ევროპის საინოვაციო პოლიტიკა სოფლის მეურნეობაში
2009 წლის დეკემბერში ევროკავშირის სოფლის მეურნეობისა და მეთევზეობის საბჭომ ევროპის ერთიანი სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკაში (ესპ) შესატანი ცვლილებების (ს/მ კონკურენტუნარიანობის გაზრდა, გარემოს დაცვა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, ესპ საერთო გამარტივება) საკითხი განიხილა. ცვლილებები ასახავს მიმდინარე ლისაბონის პროცესის მოთხოვნებსა და, აგრეთვე, 2020 წლამდე საინოვაციო პოლიტიკაში მოსალოდნელ ტენდენციებს. ევროპაში ექსპერტები, მათ შორის სოფლის მეურნეობისა და აგრარული განვითარების კომისიონერი, აცხადებენ, რომ თუ ევროპის სოფლის მეურნეობა განახლებისა და ინოვაციის გზას არ დაადგება, იგი კონკურენციას ვერ გაუძლებს.
შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ ეს გადაჭარბებული ნათქვამია. მართლაც, ევროპის სოფლის მეურნეობას, იმის გათვალისწინებითაც კი, რომ გაფართოების პროცესში მას შედარებით ნაკლებგანვითარებული ქვეყნების ჯგუფი შეუერთდა, ძალიან მაღალი მაჩვენებლები აქვს: 2010 წელს სოფლის მეურნეობამ, მეტყევეობასთან და მეთევზეობასთან ერთად, დაახლოებით 400 მლრდ ევროს პროდუქცია აწარმოა (აქედან ს/მ – 375 მლრდ. ევრო), განახორციელა 90 მლრდ ევროს ექსპორტი. კვების მრეწველობასთან (950 მლრდ. ევრო) ერთად კი მთლიანად, ევროკავშირის მშპ-ს 12% შექმნა.
ზემოაღნიშნული მიღწევების მიუხედავად, ევროკავშირში თვლიან, რომ ს/ს პოლიტიკა უნდა შეიცვალოს. იგი ინოვაციისა და მდგრადობის მიმართულებით უნდა წავიდეს, რადგანაც ერთი მხრივ, სუბსიდირებით ფერმერებისთვის შექმნილი „სასათბურე” პირობების შენარჩუნება შეუძლებელი ხდება, ხოლო მეორე მხრივ, სოფლის მეურნეობის წინაშე ახალი გამოწვევები გაჩნდა: მდგრადი განვითარება კლიმატის ცვლილების პირობებში; ორგანული ს/მ განვითარება; სურსათზე ფასების ზრდა; ბიოსაწვავის წარმოების აუცილებლობა და სხვ.
ევროკავშირის ერთიანი სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკა (CAP)
ევროკავშირის დონეზე სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკა ცნობილია ერთიანი სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკის (ესპ) სახელით. იგი ჯერ კიდევ 1957 წელს ევროგაერთიანების შესახებ რომის შეთანხმებით განისაზღვრა და მისი მიზანი იყო:
1) სურსათის სტაბილური მოწოდება მისაღებ ფასად;
2) ფერმერებისთვის ღირსეული ცხოვრების სტანდარტის უზრუნველყოფა;
3) ტექნიკური პროგრესის გზით სასოფლო-სამეურნეო წარმოების ნაყოფიერების გაზრდა.
როგორც ვხედავთ, ტექნიკური პროგრესი თავიდანვე იყო ს/ს პოლიტიკის ერთერთი მთავარი მიმართულება. წლების განმავლობაში ესპ-მ მრავალი ცვლილება განიცადა. ამჟამად მასში ასახულია ლისაბონის პროცესის სულისკვეთება – ზრდისა და მეტი სამუშაო ადგილისკენ სწრაფვა, – და ძირითადი მოთხოვნები ინოვაციის, განათლების, საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარებისა და სხვა სფეროების მიმართ. ეს ნიშნავს, რომ ლისაბონის სტრატეგია ისეთივე სამართლიანია სოფლის მეურნეობისთვის, როგორც ინდუსტრიული სექტორისთვის.
ყველა წევრი სახელმწიფო ადვილად თანხმდება, რომ ს/ს პოლიტიკა ერთიანი უნდა იყოს. ესპ განხორციელებაზე ევროკავშირის ბიუჯეტის ნახევარი იხარჯება (დაახლოებით 50 მლრდ. ევრო წლიურად). ამდენად, ეს პოლიტიკა ევროინტეგრაციის ერთერთი უძლიერესი მექანიზმია (საბაჟო სივრცესთან, უვიზო გადაადგილებასთან და საერთო ფულთან ერთად). ესაა სექტორი, სადაც ქვეყნების პოლიტიკა შეთანხმებულია და დიდწილად ევროკომისიის მიერ იმართება. თუ გავიხსენებთ, რომ ს/მ საერთოევროპული წარმოების შედარებით მცირე ნაწილი უკავია, ასეთი ყურადღება ს/მ და, საერთოდ, სოფლის განვითარების მიმართ, მიანიშნებს, რომ მისი მნიშვნელობა ევროპისთვის შორს სცდება პროდუქციის მოცულობით გამოხატულ ფასეულობას.
ტიპური ს/ს წარმოების მოცულობა, თითოეულ მომუშავეზე შემოსავლის დონე და წარმოებაში ჩართულ ადამიანთა რიცხვი მცირეა (საშუალო ევროპული ფერმის წლიური შემოსავალი დაახლოებით 35,000 ევროა), რაც მას კვლევების საკუთარი ძალებით ჩატარების საშუალებას არ აძლევს. კვლევებისთვის ევროგაერთიანება ჩარჩო პროგრამებში ითვალისწინებდა სახსრებს. ეს, წევრი ქვეყნების ს/ს კვლევის პროგრამებთან ერთად (იხ. ქვემოთ), ევროკავშირში კვლევის საჭირო დონეს ქმნიდა. კვლევის შედეგების ფერმერებამდე დაყვანა ევროკომისიის მთავარი საზრუნავი იყო. სათანადო მექანიზმებს (სამსახურებს), რომელსაც მსოფლიოში იქსტენშენს (extension) უწოდებენ, ხოლო ევროკავშირში უფრო ხშირად მრჩეველთა სამსახურებს (advisory services), წევრი სახელმწიფოები და რეგიონული მთავრობები ქმნიდნენ.
ესპ თავდაპირველად კონცენტრირებული იყო ს/ს წარმოების ზრდაზე უხდიდა რა ფერმერებს წარმოების ზრდისთვის, მან შთამბეჭდავ შედეგებს მიაღწია. დროთა განმავლობაში ესპ-მ ახალი ჟღერადობა შეიძინა. სურსათით თვითუზრუნველყოფა უსაფრთხოებისა და მდგრადობის გარანტიაა. სოფლად მოსახლეობის ტრადიციული საქმიანობა ქვეყნისთვის მისი რეკრეაციული და სოციალური მნიშვნელობის შენარჩუნებას ნიშნავს. აგროპროდუქტები ევროპის ქვეყნების იმიჯისა და ეროვნული იდენტურობის მნიშვნელოვანი ელემენტია (ძნელი წარმოსადგენია საფრანგეთი ღვინისა და კონიაკის, ჰოლანდია ყველის, გერმანია და ჩეხეთი ლუდის გარეშე). სოფლის მეურნეობის მიმართ ყურადღებას ამძაფრებს სურსათზე ფასების ზრდის პერსპექტივა. ძლიერი ფაქტორი გახდა ევროკავშირის ვალდებულება შეამციროს ნახშირორჟანგის ემისია და ამ მიზნით გაზარდოს ბიოსაწვავის წარმოება (ეს საკითხი ევროკავშირის ენერგეტიკულ დამოუკიდებლობასთანაცაა გადაჯაჭვული).
ამ მოთხოვნილებების შესაბამისად, 2001 წელს ევროკავშირის საბჭოს გიოტებორგის სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება “… საბჭო შეთანხმდა, რომ ესპ თავის მომავალ განვითარებაში, სხვა მიზნებთან ერთად, წვლილს შეიტანს მდგრადი განვითარების მიღწევაში ჯანსაღ, მაღალი ხარისხის პროდუქტებზე, ეკოლოგიურად მდგრად წარმოების მეთოდებზე (ორგანული წარმოების ჩათვლით), განახლებად ნედლეულსა და ბიომრავალფეროვნების დაცვაზე ზრუნვის გაძლიერების გზით”. ეს ტენდენცია Esp-ში ინოვაციური მიდგომის გაძლიერებას ნიშნავდა. Esp -ს რეფორმირება 2005 წელს, განახლებული ლისაბონის სტრატეგიის მიღების შემდეგ, ლისაბონის სტრატეგიის შესახებ ევროკავშირის საბჭოს 2003 წლის გადაწყვეტილებათა შესაბამისად გაგრძელდა და.
პირველ რიგში, ფერმერებისთვის პირდაპირი ფულადი დახმარება გაიმიჯნა პროდუქციის წარმოებისგან ანუ ფერმერს დახმარება კონკრეტული პროდუქტის წარმოებისთვის აღარ ეძლევა (ეს პროცესი მთლიანად დამთავრებული არაა). დაიწყო დახმარების გაცემა ფერმის გარკვეული სტანდარტებით (გარემოსდაცვითი და სხვა) მოვლისა და შენახვისთვის, რამაც ფერმერების გარემოს დაცვითი აქტიობა გააძლიერა. სათანადოდ, გაძლიერდა ფერმერების მცდელობა ეწარმოებინათ ინოვაციური პროდუქტები, რადგანაც მათი გადაწყვეტილებები ბაზრის მოთხოვნილებაზე გახდა დამოკიდებული და არა ამა თუ იმ პროდუქციის წარმოების ფულად სტიმულირებაზე. ესპ-ში გაძლიერდა, აგრეთვე, ხარისხიანი წარმოებისა და სტანდარტების გაუმჯობესების მხარდაჭერა. 2007 წლიდან პირდაპირი დახმარების შეკვეცის შედეგად გამონთავისუფლებული 1 მლრდ. ევრო წელიწადში გადაირთო სოფლის განვითარების ამოცანებზე (მიწის მართვა, სოფლის ეკონომიკა, კონკურენტუნარიანობა).
ევროკავშირი სოფლის ან სასოფლო სივრცის OECD განმარტებას ეყრდნობა, რომლის თანახმად ესაა ტერიტორია, სადაც 1 კვ. კილომეტრზე 150 ადამიანზე ნაკლები ცხოვრობს (იაპონიაში 500 ნაკლები). სასოფლო სივრცეს ევროკავშირის ტერიტორიის 90% უკავია და იქ მოსახლეობის დაახლოებით 50% ცხოვრობს. რა თქმა უნდა, სოფლის განვითარების ცენტრალური საკითხი კვლავ სასოფლო-სამეურნეო წარმოების განვითარებაა. მაგრამ, სოფელსა და ქალაქს შორის სოციალური განსხვავების შემცირებისთვის (რაც გამოიხატება შემოსავლებში საგრძნობი განსხვავებით, ინფორმაციის ხელმისაწვდომობით და სხვა), არანაკლებ მნიშვნელოვანია სოფლად მომსახურებისა და წარმოების განვითარება. შემუშავდა ე. წ. “ერთი გადახდის სქემა” რომლის თანახმად, ფერმერი თანხას მიწისა და, საზოგადოდ, გარემოს გარკვეული მოთხოვნების შესაბამისად მოვლა-პატრონობის სანაცვლოდ ღებულობს. ამ სტანდარტების დაცვა საკმაოდ რთულია. საკმარისია იმის თქმა, რომ მოთხოვნები ევროკავშირის 19 დირექტივისა და რეგულაციის შესაბამისადაა ჩამოყალიბებული. ის ეხება გარემოს დაცვას; ადამიანების, ცხოველებისა და მცენარეების სიჯანსაღეს; ცხოველებისთვის არსებობის პირობებს; სურსათის უსაფრთხოებას. ძნელი წარმოსადგენია წარმოების სხვა სფერო, რომელშიც მეწარმეს ერთდროულად ამდენ პირობას უყენებენ, როგორც სოფლის მეურნეობაში. გარდა ამისა, სოფლის მეურნეობა გარემოს ძლიერი დაბინძურების წყაროა. სათბურის გაზის ატმოსფეროში გაფრქვევის 30% მეტი მიწის დამუშავების შედეგია. კლიმატის ცვლილების ზეგავლენის შესარბილებელი ზომების დაგეგმვისას ეს მნიშვნელოვანი გარემოებაა. ძირითადი ზომები (სტრატეგიები) ასეთია: ნიადაგის ნახშირბადით გამდიდრება; მრავალწლიანი მცენარეების კულტივაცია; კლიმატის დამზოგი მეცხოველეობა; საარსებო გარემოს გავრცელების დაცვა; დეგრადირებული წყალშემკრებებისა და საძოვრების აღდგენა. ფერმერებისთვის ფინანსური და ტექნოლოგიური/ტექნიკური დახმარების გარეშე ამ მრავალრიცხოვან გამოწვევებთან გამკლავება გაძნელდება.
საკონსულტაციო სამსახურები ფერმერებისთვის
ზემოაღნიშნული პირობების უკეთ შესრულებისთვის Esp-თვის განკუთვნილი სახსრების ნაწილი, 2003 და 2005 წლების გადაწყვეტილებებით, იხარჯება ფერმების სავალდებულო კონსულტირების სისტემის შექმნაზე, რომელიც ფერმერებს აწვდის ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა ტექნოლოგიებით შეუძლიათ მათ შეასრულონ მოთხოვნილი პირობები. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებების თანახმად კონსულტირების სამსახურების შექმნა ეროვნული მთავრობების სავალდებულო ამოცანაა, რომელსაც ევროკომისია მხოლოდ აფინანსებს. ამავე დროს, ეს სამსახურები როგორც ქვეყნისა და რეგიონის, ასევე ევროკავშირის საინოვაციო სისტემების ნაწილია. ფერმერებისთვის საკონსულტაციო სამსახურების განვითარება, თუმცა, ევროკავშირის დონეზე არ არის ცენტრალური საკითხი. ამ სამსახურების განვითარება უპირატესად ეროვნული და ადგილობრივი საინოვაციო პოლიტიკების საზრუნავია.
სოფლის განვითარების პროგრამები
განახლებული ესპ თანახმად, 2007-2013 წლებისთვის გამოყოფილი დაახლოებით 350 მლრდ. ევროდან 96 მლრდ. სოფლის განვითარების პროგრამებზე უნდა დაიხარჯოს, რომლის მიზანია ადამიანებს დაეხმაროს: ბაზარზე ორიენტირებული სოფლის მეურნეობისადმი ადაპტაციაში; კონკურენტულ ბაზრებზე გაყიდვების დილერობის ახალი გზების შემუშავებაში; ეკონომიკური და დასაქმებითი აქტიობის დონის ამაღლებაში; მიკრო-ბიზნესების განვითარებაში; ინოვაციისა და კვლევების შედეგების გამოყენებაში; დინამიური მეწარმეობის გაძლიერებაში; აგრო-სასურსათო ჯაჭვში მიმდინარე პროცესების მართვის გაუმჯობესებაში; საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებაში.
სოფლის განვითარების პროგრამებში ვლინდება ესპ ევროინტეგრაციული როლის კიდევ ერთი მხარე — ევროპის რეგიონებს, სოფელსა და ქალაქს შორის უთანასწორობის აღმოფხვრა. სოფლის განვითარება უფრო ფართო ცნებაა, ვიდრე სოფლის მეურნეობა. იგი, ერთი მხრივ, ამ უკანასკნელის გაფართოებაა, ხოლო მეორე მხრივ, მისი მდგრადი არსებობისა და განვითარების გარანტია. ადგილობრივ და ეროვნულ მთავრობებს აქვთ საშუალება სოფლის განვითარების საკუთარი პროგრამებისთვის ევროკავშირის ინსტრუმენტების ფართო სპექტრი გამოიყენონ.
ზემოჩამოთვლილი მიმართულებები, ფართო გაგებით, ინოვაციური საქმიანობის წახალისებას ემსახურება. მათი მრავალი კომპონენტი ესადაგება ევროკავშირის რეგიონული განვითარების ამოცანებს, რომელსაც ე. წ. სტრუქტურული ფონდები აფინანსებენ. იშვიათი გამონაკლისების გარდა, ფერმერები დახმარებისთვის მიმართავენ არა ევროკომისიას, არამედ სათანადო ეროვნულ სააგენტოებს (მათ სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებული სახელები აქვთ), ან მათ მიერ ავტორიზებულ ორგანიზაციებს. ესენი სახსრებს სამი წყაროდან იღებენ: ეროვნული მთავრობა; ევროპული სასოფლო-სამეურნეო გარანტიების ფონდი — ფერმერებისთვის გადახდის სქემების ფუნქციონირებისთვის; სოფლის განვითარების სასოფლო-სამეურნეო ფონდი — სოფლის განვითარების პროგრამებისთვის.
ევროკავშირის მართვის სქემაში მეთევზეობის გენერალური დირექცია და სოფლის მეურნეობის გენერალური დირექცია გაყოფილია, თუმცა შინაარსობრივად, განსაკუთრებით შიდა წყლებში თევზის მოშენებისა და სოფლის განვითარების საკითხებში, მათი საქმიანობა გადაკვეთილია.
სოფლის განვითარების საკითხები მჭიდროდაა დაკავშირებული, აგრეთვე, ტყესთან და მეტყევეობასთან, რომელთა განვითარება სატყეო სამოქმედო გეგმის მიხედვით წარმოებს. გეგმა მეტყევეობასა და ტყესთან დაკავშირებული წარმოების ინოვაციურ, კვლევაზე დაფუძნებულ განვითარებას გულისხმობს გარემოს, განახლებადი ენერგიის, ახალი პროდუქტების ჭრილში.
ფერმერების უმთავრესი ტრადიციული ამოცანა საკვების წარმოებაა. ამჟამად, მისი დროით გამოცდილი მეთოდები შეზავებულია მეცნიერებისა და ტექნიკის მიღწევებთან, რათა საკვების საკმაო რაოდენობა მისაწვდომ ფასად აწარმოონ. მაგრამ ცხოვრება ევროპელი ფერმერების წინაშე მდგარ ამოცანებს განუწყვეტლივ აფართოებს და ართულებს.
ოლეგ შატბერაშვილი
შუა აზიისა და კავკასიის სასოფლო-სამეურნეო
კვლევითი ინსტიტუტების ასოციაციის გამგეობის წევრი,
ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“