ცხოველთა რეგისტრაციის ეროვნული სისტემა
თბილისში, სასტუმრო რუმსში ცხოველთა რეგისტრაცია-იდენტიფიკაციის ეროვნული სისტემის დანერგვის საკითხებზე პირველი საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც აგრარული დარგის სპეციალისტები, დონორი ორგანიზაციები და ფერმერთა გაერთიანებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
განახლებული პროგრამის ფარგლებში, გაგრძელდება მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონლის საყურე ნიშნებით იდენტიფიცირება. ამავდროულად, გაუმჯობესდება და დაიხვეწება მონაცემთა ელექტრონული ბაზა, რომელშიც ფერმერები და ვეტერინარი ექიმები ოპერატიულად მოიძიებენ ინფორმაციას ცხოველის შესახებ. სისტემაში ჩართული ფერმერები სარგებლობენ სახელმწიფო ვაქცინაციის უფასო პროგრამებით. დროულად და ეფექტიანად ჩატარებული ვეტერინარული ღონისძიებები და მიკვლევადობის უზრუნველყოფა ფერმერებს საკუთარი პროდუქციის რეალიზებაში ეხმარება.
როგორც შეხვედრაზე ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის NAITS ჯგუფის ხელმძღვანელმა მიხეილ სოხაძემ განაცხად:„რეგისტრაცია-იდენტიფიკაციის სისტემა არის მიკვლევადობის გარანტია, კონტროლი ცხოველის გადაადგილებასა და ჯანმრთელობაზე. სურსათის უვნებლობის მთავარი პრინციპის დაცვა გულისხმობს სახელმწიფო კონტროლს „ფერმიდან – სუფრამდე“, რაც ცხოველთა რეგისტრაცია-იდენტიფიკაციით არის შესაძლებელი“.–
სურსათის ეროვნული სააგენტოცხოველთა იდენტიფიკაციის პროგრამას 2012 წლიდან ახორციელებს. პროგრამის ფარგლებში იდენტიფიცირებულია 2,5 მილიონი პირუტყვი. ცხოველთა რეგისტრაცია 2015 წლიდან მიმდინარეობს და ამჟამად ელექტრონულ რეესტრში უკვე 1,5 მილიონი პირუტყვია რეგისტრირებული.
აღსანიშნავია, რომ საქართველო პირველი ქვეყანაა რეგიონში, რომელმაც ეროვნული იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის სისტემის დანერგვა დაიწყო. პროგრამას ახორციელებს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) სურსათის ეროვნული სააგენტოს (სეს) მონაწილეობით და შვეიცარიისა და ავსტრიის შესაბამისი უწყებების ფინანსური მხარდაჭერით.
გაუფრთხილდი ცხოველთა ჯანმრთელობას, დაიცავი საკუთარი სიცოცხლე
საქართველოში მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონლის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის ახალი ეტაპი იწყება
რა არის ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის ეროვნული სისტემა?
2017 წლიდან საქართველო გადადის ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროგარმის ახლა, გაუმჯობესებულ სისტემაზე. განახლებული პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონლისთვის საყურე ნიშნის დამაგრება. ამავდროულად გაუმჯობესდება და დაიხვეწება მონაცემთა ელექტრონული ბაზა, რომლშიც ფერმერებსა და ვეტერინარ ექიმებს დროის უმოკლეს მონაკვეთში შეეძლებათ ცხოველის შესახებ ინფორმაციის მოძიება. პროგრამის ფარგლებში მფლობელის ასევე გადაეცემა მსხვილფეხა საქონლის პასპორტი.
მეტი სარგებელი ფერმერს
რატომ ვარეგისტრირებთ საქონელს?
იდენტიფიკაციის და რეგისტრაციის პროგრამის ფარგლებში ფერმერებს საშუალება ეძლევათ:
ჩართონ საქონელი უფასო ვაქცინაციის პროგრამებში. პირუტყვს ჩაუტარდება ვაქცინაცია ისეთ დაავადებებზე, როგორიცაა: ჯილეხი, ბრუცელოზი, თურქული და სხვა.
ვაქცინაცია უზრუნველყოფს ჩვენი ცხოველების დაცვას ეპიდემიისგან, პირუტყვი არ დაავადდება და არც გლეხები იზარალებენ.
ფერმერები სახელმწიფოსგან მიიღებენ კვალიფიციურ მომსახურებას ცხოველიდან ადამიანზე გადამდები დაავადებების თავიდან ასაცილებლად.
იდენტიფიცირებული და რეგისტრირებული პირუტყვის მფლობელები 2018 წლის იანვრიდან ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე შეძლებენ პირუტყვის სასაკლაოზე მიყვანას. იდენტიფიცირებული და რეგისტრირებული პირუტყვის მფლობელები ასევე ყოველგვარი სირთულის გარეშე შეძლებენ რძის ჩაბარებას რძის შემკრებ პუნქტებსა და ქარხნებში.
იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროგრამაში ჩართულ ფერმერებს სახელმწიფოსა და დონორებისგან ექნებათ მაქსიმალური მხარდაჭერა.
სახელმწიფო და კერძო ვეტერინარული მომსახურება პირდაპირ აისახება ცხოველის ჯანმრთელობაზე, მის მიერ წარმოებული პროდუქციის ხარისხზე, რაოდენობასა და ღირებულებაზე.
რა არის მონაცემთა ელექტრონული ბაზა?
ელექტრონული ბაზა არის სისტემა, რომელშიც თავმოყრილია ინფორმაცია ცხოველის (მათ შორის ჯანმრთელობის მდგომარეობის) და მისი მფლობელის შესახებ. მონაცემთა ელექტრონული ბაზა, ერთ მხრივ ზოგავს ფერმერის დროს და ხარჯებს, ხოლო მეორე მხრივ ეხმარება მას მაშინ, როცა ფერმერს უწევს ცხოველის საკუთრების მტკიცება. საჭირო ინფორმაციის მიღება მონაცემთა ელექტრონული ბაზიდან შესაძლებელია მარტივად და მოკლე ვადაში. ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში დაცული ინფორმაცია კონფიდენციალურია.
რა არის საყურე ნიშანი და პასპორტი?
იდენტიფიკაციის პროცესში საქონელს ყურზე დაუმაგრდება საყურე ნიშნები, რომლებზეც მითითებულია ცხოველის საიდენტიფიკაციო ნომერი. აღნიშნული ნომერი უნიკალურია და მისი საშუალებით შესაძლებელია ცხოველის შესახებ ინფორმაციის მოძიება მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში.
ფერმერს რეგისტრაციის შემდგომ გადაეცემა მსხვილფეხა საქონლის პასპორტი, რომელშიც შეტანილია ინფორმაცია ცხოველის მფლობელის შესახებ, ასევე საქონლის აღწერილობა (ფერი, ასაკი, სქესი).
პასპორტში შესაძლებელია შეტანილი იქნას ინფორმაცია ცხოველის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ღონისძიებების შესახებ.
საქართველო პირველი ქვეყანაა რეგიონში, რომელმაც ეროვნული იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის სისტემის დანერგვა დაიწყო, ითანამშრომლეთ სახელმწიფოსთან და შეიტანეთ თქვენი წვლილი ქვეყნის განვითარების საქმეში.
დამატებით ინფორმაციისთვის დარეკეთ ცხელ ხაზზე; 2 47 01 01, (1501)
გაითვალისწინეთ: სასაკლაოებზე 2018 წლის პირველი იანვრიდან ნებადართულია მხოლოდ საყურე ნიშნით იდენტიფიცირებული მსხვილფეხა პირუტყვის დაკვლა!