ვეტერინარია უმთავრეს ყურადღებას მოითხოვს

ვეტერინარია პრაქტიკული და სამეცნიერო საქმიანობის სფეროა, რომელიც მიმართულია ყველა სახის ცხოველის, ფრინველის, თევზის და ფუტკრის დაავადებების პროფილაქტიკისა და მკურნალობის, ადამიანისათვის ჯანმრთელი და უსაფრთხო სრულფასოვანი პროდუქტების წარმოებისა და მოსახლეობის განსაკუთრებით საშიში გადამდები დაავადებების დაცვისაკენ.

ზედმეტად მიგვაჩნია იმის მტკიცება, თუ ვეტერინარიის მნიშვნელობა საზოგადოებისა და ქვეყნისათვის რაოდენ დიდია, რომელიც სათავეს პირველყოფილი თემური წყობილებიდან იღებს, პერიოდიდან, როდესაც ადამიანმა ცხოველები მოიშინაურა და მათი ჯანმრთელობისათვის ზრუნვა იკისრა.

საქართველო სხვა უძველეს ქვეყნებთან ერთად საქონლისა და ცხვრის მოშინაურების ერთ-ერთი უძველესი კერაა. ჩვენს წელთაღრიცხვამდე ვჳ-ჳვ საუკუნეებში დღევანდელ სამხრეთ კავკასიაში პირველი სახელმწიფოები არსებობდა, ჯერ კოლხეთი, შემდეგ — იბერია, სადაც ვეტერინარული მედიცინა მაღალ დონეზე ყოფილა განვითარებული.

საუკუნეების განმავლობაში ტრადიციულად ეს დარგი ქვეყანაში ყოველთვის ასრულებდა თავის მოვალეობას.

უკანასკნელ პერიოდში ქვეყანაში მიმდინარე სასიკეთო სოციალურმა და ეკონომიურმა ცვლილებებმა სახელმწიფო ვეტერინარული სამსახურის და თითოეული ვეტერინარი სპეციალისტის საქმიანობაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა. ადრე არსებული მეცხოველეობის მსხვილი ობიექტების ნაცვლად განვითარება დაიწყო მცირე და საშუალო ფერმერულმა და გლეხურმა მრავალმხრივი მიმართულების მეურნეობებმა, რომლებიც ვეტერინარული სამსახურების ახალი მიმართულებების ჩამოყალიბებას და ათვისებას მოითხოვს.

ზემოთ აღნიშნულის განსახორციელებლად და ვეტერინარიაში თანამედროვე მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად გარკვეული დონის რეფორმა — რეორგანიზაცია უნდა გატარდეს, რომელიც კერძო მრავალპროფილიანი ვეტერინარული სერვისების შექმნას და სპეციალისტთა კვალიფიკაციის ამაღლებას შეუწყობს ხელს.

საქართველოში 14 მილიონზე მეტი ბიოლოგიური ობიექტია (თევზისა და ფუტკრის გარდა), რომლებსაც დაავადებათა ამრიდებელი პროფილაქტიკური ან სალიკვიდაციო ღონისძიებების გატარების მიზნით ყოველდღიური ზედამხედველობა, ყურადღება ესაჭიროება. ამას თუ დაემატება ეგზოტიკური დაავადების მოსალოდნელი აფეთქების რისკი, მათ წინააღმდეგ კომპლექსური ღონისძიებების შემუშავება და გატარების ხელმძღვანელობა,ამ დროს თვალსაჩინოდ გამოჩნდება ვეტერინარი ექიმის როლი, პასუხისმგებლობა და, საერთოდ, ქვეყნისათვის ვეტერინარიის დარგის მნიშვნელობა.

ამასთანავე უნდა აღინიშნოს, რომ სტატისტიკური მონაცემებით ქვეყანაში ეპიზოოტიური მდგომარეობა სახარბიელო არ არის. ყოველწლიურად რეგისტრირდება ჯილეხის, პასტერელოზის, ღორის კლასიკური ჭირის, ტრიქინელოზის, აუესკის დაავადების, ემფიზემატოზური კარბუნკულის, ფრინველის ნიუკასლის, მარეკის, პულოროზის, ლეპტოსპიროზის და სხვა არაგადამდები დაავადებების ათეულობით შემთხვევა.

უაღრესად დაძაბული ეპიზოოტიური მდგომარეობაა ცოფის დაავადების მხრივ. ყოველწლიურად შინაურ ცხოველებში 100-ზე მეტი შემთხვევა რეგისტრირდება. შემთხვევებია გარეულ ცხოველებშიც. ამის შედეგია, რომ ჰიდროფობიით ყოველწლიურად საშუალოდ 6-8 ადამიანი იღუპება. მარტო 2012 წელს 30 ათასზე მეტმა ადამიანმა მიმართა სამკურნალო ორგანიზაციებს ანტირაბიული მკურნალობისათვის. აღნიშნული ციფრები ისეთი პატარა ქვეყნისათვის, როგორიც საქართველოა, კატასტროფულია.

ასევე რთული მდგომარეობაა ბრუცელოზის დაავადებაზე როგორც ადამიანებში, ასევე — ცხოველებში. შესასწავლია ტუბერკულოზზე და ლეიკოზზე არსებული მდგომარეობაც.

ჩვენი ღრმა რწმენით, ეპიდემიოლოგიური და ეპიზოოტიური სიტუაციის გაჯანსაღება ქვეყნის კეთილსაიმედოობის აღიარებისათვის ერთ-ერთი მთავარი პირობაა. ეს საერთაშორისო ეპიზოოტიური ბიუროს, ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, მსოფლიო სავაჭრო და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, უპირობო მოთხოვნაა.

ქვეყანაში ვეტერინარული საქმიანობის რადიკალურად გაუმჯობესებისათვის პრიორიტეტულია:

  1. ვეტერინარიის სფეროში სათანადო კანონების და ნორმატიული აქტების შემუშავება-მიღება;
  2. იერარქიის მაღალი დონის სახელმწიფო ვეტერინარული ადმინისტრაციის, გარკვეულ პერიოდამდე მისი რაიონული და სოფლის სამსახურის შექმნა. სამსახურის საქმიანობის ძირითად მიმართულებად უნდა განისაზღვროს:

ქვეყანაში ვეტერინარული კეთილსაიმედოობის მიღწევა-შენარჩუნება;

ცხოველიდან ცხოველზე და ცხოველიდან ადამიანზე (ზოონოზები, ზოოანთროპონოზები) გადამდები განსაკუთრებით საშიში დაავადებების დიაგნოსტიკისა და საწინააღმდეგო ღონისძიებების გრძელვადიანი სახელმწიფო პროგრამების შემუშავება და განხორციელება;

ქვეყნის ტერიტორიების დაცვის უზრუნველყოფა საზღვარგარეთის ქვეყნებიდან ცხოველთა გადამდები დაავადებების აღმძვრელების შემოტანისა და გავრცელებისაგან;

მოსახლეობის დაცვა ცხოველებისა და ადამიანებისათვის საერთო გადამდები დაავადებებისაგან;

ვეტერინარულ-სანიტარული თვალსაზრისით კეთილსაიმედო მეცხოველეობის პროდუქტების, ნედლეულის წარმოების და რეალიზაციის უზრუნველმყოფი ღონისძიებების განხორციელება;

სოფლად კერძო ვეტერინარული სამსახურების ჩამოყალიბების და სამუშაო პირობების შექმნის ხელშეწყობა;

კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტ-ნედლეულის ექსპორტისა და იმპორტის განხორციელებაზე კანონით დადგენილი ზედამხედველობისა და კონტროლის განხორციელება.

  1. მაღალკვალიფიციური და მრავალპროფილიანი ვეტერინარი სპეციალისტების აღზრდა, რომლის დეფიციტი დღევანდელი განათლების სისტემის პირობებში მოსალოდნელია;
  2. ვეტერინარიაში აქტუალურ საკითხებზე სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის აუცილებელი სტიმულირება-ხელშეწყობა.

ცეზარ მაჩიტიძე,

ვეტერინარიის მეცნიერებათა დოქტორი

ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო №27 (2013წ.)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.