დარგებისტატიები

ადამიანებო, იყავით ფხიზლად!

 დადგენილია, რომ დედამიწამ 400 ათასი წლის განმავლობაში მრავალჯერ განიცადა დათბობა-გაციების პროცესი.
უკვე 100 ათასი წელია დედამიწაზე მიმდინარეობს უეცარი დათბობის ინტერგლაციალური პერიოდი.

გასული წლების კლიმატური ანომალიებიც ხომ ამის გამოხმაურებაა.

გაზაფხულზე გადაუღებელი წვიმები და წყალდიდობები დაფიქსირდა შუა ევროპაში (გერმანია, ბელგია.) დაინგრა სოფლები, დაიღუპა ორასზე მეტი ადამიანი. ზაფხულში ხანძარი თურქეთში (ანტალია, ბოდრომი) დაიწვა და განადგურდა რამდენიმე სოფელი, იყო მსხვერპლი. ხანძარი ესპანეთში, საბერძნეთში, კალიფორნიაში, არის დიდი მატერიალური ზარალი და ადამიანთა მსხვერპლი. ბრაზილიაში ივნისის ბოლოს თოვლი მოვიდა, ასევე მეცნიერები ვარაუდობენ, რომ გაუდაბნოების შედეგად 50 წლის შემდეგ ყავის კულტურა განადგურდება. სამხრეთ აფრიკის 15 ქვეყანა შიმშილობს, წლობით განვითარებული გვალვები ანადგურებს მოსავალს. ჩინეთში ივლის აგვისტოში ძლიერმა ნალექებმა გამოიწვია წყალდიდობა, მეწყერული მოვლენები, დაინგრა ქალაქები, სოფლები, არის ადამიანთა მსხვერპლი. მიწისძვრა კუნძულ ჰაიტზე, დაინგრა ქალაქი, სოფლები, დაიღუპა სამასი ადამიანი.

თუნდაც გავიხსენოთ გასულ წლებში ამაზონისა და ავსტრალიის უდიდესი გამანადგურებელი ხანძრები, რის შედეგადაც ნახშირორჟანგით დაბინძურდა ატმოსფერო, განადგურდა უნიკალური ფლორა და ფაუნა, აღარაფერს ვამბობთ იმ გახშირებულ ტორნადოებზე, ცუნამებზე და სხვა ტიპის დამანგრეველ ქარიშხლებზე, რასაც ადგილი აქვს დედამიწის სხვადასხვა კონტინენტზე. ყოველივე ამას დაემატა ბოლო სამ წელიწადში გავრცელებული ახალი კორონა ვირუსის პანდემია, რომელმაც უკვე დააიმფიცირა 240 მილიონი და შეიწირა 5 მილიონამდე ადამიანი. ამ მხრივ საქართველოც ხომ წითელ ზონაში მოიხსენიებოდა.

გლობალური კლიმატური ცვლილებები საქართველოზეც აისახება, გაიზარდა მოღრუბლულ დღეთა რაოდენობა, შემცირდა აქტიურ ტემპერატურათა ჯამი, აღმოსავლეთ საქართველოში გახშირდა სეტყვა და ქარიშხალი, რამაც სერიოზული ზიანი მიაყენა ვაზის ნარგავებს, სხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურებს და შენობა-ნაგებობებს. დასავლეთ საქართველოში გაზაფხულზე აღინიშნებოდა ინვერსიული წაყინვები, რამაც გაანადგურა თესლოვანი და კურკოვანი მცენარეების ყვავილები და ნასკვები. აგვისტო-სექტემბერში კი დაფიქსირდა უხვნალექიანობა, დაიტბორა აჭარა, გურია და სამეგრელო. მეწყერულმა მოვლენებმა დაანგრია საცხოვრებელი სახლები, გაანადგურა ნათესები, ფრინველი და საყოფაცხოვრებო ნივთები

გაეროს გარემოს დაცვის კომისიამ მიიღო დადგენილება, რომ უახლოესი ოცი წლის მანძილზე დედამიწაზე მნიშვნელოვნად უნდა შემცირდეს ქვანახშირისა და ნავთობის მოპოვება. ასევე აღინიშნა ის ფაქტიც, რომ ატმოსფეროში ჰაერის ტემპერატურის მატება მოსალოდნელზე მეტია. პროგნოზით საუკუნის ბოლოსათვის შესაძლებელია ჰაერის ტემპერატურამ 4-5 გრადუსით მოიმატოს, რის გამოც ყინულების დნობის შედეგად წყლის დონე ოკეანეებსა და ზღვებში ერთი მეტრით მოიმატებს, რაც დატბორავს ზღვის სანაპირო ქვეყნებს, კუნძულებს და დიდ ქალაქებს. გლობალური დათბობა საქართველოშიც გამოიწვევს მყინვარების დნობას. უკვე დადგენილია, რომ მყინვარწვერის გერგეთის ენამ უკანასკნელ პერიოდში 150 მეტრით უკან დაიხია. ბოლო 80-100 წლის მანძილზე ბათუმთან ახლო მდებარე სოფელი ,,ადლია“ ზღვამ ორასი მეტრით გადაყლაპა. შავი ზღვა შეუტევს და სავარაუდოდ დაიტბორება ფოთი, ჭალადიდი, ქობულეთი, ბათუმი, ანაკლია, პალიასტომის ტბა კი შავი ზღვის ნაწილი გახდება. კლიმატური ცვლილებების შედეგად მოსახლეობა თანდათან ბარიდან მთებისკენ გადაადგილდება.

გლობალური კლიმატური ცვლილებების პერიოდში აუცილებელია: კლიმატური ცვლილებების შერბილება და მასთან ადაპტაცია. უპირველეს ღონისძიებას წარმოადგენს თერმოაქტიური აირების (განსაკუთრებით ნახშირორჟანგის) ემისიის შემცირება, ეროზიისა და წყალდიდობების საწინააღმდეგო ჯებირების მშენებლობა, ქარსაცავი ზოლების გაშენება, საირიგაციო სისტემების მშენებლობა, ბუნებრივი რესურსების ყაირათიანი ხარჯვა, უნარჩენო ტექნოლოგიების დანერგვა, ეროზია დამცავი სასოფლო-სამეურნეო კულტურების გაშენება სხვა.

საქართველო ორ ზღვას შორის და ორ მთას შორის არის მოქცეული, სწორედ ამ მთებმა და ზღვებმა დაიფარეს ჩვენი ქვეყანა ათიათასი წლის წინათ გლობალური გამყინვარებისაგან, ამის გამო ჩვენში შემორჩა ისეთი რელიქტური კულტურები, როგორიცაა ლეღვი და უნაბი. დედამიწაზე გლობალურმა ცივილიზაციამ სიკეთეებთან ერთად კაცობრიობას ბევრი უარყოფითი შედეგებიც მოუტანა. ყველა კონტინენტზე ადამიანები ამას აცნობიერებენ, თუმცა ბუნებრივ რესურსებს მაინც მკაცრ ექსპლუატაციას უწევენ.

ადამიანებო იყავით ფხიზლად!

ყველამ უნდა გავითავისოთ მოსალოდნელი უარყოფითი მოვლენების საშიშროება, რაზედაც მიმდინარე წლის სექტემბერში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე კიდევ ერთხელ გამახვილდა ყურადღება. ჩვენი ცხოვრება უნდა წარვმართოთ ეკოსისტემის საკეთილდღეოდ, რათა კაცობრიობამ უმტკივნეულოდ და მცირე დანაკარგებით გადაიტანოს მორიგი ეკოლოგიური ცვლილებები.

/ზაურ გაბრიჩიძე/

სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა

დოქტორი, პროფესორი