კომპანია „მასკიო-გასპარდოს“ ნიადაგის ზოლური დამუშავების სპეციალური მოწყობილობა (ZEBRA)
ნიადაგის დამუშავების „ზოლური” (Strip-till) მეთოდი, აშშ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მეცნიერებმა დაამუშავეს. იგი დადებით შედეგს იძლევა, როგორც გვალვიან, ასევე წვიმიან პერიოდებში. ამ მეთოდის გამოყენების დროს მხოლოდ ვიწრო ზოლები მუშავდება, რომლებზედაც შემდგომ ხდება თესვა. დანარჩენი ფართობი დაუმუშავებელი, წინამორბედი კულტურის ნაწვერალის სახით რჩება. ეს ბუნებათსარგებლობის რაციონალური სისტემაა, რომლის დროსაც ნიადაგის მინიმალური დამუშავება წარმოებს. ამ მეთოდის უპირატესობა გამოიხატემა იმაში, რომ ნიადაგის ჩვეულებრივ დამუშავებასთან შედარებით, გარდა მნიშვნელოვანი ეკონომიისა, ნიადაგის გამოშრობის და გადახურების ნაკლები შესაძლებლობით გამოირჩევა. ნიადაგის ზოლური დამუშავება სპეციალური მოწყობილობების მეშვეობით ტარდება:
დამუშავებული ზოლების სიგანე 20-25 სმ. ფარგლებში მერყეობს. ამ მეთოდის კიდევ ერთ უპირატესობას ის წარმოადგენს, რომ ფერმერს შეუძლია ნიადაგის დამუშავების პარალელურად შხამ ქიმიკატები და სასუქი შეიტანოს.
როდესაც ნიადაგის დამუშავება ნაწილობრივ შეზღუდული ღონისძიებებით წარმოებს, შესაძლებელია სარეველებთან ბრძოლა გართულდეს, ფერმერს თიბვის ან ჰერბიციდების გამოყენების ოპერაციების ჩატარება დასჭირდეს, საბოლოო ჯამში ამ ოპერაციების გამოყენება ნიადაგის დამუშავებისათვის გაწეულ ხარჯებს მნიშვნელოვნად გაზრდის.
სხვაობა ნულოვანი (No-till) და ზოლური (Strip-till) ნიადაგდამუშავებისათვის საჭირო მოწყობილობებს შორის
ნიადაგის დამუშავების დროს გამოყენებული მანქანები აღჭურვილია დისკოსებურდანიანი ჩამთესით, რომელიც განლაგებულია მანქანის ბლოკის წინა ნაწილში. დისკოსებური ჩამთესის დანიშნულებაა შეიჭრას და გააპოს მცენარის ნარჩენებიანი მკვრივი ნიადაგი. მას შემდეგ რაც დისკოსებური დანები ჭრის ნიადაგს, თესლი ვარდება ხნულში, რომელიც შემდეგ საგორავების მეშვეობით მიწის საჭირო ფენით იფარება.
ზოლური დამუშავების დროს მეტი სიზუსტეა საჭირო. ფერმერი ნიადაგს სპეციალიზებული მოწყობილობებით 20-25 სმ. სიგანის ზოლად ამუშავებს, ამავდროულად, საჭიროების შემთხვევაში, შეაქვს შხამ-ქიმიკატები ან სასუქები. თუ შხამ-ქიმიკატების რაოდენობის მაჩვენებელი ინდიკატორი არ მუშაობს, ფერმერს მათი ზუსტი ნორმის განსაზღვრა გაუჭირდება, რაც შხამ-ქიმიკატებისა და სასუქის გადახარჯვას ან მათ უკმარისობას გამოიწვევს, რაც საბოლოო ჯამში პრობლემას შექმნის.
მანქანებით დამუშავების დროს ნიადაგს ჟანგბადის დამატებითი რაოდენობა ხვდება, რაც ორგანულ ნივთიერებების დაშლის პროცესს აჩერებს. ნახშირბადი, აზოტი და ფოსფორი ნულოვანი დამუშავების დროს ნიადაგში მეტია, ვიდრე ნიადაგის ზოლური და მთლიანი დამუშავების შემთხვევაში.
ზოლური ნიადაგდამუშავების და ნულოვანი ნიადაგდამუშავების სისტემები ნაწილობრივ მსგავსია, ვინაიდან ორივე შემთხვევაში ნიადაგის ზედაპირი დაცულია ნარჩენებით (ნაწილობრივ). ამის მიუხედავად, ზოლური ნიადაგდამუშავების სისტემა ისევე ზემოქმედებს ნიადაგზე, როგორც ჩვეულებრივი ნიადაგდამუშავების სისტემა, ვინაიდან ორივე შემთხვევაში ნიადაგის ქერქი იჭრება, რის შედეგადაც მიღებული აერობული პირობები ორგანული ნივთიერებების დაშლის პროცესს აჩქარებს.
ცდების შედეგად დადგინდა, რომ ზოლური ნიადაგდამუშავება ნიადაგში ორგანული ნახშირბადის და ექსტრაგირებული ფოსფორის რაოდენობაზე არ მოქმედებს.
მოსავლიანობაზე ზემოქმედება
გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ზოლური ნიადაგდამუშავების დროს მოსავალი უფრო უხვია, ვიდრე — ნულოვანი ნიადაგდამუშავების შემთხვევაში.
მცენარის ფესვთა სისტემის განვითარებაზე რამდენიმე ფაქტორი მოქმედებს. ეს საკითხი განვიხილოთ მზესუმზირისა და სოიოს კულტურების შემთხვევაში.
მაღალმოსავლიანი მარცვლეული კულტურების შემდეგ იმავე ნიადაგზე მზესუმზირის მოყვანა შეიძლება პრობლემატური იყოს, ვინაიდან მკვრივი ნიადაგი, ნიადაგზე მინიმალური მოქმედება, სათესლე კვალის შექმნა, თესლის აღმოცენებისთვის ნიადაგის სითბოს შენარჩუნება და სხვა, ნიადაგის წინასწარ სწორად დამუშავებას მოითხოვს.
მზესუმზირის ფესვთა სისტემა აღმოცენებიდან 75 დღის შემდეგ 100-120 სმ. სიღრმეს აღწევს. ნიადაგის ტენისა და მკვებავი ნივთიერებების გამოყენების ოპტიმიზაციისთვის, 20 სმ-ზე დაბალი ჩასვლის შემთხვევაში, გარკვეული სტიმული ეძლევა არა მარტო ფესვთა სისტემას, არამედ ღერძულა ფესვსაც. მკვებავი ნივთიერებების კარგად გააზრებული და ზუსტი მეთოდიკის გამოყენების შემთხვევაში, ჩვენ ხელს შევუწყობთ ფესვების უფრო ღრმად ჩასვლას და მათ განვითარებას, რათა მცენარემ სიღრმეში განთავსებული ტენის გამოყენება შესძლოს.
სოიოს შემთხვევაში გვაქვს ძლიერ ფესვთა სისტემა, რომელიც ფორმირდება ნიადაგის ზედაპირიდან 2 სმ-ის სიღრმეზე და ვრცელდება ნიადაგის სიღრმეში. მკვებავი ნივთიერებების განვითარება ნიადაგში ხდება ისე, რომ სოიოს ღერძულა ფესვი მათთან უშუალო კონტაქტშია, რაც მცენარის ზრდის პროცესს აჩქარებს.
ნიადაგის ტემპერატურა
შედარებით ცივ რეგიონებში გამაგრილებელი ეფექტის საკომპენსაციოდ და ნიადაგის შესათბობად უპრიანია ზოლური ნიადაგდამუშავების სისტემის გამოყენება. (Strip-til), ამ შემთხვევაში ნიადაგის ტემპერატურა იზრდება 100C-300C-ით ნარჩენებიან ნიადაგთან შედარებით. როცა ნიადაგის ტემპერატურა 15-180C-ის ფარგლებშია, სოიოს ფესვებმა 45 დღეში შეიძლება 15-25 სმ. სიღრმეს მიაღწიოს. 180C-ზე მეტი ტემპერატურის შემთხვევაში — 35-60 სანტიმეტრს. ნიადაგდამუშავების ნულოვანი სისტემის (ნო-ტილ) გამოყენების შემთხვევაში ფესვთა სისტემის ასეთი განვითარება დაგვიანდება, რაც მოსავლიანობას შეამცირებს.
ზოლური ნიადაგდამუშვება ხელს უწყობს ნიადაგში სითბოს შენარჩუნებას, უზრუნველყოფს აერობულ პირობებს და ქმნის თესლის აღმოცენების უკეთეს პირობებს, ვიდრე ნულოვანი ნიადაგდამუშავება. ზოლური ნიადაგდამუშავების დროს ნიადაგში არსებული მკვებავი ნივთიერებები უკეთესად აკმაყოფილებენ მცენარის მოთხოვნილებებს, ამავე დროს რიგთაშორისი ნიადაგის ზედაპირი ხელუხლებელი რჩება.
ზოლური ნიადაგდამუშავების შემთხვევაში ნიადაგი ეროზიისგან უფრო დაცულია, ვიდრე ნიადაგის მთლიანი ფართობის დამუშავების დროს, თუმცა ამ შემთხვევაშიც შესაძლებელია მოხდეს ნიადაგის ნაწილობრივი ეროზია.
ამის გარდა რიგთაშორისებში თხევადი სასუქების გამოყენების შემთხვევაში მათი ეფექტიანობა მეტია, ვინაიდან ის უშუალოდ იმ ზოლში შეაქვთ, სადაც დათესილია, ხოლო ამით მცირდება სასუქების ხარჯი, იზრდება ეფექტიანობა, რადგან ის მცენარის ფესვთან ახლოს ხვდება ნიადაგში. ჩვეულებრივთან შედარებით ზოლური ნიადაგდამუშავება დროსა და ხარჯებს მნიშვნელოვნად ამცირებს. ამ შემთხვევაში ნაკვეთში აგრეგატის შესვლის რაოდენობა ორამდე მცირდება, ერთი შესვლით შესაძლებელია ნიადაგის დამუშავებაც და თესვაც, თუ გამოვიყენებთ ისეთ აგრეგატს, რომელსაც შეუძლია ნიადაგის ზოლური დამუშავებაც და თესვაც, ამ შემთხვევაში ფერმერი ზოგავს დროს და საწვავს, ნიადაგის დატკეპნის ინტენსივობას ამცირებს.
ამ სისტემაში სანავიგაციო GPS ტექნოლოგიების და ზუსტი მიწათმოქმედების ჩართვა მნიშვნელოვნად ზრდის მოსავლიანობასა და შემოსავალს.
ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“ #13