დარგებიმემცენარეობა

აკაცია – (Acacia Sp. Div)

აკაცია მიეკუთნება პარკოსანთა ოჯახს და მიმოზა­სებრ­თა ქვეოჯახს, აკაციის გვარს. მისი ეთერზეთოვანი ფორმებია ვერცხლისებრი ანუ ლეგა აკაცია; ფარნეზიის აკაცია; ყვი­თელი აკაცია და თეთრი ანუ ცრუ აკაცია.  საქართველოში კარ­გად ხარობს და პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს მხოლოდ ორ სახეობას. ვერცხლისებრ ლეგა აკაციას,  რომელსაც ჩვენში რატომღაც არასწორად მიმოზას ეძახიან და თეთრ აკაციას, რომელიც დასავლეთ საქართველოში ხშირად ეკლის ხის სახელწო­დებითაც არის ცნობილი.

 აკაციის გვარში 600-ზე მეტი სახეობაა გაერთიანებული. მისი სამშობლოა ავსტრალია, მაგრამ ის ფართოდააა გავრცე­ლებული: აფრიკაში, ინდოეთში, ამერიკაში, ევროპისა და აზიის სხვა ქვეყნებში.

აკაცია სხვადასხვა სახის 6-9 მეტრამდე სიმაღლის მერქნიანი, ეკლიანი და უეკლო მცენარეა, საკმაოდ უხვად დატოტვილი კომპაქ­ტური ვარჯით, რომლებიც ხშირად საკმაოდ მოზრ­დილ ვარჯს ინვითარებენ. გვხვდება აგრეთვე მცირე ზომის, იშვიათად, ნაგალა მცენარეთა სახითაც.

ტოტები უფრო ხშირად მორიგეობით აქვთ განწყობილი, მერქანი რუხი ფე­რი­საა, რომლის მაგარ და გამძლე მერქანს წარმატებით იყე­ნებენ ავეჯის დასამზადებლად და სამშენებლო საქმეში, მაღა­როებში-სამაგრებად, სოფლის მეურნეობაში – ბაღ-ვენახების საყრდენებად, ჭიგოებად, სათბობად და სხვ.

აკაციის ზო­გიერთი სახეობიდან ღებულობენ მთრიმლავ ნივთიერებებს, ზო­გიდან-გუმფისს. აკაციის მცენარეებს იყე­ნებენ ასევე ხეივ­ნების გასაშენებლად და საერთოდ ლან­ჩაფტურ-დეკორა­ციულ მშენებლობაში. კარგ შედეგს იძლევა, აგრეთ­ვე ციცაბო ფერდობების, ხევებისა და ძნელად მისაწვდომი ფართო­ბების გასატყევებლად და ეროზიული პროცე­სე­ბი­დან დასაცავად. ის როგორც საუკე­თესო თაფლოვანი მცე­ნა­რე, მისი ყვავილის ნექტარი­დან დამზა­­დებული თაფლი ხა­სიათდება სამკურ­ნალო თვისე­ბე­ბით.

ვერცხლისებრი აკაცია _ მარადმწვანე ხე ან მოზრდილი ბუჩქია, ორმაგი ფრთართული ფოთლებით. ფოთლები და ტოტები მოთეთრო ცვილისებრი ფიფქით აქვს დაფარული, რის გამოც ხეს მოვერცხლისფრო-მომწვანო ელფერი დაჰკ­რავს. ყვავილები შეკრებილია ოქროსფერ-ყვითელი საგველას სახით. ყვავილობს იანვრიდან-აპრილამდე. ადრეული ყვავი­ლობის გამო მისი ყვავილები ძვირად ფასობს. ყვავილები კარგად გადასატანია, ამიტომ შავი ზღვის სანაპირო რაიო­ნიდან ისინი დიდი რაოდენობით გაჰქონდათ ყოფილი საბ­ჭო­თა კავშირის ქალაქების მოსახლეობას. ახასიათებს ფეს­ვიდან ამონაყრის მოცემის უნარი და დიდი გამოყენება აქვს ფერდობების ჩამორეცხვის საწინააღმდეგო ღონის­ძიებაში. ნიადაგებისადმი ვერცხლისფერი აკაცია არ არის დიდი მომთხოვნი. იგი ეგუება ღარიბ, ქვიან, უმთავრესად მჟავე ნიადაგებს. ივითარებს ზედაპირულ, მაგრამ ძლიერ დატოტ­ვილ ფესვთა სისტემას. სინათლისა და სითბოს მოყვარული მცენარეა, უძლებს -80 -მდე ყინვებს.

თეთრი აკაცია _ ფოთოლმცვენი ხე მცენარეა. მისი სამშობლოა ჩრდილოეთ ავსტრალია. თეთრი აკაცია ძლიერ გავრცელებულია როგორც აზიაში, ისე ევროპაში. ჩვენში თეთრი აკაცია გვხვდება როგორც დასავლეთში, ისე აღმოსავლეთ საქართველოში. თეთრი აკაცია სინათლის მოყ­ვა­­რული მცენარეა. მას აქვს თხელი აჟურული ვარჯი და ნათე­ლი კორომები. ყვავილობს მაის-ივნისში, თეთრი მოყ­ვი­თალო ჩაქინდრული და სურნელოვანი ყვავილებით.

თეთრი აკაცია გვალვა და ქარგამძლე მცენარეა. იგი ნიადაგს დიდ მოთხოვნილებას არ უყენებს, მაგრამ უკე­თესად ვითარდება მსუბუქ, ზომიერად ტენიან და ნოყიერ ნიადაგებზე. კირით მდიდარ ნიადაგებზე იგი ხშირად ავადდება ქლოროზით. ყინვაგამძლეა თეთრი აკაციის ზო­გიერთი ფორმა-400-მდეც კი უძლებს. თეთრი აკაცია კარგად იტანს გასხვლა-გაფორმებას. გამოყვანილია მისი სპეცია­ლური დეკორატიული ფორმები ბაღ-პარკებისა და ეზო-კარმიდამოს მოსაწყობად.

აკაცია ძირითადად თესლით მრავლდება. მისი გამრავლება ფესვის ამონაყრით და ნაბარტყებითაც შეიძ­ლება. აკაცია მუდმივ ადგილზე გაზაფხულზე და შემოდ­გომაზე უნდა დარგან. ყველა ფორმის აკაციის ყვავილებიდან ეთერზეთის მისაღებად ყვავილები უნდა მოკრიფონ დილის საათებში და გადაიგზავნოს ქარხანაში.

ყვავილებიდან ზეთი ექსტრაქციით უნდა გამოყონ, რომლის გამოსავალია 0.7 % – 1.0%; ხოლო ძირითადი ზეთის-0.118 %. მისი ეთერზეთი სურნელებით ჟასმინის ეთერზეთს ჩამოჰგავს, ეთერზეთის კომპონენტებია მეთილაცეტილენი, ლინალოლაცეტატი, ფარნეზოლი, გერანიოლი და სხვ.

აკაციის ყვავილებიდან კონკრეტას გამოსავალია 0.04-0.046 %. უნდა აღინიშნოს, რომ თეთრი აკაციის ყვავილები­დან ექსტრაქციის მეთოდით მიღებული კონკრეტა არასაკმა­რისად ინარჩუნებს ყვავილს ნატურალურ სურნელებას, რაც აფერხებს მის ფართო გამოყენებას. მეცნიერები მუშაობენ, თეთრი აკაციის ყვავილების გადამუშავების უფრო სრულყოფილი წესის დასადგენად.

რეზო ჯაბნიძე,

სსმმ აკადემიის აკადემიკოსი