ანაგის ღვინის ქარხნის ქვევრები 120 წელს ითვლის
სიღნაღში რთველი დასრულდა და როგორც მევენახეები ამბობენ, არცთუ ურიგო შედეგით. მუნიციპალიტეტში დღეის მდგომარეობით ორი ყურძნის გადამმუშავებელი ქარხანა მოქმედებს, ერთი _ წნორში, ხოლო მეორე _ სოფელ ანაგაში.
ჩვენ ორიოდე დღის წინათ სოფელ ანაგის ყურძნის გადამმუშავებელ ქარხანას ვეწვიეთ. ის ერთ-ერთი უძველესი ქარხანაა რეგიონში, მეტად მდიდარი და საინტერესო ისტორია აქვს.
ღვინის ქარხანა ანაგაში 1931 წელს სიმონ კახელმა დაარსა, თუმცა მანამდე აქ ძველი მარანი იყო, სადაც ქვევრებში ტრადიციული კახური მეთოდით სხვადასხვა ტიპის საუკეთესო ქვევრის ღვინოები მზადდებოდა. ქვევრების გამოყენების და ღვინის ქვევრში დაყენების ტრადიცია ახალდაარსებულმა ქარხანამაც გააგრძელა და საუკეთესო ხარისხის და საგემოვნო თვისებებით განთქმულ ღვინოსაც აყენებდნენ.
ქარხანაში დღეს 168 ძველი ქვევრია შემორჩენილი, რომელთა ხნოვანება 120 წელიწადზე მეტია. ქვევრების საერთო ტევადობა კი 350 ტონას აჭარბებს.
როგორც ქარხნის დირექტორი ქალბატონ ნინო ქუფარაშვილი მოგვითხრობს, ეს უძველესი ღვინის ქარხანაა სადაც ღვინოს აგერ უკვე 120 წელიწადია ტრადიციული და ევროპული მეთოდით ყენდება. ერთი პერიოდი ქარხანა გაჩერებული იყო, უკვე მე-2 წელიწადია, რაც ჩვენი ქარხანამ ყურძნის მიღება და გადამუშვება აღადგინა. წლეულს 1486 ტონა რქაწითელი გადავამუშავეთ, დაახლოებით 1000 ტონა ყურძნის ტკბილი, საღვინე მასალა დამზადდა.
_ უნდა აღვნიშნო, _ ამბობს ქალბატონი ქეთევანი _ რომ წლევანდელი მოსავალი, იმის მიუხედავად, რომ არსებული უამინდობის ფონზე ნაკლებს ველოდით, შარშანდელ მოსავალთან შედარებით უკეთესი იყო.
სამწუხაროდ ჯერ ქვევრებში ღვინოს ვერ ვაყენებთ, ვინაიდან, მარანი დასახურია, ბევრი სპეციფიკური, მოსამზადებელი სამუშაოა ჩასატარებელი. იმედია, ნელ-ნელა ყველაფერი გამოსწორდება და მარანს გავმართავთ, ძველ სიცოცხლეს და დიდებას დავუბრუნებთ.
უდავოდ აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სოფელ ანაგის ღვინის ქარხნის ქვევრები იუნესკომ საკუთარ სიძველეთა ნუსხაში შეიტანა, რაც მეტ პასუხისმგებლობას ანიჭებს ყველას ვისაც ამ საწარმოსთან საქმიანი ურთიერთობა აქვს.
აქაურთა მონდომება იმედს იძლევა, რომ ანაგის ღვინის ქარხანა მალე აღიდგენს ძველ დიდებას, ანაგის ქარხნის ქვევრის ღვინო თავისი ღირსებით კვლავ ბევრ ღვინის მოყვარულს მოხიბლავს და მოიზიდავს.
თამარ ჯოხარიძე, ანაგა, ოქტომბერი, 2021 წ.