და ითვალისწინებს  სხვადას­ხვა დანიშნულების, ასაკისა და ფიზიოლოგიური მდგომა­რეობის ცხოველის ბოცვრების დიფერენცირებულად კვებას.

ჯემალ გუგუშვილი – სსმმა აკადემიკოსი;

გიული გოგოლი  – სმმ დოქტორი, პროფესორი;

ზაზა  ლაშხი – სმმ აკადემიური დოქტორი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.