დარგებიმევენახეობა-მეღვინეობა

გაცოცხლებული ტრადიცია და ერთადერთი მექვევრე სამეგრელოში

  ლავრენტი თოლორაია 17 წლის იყო, როცა მეზობლად მცხოვრებ ოსტატთან ერთად ქვევრი დაამზადა. ცოტა ხანში თავადაც დაოსტატდა და სამეგრელოში უკვე მივიწყებული უძველესი პროფესია მექვევრეობა გააცოცხლა.

დოდი – ამ სახელით იცნობს ოსტატს სოფელი ოდიში, სადაც საკუთარი სახლის ეზოში არც ისე მდიდრული სახელოსნო აქვს მოწყობილი.
თიხისთვის საჭირო მიწა სოფელ ჭითაწყარიდან მოაქვს. მიწას, ოსტატის სიტყვებით, „დიხაჭუბერს“ ცოტაოდენ წყალს და ქვიშას დაამატებს და საკუთარი ხელით დამზადებულ მოწყობილობაში ზილავს.
დოდი ქვევრის ან სხვა დიდი ზომის ჭურჭლის ჯერ ქვედა ნაწილს გამოძერწავს და რამდენიმე დღე მშრალ ადგილას ტოვებს, რომ გამოშრეს. ამის შემდეგ ნელ-ნელა თიხას ამატებს და მორგვზე ხელით ატრიალებს.
ბოლოს ჭურჭელი ღუმელში მიაქვს, რომელიც ასევე თავად ააშენა, სადაც შეშაზე გაჩაღებული ცეცხლის ტემპერატურაზე გამოწვავს.
ვიდრე მივიწყებულ ტრადიციას – ქვევრის გამოძერწვას განაახლებდა, ოსტატი ჭაში ჩასადგამ თიხის ჭურჭელს „გვიმს“ ამზადებდა და ყიდდა. როგორც დოდი ამბობს, ქვევრზე მოთხოვნა მას შემდეგ გაიზარდა, რაც სამეგრელოში მეგრული ვაზის ჯიშების აღორძინება დაიწყო.
„200-ლიტრიან ქვევრებს ვაკეთებ და ბოლო დროს დიდი მოთხოვნაა. ახლა ტონიანი ქვევრის შეკვეთაც მივიღე. აქ ჩემს მეტი არავინაა ამის გამკეთებელი. მარტვილში იყვნენ ადრე ოსტატები, მაგრამ ახლა ისინიც აღარ არიან. ზოგჯერ შვილი მეხმარება, იმანაც ისწავლა ქვევრის კეთება, ვნახოთ, შეიძლება გააგრძელოს, თორემ ისე აღარავის უნდა ტალახით დასვრა“, – ამბობს ლავრენტი (დოდი) თოლორაია.
62 წლის მეთუნეს ნამუშევრების გამოფენა ჯერ არ ჰქონია. საკუთარ თავზე საუბრი არ უყვარს, მუშაობს ჩუმად. სიმყუდროვეს ხშირად შვილიშვილები ურღვევენ. ბაბუას საქმე მოსწონთ, მაგრამ ნამუშევრებს გასაყიდად ვერ ელევიან.
მეღვინეობისა და მევენახეობის მკვლევარმა გიორგი ბარისაშვილმა ოსტატი დოდი სრულიად შემთხვევით, სამეგრელოში სტუმრობისას აღმოაჩინა და გაიცნო.
მკვლევარი ამბობს, რომ საქართველოში არსებული მექვევრეობის კერებს შორის სამეგრელო ერთ-ერთი საუკეთესო იყო, თუმცა დღესდღეობით აქ ქვევრის დამზადების ტრადიცია მივიწყებულია.
„მარტვილში ცხოვრობდა ცნობილი მექვევრე ილიკო ჯანაშია, რომელიც შარშან გარდაიცვალა. მის მერე ბოლო მექვევრე სამეგრელოში დოდი თოლორაიაა. ამ ადამიანის მხარდაჭერაა საჭირო, რომ ავაღორძინოთ ეს ტრადიცია.
მივედი და ვნახე, რომ მიტოვებული ჰქონდა ქვევრების დამზადება. რამდენიმე შევუკვეთე და გავიგე, რომ დაუწყია ფიქრი ტონიანი ქვევრის დამზადებაზეც“, – გვითხრა გირგი ბარისაშვილმა.
მკვლევარი ამბობს, რომ აპირებს უახლოეს დღეებში ბიზნესმენებს შეხვდეს და დოდის შესახებ მოუყვეს.
„იქნებ მოვახერხოთ და მისთვის პატარა სახელოსნოს მოსაწყობად თანხა მოვიძიოთ“, – უთხრა „ლაივპრესს“ გიორგი ბარისაშვილმა.
ვიდრე მკვლევარი და ბიზნესმენები დოდისთვის სახელოსნოს მოწყობის საკითხს გადაწყვეტდნენ, ოსტატს ახლა ათამდე ქვევრი და ამდენივე „გვიმი“ გამოსაწვავად უწყვია. შეკვეთის დასრულების შემდეგ, ისევ ახალს დაელოდება.
ნანა ხუბუტია,
წყარო: http://www.livepress.ge,  ვიდეო: https://www.youtube.com/watch?v=5VnBoDmf1PM