საქართველოში გავრცელებული ნიადაგები და მათი აღწერა
მთა-მდელოს ნიადაგები
ყველაზე გავრცელებული ნიადაგებია საქართველოში. საერთო ფართობი შეადგენს 954.000 ჰა, რაც მთელი ტერიტორიის 14,1% უდრის. გავრცელებულია კავკასიონის და ამიერკავკასიის სამხრეთ მთიანეთის სუბალპურ და ალპურ ზონაში, ზღვის დონიდან 1800 მეტრიდან – 3500 მეტრამდე. ემიჯნება მთა-ტყე-მდელოს ნიადაგებს.
ხასიათდება არადიფერენცირებული პროფილით. პროფილის შენებაა: A-BBC-C. მისი ძირითადი დიაგნოსტიკური მაჩვენებელია კარგად გამოხატული ჰუმუსოვანი ჰორიზონტი, მცირე ან საშუალო სიმძლავრე. ნიადაგი ხასიათდება გაკორდებოთ ზედაპირიდან, მუქი შეფერილობის არამყარწვრილმარცვლოვანი ჰუმუსოვანი ჰორიზონტით, მომკვრივო ილუვიური ჰორიზონტით, ხირხატის საკმაო შემცველობით, სიღრმით ქანის ნამტვრევების გადიდებული შემცველობით. მჟავე ან სუსტად მჟავე რეაქციით, მაღალი (იშვიათად საშუალო) და ღრმა ჰუმუსირებით, ჰიგროსკოპული წყლის მაღალი შემცველობით, მოცულობითი წონით 0,95-1,18 ფარგლებში, თიხნარი ან თიხა მექანიკური შედგენილობით, შთანთქმის დაბალი და საშუალო ტევადობით, არამაძღრობით. ნიადაგები საშუალოდ უზრუნველყოფილია (0-10) და ღარიბია (10-20) ჰიდროლიზებადი აზოტით, მდიდარია შთანქთმული ფოსფორით და საშუალოდ უზრუნველყოფილია (0-10) და ღარიბია (10-20) გაცვლითი კალიუმით.
კორდის დარღვევის (ძირითადში მოუწესრიგებელი ძოვებისას) შემთხვევაში იზრდება ეროზიული პროცესების საშიშროება.
ყომრალი მჟავე ნიადაგები
მათი საერთო ფართობი საქართველოში 10,1 % შეადგენს (6827,4 კვადრატული კილომეტრი). ეს ნიადაგები ფართოდაა გავრცელებული როგორც აღმოსავლეთ და დასავლეთ, ისე სამხრეთ საქართველოში ზღვის დონიდან 800 (900) მ-დან 1800 (2000) მ-მდე. დასავლეთ საქართველოში ეს ნიადაგები ესაზღვრება ყვითელ-ყომრალ და მთა-ტყემდელოს, ხოლო აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოში – ყავისფერ და მთა-ტყე-მდელოს ნიადაგებს. ტყის ყომრალი მჟავე ნიადაგები ხასიათდება არადიფერენცირებული პროფილით, ზოგჯერ პროფილის შუა ნაწილის გათიხების შედეგად ადგილი აქვს ტექსტურულ დიფერენციაციას. პროფილს შემდეგი შენება აქვს: A0 – A — Bm- C. მათი ძირითადი დიაგნოსტიკური მაჩვენებელია მეტამორფული გათიხებული Bm ჰორიზონტის არსებობა.
ყომრალი მჟავე ნიადაგები ხასიათდება: გენეტიკურ ჰორიზონტებზე სუსტი დიფერენციაციით, პროფილის მეტ-ნეკლებად მონოტონური ყომრალი შეფერილობით, კარგად გამოხატული მკვდარი საფარის არსებობით, მჟავე რეაქციით, პროფილის მთელი სისქის გათიხებით, ლექის ფრაციის სუსტი გადაადგილებით პროფილის მიხედვით, ჰუმუსის საშუალო შემცველობით, შთანთქმის საშუალო ტევადობით, არამაძღრობით. საშუალოდ უზრუნველყოფილია ან მდიდარია საერთო და საშუალოდ – ჰიროლიზური აზოტით, საშუალოდ უზრუნველყოფილია ან მდიდარია საერთო და ღარიბია ან საშუალოდ უზრუნველყოფილია შესათვისებელი ფოსფორით, მდიდარია საერთო კალიუმით და საშუალოდ უზრუნველყოფილია გაცვლითი კალიუმით. არსებობს წყლისმიერი ეროზიის საშიშროება.
ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“