აგროსკოლაში სწავლა დასრულდა
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ შემუშავებული სასწავლო პროგრამის „აგროსკოლის" ფარგლებში 2023-2024 წლების სასწავლო კურსი დასრულდა.
შემაჯამებელ შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ეკონომიკური განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი გიორგი ნანობაშვილი და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) ინკლუზიური ეკონომიკური განვითარების პროგრამის ოფიცერი ლელა მამრიკიშვილი მოსწავლეებს შეხვდნენ და კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცეს.
ორი თვის განმავლობაში, მოსწავლეებს ლექციებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები და მოწვეული სპეციალისტები უტარებდნენ. სასწავლო პროგრამის ფარგლებში, ახალგაზრდებმა შეისწავლეს სოფლის მეურნეობის განვითარება, ფერმერთა შესაძლებლობები, სოფლის მეურნეობის მიმართულებით არსებული პროგრამები, ფერმერული მეურნეობის მართვა და მენეჯმენტი, ღვინის ისტორია და ღვინის დეგუსტაცია, ქართული ვაზის ჯიშები და ველური ვაზის მოძიებისა და დაცვის ისტორია საქართველოში, მეხილეობა, მებოსტნეობა, მებაღეობა, ქართული ტრადიციული მეფუტკრეობა, აკვაკულტურა და მეთევზეობა, ვეტერინარია და ცხოველთა განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადებები, მეცხოველეობა და მეფრინველეობა, ნიადაგმცოდნეობა, გაუდაბნოება და გადაძოვება, სურსათის უვნებლობა, ნარჩენების გადამუშავება, კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობა, განათლების როლი აგრარულ სექტორში და აგროტურიზმი.
ონლაინ სემინარების შემდეგ, გასვლითი ტურის ფარგლებში ახალგაზრდები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს უწყებებს ესტუმრნენ. მოსწავლეები სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნენ სასათბურე მეურნეობაში „მაგემე’’ და ხილის გადამამუშავებელ საწარმოში „კავკასუს ორგანიკ ფრუტსი’’.
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა „აგროსკოლა" აგრარული პროფესიების პოპულარიზაციის მიზნით განახორციელა, სადაც IX-XII კლასის მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ სოფლის მეურნეობის დარგებისა და აგრარული მიმართულებით არსებული პროექტების შესახებ.
„აგროსკოლაში“ მონაწილეობის მიღება მოსწავლეებს მთელი ქვეყნის მასშტაბით შეეძლოთ. მონაწილეთა შერჩევა კონკურსის საფუძველზე მოხდა.
აგრარული საკითხებით დაინტერესებული მოსწავლეებისთვის სასწავლო პროგრამა „აგროსკოლა“ ყოველწლიურად ჩატარდება.