ვაზის ანთრაქნოზის გავრცელება საქართველოში და მის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები

ვაზის ანთრაქნოზის გამომწვევია სოკო, რომელიც უსრულო სოკოების კლასს, მელანკონიალების რიგს მიეკუთვნება.

საქართველოში წლების განმავლობაში ანთრაქნოზი ვაზზე გვხვდებოდა კერობრივად, ცალკეულ შემთხვევებში, რადგან ჭრაქის წინააღმდეგ ყველა ვენახებში ტარდებოდა წამლობები, რომლებიც ანთრაქნოზის წინააღმდეგაც იყო მიმართული და ამიტომ აღნიშნული დაავადება არ გამოირჩეოდა გავრცელებითა და მავნეობით. ამჟამად ანთრაქნოზი გავრცელებულია მევენახეობის თითქმის ყველა რაიონში, როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში და ხასიათდება მნიშვნელოვანი მავნეობით, ძირითადად სასუფრე ჯიშებზე.

ანთრაქნოზით ავადდება ვაზის ყველა ორგანო: ყლორტები, მტევნები, ფოთლები და თანაყვავილედები.

ყლორტის დაავადების დროს მასზე ჩნდება პატარა ლაქები, შემდეგ ისინიზრდებიან. ლაქები მურა ფერისაა და შუა ადგილი ჩაზნექილია, ხოლო ნაპირები კი ამოწეული აქვს.

ანთრაქნოზის ლაქების გაზრდასთან ერთად ხდება მერქნის ნაწილებში სოკოს მიცელიუმის ღრმად შეჭრა და ქსოვილის დაშლა. ანთრაქნოზისაგან გაჩენილი ლაქები ხშირად ერთმანეთს უერთდებიან, გაგრძელებულ ფორმას იღებენ; დაზიანებულ ყლორტს დამწვარი, შავად შეფერილი სახე აქვს. ასეთ ლაქებზე ხშირად შეიმჩნევა სიგრძეზე პარალელურად მიმდინარე ძაფები, ესენი გამტარი კონების ბოჭკოებია და თავისუფალ ძაფებად ჩანს მათი ძირითადი ქსოვილის დაშლის გამო. ლაქის ნაპირებზე ვითარდება კალუსი, ცენტრალურ ნაწილში იწყება პირისფრად შეფერვა, რაც სოკოს ნაყოფიანობას წარმოადგენს.

მტევნის დაავადების დროს, მარცვლის ზედაპირზე მონაცრისფრო, მომრგვალო, მოწითალო ან შავი არშიით შემოვლებული ლაქები ჩნდება, რომელთა ცენტრი პრიალა ლორწოვანია. დაავადებული მარცვლები ჭკნება, ხმება და ცვივა. სოკოს დაზამთრება ხდება დაავადებულ რქის ქერქში და მუმიფიცირებულ მარცვლებში მოთავსებული მიცელიუმის სახით.

ანთრაქნოზის ძლიერი განვითარების დროს, ყავისფერი ლაქების დაშლის გამო, ნეკროზული ფოთლის ფირფიტა ნაწილობრივ იხვრიტება. ეს მოვლენა იმითაა გამოწვეული, რომ ლაქის ცენტრალური ნაწილი ხმება და იშლება, პერიფერიულ ნაწილს კი წითელი არშია აქვს შემოვლებული (სურ.4).

დაავადება ხასიათდება მნიშვნელოვანი მავნეობით გაზაფხულზე, ანთრაქნოზით დაავადებისას ფერხდება ყლორტების ზრდა, მასზე წარმოქმნილი იარები იწვევენ ყლორტების გადატეხვას, ირღვევა მცენარის წვენთა მოძრაობა, ქვეითდება მისი გამძლეობა გარემოს არახელსარელი პირობების მიმართ. მოსავლიანობა მცირდება არა მარტო დაავადების მასობრივი გავრცელების დროს, არამედ შემდეგ წელსაც.

ანთრაქნოზი ვლინდება ადრე გაზაფხულზე. ვაზის დაავადებისათვის ყველაზე ხელსაყრელი პერიოდად ითვლება ყვავილობის დრო. განვითარებისათვის ხელშემწყობი პირობებია: შედარებით თბილი ამინდები, სინოტივე და ხშირი წვიმები, რაც აუცილებელია სპორების გავრცელებისთვის და ვაზის დაავადებისათვის. ზუსტად წელს გაზაფხულზე საქართველოში აღნიშნული იყო ასეთი კლიმატური პირობები, რამაც ხელი შეუწყო ანთრაქნოზის გავრცელებას. ზაფხულის პერიოდში კი (ივნისის მეორე ნახევარი, ივლისი-აგვისტო) მაღალმა ტემპერატურამ და სიმშრალემ გამოიწვია მისი განვითარების ინტენსივობის შემცირება და შესაბამისად მასობრივი გავრცელება.

სოკო მცენარის ქსოვილში იზამთრებს, როგორც სკლეროციუმის, ისე პიკნიდიუმისა და მიცელიუმის სახით. მიცელიუმი მცენარის ქსოვილში 3-5 წელს ინარჩუნებს სიცოცხლისუნარიანობას; გაზაფხულზე, თბილ და წვიმიან ამინდში, 13-140 სითბოსა და 75-85% ტენის პირობებში იწყება პირველი ინფექცია.

ლიტერატურული მონაცემებით ანთრაქნოზის მიმართ მომგებიან ჯიშებად ითვლება: ბოლგარი, შასლა დორე, მწვანე ველტლინერი, ფრანკონსკის ლურჯი, მწვანე სილვანერი, ალიგანტ ბუშე, მუსკატები, პორტუგიზელი, საძირე რუპესტრის დულო და სხვა.

შედარებით გამძლე ჯიშებად ითვლება: საფერავი, კაბერნე-სოვინიონ, იტალიური რისლინგ რეინსკი, სენზო, კადარკა, ტრამინერ, ნიმრანგ, ჩარას, ბუაკი, პარკენტ და სხვა.

ქართული ჯიშები  იშვიათად ავადდებიან.

საქართველოს მევენახეობის რაიონებში 2016 და 2017 წლებში ანთრაქნოზით დაავადდა ძირითადად სუფრის ჯიშები: სულთანითი, ბლექ მეჯიქი (20-30%).

ბრძოლის ღონისძიება ანთრაქნოზის წინააღმდეგ:

ანთრაქნოზის წინააღმდეგ საჭიროა ბრძოლის ფიტოსანიტარული, აგროტექნიკური და ქიმიური ღონისძიებების ჩატარება.

შემოდგომით საჭიროა ვაზის დაავადებული ორგანოების მოცილება, ნაკვეთიდან გატანა და დაწვა. თუ დაავადება ძლიერად არის განვითარებული, მაშინ ეს ღონისძიება შეიძლება ჩატარდეს სავეგეტაციო პერიოდშიც.

აგროტექნიკური ღონისძიებებიდან უნდა ჩატარდეს ვაზის დროული გაფურჩქვნა და ყლორტების წვეროს გადაჭრა, რაც აუმჯობებს ვაზის აერაციას და დაავადების შეზღუდვას. ვაზის ნერგის წარმოებისათვის კალმები აღებული უნდა იქნას ჯანსაღი მცენარეებიდან. ვენახის გაშენების დროს შერჩეული უნდა იქნას ისეთი ნაკვეთები, სადაც ახლოს არ უნდა იყოს გრუნტის წყლები.

შემოდგომით, ფოთლების ჩამოცვენის შემდეგ ან ადრე გაზაფხულზე კვირტების გაშლამდე, უნდა ჩატარდეს წამლობა რკინის შაბიამნის 10%-იანი ხსნარით (ძაღა), რომელიც ახდენს ვაზის რქების ზედაპირულ დეზინფექციას და შედეგად ახალი რქების დაავადება არ ხდება.

ვაზის ვეგეტაციის პერიოდში პროფილაქტიკური და სამკურნალო წამლობები, რომლებიც მიმართული იქნება ასევე ჭრაქის და ფომოფსისის წინააღმდეგ, უნდა ჩატარდეს 7-10 დღის ინტერვალით ფუნგიციდებით : ბორდოს ნარევი 8 კგ/ჰა; დითან М-45 (მანკოცები 800გრ/კგ) — 3კგ/ჰა; კუპროფლო (სპილენძის ქლორჟანგი, სპილენძის მიხედვით 377,5გ/ლ — 3,5 კგ/ჰა; ლიდერი (დიმეტომორფი 90გ/კგ + მანკოცები600გ/კგ) — 2,5კგ/ჰა; რიდონეტი მც-72 (მეტალაქსილი 80+მანკოცები 640გ/კგ) — 2,5გ/კგ/ჰა ; საკოზები М-45 (მანკოცები 800გ`კგ) — 2,5კგ/ჰა ; საფაკოლი (პროპინები 700გ/კგ) — 2,5გ/კგ/ჰა; სპილენძის შაბიამანი — 8კგ/ჰა. ბრავო (ქლოროტალონილი 500მლ/კგ) — 3ლ/ჰა. სამუშაო ხსნარი: 800-1000 ლ/ჰა.

შაქრო ყანჩაველი,

სოფლის მეურნეობის

მეცნიერებათა დოქტორი;

ლუდმილა ცხვედაძე,

სოფლის მეურნეობის აკადემიური დოქტორი სოფლის მეურნეობის

სამეცნოიერო კვლევითი ცენტრი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.