აფხაზეთის სოფლის მეურნეობის განვითარების მოკლე ისტორია

ცნობილია, რომ საქართველოს სახელწოდება „გეორგია“ (მიწის ქალღმერთი) პირდაპირ კავშირშია მიწის დამუშავებასთან. მიწათმოქმედება, მიწისადმი მოწიწება და სიყვარული, ეს იყო ქართველი კაცის სიამაყე, სიცოცხლის არსი და ცხოვრების დედააზრი. სწორედ ამიტომ, გლეხს, მიწათმოქმედს, საუკუნეების განმავლობაში ერთ ხელში მიწის დასამუშავებელი, ხოლო მეორე ხელში, მამულის, ქვეყნის დასაცავი იარაღი ეჭირა.

სამწუხაროდ, გასული საუკუნის 20-იან წლებში, საბჭოთა წყობამ, მშრომელ გლეხს, მიწათმოქმედს, მემამულეს მიწისადმი სიყვარული გაუნელა. ბოლშევიკური რეჟიმი არ აძლევდა წარმატებულ გლეხობას, მემამულეს საშუალებას შემოქმედებითად ეაზროვნა, დამოუკიდებლად გადაეწყვიტა მიწათმოქმედების საკითხი. საბჭოთა წყობილების დამხობის შემდგომ მიწათმოქმედს, კოოპერატორს, წარმატებულ გლეხობას გაუჭირდა ახალ რეალობასთან შეგუება, ახალ რელსებზე გადასვლა და მასთან შეთანაწყობა. წინამდებარე წერილის მიზანია მოკლედ მიმოვიხილოთ აფხაზეთში მიწათმოქმედების, მიწათსარგებლობისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ისტორია, მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები. სასურველია ამ წერილის გამოქვეყნების შემდეგ თუ გამოჩნდებიან ოპონენტები, ვისაც ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრება და დოკუმენტური მასალა ექნება.

გასული საუკუნის ოციან წლებში, აფხაზეთში, ისე როგორც მთელს საქართველოში, მემამულეებსა და შეძლებულ გლეხობას ჩამოერთვათ მიწა და იგი გადავიდა სახელმწიფო საკუთრებაში. შეიქმნა მიწის დამუშავების კოლექტიური ფირმა არტელის, კოოპერატივის, გლეხთა მეურნეობის სახით. მოგვიანებით საბჭოთა რეჟიმმა, წვრილი და დაქსაქსული მეურნეობები მსხვილ მეურნეობებად გარდაქმნა. მიწის კოლექტიურად დამუშავების მიზნით კოლექტივში გაწევრიანებული გლეხების მთელი ქონება კოლექტივის საკუთრება გახდა. წარმატებული და საშუალო გლეხობა, ასევე მდიდარი ფენა სასტიკი წინააღმდეგი იყვნენ კერძო საკუთრების კოლექტიურ ფორმად გადაქცევისა, მაგრამ საბჭოთა წყობამ თავისი გაიტანა და იძულებით, შიშით, რეპრესიით. ჩამოყალიბდა კოლექტიური მეურნეობის სამი ფორმა: ამხანაგობა, არტელი და სასოფლო-სამეურნეო კომუნა.

ამხანაგობის (წვრილ გლეხთა მეურნეობის) წევრები მიწას ამუშავებდნენ საერთო ძალებით და მოჰყავდათ ის მონო, დაბალრენტაბელური კულტურა, რომელსაც არსებული წყობა აიძულებდა გლეხობას. გაერთიანების ეს ფორმა მეურნეობის უფრო ეფექტიანი განვითარებისათვის არ იყო საკმარისი, ამიტომაც კომუნისტურმა რეჟიმმა გადაწყვიტა ახალი ფორმის არტელის შექმნა. ამ შემთხვევაში გლეხს საზიაროდ უნდა გაეხადა მთელი სახნავ-სათესი და სხვა სასოფლო— სამეურნეო მიწები, ცოცხალი, გამწევი ძალა და სასოფლო-სამეურნეო იარაღები. არტელის წევრის ძირითადი წყარო იყო კოლმეურნეობა. გასული საუკუნის ოცდაათიანი წლებიდან შეიქმნა კოლექტიური მეურნეობის მესამე ფორმა, კომუნა, რომელიც გულისხმობდა განზოგადოების უფრო მაღალ საფეხურს. თუ არტელის წევრს ჰქონდა საკარმიდამო მეურნეობა, კომუნის შემთხვევაში იკრძალებოდა საკარმიდამო მეურნეობის არსებობა. გლეხის საარსებო წყარო უნდა ყოფილიყო კომუნის საერთო შემოსავალი.

როგორც წერილის შესავალში აღვნიშნეთ, ზემოხსენებული ფორმები, წარმატებულ გლეხსა და მემამულეს არ აძლევდა საშუალებას, დამოუკიდებლად ეაზროვნა, ეფიქრა უფრო მაღალ რენტაბელური კულტურების მოვლა-მოყვანაზე, შემოქმედებითად მიდგომოდა ახალი ჯიშების შემოტანა — დანერგვის საქმეს და მხოლოდ ზემდგომი ორგანოების კარნახითა და მითითებით ხდებოდა ამა თუ იმ კულტურის განაშენიანება: ცნობისათვის, აფხაზეთში, ბურჟუაზიული წყობის მოსვლის შემდეგ დაიწყო არადარაიონებული და არარენტაბელური კულტურების გავრცელება, ითესებოდა ბამბა, კანაფი, ხორბალი. უფრო მეტიც — 1925 წლისათვის გალის რაიონში აშენდა ბამბის გამწმენდი ქარხანა. აფხაზეთის სხვა მაზრებში ფუნქციონირებდა ხორბლის, კანაფის, ბამბის მიმღები პუნქტები. და ა.შ. ეს მაშინ, როდესაც უნიკალური ნიადაგურ -კლიმატური პირობები იძლეოდა იმის საშუალებას, რომ აქ გაშენებულიყო ჩაი, ციტრუსი და სხვა სუბტროპიკული კულტურები. აღსანიშნავია, რომ ამ კულტურების გაშენება-მოყვანაზე, საბჭოთა რეჟიმის მოსვლამდე ფიქრობდნენ მიწათმფლობელი მემამულეები და წარმატებული გლეხობა. ამის დასტურია ის ფაქტი, რომ 1840 წელს დაარსდა სოხუმის ბოტანიკური ბაღი „სოხუმ კალასის“ სახელწოდებით, სადაც თავმოყრილი იყო 4500-მდე უნიკალური მცენარე, მათ შორის ჩაისა და სუბტროპიკულ კულტურათა სხვადასხვა სახეობა, აქედან 1200 ჯიშის ტროპიკული მცენარე. იგეგმებოდა ახალი სუბტროპიკული ჯიშების გაშენება, მოვლა-მოყვანა. იმ დროისათვის აფხაზეთში აუცილებელი გახდა კვალიფიცირებული სოფლის მეურნეობის სპეციალისტების მომზადება. დღის წესრიგში აქტიურად დადგა ჩაისა და სხვა სუბტროპიკული კულტურების განვითარება-აღორძინების საკითხი. ამ კუთხით ბევრი ახალგაზრდა განათლებას ღებულობდა ევროპისა თუ მეფის რუსეთის სასწავლებლებში, რაც ქმნიდა ყველა იმ წინაპირობას განვითარებულიყო არა კოლმეურნეობები და საბჭოთა მეურნეობები, არამედ წარმატებული დამოუკიდებელი ფერმერული მეურნეობები, კოოპერატივები, მაგრამ, სამწუხაროდ, ბოლშევიკურმა წყობამ მემამულეების, წარმატებული გლეხობის შემოქმედებითი აზროვნება დააკნინა, გლეხი ფერმერული მეურნეობის გაძღოლის ცოდნას მოწყდა. ყველაფერი „ზემოდან“ კარნახით ხდებოდა. საბჭოთა ჩინოვნიკმა „ყველაფერი“ ზედმიწევნით იცოდა. ისინი წყვეტდნენ, როგორ აეთვისებინათ მიწები, რამდენი მოსავალი მიეღოთ, რამდენი ყოფილიყო საშუალო საჰექტარო მოსავლიანობა, სად მოეწყოთ მეცხოველეობის კომპლექსი, რამდენი და რა ჯიშის პირუტყვი შემოეყვანათ. მნიშვნელობა არ ჰქონდა იმას იძლეოდა თუ არა ამის, შესაძლებლობას რეგიონის ნიადაგურ-კლიმატური პირობები (ამ კონკრეტულ შემთხვევაში, აფხაზეთის რეგიონზეა საუბარი) თუმცა, ანალოგიური რამ ხდებოდა საქართველოს სხვა რეგიონებშიც.

ქვეყნებში რომლებმაც გაიარეს მონათმფლობელური, ფეოდალური, კაპიტალისტური წყობა (ამერიკა, აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპა, აზიის ქვეყნები) ფერმერული მეურნეობები. მაღალ დონეზეა განვითარებული, ძირითადად ამ ქვეყნებიდან მიღებული სოფლის მეურნეობის პროდუქციით მარაგდება მსოფლიოს მოსახლეობა. ფაქტია, რომ საბჭოთა წყობის დაშლის შემდგომ ყოფილი საბჭოთა ქვეყნებიდან ფერმერული მეურნეობები და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები ყველაზე ეფექტიანად ბალტიის ქვეყნებში მუშაობს (ჩემი აზრით, იმიტომ, რომ აღნიშნული ქვეყნები უფრო გვიან მოექცნენ საბჭოთა წყობის „ კლანჭებში“, მეტად შემორჩათ მეურნეობის გაძღოლის კაპიტალისტური მენტალიტეტი). სამწუხაროდ, საბჭოთა წყობის დაშლის პერიოდი ყველაზე მტკივნეულად დამოუკიდებელმა საქართველომ განვლო, სადაც სოფლის მეურნეობა მთლიანად მოიშალა და სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოება შუა საუკუნეების ნატურალური მეურნეობების დონემდე დაეცა. აფხაზეთში, ისე როგორც დანარჩენად დასავლეთ საქართველოში საერთოდ გაქრა ზოგიერთი კულტურის წარმოება, აიჩეხა და გადაიწვა რეგიონის შემოსავლის ძირითადი წყარო, „მწვანე ოქროდ“ წოდებული ჩაის პლანტაციები, ნაკლები ყურადღება ექცევა ციტრუსის წარმოებას, საერთოდ გამქრალია აფხაზეთის ეროვნული შემოსავლის ერთ-ერთი მთავარი წყარო თამბაქოს წარმოება, ეთერზეთები და სხვა კულტურები. გაგრძელება იქნება.

ნუგზარ ბასლანძე,

აფხაზეთის ა/რ სოფლის

მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის სპეციალისტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.