აგრარული განათლებააგროტექნოლოგიებიმექანიზაციარუბრიკები

 რა უნდა ვიცოდეთ ბაზო და ბაზო-კვლებზე სასოფლო-სამეურნეო კულტურების საწარმოებლად?

ბაზო და ბაზო-კვლების სისტემით მიწათმოქმედება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და პერსპექტიული ტექნოლოგიაა. დროა, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების ეს წესი ჩვენში ფართოდ დაინერგოს.

ჩვენში ბაზო და ბაზო-კვლების მოწყობას და მათზე კულტურების მოყვანას ადრეც მისდევდნენ, მაგრამ სათანადო ტექნიკური აღჭურვილობის უქონლობა ზღუდავდა ამ ტექნოლოგიის დიდი მასშტაბით გამოყენებას.

საზღვარგარეთის ქვეყნებში შექმნილია მთელი რიგი ბაზო-კვლების წარმომქმნელი მანქანები, რომელთა ფართო მასშტაბით გამოყენება ჩვენ სოფლის მეურნეობაში, ცხადია, ხელს შეუწყობს სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების როგორც მოსავლიანობის გაზრდას, ისე ხარისხის გაუმჯობესებას, რადგან ეს ტექნოლოგია მცენარის ზრდა-განვითარებას მეტად კარგ პირობებს უქმნის.

ბაზო-კვლების სისტემით ბოსტნეულის მოყვანას დიდი ხნიდან აწარმოებდნენ თბილისის საგარეუბნო ზონის მეურნეები.

ასეთი ხერხით ბოსტნეულის წარმოება უმთავრესად დაკავშირებული იყო მორწყვის წესთან, კერძოდ, მოღვარვით (მიგდებით) მორწყვასთან. ამ წესით მორწყვისას, რომელიც უმთავრესად გავრცელებული იყო და დღესაც არის აღმო-სავლეთ საქართველოში, ეწყობა 2,5-4 მ. სიგანის კვალი, რომლის გარშემო ოთხი მხრიდან კეთდება დაახლოებით 40-50 სმ-ს სიგანის და 30-40 სმ სიმაღლის ბაზოები. ბაზოები შეიძლება გაკეთდეს გუთნით ისე, როგორც ეს ხდება ნაზურგი ხვნის დროს, ე. ი. პირველი კვალის გავლის დროს პირველი კორპუსის მიერ მოჭრილი ბელტი ზოლად ეყრება მოუხნავ ნიადაგს. გუთნის შემობრუნების დროს იმავე ზოლს მეორე მხრიდან ეყრება ნიადაგი, რის შედეგადაც მიიღება ნაზურგი კვალი, ანუ ბაზო. მცირე ფართობებზე ბაზოები კეთდება ხელის იარაღებით ნიადაგის ბელტის ორმხრივი მიყრით.

ასეთი ბაზოებით შემოფარგლულ კვლებში რიგრიგობით უშვებენ სარწყავ წყალს. ამ დროს წყლის მიგდების მხრიდან დროებით გაარღვევენ ბაზოს და კვალში მიუშვებენ სარწყავ წყალს. კვლის სრული მორწყვა ხდება მაშინ, როცა წყალი მიუახლოვდება კვლის ბოლოს, რომლის სიგრძე (10-50 მ) დამოკიდებულია ნაკვეთის (ყათარი) რელიეფზე და მიშვებული წყლის ნაკადის სიდიდეზე. გარღვეულ ბაზოს კვლავ აღადგენენ და ა. შ. წყალი თანაბრად ნაწილდება მთელ კვალზე, ხოლო ბაზოებზე მიმდინარეობს მისი გაჟონვით (გათქორვით) მორწყვა. მიგდებით მორწყვას აქვს რიგი უარყოფითი მხა-რეები: მოითხოვს დიდი რაოდენობით სარწყავ წყალს. მორწყვის შემდეგ ნიადაგის გაშრობისას კვლის ზედაპირზე ჩნდება საკმაოდ მკვრივი ქერქი, რაც შემდგომ ხელს უწყობს ნიადაგიდან წყლის ინტენსიურ აორთქლებას, აუარესებს აერაციას და ნიადაგში მიმდინარე აერობული და ანაერობული პროცესების თანაფარდობას და ა.შ.

ბაზოებით შემოფარგლულ ჩაღრმავებულ კვალში მოჰყავთ რომელიმე ძირითადი კულტურა, ბაზოებზე კი ძირხვენები, მწვანილი და სხვა კულტურები. სასოფლო-სამეურნეო კულტურების ასეთი წარმოებისას ,მცენარის მოვლითი სამუშაო-ები სრულდება ხელით და მთლიანად გამორიცხულია მექანიზაციის გამოყენება.

მცენარის ზრდა-განვითარების და მოსავლიანობის გაზრდის საუკეთესო პირობები იქმნება მაშინ, როდესაც ნიადაგში მყარი, თხიერი და აიროვანი ფაზების მოცულობითი თანაფარდობის სითანაბრეა (1:1:1). სტრუქტურულ ნიადაგში ასეთი პირობები იქმნება მხოლოდ მაშინ, როცა იგი კარგადაა გაფხვიერებული. ფხვიერ ნიადაგში გაუმჯობესებულია წყალგამ-ტარობის, წყალტევადობის, ჰაერტევადობის და მათთან დაკავშირებული ბიოქიმიური პროცესები და საკვებ ნივთიერე-ბათა წარმოქმნის შესაძლებლობები, ვინაიდან სტრუქტურულ ნიადაგის კოშტებსშორისებში არსებულ თავისუფალ მოცულობას ჰაერი იკავებს, ხოლო თვით სტრუქტურული კოშტები წყლითაა გაჯერებული. ამასთან, ფხვიერ ნიადაგში კარ-გად ვითარდება მცენარის ფესვთა სისტემა, უმჯობესდება აერაცია, მატულობს მიკროორგანიზმების ცხოველმყოფლობა, რის შედეგად აქტიურად მიმდინარეობს ორგანული ნივთიერებების ლპობა და მცენარისათვის საკვებად გარდაქმნა.

ფხვიერ ნიადაგში მცენარის ფესვებს ნაკლები მექანიკური წინააღმდეგობის გადალახვა უხდებათ, უფრო ლაღად იზრდება, დიდ მანძილზე ვრცელდებიან როგორც განივად, ისე ნიადაგის სიღრმეში, ე. ი. დიდი მოცულობის ნიადაგიდან ითვისებენ საკვებ ნივთიერებებს, რაც უხვი მოსავლის ძირითადი პირობაა. ფხვიერი ნიადაგი განსაკუთრებით საჭიროა ძირხვენა-ბოლქვოვანი მცენარეებისათვის, რადგან ნიადაგში მიმდინარეობს მათი პროდუქტიული ნაწილის ზრდა-განვითარება, რომლის დროსაც ძირნაყოფმა უნდა გადალახოს ნიადაგის სიმკვრივე, რაც გაადვილებულია ფხვიერ ნიადაგში, სადაც იგი თავისუფლად ვითარდება და იძენს მისთვის დამახასიათებელ ფორმას, რითაც იზრდება მისი სასაქონლო ხარისხი და, შესაბამისად, საბაზრო ღირებულება და პირიქით. მკვრივ ნიადაგში ძირხვენა ცუდად ვითარდება, განიცდის დეფორმაციას, იტოტება და მოსავლიანობის შემცირებასთან ერთად ეცემა მისი ხარისხი.

გარდა ზემოთ აღნიშნული ბაზო-კვლების სისტემისა, ჩვენში წინათ და ამჟამადაც ბოსტნეულის მოსაყვანად გამოყენებულია მარტო ბაზოები ანუ ნაზურგი კვლები. ამ შემთხვევაში მცენარეები ირგვება და ითესება ბაზოების ზურგზე ან გვერდებზე. მორწყვისას წყალი მიედინება ნაღარებში. ბაზო ინარჩუნებს ფხვიერ მდგომარეობას და მცენარის ზრდა-განვითარებისათვის იქმნება მეტად კარგი პირობები.

ბოლო პერიოდში საზღვარგარეთის ქვეყნებში და ნაწილობრივ ჩვენშიც (ახალქალაქი) კარტოფილი ძირითადად მოჰყავთ ბაზოზე დარგვით. ამ მეთოდით აწარმოებენ აგრეთვე მარცვლეულს და სხვა მნიშვნელოვან სასოფლო-სამეურნეო კულტურებს.

ბაზო-კვლების სისტემით მიწათმოქმედების ფართო მასშტაბებით წარმოება შესაძლებელი გახადა თანამედროვე ტექნიკურმა საშუალებებმა. ბაზო-კვლების პროფილი, სიმაღლე და სიგანე დამოკიდებულია ნიადაგობრივ პირობებზე და მასზე მოსაყვან კულტურაზე. ამისათვის გვხვდება სხვადასხვა სახის ბაზო და ბაზო-კვალი და მათი წარმომქმნელი ტექნიკური საშუალებები, რომლებიც ძირითადად კომბინირებულია. კერძოდ, მანქანის წინა მხარეს განთავსებულია ნიადაგის პასიური ან აქტიური გამაფხვიერებელი სამუშაო ორგანოები, ხოლო უკან — ბაზოს წარმომქმ-ნელი ორგანოები.

პასიური სამუშაო ორგანოებით აღჭურვილი მანქანები ძირითადად გამოყენებულია მსუბუქ ქვიშნარ ნიადაგებში ბაზო-კვლების წარმოსაქმნელად, ხოლო საშუალო და მძიმე ნიადაგებში ბაზო-კვლების წარმოქმნისათვის ნიადაგს აფხვიერებენ ჰორიზონტალურ ან ვერტიკალურღერძიანი ფრეზებით  ნიადაგის ფრეზით დამუშავება ძალზე ენერგოტევადი პროცესია, რადგან ნიადაგს გაფხვიერებისას გადაეცემა გარკვეული სიდიდის კინეტიკური ენერგია. ამასთან, ნიადაგის გაფხვიერების პროცესი მიმდინარეობს დიდი სიჩქარით, რაც კიდევ უფრო ზრდის ფრეზის მიერ მოთხოვნილ სიმძლავრეს, განსაკუთრებით ვერტიკალურ ღერძიან ფრეზებში, რადგან ერთი და იმავე ნიადაგის მოცულობაში დანა. ორჯერ ახდენს ნიადაგის გაფხვიერებას.

თანამედროვე ტრაქტორების გაზრდილი სიმძლავრე და წევის ძალა (იხ. ცხრილი 1) ფრეზით ნიადაგის გაფხვიერებისა და ბაზო-კვლების ერთდროული წარმოქმნის შესაძლებლობას იძლევა. ასეთ ტრაქტორებზე აგრეგატირდება აქტიურ გამაფხვიერებელთან ერთად ბაზო-კვლის წარმომქმნელი სამუშაო ორგანოებით აღჭურვილი ზემოთ მითითებული და მათი ანალოგი კომბინირებული მანქანები.

დღეისათვის არსებობს ისეთი მანქანები, რომლებიც ბაზო-კვლებზე მცენარის მოვლითი სამუშაოების შესრულების საშუალებას იძლევიან; კერძოდ, მწკრივთა შორის ნიადაგის გაფხვიერება და მცენარის მწკრივზე მიწის მიყრა, ხოლო ბაზო-კვალზე კი – მცენარეთა რიგთაშორის ნიადაგის გაფხვიერება.

ამ ტექნოლოგიის განახლებას და გაფართოებულ გამოყენებას სხვადასხვა კულტურების მოსაყვანად ხელი შეუწყო ჩამოთვლილი და მათი ანალოგი სპეციალური მანქანების შექმნამ, რომლებიც სასოფლო-სამეურნეო კულტურების კომ-პლექსური მექანიზაციით წარმოების შესაძლებლობას იძლევა. საზღვარგარეთის მრავალწლიანი გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ასეთი ტექნოლოგია უფრო მომგებიანია და ერთეულ ფართზე იძლევა უფრო მეტ და მაღალხარისხოვან მოსავალს.

აქედან გამომდინარე, ჩვენი ამოცანაა კონკრეტული ნიადაგობრივი პირობებისათვის და კულტურისათვის, რომლის წარმოებაცაა გათვალისწინებული, შეირჩეს ბაზო-კვლების წარმომქმნელი მანქანები და უფრო მასშტაბური გავხადოთ ამ პროგრესული ტექნოლოგიის გამოყენება სოფლის მეურნეობაში.

ელგუჯა შაფაქიძე,

სს აკადემიის აკადემიკოსი