დარგებიმებოსტნეობა

ქართული ხახვის, ნივრის და კარტოფილის ახალი ჯიშები

 სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში (საქპატენტი) ბოსტნეულის ახალი ჯიშები დაარეგისტრირა.

თავიანი ხახვის ჯიში ,,საშემოდგომო’’, ნივრის ჯიში ,,ხანდო’’ და კარტოფილის ჯიში ,,დიკო’’ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ბოსტნეულ-ბაღჩეული კულტურების კვლევის სამსახურის თანამშრომლებმა გამოიყვანეს.

რეგისტრირებულმა ახალმა ჯიშებმა წინასწარი საწარმოო გამოცდა 2014-2016 წლებში სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის საცდელ ბაზებზე გაიარა.

თავიანი ხახვის ჯიში ,,საშემოდგომო’’ – მოსავლიანობა 39,6 ტ/ჰა; ნახევრად ცხარე, მომრგვალო-მობრტყო ფორმის 180 გრამიან ბოლქვს ივითარებს. მისი გამოყენება შეიძლება ადრე გაზაფხულზე მწვანილის და ბოლქვად საადრეო მოსავლის სახით. გასავრცელებლად რეკომენდირებულია აღმოსავლეთ საქართველოს ყველა რეგიონში, ზღვის დონიდან 460 მ სიმაღლეზე.

ნივრის ჯიში ,,ხანდო’’ – მოსავლიანობა 12-14 ტ/ჰა; ივითარებს მსხვილ, მკვრივ, 6-7 კბილიან, მომრგვალო-მობრტყო ფორმის 67,7 გრამიან ბოლქვს. აღნიშნული ჯიში საშუალო-საგვიანოა და გამორჩევის მეთოდით არის მიღებული. გასავრცელებლად რეკომენდირებულია აღმოსავლეთ საქართველოს ყველა რეგიონში ზღვის დონიდან 2000 მ სიმაღლეზე და დასავლეთ საქართველოში (აჭარა, ონი, ამბროლაური).

კარტოფილის ჯიში ,,დიკო’’ – მოსავლიანობა 20-22 ტ/ჰა, ერთ ძირზე ივითარებს საშუალოდ 9-10 ცალ, 150-220 გრამიან ოვალურ-წაგრძელებულ, თხელ მოყვითელო კანიან, კარგი გემური თვისებების და მყარი კონსისტენციის ტუბერებს. აღნიშნული ჯიში საშუალო-საგვიანოა და კარტოფილის საერთაშორისო ცენტრიდან მიღებული ინვიტრო სელექციური მასალიდან არის გამორჩეული. გასავრცელებლად რეკომენდირებულია სამცხე-ჯავახეთის რეგიონებისათვის, კერძოდ მესხეთისა და ქვემო ქართლის ზონებისათვის 

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი