ფერმერი ფერმერს

ახალბედა ფერმერი ასურეთიდან

ჩვენ უფრო ხშირად, გამოცდილ ფერმერებს გაგაცნობთ ხოლმე, რომლებსაც ყველაზე რთული ნაბიჯები უკვე გადადგმული აქვთ და ვითარებასაც კარგად იცნობენ.
დღეს ლიკა კუხალაშვილი უნდა წარმოგიდგინოთ, რომელიც თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ასურეთში მწყრის მოშენება დაიწყო და წარმატებასაც ნელ-ნელა აღწევს.

ლიკა ფერმერობასთან საცხოვრებელი ადგილის შეცვლამ დააკავშირა.

როგორც თავად ამბობს, მწყრის მოშენების იდეა, ბავშვებისთვის ჯანსაღი საკვებით უზრუნველყოფაზე ფიქრის დროს გაუჩნდა: „ვიცოდი, რომ მწყრის როგორც კვერცხი და ხორცი  ბავშვებისთვის სასარგებლოა. დავიწყე შესწავლა, მოვიძიე სხვადასხვა ინფორმაცია, გავეცანი და გადავწყვიტე მწყრის მოშენება საოჯახო ბიზნესად მექცია.“

იქიდან გამომდინარე, რომ ლიკამ ბიზნესი, ასე ვთქვათ, სპონტანურად წამოიწყო, ბაზარსაც, შესaბამისად, ნაკლებად იცნობს, თუმცა, როგორც ახალბედა ფერმერი ბევრ პრoბლემას აწყდება, გაცნობიერებული აქვს, რომ სოფლის მეურნეობას როგორც ხელშემწყობი, ისე ხელისშემშლელი ფაქტორები აქვს, რომ ჯერ ისევ გაცნობის და შესწავლის ეტაპზეა და წარმატებას დრო სჭირდება.

ახალწვეულს, ნებისმიერ სფეროში, ინფორმაცია, როგორც იტყვიან, ჰაერივით სჭირდებათ ხოლმე. მეც დავინტერესდი, ლიკას ინფორმაციის ძირითადი წყარო რა იყო, აკმაყოფილებდა თუ არა ქართული რესურსები და რამდენად ეხმარებოდა ინტერნეტსივრცე ბიზნესის მართვაში, მწყრის მოვლასა და გამოზრდაში: „ძირითადად ინტერნეტში არსებული წყაროებით ვსარგებლობ, თუმცა, ვცდილობ, სხვა წყაროებიც გამოვნახო, ტრენინგები, ფორუმები, კონსულტაციები სპეციალისტებთან. მართალია დღეს ინფორმაციული ტექნოლოგიების ერაში ვცხოვრობთ, მაგრამ თუ ამ ინფორმაციის აქტიურ მოძიებასა და გამოყენებას არ შევუდგებით, ვფიქრობ, უსარგებლო იქნება ნებისმიერი ბიზნესისთვის.“

ჩვენი ფერმერი სამომავლო გეგმებსაც რეალისტურად აფასებს. მიაჩნია, რომ გრძელვადიანი განვითარების გეგმა არსებული რესურსის ეფექტიან გამოყენებას და განვითარებას უნდა  დაეფუძნოს, მცირე მეურნეობა ეტაპობრივად გაიზარდოს და მომგებიანი გახდეს.

ნაბიჯი გადადგმულია, წარმატებაც არ დააგვიანებს.

 მარიამ ტაკაშვილი