აგროსიახლეები

„აკვაკულტურის ტექნიკური რეგლამენტი“ _ დგინდება ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვის გაცემის წესი

„აკვაკულტურის ტექნიკური რეგლამენტი“ შემუშავებულია „აკვაკულტურის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე და მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს აკვაკულტურის განხორციელების პროცესში ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას, გარემოს დაცვას, ბუნებრივი რესურსების ეფექტიან გამოყენებას, მომხმარებელთა ინტერესების დაცვას, ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების ხელშეწყობას და ასევე, იმ პირების დაცვას რომელიც, ამ ტექნიკური რეგლამენტის და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, ეწევიან აკვაკულტურის საქმიანობას.   

ტექნიკური რეგლამენტი განსაზღვრავს აკვაკულტურის ტიპებს და აკვაკულტურის სუბიექტის ვალდებულებებს. აკვაკულტურის სუბიექტი ვალდებულია დარეგისტრირდეს ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში როგორც ბიზნესოპერატორი. ტექნიკური რეგლამენტით განისაზღვრება მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც აუცილებელია მდგრადი აკვაკულტურის საქმიანობისათვის.         გარდა ამისა, ტექნიკური რეგლამენტი ადგენს ეკოლოგიური მონიტორინგის განხორციელების წესს, რომლის მიზანია:  აკვაკულტურის სუბიექტის საქმიანობის გარემოზე ზეგავლენის შეფასება,  რისკების შეფასება და შესაბამისი დასკვნისა და რეკომენდაციების შემუშავება; და  წყლის ეკოსისტემების დაცვა.

ტექნიკური რეგლამენტის პროექტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი  სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ არის მომზადებული.

საქართველოს მთავრობამ ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დადგენილება დაამტკიცა

 დადგენილება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით მომზადდა და მიზნად ისახავს ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვის გაცემის პირობებისა და პროცედურების დეტალურ სამართლებრივ რეგლამენტაციას.

„მთავრობის სხდომაზე მივიღეთ 2 მნიშნელოვანი რეგულაცია, რომელიც აკვაკულტურის განვითარებას შეუწყობს ხელს – ეს არის ექსტენციური აკვაკულტურის ნებართვის გაცემის წესი და, ზოგადად, ტექნიკური რეგლამენტი. რაც საშუალებას მისცემს ინვესტორებს და არსებულ მეურნეობებს, რომ მდგრად პირობებში წარმართონ ამ მიმართულების განვითარება. ჩვენ სამოქმედო გეგმაში აღნიშნული იყო, რომ მდგრადი აკვაკულტურის წარმოების პირობებში, ქვეყანა, 10 წლიან პერსპექტივაში, მინიმუმ გაასამმაგებს და 20 000 ტონაზე მეტი აკვაკულტურის პროდუქტის წარმოებას შეძლებს. ეს არის დეტალური შეფასება, რომელიც გვაქვს წყალსატევებში, ისე მარიკულტურის ობიექტების სწორად მოწყობის პირობებში“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ექსტენსიური აკვაკულტურა არის ბუნებრივი წყალსატევის (ტბა, მდინარე, წყალჭაობიანი ადგილი და სხვა) ან ხელოვნური წყალსატევის (წყალსაცავი, ზოგიერთი არხი და სხვა წყალსატევი, გარდა აკვაკულტურის კონსტრუქციისა) ხელოვნურად გამრავლებული ქვირითით, ლარვით, ლიფსიტითა და ახალმოზარდეულით ბუნებრივი საკვები ბაზის ხარჯზე დათევზიანება, ამ წყალსატევში არსებული ბუნებრივი თევზის რესურსის აღწარმოების ხელშეწყობა და შემდგომ მისი ზრდის შედეგად თევზჭერა.

ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დადგენილება ითვალისწინებს ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვის გაცემის პროცესში უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოების მონაწილეობის წესის განსაზღვრას, ასევე სანებართვო პირობებს. ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვა გაიცემა არაუმეტეს 20 წლის ვადით. ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვის გაცემა თავისუფლდება სანებართვო მოსაკრებლის გადახდისაგან „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. აღნიშნულ ნებართვას, აკვაკულტურის უწყებათაშორისი საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე, გარემოს ეროვნული სააგენტო გასცემს.

დადგენილიების დამტკიცების შედეგად დადგინდება ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვის გაცემის წესი, რაც შესაბამისად, ხელს შეუწყობს აკვაკულტურის სფეროს შემდგომ განვითარებას.