დაბალანსებული საკვები ფერმერული მეურნეობის რენტაბელობის განმსაზღვრელია

საკვებწარმოება საქართველოს სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი ტრადიციული და მნიშვნელოვანი დარგია. განსაკუთრებით მაღალია მისი მნიშვნელობა სასურსათო, ეკონომიკური, ეკოლოგიური და სოციალური პრობლემების წარმატებით გადასაწყვეტად. იგი წარმოადგენს მეცხოველეობის ძირითადი პროდუქტების წარმოების გაზრდის და ხარისხის გაუმჯობესების უმნიშვნელოვანეს სფეროს. საკმარისია აღინიშნოს, რომ მეცხოველეობის პროდუქტების თვითღირებულების 65-75% საკვების ღირებულებაზე მოდის.

ცხოველთა პროდუქტიულობის ძირითად მაჩვენებლებს საკვები, მისი ხარისხი, რაციონის ენერგეტიკა, მინერალური ნივთიერებების და ვიტამინების რაოდენობა განსაზღვრავს. როგორც წესი, საკვების ხარისხი რაც უფრო დაბალია, მით ნაკლებპროდუქტიულობას უნდა ველოდოთ ცხოველისაგან. უხარისხო საკვები განსაზღვრავს მის დაბალმონელებადობას, აღინიშნება ენერგიის ნაკლები რაოდენობა, საკვები ერთეულისა და კვებითი ღირებულების 1,5-ჯერ ნაკლები რაოდენობა ხარისხიან საკვებთან შედარებით. საკვების დამზადების მოცულობა თითოეულ ფერმერულ მეურნეობაში საკვებწარმოების უზრუნველყოფის ზონალური თავისებურებების შესაბამისად ცხოველთა რაოდენობისა და მათი მოსალოდნელი პროდუქტიულობის მიხედვით განისაზღვრება.

საკვების დამზადების ტექნოლოგიის მახასიათებლებიდან გამომდინარე, თუ მწვანე მასის ყუათიანობას 100%-ად მივიჩნევთ, საკვების დამზადებისას ყველაზე ნაკლები (10%) დანაკარგი ბალახის ფქვილის დამზადების შემთხვევაში აღინიშნება. სენაჟის დროს დანაკარგები 15%-ს შეადგენს, მოთიბული ბალახის, მინდვრის პირობებში შრობისას თივის ყუათიანობის დანაკარგი 50%-ია, სილოსის დამზადებისას — 40%. საკვებთან მიმართებაში ცხოველთა პროდუქტიულობა ასეთია: მწვანე საკვებით კვებისას — 100%, სენაჟით კვებისას — 78%, სილოსის დროს — 67%, თივით — 54%. საკვების გავლენა ცხოველთა პროდუქტიულობაზე საკვების ხარისხით განისაზღვრება. უმაღლესი ხარისხის სილოსით კვებისას წველადობა დღე-ღამეში 15-16 კგ შეადგენს, საშუალო ხარისხის სილოსით კვებისას — 9-10კგ., ხოლო დაბალი ხარისხის სილოსის დროს — 5-8კგ. საშუალოდ დღე-ღამური წონამატი შესაბამისად 906, 840, 750 გრამს შეადგენს. დაბალი ხარისხის სილოსით კვებისას მიიღება 80-85 ტონა რძე, თივით კვებისას — 170-180ტ.; სენაჟით კვებისას — 100-110ტ. პირველი კლასის თივის გამოყენებისას შესაძლებელია წლის განმავლობაში მივიღოთ 3500 კგ. რძე, მეორე ხარისხის დროს — 2500 კგ., ხოლო მესამე კლასის დროს — 1600 კგ. სხვადასხვა ხარისხის სილოსის გამოყენებისას მონაცემები შესაბამისად 3000; 2000 და 1200კგ. შეადგენს. მოცულობითი საკვების მაღალი ხარისხის მაჩვენებლების შემთხვევაში კონცენტრირებული საკვების დამატება საჭიროა წველადობის 7-8 კგ-დან. იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ პოტენციურად 15კგ. ნაწველი, საუკეთესო ხარისხის მოცულობითი საკვებით (თივა) კვებისას საჭიროა 2კგ. კონცენტრირებული საკვების დამატება, ხოლო კარგი ხარისხის თივით კვებისას იგი 3კგ. შეადგენს. საშუალო ხარისხის დროს — 4კგ.

რეგიონული პირობების თავისებურებიდან გამომდინარე, რძის წარმოების სეზონურობის შესაბამისად (ზაფხულის პერიოდში წლიური რძის წარმოების 55-60%) დიდი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს მეურნეობაში მწვანე კონვეიერის ორგანიზებას, ცხოველთა სულადობის მწვანე საკვებით რეგულარულ (როგორც რაოდენობრივი, ასევე ხარისხობრივი მაჩვენებლებით) უზრუნველყოფას. პრაქტიკულად მწვანე კონვეიერში ჩართული უნდა იყოს 5-6 კულტურა — მინდვრის კულტურები, ნათესი მრავალწლოვანი ბალახები და ბუნებრივი საკვები სავარგულები. ჩვეულებრივ, ცხოველთა მოთხოვნილების დაკმაყოფილება მწვანე საკვებით უკეთეს შემთხვევებშიც კი 55-60%-ს არ აჭარბებს. ადრეულ პერიოდში, ტრადიციულად ადრე გაზაფხულზე, მეცხოველეობაში გამოიყენებოდა საშემოდგომო კულტურების (შვრია, ჭვავი, ხორბალი და სხვა) ნათესები მწვანე საკვებად. მართალია, მათი გამოყენების ხანგრძლივობა მოკლე პერიოდით შემოიფარგლებოდა და მიღებული საკვების კვებითი ღირებულება დაბალი იყო (1 საკვებ ერთეულზე მოდის 80-85 გრ. მონელებადი პროტეინი), თუმცა საკვები კულტურების აღნიშნული სქემა საშუალებას იძლევა ბაგური კვების შემდგომი პერიოდი ნაკლებად შესამჩნევი იყოს წველადობის კლების თვალსაზრისით. საყურადღებო პერსპექტივად უნდა ჩაითვალოს კულტურათა ნარევად თესვა. იგი საშუალებას იძლევა მწვანე მასის მოსავლიანობა გაიზარდოს 15%-ით და 7-8 დღით ადრე მიღებული იქნეს მწვანე მასა. კულტურათა ნარევად თესვის დროს იზრდება არამარტო მიღებული საკვების ასორტიმენტი და რაოდენობა, არამედ მნიშვნელოვნად უმჯობესდება ყუათიანობა და მონელებადობა. აღნიშნულის საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს საშემოდგომო კულტურებში პარკოსანთა (სოია, ვიგნა, დოლიხოსი) შეთესვა. იგი საშუალებას იძლევა მნიშვნელოვნად გაიზარდოს მიღებული მწვანე საკვების ხარისხი და ცხოველთა პროტეინის საჭირო რაოდენობით უზრუნველყოფა.

ნათესი მრავალწლოვანი საკვები ბალახები და ბუნებრივი საკვები სავარგულები მწვანე კონვეიერის სისტემაში საკვების მიღების მნიშვნელოვან რგოლს წარმოადგენს. ფერმერული მეურნეობის შესაძლებლობის გათვალისწინებით ნათესი საკვები ბალახებით დაკავებული ფართობი 45-50%-მდე შეიძლება ავიყვანოთ (პარკოსნებიდან იონჯა — 75-80% და ესპარცეტი — 20-25%, მარცვლოვნებიდან — სათითურა, მრავალსათიბი კოინდარი, მდელოს ტიმოთელა, მდელოს წივანა, მდელოს მელაკუდა და სხვა, შერჩევა მოხდება რეგიონული პირობების გათვალისწინებით). ბუნებრივი სათიბებისა და საძოვრების რაციონალურად გამოყენების მიზნით მათი მოვლა, სასუქებით გამოკვება, ბალახების შეთესვა (სადაც ეს საჭიროა), საკუთარი თესლის წარმოების უზრუნველყოფა, საძოვართბრუნვისა და სათიბბრუნვების დანერგვა აუცილებელია. ცდებითა და მრავალწლიანი პრაქტიკით დამტკიცდა, რომ ბუნებრივი საკვები სავარგულები იაფი საკვების მიღების საშუალებას და მეცხოველეობის პროდუქტიულობის რენტაბელობის მატების შესაძლებლობას წარმოადგენს. საქართველოში ბუნებრივი სათიბებისა და საძოვრების ბალახნარის მდიდარი ფლორისტული შემადგენლობა საშუალებას იძლევა სულ მცირე გაორმაგდეს მოსავლიანობა, ამაღლდეს დამზადებული თივისა და საძოვრული საკვების ხარისხი.

ცხოველთა მწვანე საკვებით უზრუნველყოფის მიზნით წარმოებული ყველა სახის ტექნოლოგიური სამუშაოები წინასწარ საჭირო გაანგარიშებას ეფუძნება, საკვები ბალანსის ხარჯვით ნაწილში ჯოგის მოთხოვნილებიდან გამომდინარე, ხოლო შემოსავლით ნაწილში — საკვების მიღების საშუალებებს. საძოვრულ საკვებზე მოთხოვნილება განისაზღვრება სხვადასხვა სახეობისა და ხნოვანების ცხოველის შესაბამისად. თუ ფერმერულ მეურნეობაში არ არის საკუთარი საჭირო მონაცემები, შესაძლებელია იგი ავიღოთ ნორმატიული მონაცემებიდან. პირველ რიგში უნდა გავითვალისწინოთ მონაწველის გეგმიური მონაცემები, ცხოველთა დღე-ღამური წონამატი და ცოცხალი წონა. საძოვრული საკვების გაანგარიშება თვეების მიხედვით წარმოებს, ცხოველთა შემადგენლობის ცვლილების შესაბამისად. პროდუქტიულობის დონის მიხედვით მიღებულია გაანგარიშებული იქნეს საკვები ერთეულის დანახარჯები შემდეგი მონაცემების შესაბამისად: მსხვილი რქოსანი პირუტყვისათვის 1კგ. წონამატისათვის 5-8, 1კგ. რძეზე — 0,7-1,2; ღორისათვის 1კგ. წონამატზე — სახორცე ჯიშისათვის — 5,5-6, ცხიმის მისაღებად-7-8; ცხვრებში 1კგ. წონამატზე — 4-5, 1კგ. მატყლზე — 7-8. გაანგარიშების გამარტივების მიზნით ყველა სახეობის ცხოველი გადაგვყავს პირობით ერთეულში, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისათვის და შემდეგ საკვების რაოდენობას ერთ სულზე, კვების ნორმების მიხედვით ვანგარიშობთ.

ზაფხულის პერიოდში მწვანე საკვების მიღება ბუნებრივი საკვები სავარგულებიდან იანგარიშება, რისთვისაც საჭიროა ვიცოდეთ ერთეული ფართობიდან მიღებული საკვების რაოდენობა. აქვე უნდა გავითვალისწინოთ საკვების ის რაოდენობა, რომელიც საკვების ან მინდვრის თესლბრუნვებიდან მიიღება. საძოვრის მოსავლიანობის განსაზღვრისათვის ვიყენებთ ბალახნარის მოთიბვის მეთოდს. იმ შემთხვევაში, თუ მეურნეობას არ გააჩნია მოსავლის საკუთარი აღრიცხვის მონაცემები, შესაძლებელია ვისარგებლოთ მონაცემებით, რომელიც სათიბის აღრიცხვის მონაცემების შესაბამისი გადაყვანის კოეფიციენტის გამოყენებით მიიღება. საძოვრის მოსავლიანობა წინასწარ გამოყოფილ ფართობზე ბალახნარის 3-4 სმ. სიმაღლეზე მოთიბვით და აწონვით განისაზღვრება. საძოვრის და ტვირთის გაანგარიშებისათვის საჭიროა ვისარგებლოთ შემდეგი მონაცემებით: მწვანე მასის (საშუალოდ ერთ სულზე) შემდეგი ნორმები — ძროხებისათვის (წველადობის მიხედვით) — 40-75კგ., მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის 1 წელზე მეტი ხნის უშობელი — 30-40კგ., უშობელი 1 წლამდე — 15-25კგ., ცხვარი — 6-8 კგ. (ველის და ნახევრად უდაბნოს ზონაში საკვების სიმშრალის გათვალისწინებით 3-6კგ.), ბატკანი — 2-3 კგ., დედა ღორი (მაკე) — 10-15კგ., ცხენი -30-40კგ.

საძოვრის პერიოდის ხანგრძლივობა

საძოვრების დატვირთვის ნორმების გაანგარიშებისას მიღებული საძოვრის ფართობი უნდა გაიზარდოს 10-20%-ით იმისათვის, რომ გავითვალისწინოთ მოსალოდნელი არახელსაყრელი კლიმატური პირობები — სადაზღვევო ფონდის სახით.

ცდებით დადგენილია, რომ ბალახნარის მოთიბვა თივის დამზადების მიზნით მიზანშეწონილია დილის საათებში (9 საათამდე). ამ დროს მოთიბული ბალახის შრობა 2,5-3-ჯერ უფრო მაღალია და კაროტინის შემცველობა 1,5-2-ჯერ მეტია, ვიდრე დღის ცხელ პერიოდში მოთიბვის დროს.

ფერმერული მეცხოველეობის განვითარების რენტაბელობის დონე პირველ რიგში დამოკიდებულია საკვებწარმოების დონეზე — არა მოცულობითი მაჩვენებლებით, არამედ იმით, თუ საკვების ასორტიმენტი და ხარისხი ფიზიოლოგიურ ნორმებს რამდენად შეესაბამება.

 

იოსებ სარჯველაძე, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა

დოქტორი, პროფესორი.