დარგებიმემარცვლეობა

წიწიბურა, მოვლა-მოყვანის წესები

წიწიბურას სამშობლო შუა და ცენტრალური აზიაა. იგი გამოიყენება კულინარიაში და მედიცინაში. წიწიბურას თესლი შეიცავს ცილებს, სახამებელს, შაქარს, ცხიმს, უჯრედანას, ლიმონისა და ვაშლის მჟავებს, მინერალურ მარილებსა და მიკროელემენტებს:B1,B 2, PP, და ვიტამინებს. თესლში 50 პროცენტამდე სახამებელია, 8 პროცენტამდე ცილა და საკმაო ოდენობის სილიციუმი და ზეთი. აყვავებული მცენარე შეიცავს 1-დან 8 პროცენტამდე ფლავონის გლუკოზიდ რუტინს (ბიოფლავონიოდი).

ნიადაგის შერჩევა

იგი განსაკუთრებულ ნიადაგს არ ითხოვს. უფრო მეტიც ნაყოფიერი ნიადაგი სულაც არ არის მიზანშეწონილი, რადგან მასზე წიწიბურა კარგად იზრდება, მაგრამ მეჩხერ აღმონაცენს იძლევა და იოლად წვება. ყვავილობის პერიოდში განსაკუთრებით ბევრი წყალი სჭირდება. უყვარს სითბო. აქვს მცირე სავეგეტაციო პერიოდი _ 12 კვირა, ამიტომ რენტაბელურია მაღალმთიანი ადგილების გამოყენება, სადაც სხვა კულტურები სავეგეტაციო პერიოდის დასრულებას ვერ ასწრებენ.

ნიადაგის დამუშავება

ნიადაგი შემოდგომაზე მზრალად იხვნება. იფარცხება გაზაფხულზე. ითესება შედარებით გვიან. სასურველია ნიადაგი დათესვამდე 2-3 დღით ადრე დაიფარცხოს.

ნიადაგის განოყიერება

ნაკელი და სხვა სასუქები ძალიან მცირე რაოდენობით უნდა მიეცეს, თუკი ამის უკიდურესი აუცილებლობა. მოსავალზე კარგად მოქმედებს ბორმანგანუმიანი სასუქები. სასუქები შეაქვთ არა წიწიბურას ნათესში, არამედ მის წინამორბედ კულტურაში. საორიენტაციო დოზებია: აზოტი _ 10-15 კგ/ჰა, ფოსფორი 15კგ/ჰა, კალიუმი (ქლორიდების გარეშე) _ 20 კგ/ჰა.

წინამორბედი კულტურა

წინამორბედად კარგია თავთავიანი და სათოხნი კულტურები, ჭვავის, ანდა თავისავე მოსავალი. თვით წიწიბურა მრავალი კულტურისთვის კარგ წინამორბედად ითვლება, რადგან სარეველების დათრგუნვის ძლიერი უნარი აქვს.

თესლია შერჩევა

წიწიბურას თესლი არათანაბარი ზომისაა. თესავენ უფრო მსხვილ თესლებს. ამიტომ თესლი წინასწარ უნდა გადაირჩეს. თესლს ახარისხებენ სპეციალური მანქანებით. სასურველია ბიოსტიმულატორებით წინასწარ დამუშავება.

თესვა

თავთავი ძირითად ნედლეულად გამოიყენება, მაგრამ მედიცინა იყენებს აყვავებულ მცენარესაც. ამიტომ მნიშვნელობა აქვს თესვის დროს. თუ აყვავებული მცენარის მიღება გვსურ,ს მისი დათესვა შეიძლება ხორბლის, ქერის, შვრიის აღების შემდეგ. ასეთ დროს მარცვლის მიღება, ცხადია, ვერ მოესწრება.

სამარცვლე თესვის დროს გასათვალისწინებელია, რომ მცენარე ყინვისადმი მგრძნობიარეა. ითესება 12-15 გრადუსის ცელსიუსის პირობებში, როცა ნიადაგის ტემპერატურა სტაბილური გახდება. ნაადრევი დათესვა სარისკოა. ნაგვიანევი  ნათესი მეჩხერი გამოდის.  მწკრივთაშორისი სათესი მანქანებით ითესება. მწკრივებს შორის მანძილი ნიადაგსა და გარემო პირობებზეა დამოკიდებული და 15-45 სმ. შორის მერყეობს . თესლი ითესება 5-8 სმ. სიღრმეზე. ჰექტარზე საჭიროა 40-60 კგ. თესლი. ფართო მწკრივებად თესვისას კი 80-100 კილოგრამი.

მოვლა

ნათესს მოვლა თითქმის არ სჭირდება, რადგან იგი თავად თრგუნავს სარეველებს. მცენარე ძალიან მგრძნობიარეა სეტყვის მიმართ. ამ დროს ნათესი მთლიანად წვება.

დაავადება და მავნებლები

გვხვდება ყველა დაავადება და მავნებელი, რაც მარცვლოვან კულტურებს ახასიათებს.

მოსავლის აღება

წიწიბურას მოსავლის აღება რთულია, რადგან ნაყოფი თანაბრად არ მწიფდება. მოსავალს იღებენ, როცა მისი ორი მესამედი მომწიფებულია. დაგვიანება დიდ დანაკარგს იწვევს. მოსავალს იღებენ, აწყობენ რიგებად და 3-4 დღის შემდეგ ლეწავენ. აუცილებელია მარცვლის დახარისხება. შრობისას მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მარცვლის ტენიანობა 12 პროცენტზე მეტი არ უნდა იყოს. წიწიბურა ძნელად ითესება და ილეწება. რუსეთის ბევრ რეგიონში პირველ ყინვასაც კი ელოდებიან, რათა მცენარე წაიყინოს, რათა გალეწვა გაიოლდეს.

საჰექტარო მოსავლიანობა სხვადასხვაგვარია. საქართველოში იგი ჰექტარზე 3 ტონას აღწევს. მარცვალს შავი ქერქი აუცილებლად უნდა გასცილდეს, რადგან იგი ცხოველებისა და ადამიანებისთვის საზიანოა.

წიწიბურას ყვავილის აღება

როგორც აღვნიშნეთ, ფარმაციაში იყენებენ წიწიბურას ნედლ ღეროებს. მასობრივად დაყვავილებულ მცენარეს ჭრიან, რაც შეიძლება მაღლა, რათა მხოლოდ „რუტინით“ მდიდარი ყვავილები და ფოთლები მოიკრიფოს.

დარჩენილი ღეროები ცხოველების საკვებად გამოყენება. ჰექტარზე საშუალოდ 4-5 ტონა კალორიული ნამჯის აღება შეიძლება.