როგორ გამოვიყენოთ მინერალური სასუქები ხარისხიანი და ეკოლოგიურად უსაფრთხო პროდუქციის მისაღებად
როცა დედამიწის მოსახლეობა ორ მილიარდსაც არ აღემატებოდა, მიწათმოქმედებაში მინდვრისა და ბოსტნეულის მოსავლიანობა ბუნებრივ პირობებში წარმოებდა, პროდუქცია მაღალხარისხიანი იყო, მოსავლიანობა კი — დაბალი. მოსახლეობის მატებასთან ერთად აუცილებელია სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების მოცულობის გაზრდა, რამაც ქიმიური სასუქების შემუშავება და გამოყენება გახადა აუცილებელი.
თავდაპირველად ძირითადი მინერალური სასუქები, როგორიცაა: აზოტოვანი, ფოსფორიანი და კალიუმიანი, ერთობლივად გამოიყენებოდა. შემდეგ მიკროსასუქებიც დაემატა და ორგანულ სასუქებთან ერთად უხვი და ხარისხიანი მოსავალი მიიღებოდა.
სამეცნიერო დაწესებულებების მიერ შემუშავებულ აგროწესებსა და ცნობარებში ზუსტად არის მოცემული სასუქების გამოყენების წესები და მეთოდები, მაგრამ ბოლო პერიოდში თითქმის აღარავინ აღარ იყენებს მათ და მცენარეები ძირითადად მინერალურ კვებაზეა გადაყვანილი, უმეტესად მხოლოდ აზოტზე, რადგან წარმოებაში ძირითად სასუქებს შორის ვიზუალური ეფექტიანობა (მცენარის ფერით, მასით და მოსავლიანობით) უფრო აზოტოვანმა სასუქებმა გამოავლინა. ამ მხრივ კალიუმი წარმოებაში დაიწუნეს ისე, რომ მარტო კალიუმის სასუქი საქართველოში სარეალიზაციოდ დიდი ხანია არც კი შემოუტანიათ მაშინ, როცა იგი ცნობილია, როგორც მცენარის განვითარების პროცესების გამააქტიურებელი და პროდუქციის ხარისხიანობის ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი. თითქმის ანალოგიური მდგომარეობაა ფოსფორის სასუქის მხრივაც, თუმცა ამ ბოლო დროს ზოგიერთმა ფერმერმა დაიწყო მისი გამოყენება.
რაც შეეხება ნათესბალახიანი თესლბრუნვების გამოყენებას, ეს დიდებული საქმიანობა საქართველოში ჯერ კიდევ 1963 წლიდან დაიწყო. მეურნეობები 60-იანი წლებიდან მას სისტემატურად იყენებდნენ. ამავე დროს მინერალურ სასუქებსაც სრული შემადგენლობით დაწესებული ნორმის ფარგლებში იყენებდნენ როგორც თესლბრუნვაში, ისე მის გარეშე, რითაც მიიღწეოდა როგორც ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლება-შენარჩუნება, ისე ხარისხიანი პროდუქციის უხვი მოსავლის მიღება. ბოლო წლებში თანდათანობით შემცირდა ასეთი პრაქტიკა და იგი მინერალური სასუქების მაღალი დოზების გამოყენებით ვიზუალურად დაჩქარებული ეფექტურობის, მცენარის სწრაფი ზრდისა და უხვი მოსავლის მიღების მეთოდებმა ჩაანაცვლა.
მეორე მიზეზი ისაა, რომ ჩვენი ქვეყნის მცირემიწიანობის პირობებში ყოველ 100 ჰა ფართობიდან 25-28 ჰა ფართობზე (ორი ბალახიანი მინდორი) პროდუქცია არ იწარმოება.
მესამეა აგროწესებით გათვალისწინებული დიდი რაოდენობის ორგანული სასუქების გამოყენების აუცილებლობა. მაგალითად: ბოსტნეულ კულტურებში ჰა-ზე 40-60 ტ., რომელიც დეფიციტურია და, ამასთან, მნიშვნელოვანი რაოდენობის ხარჯებს მოითხოვს, როგორიცაა: სასუქების ღირებულება, დატვირთვა-გადაზიდვა, ნიადაგში შეტანა, ნაკელში არსებული სარეველებისაგან თესლებით დასარეველიანებული ფართობის გაწმენდა და სხვა.
ასე ჩამოყალიბდა წარმოებაში მინერალური სასუქების გამოყენებით ნიადაგის დაუბალანსებელი და უარყოფითი განოყიერების სისტემა, რომელიც იწვევს მცენარეში საკვები ნივთიერებების ასიმილაციის პროცესების დაშლას და პროდუქციაში ტოქსიკური ნივთიერებების დაგროვებას, საბოლოო ჯამში — ადამიანისა და ცხოველის მოწამვლას, ნიადაგის ნაყოფიერების დაქვეითებას, დეგრადაციას, გაუდაბნოების დაწყებას და სახნავი მიწის ფართობის შემცირებას.
აღნიშნული განოყიერების სისტემა ისე დამკვიდრდა წარმოებაში, რომ ძალიან ძნელია მისი აღკვეთა, თუ განოყიერების რამდენიმე გაიოლებული და მომგებიანი ხერხი არ გამოვიყენეთ. მეცნიერული კვლევებით იმ დასკვნამდე მივედით, რომ სასიდერაციო ეფექტური პარკოსნების და ორგანული სასუქების ფონზე გამოვიყენოთ კომპლექსური სასუქები. ასე მაგ: საშემოდგომო ხორბლის განოყიერებისას აგროწესებით ჩვეულებრივად გათვალისწინებულია ჰა-ზე: (273 კგ, 33%-ანი ამონიუმის გვარჯილა), (500 კგ 18%-იანი სუპერფოსფატი) და (143კგ 42%-იანი კალიუმის მარილი).
როცა ხორბალთან ერთად ითესება პარკოსანი, მათ მაგივრად უნდა გამოვიყენოთ ისეთი კომპლექსური სასუქი, რომელიც დიდი რაოდენობით შეიცავს იმავე ძირითად სასუქებს. ასეთია მაგალითად ხორბლისათვის ნიტროფოსი. მასში აზოტია 23%, ფოსფორი 46 % და კალიუმიც 46%. იგი წარმოადგენს გრანულს. 1000 გრანულის წონა შეადგენს 20-25 გრამს.
ნიტროფოსის შეტანა თესვის დროს ჰა-ზე 200 კგ-ის რაოდენობით მთლიანად დაფარავს ფოსფორის და კალიუმის ნორმებს. რაც შეეხება აზოტს, მის დანაკლისს მნიშვნელოვნად გადააჭარბებს კიდეც პარკოსანი მცენარის ფესვებზე განვითარებული კოჟრებიდან მიღებული ბიოლოგიური აზოტი.
ასეთნაირად შეიძლება იქნას გამოყენებული მინდვრისა და ბოსტნეულის ყველა კულტურისათვის შესაბამისი კომპლექსური სასუქები, არამარტო პარკოსნების გამოყენებისას, არამედ უამისოდაც, მხოლოდ ყველა შემთხვევაში საჭიროა საკვები ელემენტების ბალანსირება.
კომპლექსური სასუქების გამოყენებას დიდი მნიშვნელობა აქვს ეკონომიკური თვალსაზრისით. 200 კგ კომპლექსური სასუქი 300 ლარი ღირს. ამასთან, გასათვალისწინებელია ის, რომ თითქმის სამჯერ მცირდება ხარჯები შენახვაზე, ტრანსპორტირებაზე და ნიადაგში შეტანაზე.
აღსანიშნავია ისიც, რომ კომპლექსური სასუქები შედარებით ნაკლებად ქროლდება და ირეცხება ნიადაგის ქვედა ფენებში, ნაკლებად შეიცავს უსარგებლო მინარევებს და მცენარის ფესვთა სისტემა უფრო ადვილად ითვისებს მათში არსებულ ყველა საკვებ ელემენტს, რაც მცენარის ზრდა-განვითარებაზე დადებითად მოქმედებს.
ნატო კაკაბაძე, სმმ დოქტორი,
ალექსანდრე სარალიძე, სმმ დოქტორი
ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“