ანტიკრიზისული გეგმის ძირითადი სამიზნე სოფელი, ფერმერი და ქართველი გლეხია
მთავრობა მოახდენს რთველის სუბსიდირებას, განსაკუთრებით ისეთი ჯიშებზე, როგორიც არის „რქაწითელი” და „კახური მწვანე“, რომლის ფასიც 0.80 ლარზე ნაკლები არ იქნება.
მთავრობის მეთაურის ინფორმაციით, ამისთვის ბიუჯეტი უკვე გამოყოფილია და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი დავალებაც მიღებული აქვს.
„თუ საჭირო იქნა, სახელმწიფოც ჩაერთვება შესყიდვებში, იმ შემთხვევაში, თუ ასეთი აუცილებლობა დადგა. მაგრამ, ყველა შემთხვევაში, ქართველმა მევენახეებმა უნდა იცოდნენ, რომ ყურძენზე – „რქაწითელზე” და „კახურ მწვანეზე“ მინიმალური ფასი იქნება 80 თეთრი. ეს ის მინიმალური შესაძლებლობაა კრიზისის პირობებში, რაც ჩვენ შეგვიძლია დღეს დახმარების სახით გავუწიოთ ქართველ მევენახეებს“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ერთ-ერთი ძირითადი სამიზნე სწორედ სოფელი, ფერმერი და ქართველი გლეხია.
„ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ სხვადასხვა ინსტრუმენტით ამ ადამიანებს დავხმარებოდით, ქართველი ფერმერი გაგვეძლიერებინა კრიზისის პირობებში. გარდა ამისა, ყველას მოგეხსენებათ, ბოლო წლების განმავლობაში როგორ ვითარდება მევენახეობა და მეღვინეობა. 2019 წელი იყო რეკორდული, როდესაც საქართველოდან 94 მილიონი ბოთლის ექსპორტი განხორციელდა. რა თქმა უნდა, შიდა მოხმარებაც იზრდებოდა. საერთოდ, ქართული მეღვინეობა ექსპორტში 2012 წელს დაახლოებით იყო 2.5 პროცენტი, დღეის მონაცემებით ეს არის 6 პროცენტი. ეს არის დარგის განვითარებისა და ზრდის ძალიან სერიოზული დინამიკა. ამიტომ, შეუძლებელი იყო, ჩვენ ყურადღება არ მიგვექცია ამ დარგისთვის და ანტიკრიზისული გეგმა სპეციალურად მევენახეებისთვის არ მოგვემზადებინა, განსაკუთრებით რთველის პირობებში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
გარდა ამისა, მთავრობის გადაწყვეტილებით, ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში, პირნათლად ასრულებდნენ საიჯარო პირობებს სახელმწიფოს წინაშე, ისინი მიწას სახელმწიფოსგან, კომერციულ ფასად, პირდაპირი მიყიდვის წესით საკუთრებაში მიიღებენ.
„მიწის რესურსებზე ხელმისაწვდომობის პროგრამა მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია მთავრობისთვის. ჩვენ სულ ახლახან გამოვაცხადეთ მიწის სისტემური რეგისტრაციის სამწლიანი პროგრამა, რომელმაც საბოლოოდ უნდა მოაგვაროს მიწის რეგისტრაციის საკითხი ქვეყანაში, მაგრამ გარდა ამისა, ჩვენ გვყავს გამოყოფილი ფერმერთა მოიჯარეთა ჯგუფი, რომლებმაც ელექტრონული აუქციონების მეშვეობით, წლების წინ იჯარის სახით სახელმწიფოსგან მიიღეს მიწები, რომლებსაც ისინი წლების განმავლობაში ამუშავებდნენ და ბევრმა მათგანმა მრავალწლიანი კულტურებიც მოიყვანა.
ბევრი მოთხოვნა მოდიოდა, როგორც რეგიონებში გასვლის დროს შეხვედრებისას და მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში, პირნათლად ასრულებდნენ საიჯარო პირობებს სახელმწიფოს წინაშე, ისინი კომერციულ ფასად, მაგრამ პირდაპირი მიყიდვის წესით იმ მიწას, რომელსაც წლების განმავლობაში ამუშავებენ და ხშირ შემთხვევაში მრავალწლიანი კულტურები მოჰყავთ, სახელმწიფოსგან მიიღებენ საკუთრებაში. ეს იქნება პირდაპირი მიყიდვის ფორმით, რა თქმა უნდა საბაზრო ფასით, მაგრამ იმ ღვაწლის დაფასებით, რომელსაც ეს ადამიანები წლების განმავლობაში ამ მიწაზე შრომით აფიქსირებდნენ.
მეორე მხრივ ეს ჩვენს თითოეულ მოქალაქეს მისცემს შესაძლებლობას, უფრო გააფართოონ თავიანთი ბიზნესი, მეტი ფინანსური რესურსი მიიღონ საბანკო სექტორიდან და დაასაქმონ კიდევ უფრო მეტი ადამიანი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.