აგრარული განათლებააგროსიახლეებიმებოსტნეობა

ბოსტნის მორწყვა

ბოსტნის მორწყვა არ არის სასურველი დარუებით ან დატბორვით (მიშვებით), ვინაიდან ეს მეთოდი ძალზე აფუჭებს ნიადაგის სტრუქტურას და ამ დროს საკვები ნივთიერებებიც დიდი რაოდენობით იკარგება (გამოირეცხება).

ზოგიერთი საბოსტნე კულტურა უფრო მომთხოვნია წყლისადმი (მაგ. ნიახური, თეთრთავიანი კომბოსტო, მიწამხალა, კიტრი, ყაბაყი, ყველა ჯიშის სალათა, გოგრა), ზოგი კი შედარებით გვალვაგამძლეა (მაგ. ხახვი, ნიორი, სხვა ბოლქვიანი კულტურები, სტაფილო, ჭარხალი, ოხრახუში).

საერთოდ, მორწყვისას უნდა ვიცოდეთ, რომ წყალი ფესვთან რაც შეიძლება ახლოს მივიდეს. თანაც ზოგიერთი კულტურის შემთხვევაში (მაგ. პამიდორი, კიტრი, ბარდა, გოგრა, ნესვი) ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, რომ წყალი მცენარის ფოთოლს არ მოხვდეს და ძირში დაესხას. ზოგიერთ კულტურას კი პირიქით „უყვარს”, როდესაც მორწყვისას წყალი ფოთლებზე ესხმება (თეთრთავა კომბოსტო და ყველა ჯიშის სალათა).
ნებისმიერი მცენარის მორწყვა გვალვის პერიოდში სჯობს ცოტა-ცოტა და ხშირად (რიტმულად ყოველ დილას ან ყოველ საღამოს).

იმის დასადგენად, კვალი საკმარისადაა მორწყული თუ არა, მორწყვის შემდეგ (თუ კვალი საღამოს მორწყეს, მაშინ შემდეგ დილას, ხოლო თუ დილით- ნაშუადღევს) კვლის ნიადაგი თითით მოვსინჯოთ. თუ ნიადაგი 5 სმ-ის სიღრმეზე თანაბრად ტენიანია, მაშინ სწორად მოგვირწყავს, თუ ნაწილობრივ ან მთლიანად მშრალია – წყალი დაგვიკლია. ჭარბი მორწყვისას ნიადაგი იშლამება და მისი სტრუქტურა ირღვევა.

შენიშვნა: მორწყვისას სასურველია, რეზინის სარწყავ მილს წყლის გამანაწილებელი (საშხაპე ბუნიკი) გაუკეთდეს, ხოლო სარწყულით ჩითილის მორწყვისას წყლის გამანაწილებელი ნახვრეტებით ზემოთ უნდა შეაბრუნოთ.

წყარო: ბიომეურნეობის საფუძვლები,

ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“