ღორების დაგრილების მეთოდები

ღორების  ხელოვნურ დაგრილებას და ხელოვნურ განაყოფიერებას დღეს საქართველოშიც სულ უფრო ხშირად მიმართავენ. საჭიროა ვიცოდეთ, რომ ხელოვნური დაგრილებისას ახალგაზრდა დედაღორების და დიდი წონის კერატებისათვის სპეციალურ სადგომებს იყენებენ. პატარა წონის კერატებით დიდი წონის დედაღორების დასაგრილებლად კი 60-70 სმ-ის სიგრძის და 10 სმ სიმაღლის კვადრატულ სადგამს აკეთებენ, რასაც კერატს უკანა ფეხების დასადგმელად უდებენ.

ხელოვნური დაგრილება საშუალებას იძლევა გავითვალისწინოთ დაგრილების და განაყოფიერების დრო, ინდივიდუალურად შეირჩეს ცხოველი და ეკონომიურად განაწილდეს კერატების ენერგია.
ხელოვნური განაყოფიერება – ეს ღორების მოშენების შედარებით ეფექტიანი და სრულყოფილი მეთოდია, რაც საშუალებას იძლევა მაქსიმალურად გამოვიყენოთ, მხოლოდ საუკეთესო კერატები, რომლებიც ნაყოფის ხარისხის მიხედვით არიან შეფასებული. ხელოვნური განაყოფიერებისას ერთი კერატის სპერმით 5-ჯერ მეტი ნეზვის განაყოფიერება შეიძლება, ვიდრე ბუნებრივი განაყოფიერებისას. ამას გარდა, მეურნეობაში შეიძლება შემცირდეს კერატების რაოდენობა, რასაც ეკონომიურად დიდი მნიშვნელობა აქვს.

განაყოფიერების დროს და სიხშირეს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვთ, რადგანაც განაყოფიერების შესაძლებლობა ნეზვების საკვერცხეში მომწიფებული კვერცხის საკმაოდ ხანმოკლეობით განისაზღვრება. დანარჩენ დროს განაყოფიერება შეუძლებელია. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია განაყოფიერების დროის შერჩევა. მეორე პირობა, განაყოფიერების შედეგიანობის გადამწყვეტი პირობა – გამოსაყენებელი სპერმის ხარისხი და რაოდენობაა. ღორებში გამოიყენება საშვილოსნოს დათესვლის მეთოდი. ახურების პერიოდში, რომელიც ღორებში 2-3 დღე გრძელდება, რეკომენდებულია მათი 2-3 ჯერ დათესვლა: პირველად ატეხვიდან 18-24 საათის, ხოლო მეორე პირველი განაყოფიერებიდან _ 16-18 საათის შემდეგ.

ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.