როგორ ვებრძოლოთ სეტყვას/გამოხმაურება?
საქართველოში და ევრაზიის იმ ქვეყნებში, სადაც მევენახეობა ფართოდაა გავრცელებული, ტრადიციულად ხშირია სეტყვა. იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ვენახი ამ სტიქიას თვითონ იზიდავს.
სეტყვა, წიგნთა-წიგნ „ბიბლიაში“ უფლის მიერ, ეგვიპტის ურჩი ფარაონის დასჯის ერთერთ საშუალებადაა მოხსენიებული: „ძალზე მაგარი იყო სეტყვა, მისი მსგავსი არ მოსულა ეგვიპტის ქვეყანაში, რაც იქ ხალხი სახლობს“. გამოსვლა 9. 24. იცოდა რა ამის შესახებ, ჩვენი წინაპარი ცდილობდა უფლის ეს რისხვა არ გამოეწვია, ამიტომ ადრე გაზაფხულის ერთი დღე ამოირჩია (აღარ მახსოვს ეს დღე) და დააწესა „კოხინჯრობის“ დღესასწაული. ამ დღეს იკითხებოდა შესაბამისი ლოცვები, იკვლებოდა შესაწირავი საკლავი და ამბობდნენ სათხოვარ-სავედრებელ სადღეგრძელოებს იმის შესახებ, რომ უფალს სოფლის ბაღ-ვენახებისათვის კოხი (სეტყვა), აერიდებინა. ჩემი ბავშვობის მეხსიერებას 3-4 ასეთი დღესასწაული შემორჩა. შემდეგ კი ნელ-ნელა დავივიწყეთ ტრადიციული მეთოდი და სეტყვასთან ბრძოლა ტექნიკური საშუალებებით დავიწყეთ, რომელიც დღემდე წარუმატებლად გრძელდება და სულ უფრო მეტ და მეტ მილიონებს ვატანთ ქარს, რომლის დახარჯვა, ალბათ, ზარალის ანაზღაურებისათვის უფრო მეტ სარგებელს მოუტანდა მევენახესაც და ხელისუფლებასაც. დიდი ვაჟა წერდა: „მონა, ვარ მონა, ბუნების თავი არა მაქვს ბრძოლისა“-ო. კარგი იქნება, თუ დიდი მგოსნის ამ შეგონებას გავითავისებთ და ტექნიკური ბრძოლის საშუალებებთან ერთად ძველ ტრადიციულ მეთოდსაც აღვადგენთ.
ჟურნალ „ახალი აგრარული საქართველოს“ 5(73) ნომერში გამოქვეყნდა წერილი: „როგორ ვებრძოლოთ სეტყვას“, სადაც განხილულია ის საშუალებები, რომლითაც დღეს მსოფლიო ებრძვის სეტყვას. ყველა ეს საშუალება რომ ძვირი და არაეფექტურია, ნათლად აჩვენა განვლილმა წლებმა. როცა ბადე-დანადგარებით, თვითმფრინავებით და ქიმიური ყუმბარებით ვებრძვით სეტყვას, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საბოლოო მიზანი ხილის მოყვანაა და ეს ხილი, ოქროს ფასად არ უნდა დავისვათ. ბადე-დანადგარით დახურულ ვენახში ტექნიკამ უნდა იმუშაოს, ამიტომ გადახურვის სიმაღლე 2,5-3 მეტრი უნდა იყოს. თუ გავითვალისწინებთ, რომ სეტყვას ქარი ახლავს და სეტყვა გამრუდებული ტრაექტორიით ცვივა, ასეთი გადახურვა ეფექტური ვერ იქნება, ამიტომ ვენახი მთლიანად უნდა გადაიხუროს, რომელი გადახურვაც, გარდა სიძვირისა, სხვა პრობლემასაც ქმნის: კერძოდ, დაგროვილი სეტყვისაგან ბადის განთავისუფლება. რაც შეეხება იმას, რომ საქართველოში სეტყვის წინააღმდეგ მსოფლიო გამოცდილებას არ იყენებენ (ბადე-დანადგარების სახით), ამის მიზეზი ჯერ ერთი, მისი არაეფექტურობაა და მეორე, სიძვირე, რომლის შეძენა 40-თეთრიანი ყურძნით შეუძლებელია.
ისე, როგორც ბევრი სხვა ენთუზიასტი, დიდი ხანია ვფიქრობ ამ პრობლემის გადაწყვეტაზე. მუშაობის დროს ჩემი მიზანი სეტყვის წინააღმდეგ ბრძოლის ისეთი ეფექტური და იაფი საშუალების შექმნა იყო, რომლის შეძენა-დამონტაჟებას ქართველი გლეხი რომ შეძლებდა. ამასთანავე, ეს კონსტრუქცია ვენახში ტექნიკის მუშაობას რომ არ შეაფერხებდა. ამოვედი იქიდან, რომ სეტყვასთან ბრძოლის მიზანი მოსავლისა და რამდენიმე სამამულე რქის გადარჩენაა, ამიტომ ჩემი პროექტით, 20-25 სმ. სიგანის ბადით, მხოლოდ ვაზის მტევნები იხურება მტევნებიდან 35-45 სმ-ის სიმაღლეზე. ასეთი გადახურვა მწკრივებს შორის მანძილს 40-50 სმ-ით ამცირებს და ტექნიკას მუშაობაში ხელს არ შეუშლის. ამ პროექტით ასევე შეიძლება ტექნიკის მუშაობის დროს ასაკეცი ბადე დამონტაჟდეს. ამ გადახურვით რქების ზრდა არ იზღუდება. მართალია, სეტყვა რქის თავებს დააზიანებს, მაგრამ რქაზე ნამხრევის კვირტის, ან მერე წელს გასაშლელი კვირტის გაღვივება პრობლემას არ წარმოადგენს და დაზიანებული რქა საკმაო ფოთოლს დაისხავს იმისათვის, რომ ყურძნის დამწიფებას პრობლემა არ შეექმნას. ასეთი გადახურვა 5-6-ჯერ იაფია დღეს არსებულ ანალოგებთან შედარებით.
როგორც აღვნიშნე, საქართველოში ამ პრობლემაზე ბევრი ენთუზიასტი მუშაობს. კარგი იქნება, თუ შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურები, თუნდაც სოფლის მეურნეობის სამინისტროს „კვლევის სამეცნიერო ცენტრი“, დაინტერესდება ამ პრობლემით და შეკრებს ამ ენთუზიასტ მეცნიერებს. ერთმანეთის პროექტების გაცნობით და მათი დახვეწის შედეგად დარწმუნებული ვარ, ისეთი პროექტი დაიდება, რომელიც ბევრად უკეთესი, იაფი და მისაღები იქნება როგორც ქართველი, ისე საზღვარგარეთელი მევენახისათვის.
ჟორა გაბრიჭიძე,
ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“