აგრარული განათლებადარგებიმეცხოველეობა

კომბინირებულ საკვებში შემავალი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების მნიშვნელობა

კომბინირებულ საკვებში შემავალი ყველა ინგრედიენტი და საზრდო ნივთიერება პირობითად შეიძლება ორ ჯგუფად გაიყოს. ერთ ჯგუფს განეკუთვნება ყველა ორგანული და მინერალური ნივთიერება, რომელიც უზრუნველყოფს ცხოველის ქსოვილისა და უჯრედის პლასტიკურ (სამშენებლო) და ენერგეტიკულ ფუნქციებს, ხოლო მეორე ჯგუფს განეკუთვნება ის ნივთიერებები, რომლებიც მართალია არ შედის უშუალოდ უჯრედთა სტრუქტურაში და არ გამოიყენება სხეულის ელემენტთა და პროდუქციის შესაქმნელად. მაგრამ მათ გარეშე  ცოცხალი უჯრედი არ არსებობს, რადგან ისინი არეგულირებენ მასში მიმდინარე ბიოქიმიურ პროცესებს. სასიცოცხლო პროცესებში მონაწილე ყველა ეს ფაქტორი ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებად იწოდება და სამ ჯგუფად იყოფა – ბიოკატალიზატორები, ინჰიბიტორები (შემბოჭველი) და ბიოსტიმულატორები. პირველს მიეკუთვნება ფერმენტები, მეორეს – ბოიკატალიზატორთა (ფერმენტთა) აქტიურობის შემაკავებელი ყველა ნივთიერება, მესამეს – ბიოკატალიზატორთა გამააქტიურებელი ნივთიერებები. თავის მხრივ ბიოსტიმულატორები შეიძლება ორ ჯგუფად გაიყოს: პირველს მიეკუთვნება პლასტიკური ნივთიერებები, რომელთაგან წარმოიქმნება (შენდება) ბიოკატალიზატორთა (ფერმენტთა) აქტიური ნივთიერებები. ესენია: ვიტამინები, ცალკეული ამინომჟავები და მიკროელემენტები. მეორე ქვეჯგუფს ისეთი ნივთიერებები მიეკუთვნება, რომლებიც არ მონაწილეობენ ფერმენტთა მოლეკულების შეწებებაში, არ შედიან ბიოკატალიზატორთა სტრუქტურაში, მაგრამ აქტიურობაზე გავლენას ახდენენ ფერმენტის მოლეკულის კონფიგურაციის ცვლილებების გზით ალოსტერული ეფექტით. მათ, უწინარეს ყოვლისა მიეკუთვნება ჰორმონები, ანტიბიოტიკები და ზოგიერთი სხვა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერება. ამიტომ მასტიმულირებელი თვისებების მქონე ბიოლოგიურად აქტიური ყველა ნივთიერება არ შეიძლება გავაიგივოთ ბიოკატალიზატორებთან ანუ ფერმენტებთან.

კომბინირებულ საკვებში ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების ფართოდ გამოყენება, რომლებსაც შეუძლიათ საჭირო მიმართულებით წარმართონ ნივთიერებათა მიმოცვლის სტიმულირება, საშუალებას იძლევა გამომუშავდეს ცხოველთა მაქსიმალური პროდუქტიულობა საკვების მინიმალური დანახარჯით.

ვიტამინები

ვიტამინები წარმოადგენენ დაბალი მოლეკულური მასის მქონე ორგანულ ნეართებს, რომლებიც აუცილებელია ორგანიზმის ცხოველმყოფელობისათვის.  ისინი მონაწილეობენ ნივთიერებათა ცვლაში, თითქმის ყველა ვიტამინი ან მათი უმრავლესობა ცხოველის ორგანიზმში ხვდება საკვებიდან.

ამა თუ იმ ვიტამინის სრული არ არსებობა ორგანიზმში ცნობილია ავიტამინოზის სახელწოდებით, როგორიცაა სკორბუტი, ბერი-ბერი, ქსეროფტალმია, რაქიტი და სხვა. ცხოველებში უფრო ადგილი აქვს ვიტამინების უკმარისობას, ანუ ჰიპოვიტამინოზს, რაც გამოიხატება ზრდის შეჩერებაში, ინფექციური დაავადებების მიმართ რეზისტენტობის დაქვეითებაში, უნაყოფობასა და ა.შ. ცნობილია აგრეთვე ჰიპერვიტამინოზი, როდესაც ორგანიზმი ჭარბი რაოდენობით ღებულობს ვიტამინებს (ვთქვათ A  და  D) და ვითარდება პათოლოგიური პროცესები, იბადება მახინჯი ნაყოფი და ა.შ.

ვიტამინები იყოფიან ცხიმში ხსნადი და წყალში ხსნადი. ცხიმში ხსნადი ვიტამინები გავლენას ახდენენ ქსოვილებისა და უჯრედების ფორმირებაზე, წყალში ხსნადი კი უჯრედების ფერმენტის კომპონენტს წარმოადგენენ.

ცხიმში ხსნადი ვიტამინები

 ცხიმში ხსნად ვიტამინებს მიეკუთვნება A, D, E და K. ეს ვიტამინები ცხოველის ორგანიზმში უნდა მოხვდეს საკვებთან ერთად, გამონაკლისია K და D ვიტამინები, რომლებიც ნაწილობრივ სინთეზირდებიან ორგანიზმში.

ვიტამინი A ( რეტინოლი ) – მას მზა სახით შეიცავს ცხოველური წარმოშობის პროდუქტები, ხოლო მცენარეულ საკვებში წარმოდგენილია პროვიტამინის – კაროტინოიდების სახით. ის კარგად იხსნება ცხიმში, ბენზინში, მეთილის, აცეტონის სპირტში. ადვილად იჟანგება, ტემპერატურის მიმართ არამდგრადია, სამაგიეროდ უჟანგბადო არეში უძლებს 200ºC-მდე ტემპერატურას.

ვიტამინის მნიშვნელობა ძალზე დიდია, ის არის როგორც ზრდის აუცილებელი ნივთიერება, კანის დამცველობითი ფუნქციის მატარებელი, ინფექციის საწინააღმდეგო და გამრავლებისათვის აუცილებელი კომპონენტი, ვიტამინი გავლენას ახდენს ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ხარისხზე – რძის, კვერცხის და უშუალოდაა დაკავშირებული ცხოველის მოთხოვნილებასთან აღნიშნულ ვიტამინზე.

მცენარეულ საკვებში შედის არა უშუალოდ A ვიტამინი, არამედ მისი წინამორბედი – კაროტინოიდები. ცხოველის ორგანიზმში კაროტინოიდების გარდაქმნა A ვიტამინად ხდება ნივთიერებათა მიმოცვლის შედეგად. ეს ხორციელდება ნაწლავის კედელში, ღვიძლსა და სარძევე ჯირკვლებში (ცურში) ფერმენტ ციტოპლაზმის მონაწილეობით.

A ვიტამინის უკმარისობის შედეგია: მხედველობის მოშლა, ზრდის შეჩერება, გამრავლების პროცესების დარღვევა, სიმახინჯე ახალშობილებში, პროდუქტიულობის დაქვეითება, ფაღარათი. ამათგან მხედველობის მოშლა (ქათმის სიბრმავე, ქსეროფტალმია) ვითარდება მხედველობის პიგმენტის, პურპურის რეგენერაციის უნარის დარღვევით. არის ცვლილებები აგრეთვე რქოვანასა და თვალის კონიუქტივაში. შორს წასული პროცესის შემთხვევაში ადგილი აქვს რქოვანას ნეკროზს (კერატომალაცია), რაც დაკავშირებულია საცრემლე ჯირკვლების დამცველობითი ფუნქციის შეწყვეტასთან, რის შედეგადაც ცხოველები ბრმავდებიან, ვიტამინის უკმარისობა იწვევს ემბრიონისა და ნაყოფის განვითარების დარღვევას, არის აბორტები და სიმახინჯეები ახალშობილებში, მოზარდში A ვიტამინის უკმარისობა იწვევს ჩონჩხის ძვლების ფორმირების დარღვევას, ზრდის შეჩერებას, ცილის სინთეზის დათრგუნვას. A ვიტამინის ხანგრძლივი უკმარისობისას ცვლილებებია ლორწოვან გარსზე, რომლებიც სიმშრალის გამო განიცდიან გარქოვანებას. დაზიანებული ლორწოვანი გარსიდან ადვილად შეიჭრება ორგანიზმში პათოგენური ბაქტერიები. მოზარდებში ეს ცვლილებები განსაკუთრებით თვალსაჩინოა სასუნთქი გზებისა და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ლორწოვან გარსზე, რაც მეტად საშიშია, რადგან მასზე მრავლდებიან სხვადასხვა დაავადების აღმძვრელი მიკროორგანიზმები.

A ვიტამინის უკმარისობა პირდაპირ გავლენას ახდენს გამრავლების ფუნქციაზე, სასქესო ჰორმონების სინთეზის მოშლის შედეგად მდედრის ორგანიზმში დარღვეულია სქესობრივი ციკლი, ყვითელი სხეულის გაწოვა შენელებულია, მამრში დაქვეითებულია სპერმის წარმოქმნა და ხარისხიც არადამაკმაყოფილებელია.

A ვიტამინს დიდი რაოდენობით შეიცავს თევზის ღვიძლის ქონი 2 000 000-დან 4 000 000-მდე ინტერნაციონალური ერთეული კილოგრამებში ი.ე/კგ). თევზის ქონი 200 000-დან 500 000-მდე ი.ე/კგ; ძროხის ხსენი – 10 000-დან 25 000-მდე ი.ე/კგ; რძე 1 000დან 2 500-მდე ი.ე/კგ; მწვანე საკვებიდან A-ვიტამინით მდიდარია მწვანე საძოვრის ბალახი 300-დან 400-მდე მგ/კგ; მინდვრის ბალხში არის 170-დან 375-მდე მგ/კგ; მდიდარია სტაფილო 155-522 მგ/კგ.

D ვიტამინი ( კალციფეროლი ) – სუფთა კრისტალური სახით ეს ვიტამინი მიღებულ იქნა 1931 წელს გამოჩენილი გერმანელი ქიმიკოსის ვინდოუსის მიერ. დღეისათვის ცნობილია 10-ზე მეტი წარმოებული, მაგრამ პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს მხოლოდ D2  და D3  ვიტამინებს. ქიმიური სტრუქტურით ვიტამინების ეს ჯგუფი სტერინების წარმოებულია. ორივე ვიტამინი წინამორბედებისაგან წარმოიქმნება. მცენარესა და საფუარში ეს ერგოსტერინია, რომელიც მცენარის კვდომის შედეგად ულტრაიისფერი სხივების მოქმედებით გარდაიქმნება D 2-ერგოკალციფეროლად, ცხოველის ორგანიზმში ამავე სხივების მოქმედების შედეგად წარმოიქმნება D3 ვიტამინი – ქოლეკალციფეროლი.

D2  და D3  ვიტამინი თეთრი ან მოყვითალო კრისტალური წყალში უხსნადი, მაგრამ ცხიმსა და გამხსნელებში ხსნადი ფხვნილია. ჟანგბადის მოქმედებით ის სწრაფად იშლება, მაგრამ უფრო მდგრადია ვიდრე A ვიტამინი. პრემიქსში უნდა შევიდეს ჟელატინით დაფარული პრეპარატი, რომელიც 6 თვე ინახება.

D ვიტამინის როლი განსაზღვრულია კალციუმისა და ფოსფორის ცვლის მოწესრიგებით. მისი ნაკლებობის შემთხვევაში დაქვეითებულია ფოსფორისა და კალციუმის კონცენტრაცია სისხლში, ვინაიდან ნაწლავებში მათი შეწოვა შენელებულია, რის გამოც დარღვეულია ძვლოვანი ქსოვილის მინერალიზაცია. ისინი განიცდიან დარბილებას, ადვილად მრუდდებიან და ხდებიან ფაშარი და მსხვრევადი, მოზარდში იგი ცნობილია რაქიტის სახელწოდებით, ზრდასრულ ცხოველებში – ოსტეოპოროზის, ოსტეომალაციის, რაქიტის დროს ადგილი აქვს კიდურების გამრუდებას, მსხვილდება ნეკნების ბოლოები, სივდება სახსრები, დაქვეითებულია ხრტილოვანი ქსოვილის გაკირიანება. ზრდასრულ ცხოველებში ძვლები მსხვრევადია, ვითარდება კბილების კარიესი.

კალციუმისა და ფოსფორის უკმარისობისას D ვიტამინი წარმოგვიდგება, როგორც მათი გამანაწილებელი, ვინაიდან ახდენს Ca  და  P-ის შეკრებას ხანდაზმული ძვლოვანიქსოვილებიდან და გადააქვს ისინი ზრდის პროცესში მყოფ ზონებში (ეპიფიზებში). ამას ხელს უწყობს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონი. D ვიტამინის ნაკლებობას ცხოველები განსაკუთრებით განიცდიან ზამთარში ბაგური შენახვის პერიოდში და ფრინველები გალიური შენახვისას. D ვიტამინის წყაროდ შეიძლება ჩაითვალოს მზიან ამინდში გამშრალი თივა, ზაფხულის ძროხის რძე, დიდი რაოდენობითაა ულტრაიისფერი სხივებით დასხივებულ საკვებ საფუარში 1 გრამში 10-20 ათასი ი.ე. თევზის ქონში 1 კგში 100 ათასიდან 50 მლ ი.ე.-მდე. ვიტამინი  E  ( ტოკოფეროლი ) – ვიტამინი E-ს 7 აქტიური ფორმაა ცნობილი, რომელთაგან ბუნებაში ყველაზე მეტად აქტიური და გავრცელებული ფორმაა ტოკოფეროლი. ის ღია ყვითელი ფერის ბლანტი ზეთია, რომელიც ადვილად იჟანგება და კარგავს თავის აქტიურობას. წყალში უხსნადია, კარგად იხსნება ცხიმში და გამხსნელებში. პრემიქსში და კომბინირებულ საკვებში შეაქვთ ფხვნილისებრ ფორმაში, რომელიც თავის აქტიურობას 6 თვე ინარჩუნებს.

E ვიტამინი იცავს მამრობითი და მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს გამრავლების ფუნქციის მოშლისაგან, აგრეთვე ცენტრალურ ნერვულ სისტემას და განივზოლიან კუნთებს დაზიანებისაგან. E ვიტამინი შეიწოვება წვრილ ნაწლავებში, ნაწილობრივ კუჭში. E ვიტამინის დაგროვების ადგილია ღვიძლი, ცხიმოვანი ქსოვილი, ნაწილობრივ გული და ელენთა. E ვიტამინი ორგანიზმში მოქმედებს, როგორც ბიოკატალიზატორი და ასრულებს ანტიოქსიდანტის როლს. ის იცავს დაჟანგვისაგან ადვილად ჟანგვად ნაერთებს – უჯერ ცხიმოვან მჟავებს, კაროტინს, A – ვიტამინს საკვებში. იგი იცავს უჯრედის ცხიმოვან მემბრანას, მიტოქონდრიებისა და მიკოსომების მემბრანებს. E ვიტამინი აუცილებელია დნმ-ის სინთეზისათვის, ის დაკავშირებულია ჰორმონების მეტაბოლიზმთან.

E ვიტამინის უკმარისობით გამოწვეული ცვლილებები ორგანიზმში შეიძლება შემდეგნაირად ჩამოყალიბდეს: გამრავლების დარღვევა, გლუვი და ჩონჩხის კუნთის დაზიანება, ცვლილებები ნერვულ და სისხლძარღვოვან სისტემაში, ღვიძლის დაავადებები, ცვლილებები ცხიმის დეპონირებაში. E ვიტამინის უკმარისობა იწვევს მამრობით სქესში სათესლეების დეგენერაციას, უნაყოფობას. მდედრობით სქესში ზიანდება პლაცენტის და ნაყოფის სისხლძარღვები, რის გამოც ნაყოფი კვდება და ხდება მისი შემდგომი გაწოვა, ჩონჩხის კუნთებში მიმდინარეობს დისტროფიული პროცესები, რომლებიც იწვევენ მოძრაობის მოშლას, დამბლას.

კუნთების დისტროფიასთან ერთად E ვიტამინის და სელენის უკმარისობამ შეიძლება გამოიწვიოს დიათეზი წიწილებში. ამ დროს ზიანდება კაპილარების კედლები, წარმოიქმნება კანქვეშა შეშუპებები, ჰემატომები. განკურნება შეიძლება E ვიტამინისა და სელენის მიცემით.

ღვიძლში მიმდინარე ნეკროზული პროცესები გამოხატული კლინიკური ნიშნების გარეშე, ხშირადაა ცხოველის დაღუპვის მიზეზი, რაც გამოწვეულია საკვებში სელენისა და E ვიტამინის უკმარისობით. ეს დაავადება ხშირია გოჭებში, მაგრამ რეგისტრირდება მსხვილფეხა რქოსან პირუტყვში. აღნიშნულ დაავადებას უკეთ კურნავს სელენი, ვიდრე E ვიტამინი.

E  ვიტამინი თითქმის ყველა საკვებში გვხვდება და მისი ავიტამინოზი ცხოველებში იშვიათად გვხვდება, თუმცა ფურები თუ ზამთრის პერიოდში იმყოფებიან ტურნეფსისა და ჩალის ულუფაზე, მაშინ აღნიშნული ვიტამინით გამოწვეული დაავადება შეინიშნება.

K ვიტამინი ( ფილოხინონი ) – სუფთა სახით პირველად მიღებულ იქნა 1939 წელს შვეიცარიელი ქიმიკოსის მიერ იონჯიდან. მას კიდევ უწოდებენ ანტიჰემორაგიულ ვიტამინს, ვინაიდან ის აუცილებელი კომპონენტია ღვიძლში პროთრომბინის სინთეზისათვის. K ვიტამინის უკმარისობისას სისხლში დაქვეითებულია პროთრომბინის რაოდენობა, რის შედეგადაც სისხლის შედედება დარღვეულია და ადგილი აქვს სისხლჩაქცევებს.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტში სხვადასხვა სახის მიკროორგანიზმები და მათ შორის ნაწლავის ჩხირი წარმოქმნიან K ვიტამინს. რომ არა ანტივიტამინების მოქმედება, მიკროორგანიზმების მიერ სინთეზირებული K ვიტამინი სრულიად საკმარისია ცხოველების დასაკმაყოფილებლად, გამონაკლისია მხოლოდ ფრინველი.

K ვიტამინი ასრულებს კატალიზატორის როლს ღვიძლში ზოგიერთი ცილების წარმოქმნაში, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ სისხლის შედედებაში.

პროთრომბინიდან აღნიშნული ცილების მოქმედების შედეგად წარმოიქმნება სისხლის შემადედებელი ფერმენტი თრომბინი, იგი გადაიყვანს ხსნად ფიბრინოგენს უხსნად ფიბრინში, საიდანაც იწყება სისხლის შედედების ფაზა.

K ვიტამინის უკმარისობისას სპეციფიკური ცილების წარმოქმნა დაქვეითებულია, რის გამოც სისხლის შედედების სიჩქარე შენელებულია და მცირე ჭრილობაც კი გარეგანი თუ შინაგანი, იწვევს ძლიერ სისხლდენას, რომელიც შეიძლება სიკვდილის მიზეზი გახდეს.

K ვიტამინით მდიდარია მწვანე საკვები, ბალახის ფქვილი, ცხოველური წარმოშობის ცილოვანი საკვები – თევზის და ღვიძლის ფქვილი. მარცვლეულსა და ძირხვენებში K ვიტამინი მცირე რაოდენობითაა.

 დ. თოდუა, სმმ დოქტორი,

ა. ჭკუასელი, სმმ დოქტორი,

ა. ჩაგელიშვილი, სმმ დოქტორი,

ნ. მაისურაძე, სმმ დოქტორი,

 მ. ცინცაძე, სმმ დოქტორი