ავენისურის პატრონი ტყეში ეძებდა ჩანდლერსა

  ჩვენს წერილში მოკლედ შევეხებით იმ საკითხს, რასაც წამოადგენს ბოლო ათწლეულის განმავლობაში კაკლის უცხოური ჯიშის ნარგაობების გაშენება. ე.წ. „ჯუჯა კაკალი“, რომლის ქებათა ქება საქართველოს მასმედიის ყოველი საშუალებიდან მოისმის „ჩანდლერის“ სახელითაა ცნობილი.
  მოკლედ გადავავლოთ თვალი საქართველოს კაკლის ჯიშების ისტორიას. ჩვენში კაკლის კულტურა (Juglans regia) უძველესი დროიდანვე ხარობს, რამაც განაპირობა ის გარემოება, რომ მისი ნაყოფი ქართულ კულინარიაში ფართოდ გამოიყენება, ხოლო რიგ შემთხვევებში კი ამ უკანასკნელს კულინარიაში ძალზე დიდი მნიშვნელობაც კი ჰქონდა. საუკუნეების განმავლობაში ისე, როგორც ვაზისა და ხეხილის ჯიშების შემთხვევაში, ჩვენმა წინაპრებმა, კაკლის მრავალი ჯიში გამოიყვანეს.

ქართული კაკლის ჯიშები უპირატესად ვერტიკალურ ზონალობას იყო მისადაგებული. ამიტომ ჩვენში კაკალი თითქმის ყველგან გვხვდება – დაბლობებიდან მთამდე. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი ქვეყნისთვის კაკლის კულტურას მეტად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, ჯიშების გამოყვანა კომუნისტების მმართველობის პერიოდშიც გაგრძელდა და უნდა ითქვას, ამ დროს რამდენიმე კაკლის ჯიში იქნა გამოყვანილი.

ქართულ კერძებში ნიგვზის მრავალმხრივმა გამოყენებამ საქართველოს კულინარიას იმთავითვე განსხვავებული, გამორჩეული სახე ჩამოუყალიბა და იმ დროიდან მოყოლებული სადღესასწაულო თუ ყოველდღიურ კერძებში კაკლის ნაყოფი დღემდე ფართოდ გამოიყენება.

რაც შეეხება კაკლის ნერგების გამოყვანას – მენერგეობას, ეს საკმაო გამოცდილებას მოითხოვს და ამის გამო ხარისხიანი კაკლის ნერგის შოვნა ყოველ დროში გარკვეულ პრობლემას წარმოადგენდა. მით უმეტეს, რომ კაკალი მსხმოიარობაში 8-10 წლისა და ზოგჯერ 15 წლის შემდეგაც კი შედის. ყოველივე აქედან გამომდინარე, ამ საქმეს ქართველები ყოველთვის დიდი სიფრთხილით ეკიდებოდნენ. სამწუხაროა, რომ ბოლო პერიოდში კაკლის ჯიშების გამრავლება სხვადასხვა რეგიონებში ყოველგვარი კონტროლის გარეშე ხდებოდა, ხოლო ჯიშების სახელები მლიანად დავიწყებული იქნა. ხალხის მეხსიერებას შემორჩა ისეთი პირობითი სახელები, როგორიცაა „რაჭული კაკალი“ და სხვა. ისიც უნდა ითქვას, რომ დედაქალაქის ბაზარზე შუა აზიიდან თუ აზერბაიჯანიდან შემოტანილი მდარე და ზოგჯერ უვარგისი ნიგოზი უპირატესად რაჭული კაკლის სახელით საღდება, თუმცა საზოგადოების უმრავლესობისათვის ამას უკვე არანაირი მნიშვნელობა აღარა აქვს…

არ უნდა დავივიწყოთ, რომ ძველ დროში ჩვენს ქვეყანაში შემოსული მტერი ვაზთან ერთად კაკალსაც ჩეხავდა, რადგან ამაში იგი ქართული სოფლისა და აქედან ქვეყნის სიძლიერეს ხედავდა. კაკლის ჯიშებს შორის ზოგიერთი თავისი განსაკუთრებული თვისებებით, მართლაც რომ გამორჩეულია. ერთ-ერთი ამგვარი ჯიშია, მაგალითად, „ავენისური“.

სოფელი ავენისი დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელი ანანურის გადასწვრივ მდებარეობს. ავენისის გარკვეული ნაწილი ჟინვალის წყალსაცავის მშენებლობის შედეგად წყლის ქვეშ აღმოჩნდა. ამის გამო კაკლის ნარგაობის უმრავლესობა დაიღუპა. ამჟამად სოფელი ავენისი დაცლილია. შემორჩენილია რამდენიმე სახლი, რითაც მწყემსები სარგებლობენ სეზონურად. ამავე სახლებთან შემორჩენილია ავენისური კაკლის მცირე ნარგაობა. ჯიში საკმაოდ მაღალმოსავლიანია. ის გამოყვანილია ხალხური სელექციით და ადვილად ეგუება სიცივესა თუ ზღვის დონიდან სიმაღლეს. უფრო მართებული იქნება თუ ვიტყვით, რომ ავენისური სწორედ ასეთი პირობებისთვისაა შექმნილი.

ზოგადად კაკლკის მოსავლის ერთ-ერთი მტერი გაზაფხულის სიცივეები, წაყინვებია. კლიმატს კაკლის ხის ყვავილობის პერიოში  მისი მოსავლისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, ამიტომ, ამ ჯიშის გავრცელება მისი გეოგრაფიული არეალის გარეთ საფრთხილოა და საქმის ძირეულ შესწავლას მოითხოვს. აქვე აღვნიშნავთ, რომ უნიკალურობით არა მხოლოდ ეს უკანასკნელი ჯიში, არამედ, ქართული ვაზის ჯიშებისა არ იყოს, თითქმის ყველა ძველი ქართული კაკლის ჯიშია გამორჩეული, რადგან ეს ჯიშები ჩვენი წინაპრების მიერ კონკრეტულ ადგილებსაა მისადაგებული და ჩვენამდე მათივე სისხლის ფასადაა მოტანილი.

დარგში შექმნილ ვითარებას ართულებს ისიც, რომ, როგორც მევენახეობის საქმის ჭეშმარიტი სპეციალისტები, ისე კაკლოვნებისაც თვალსა და ხელს შუა ქრებიან. ერთია თეორიული ცოდნა და ამას დამატებული ძახილი იმისა, რომ „კომუნისტების დროს ყველაფერი გვქონდა, ხოლო ახლა ყველაფერი დანგრეულიაო“, მაგრამ საქმისა და სამშობლოს სიყვარული გაცილებით მეტს მოითხოვს ვიდრე ამ სიტყვების მოთქმა-ძახილი.

ჩვენ ვახსენეთ, რომ იყო შემთხვევები, როდესაც შემოსული მტერი ვაზთან ერთად კაკლის ხეებსაც ჩეხავდა. ამ ყოველივეს გარდა ზემოთ ხსენებული გარემოებისა კიდევ ერთი მზაკვრული მიზეზიც ჰქონდა. მტერი – შაჰ აბასი, მაჰმად ხანი, თემურ ლენგი და სხვები მიიჩნევდნენ, რომ ეს დარგები იყო წამგებიანი და ვენახისა თუ კაკლის ნარგაობის ნაცვლად მათივე ცხვრის აურაცხელი ფარების საძოვარი გაცილებით „რენტაბელური“ იქნებოდა… ვაზისა და კაკლის ხეების გაჩეხვის ორივე მიზეზი ჩვენთვის მხოლოდ „ვაი და ვუი“ იყო. თუმცა, ბოლო პერიოდის, ფესვებს მოწყვეტილმა ქართველობამ ლანგ თემურებისა და აბასებისა თუ მახმად ხანების იდეები უცებ აიტაცეს. არც მტერს დაელოდნენ ჩვენი საუნჯის გასაჩეხად და ძველი ქართული კაკლის ჯიშების „არარენტაბელობის“ ალტერნატივა უცებ გამოძებნეს.

საქმე ეხება ე.წ. ჯუჯა კაკლების გაშენებას, რაც სულ უფრო და უფრო შემოდის მოდაში. ცხადია, გაჩნდება კითხვა: სად აბასი და სად ჩანდლერიო… ბატონებო, აშენება და გაშენება კარგია, მაგრამ რას აშენებ ამას არა აქვს მნიშვნელობა? მშენებლობით კაცმა შეიძლება ტაძარიც ააგოს და კაზინოც ააშენოს თავისი საროსკიპოთი; საფერავის, ოჯალეშისა და ჩხავერის ქვეყანაში ეს უკანასკნელი ჯიშებიც შეიძლება გაშენდეს და ადესაც; და ბოლოს, ავენისურის ქვეყანაში ჯუჯა ჩანდლერის გაშენებაც შეიძლება იმ მოტივით, რომ ეს უკანასკლნელი მალე ისხავს და აბა იმისთვის სადა გვცალია, რომ ძირძველ, უნიკალურ კაკლის ჯიშებს, რომლებიც ჩვენმა წინაპრებმა თავიანთი სისხლის ფასად მოიტანეს ჩვენამდე, 10 და, მითუმეტეს, 15 წელი ველოდოთო? ამ პრინციპებით ხომ ტერმინი „საშვილიშვილო“ თავის ფუნქციას კარგავს? ბარემ იმაზეც დავფიქრდეთ, საფერავზე რენტაბელური „ადესა“ და ვაქირულა ხომ არაა? არც წამლობა უნდა, არც შრომა, მიხვალ წელიწადში ერთხელ, დაკრეფ და ესაა და ეს…

იგივე შეიძლება ითქვას ე.წ. უეკლო მაყვალზეც, რისი ნარგაობებიც არანაკლები ენთუზიაზმით შენდება. ეს უკანასკნელი ერთი შეხედვით მეტად მომხიბვლელად გამოიყურება, მსხვილი ნაყოფი აქვს, მალე იძლევა მოსავალს, რომელიც დიდხანსაც ინახება და ტრანსპორტაბელურიცაა, თანაც ეკლებიც არა აქვს და მიდი და კრიფე რამდენიც გინდა. მერე რა რომ გემოვნური თვისებები არ უვარგა, განა ამას აქვს რაიმე მნიშვნელობა?

დავფიქრდეთ ერთ საგანზეც, დღეს ყოველი „გრანტის“ გამცემი ორგანიზაცია სიხარულით აფინანსებს ჯუჯა ჩანდლერის გაშენებას, მაგრამ კაი დედმამის შვილი ხარ და ახსენე მათთან რომელიმე ძველი ქართული კაკლის ჯიში…
გამორიცხული არ არის, რომ ეს გარემოება მავანის ინტერესებშიც კი შედიოდეს, მაგრამ განა შეიძლება წინაპრების ღვაწლის ფინანსური კალკულაცია და ამ უკანასკნელის რენტაბელობაზე საუბარი? ცხადია, გამოჩნდებიან „ჩანდლერისტებიც“, რომლებიც ამ ჯაგლაგს ფრთაშესხმულ რაშად დაგვიხატავენ. ალბათ იმაზეც ბევრს ისაუბრებენ, რომ ესაა ქართული სოფლის განვითრების ჭეშმარიტი გზა; რომ ჩვენს დაქცეულ სოფლის მეურნეობას ამით თუ ეშველება რაიმე; რომ ამით მეურნეს იოლი, სწრაფი და ამასთან „ბღუჯა“ შემოსავალი გაუჩნდება და სხვა და სხვა.

ეს მოკლე წერილი კი შესაძლოა ყოველივე სიახლისა და განვითარების წინააღმდეგადაც შეირაცხოს. ფაქტია, დღეს კაცი ქართული კაკლის ნერგს ვეღარსად იშოვის. სამაგიეროდ, ოღონდ კი ვინმემ ქართულ გენზე და ჯიშზე უარი თქვას და ჯუჯა ჩანდლერს ლამის უფასოდ გაუშენებენ.

ძალზე სამწუხაროა, რომ ამ ჯუჯა კაკლების პროპაგანდას ზოგიერთი სასულიერო პირიც ეწევა…

ღრმადა გვწამს, რომ ჩვენში ის ფენომენი გაიმარჯვებს, რომელიც საუკნეებმა გამოსცადა და ჩვენამდე ასე მოვიდა. ამჟამად კი მართლაც, რომ ამ მდგომარეობაში ვართ – „ავენისურის პატრონი ტყეში ეძებდა ჩანდლერსაო“.

გიორგი ბარისაშვილი

მცხეთ, 2017.