აგრარული განათლებადარგებივეტერინარია

„აფრიკული ღორის ჭირი ვიდრე ბოლო ღორს არ გამოიყვანს საღორიდან, არ გაჩერდება“

 მეღორე ფერმერებს ყოველდღიურად ეხოცებათ ღორი, მათი ზარალი დღითიდღე იზრდება. დიაგნოზი გაურკვეველია. სავარაუდოდ, ღორის აფრიკული ცხელება კვლავ აქტუალურია, გამოსავალი კი არ ჩანს. მათ არც კომპენსაციას სთავაზობს ვინმე და არც პრობლემის გადაჭრის გზებს. ფერმერები პირად საუბრებში გამოთქვამენ წუხილს, რომ მათ მიერ გაღებული უზარმაზარი ენერგია, შრომა, თავდადება და, რაც მთავარია, ფინანსები, წყალში გადაიყარა. რაც მთავარია, ფერმერებმა არ იციან, რას ფიქრობს სახელმწიფო ამ საკითხთან მიმართებაში და რა იქნება ხვალ. თუმცა, ამ ყველაფერზე ისინი ხამამაღლა არ საუბრობენ. დუმს სახელმწიფოც.


რა ვითარებაა ქვეყანაში, როგორ უნდა ვებრძოლოთ ამ დაავადებას, როგორ ვლინდება ცხოველში ღორის აფრიკული ცხელება, რა სიმპტომებით ხასიათდება ის და როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ ღორი ცხელებისგან დაავადდა და, საერთოდ, ღირს თუ არა დღეს ღორის მოშენება? ამ და სხვა კითხვებზე გვპასუხობს „ასოციაცია მომავლის ფერმერის” მთავარი ვეტერინარ-კონსულტანტი, ბიოლოგიის მეცნიერების დოქტორი მიხეილ ჭიჭაყუა, რომელიც აქვე პრაქტიკულ რჩევებს გააცნობს მეღორე ფერმერებს.

— ბატონო მიხეილ, რა სიმპტომებით ხასიათდება აფრიკული ცხელება?

— მხოლოდ სიმპტომებით ამის დადგენა არ ხერხდება, რადგან ღორის სხვა ინფექციურ დაავადებებსაც ახასიათებს იგივე ნიშნები. მცირე ინფორმაციით ძნელია განისაზღვროს, თუ რა დაავადებასთან გვაქვს საქმე. ვარაუდი შეიძლება გამოთქვა მას შემდეგ, როცა სულ მცირე, გაირკვევა, ღორები კლასიკურ ჭირზე, პასტერელოზზე, წითელ ქარსა და ცრუ ცოფზე (აუესკის დაავადება) აცრილები არიან თუ არა.

ღორის აფრიკული ჭირის ზოგიერთი სიმპტომი წააგავს კლასიკურ ჭირს, მაგრამ აქვს სხვა წარმოშობა. აფრიკული ჭირის დაავადების გამომწვევია დნმ, რომელსაც შეიცავს ვირუსი –Asfivirus, Asfarviridae-ს   ოჯახიდან, ხოლო კლასიკური ჭირის ვირუსის სახე – Pestivirus, Flaviviridae-ს ოჯახიდან.

მას შემდეგ, რაც ვეტერინარულ-სანიტარული წესების დაცვით ჩატარდება ზემოთნახსენები დაავადებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკური აცრები, დავაკვირდეთ ცხოველის მდგომარეობას. ღორს დასაწყისში ეწყება ტემპერატურის მოულოდნელი აწევა 40,5-42 გრადუსამდე და მეტადაც, პულსი აჩქარებულია 24-48 წუთში, ტემპერატურა დაბლა იწევს, სუნთქვა ზედაპირულია, ირღვევა მოძრაობის კოორდინაცია, ვითარდება ნერწყვდენა, ტემპერატურის აწევიდან 48-72 საათში ცხოველი კვდება (ზემწვავე ფორმა).

მწვავე ფორმის დროს კლინიკური ნიშნები შემდეგნაირად გამოიხატება: სხეულის ტემპერატურა მომატებულია — 40,5 გრადუსს აჭარბებს. სიკვდილამდე რამდენიმე საათით ადრე ტემპერატურა 35 გრადუსამდე ეცემა, ღორს ეწყება მოუსვენრობა, კონიუნქტივიტი, კანის ჰიპერემია, თუმცა, მადას ინარჩუნებს. ეწყება წყურვილი. ავადმყოფ ღორს სიარულის თავი არ აქვს და წევს, სიარულის დროს ბარბაცებს, უკანკალებს კუნთები, ემართება უკანა ფეხების დამბლა, კუდი მოშვებული აქვს. შეიძლება ცხვირიდან სისხლდენაც დაეწყოს, სუნთქვა წყვეტილია, აქვს ხველა. გულმკერდის პალპაციისას გამოიხატება მტკივნეული რეაქცია. მაკე ნეზვები ბერწდებიან, კანი აქვთ ციანოზური. ყელის, გულმკერდის, მუცლის და კიდურების შიგნითა ზედაპირზე დაავადების ბოლოს ვხედავთ მრავლობით წერტილოვან სისხლჩაქცევებს, იწყება საჭმლის მომნელებელი სისტემის აშლილობა, შეიძლება განვითარდეს პირღებინება სისხლიანი ამონაღებით, ვლინდება მენინგო-ენცეფალიტის ნიშნები, რომელიც მიმდინარეობს კრუნჩხვებით, კიდურების პარეზებით და დამბლით — დაავადება 4-7 დღეში სიკვდილით მთავრდება (მწვავე ფორმა).

დაავადება შეიძლება მიმდინარეობდეს ქრონიკული ფორმით. აქვს იგივე ნიშნები, შედარებით სუსტად გამოხატული, ავადმყოფობა ორი კვირა, ზოგჯერ მეტიც გრძელდება და უმეტესად სიკვდილით მთავრდება. დაავადებაგადატანილი ღორი (თუ ასეთი არის) რჩება ვირუსის მატარებლად მთელი სიცოცხლის განმავლობაში. ავადმყოფ ცხოველს აღენიშნება პნევმონია, მადა შენარჩუნებულია, გამხდარია, სხეულის სხვადასხვა ადგილებში უვითარდება კანის ნეკროზი. დაავადება შეიძლება რამდენიმე თვე გაგრძელდეს. პათანატომიური კვეთისას თითქმის ყველა ლიმფური კვანძი და პარენქიმური ორგანო (ღვიძლი, თირკმელი)  გადიდებულია, განსაკუთრებით ელენთა. ღორის ნებისმიერი ინფექციური დაავადების დროს ფერმერებმა უნდა მიმართონ ვეტერინარ ექიმს.

საერთოდ, ეს დაავადება 4-5 წელიწადში ერთხელ ფეთქდება.

— როგორ მოიქცეს ფერმერი, თუ ცხოველს აფრიკული ცხელების სიმპტომები აქვს?

— როგორც ზემოთ აღვნიშნე, ფერმერმა ცხოველის ნებისმიერი ინფექციური დაავადების დროს უნდა მიმართოს ვეტექიმს, მოახდინოს საეჭვო  ღორების იზოლაცია. დაავადებულები გაანადგუროს უსისხლო მეთოდით მუნიციპალიტეტის ვეტერინარულ სამსახურთან შეთანხმებითა და ზედამხედველობით.

— რა უნდა გააკეთონ ფერმერებმა იმისთვის, რომ ღორი აფრიკული ცხელებით არ დაავადდეს?

— ეს არის ღონისძიებების მთელი ნუსხა, რომელსაც უნდა ატარებდეს გლეხი თუ ფერმერი ადგილობრივი ვეტერინარული სამსახურის მითითებით, თუ ადგილმდებარეობა გამოცხადებულია დაავადების კერად. გასატარებელი ღონისძიებები უნდა შედიოდეს იმ საკარანტინო წესებში, რომელიც მითითებულია აღნიშნული დაავადების დროს, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ობიექტის კარანტინის პირობებში მუშაობა. ვინაიდან საქართველოში დაფიქსირდა ღორის აფრიკული ჭირი, მოსახლეობას ვაფრთხილებთ, არანაირი ფორმით არ შეინახონ ღორის ხორცი.

— როგორ მოიქცნენ ფერმერები, რომელთა ღორებსაც ცხელება ჯერ არ შეხვედრიათ, თუმცა, სოფელში დაავადება გავრცელებულია?

— ამის შესახებ ზემოთ აღვნიშნეთ. დავამატებ, რომ ძირითადად ამ დაავადების გავრცელების გამო საქართველოში ღორის სულადობა საკმაოდ შემცირებულია. დღეს დარგის არსებობა-არარსებობის საკითხი დგას. გადაშენების გზაზეა ან გადაშენდა არა მარტო შემოყვანილი, არამედ ადგილობრივი ენდემური ჯიშებიც, რომელთაც 2-3 ათასი წლის ისტორია აქვთ. დაავადება ისეთია, თუ არ შეეწინააღმდეგე სახელმწიფოებრივ დონეზე აფრიკული ჭირის საწინააღმდეგო ღონისძიებების აღიარებული საერთაშორისო სტანდარტებით, შედეგი ცუდი იქნება. სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ ხალხს თითქმის ყოველდღე უნდა ვაწვდიდეთ სათანადო ინფორმაციას მედიის საშუალებით. რეგიონებში უნდა არსებობდეს ძლიერი ვეტერინარულ-სანიტარული სამსახური, რომლის მუშაობის შედეგი უნდა აისახოს მოსახლეობაში ღორის სულადობის გაზრდით. არ დაგვავიწყდეს, რომ საქართველოში 2008 წლამდე 600 ათასზე მეტი ღორი იყო და მაჩვენებელი დინამიკაში იზრდებოდა. დღეს ამ რაოდენობის 15 %-იც არ არის შემორჩენილი. არადა, ერთ-ერთი ცნობილი ვეტექიმი, პროფესორი ჯემალ ბაბაკიშვილი იტყოდა, აფრიკული ღორის ჭირი ისეთი დაავადებაა, სანამ ბოლო ღორს არ გამოიყვანს საღორიდან, არ გაჩერდებაო.

— სოფლებში, სადაც ღორები დახოცილა, ადგილობრივები ამბობდნენ, რომ ხშირად ლეში მდინარის ნაპირებზე ეგდო. რა შეიძლება გამოიწვიოს ამან?

— დაავადებული ღორის ლეშის ქუჩაში დაგდებაზე საუბარიც არ შეიძლება, რადგან ასეთმა ლეშმა შეიძლება დააავადოს არა მარტო სოფელი და რაიონი, არამედ მთელი რეგიონიც კი, მით უმეტეს, თუ ღორი აფრიკული ცხელებით დაიღუპა. აფრიკული ცხელების დროს რეგიონში ცხადდება მკაცრი კარანტინი. დაავადებული ღორები შესაბამისი წესით უნდა დაიწვას.

— სოფლებში ვეტერინარები ამბობენ, რომ ხშირად ფერმერმა არ იცის, როგორ გაუმკლავდეს პრობლემას. თქვენ სამსახურს თუ შეუძლია დაეხმაროს ასეთ დროს ფერმერებს და როგორ უნდა შეძლონ მათ თქვენთან დაკავშირება?

— ჩვენი ცხელი ხაზის ნომრებია: 597 141-093, 597 915-367. ნებისმიერ დროს შეუძლია გლეხს, ფერმერს, დაგვიკავშირდეს და ჩვენ ყველანაირად შევეცდებით სხვადასხვა პრობლემის (მაგრამ არა აფრიკული ჭირის) გადაჭრაში დავეხმაროთ და ვურჩიოთ, როგორ მოიქცნენ.

ვფიქრობ, ბოლო დროს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის დახმარებით მთელ საქართველოში ვეტერინარმა ექიმებმა სათანადო სწავლება-ტრენინგები გაიარეს და გადიან, ამიტომ საჭიროა სახელმწიფომ ეს ვეტერინარები გამოიყენოს. ისინი უნდა გადანაწილდნენ სხვადასხვა სოფელში. თუნდაც 2-3  სოფელს ერთი ვეტექიმი მიამაგრონ. ვეტექიმები მინიმუმ ინფორმაციულ კონტაქტს მაინც უზრუნველყოფენ, ჩაატარებენ საქონლის სტატისტიკურ აღრიცხვას, დაადგენენ ცხოველის განადგურების სავარაუდო მიზეზს და სხვა. ანუ სახელმწიფოს ექნება რეალური ინფორმაციები სოფლების დონეზე. სწორედ ამ ინფორმაციებს უნდა დაეყრდნოს შემდგომ მეღორეობის, როგორც დარგის, განვითარების პროგრამა. ცნობისთვის, საქართველო წელიწადში, თუ არ ვცდები, 40 000 ტონა ღორის ხორცს მოიხმარს, რაც მინიმუმ 200 მილიონი ლარია. ეს თანხა ყოველწლიურად ქვეყნიდან გაედინება. ჩვენ გვაქვს რეზერვი, რომ გვყავდეს 1 მლნ-მდე ღორი და ეს დარგი შემოსავლიან მიმართულებად ვაქციოთ სოფლის მეურნეობაში.

და ბოლოს, არსებულ სიტუაციაში ფერმერებს ვურჩევთ თავი შეიკავონ 4-5-ზე მეტი დედა ღორის ყოლისგან, ვიდრე არ შეფასდება კონკრეტულ ადგილზე ცხელების გავრცელების ინტენსივობა. ჩაკეტილი სივრცის (ფერმის) შემთხვევაშიც რჩება დაავადების გავრცელების საშიშროება.

გირჩევთ და გაფრთხილებთ! არ შეინახოთ არანაირი ფორმით ღორის ხორცი, რომელიც მიღებულია ღორის აფრიკული ცხელების გავრცელების სავარაუდო ზონიდან, ფერმიდან, ვინაიდან თქვენ, შესაბამისად, ინახავთ დაავადებასაც.

ვირუსი არის ძალიან მდგრადი: პროდუქტებში, წყალსა და გარემოში ინახება თვეების განმავლობაში. ყინვა და სიცხე მასზე არ მოქმედებს. ნადგურდება მხოლოდ მაღალ ტემპერატურაზე გაცხელებით.

ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რაც უნდა იცოდეს ფერმერმა:
  1. არ დაუშვათ უცხო პირი ფერმის ტერიტორიაზე.ღორები იყოლიეთ ჩაკეტილ სივრცეში სხვა ცხოველთან კონტაქტის გარეშე.
  2. არ კვებოთ ღორები ცხოველური წარმოშობის საკვებით და ე.წ. სასადილო ნარჩენებით. შეიძინეთ მხოლოდ სამრეწველო წარმოების საკვები. დანარჩენი გააცხელეთ 80 გრადუსამდე და მეტზე.
  3. ყოველ 10 დღეში დააამუშავეთ საღორე სისხლისმწოველ მწერებზე (ტკიპა, ტილი, ბუზი), ებრძოლეთ მღრღნელებს.
  4. ინტენსიურად გამოიყენეთ სადეზინფექციო საშუალებები, რომლებიც უშუალოდ ღორის აფრიკული ცხელებისთვის (ჭირის) არის რეკომენდებული (მაგ. ეკოციდი, ასევე 3% ნატრიუმის ტუტის და 2%-იანი ფორმალდეჰიდის ცხელი ხსნარი).
  5.  დაკვლის წინ მოახდინეთ დაკვლისწინა დათვალიერება. სასურველია დაკვლა ხდებოდეს სპეციალიზებულ სასაკლაოზე. ვინაიდან ჩვენთან გავრცელებულია აფრიკული ცხელება, ხორცის ვეტერინარულ-სამედიცინო ექსპერტიზა უნდა ხდებოდეს სახელმწიფო ვეტერინარული სამსახურის სპეციალისტების მიერ ინტენსიურად, ბაზრებში განთავსებული ხორცის სექტორის პროდუქტის მაინც.
  6. 6. ადგილობრივი თუ შემოყვანილი ღორები უნდა იცრებოდეს კლასიკურ ჭირზე, წითელ ქარზე, აუესკზე, პასტერელოზზე.
  7.  დაკლული ცხოველის ნარჩენები არ გადავყაროთ, დავწვათ.
  8.  არ დაამუშაოთ დაცემული ან დაავადებული დაკლული ღორის ხორცი, რადგან ის ხელს შეუწყობს დაავადების შემდგომ გავრცელებას.

სამწუხაროდ, დაავადება სულ უფრო ვრცელდება. ეს არის ვირუსული დაავადება, რომელიც ნებისმიერ ასაკში სწრაფად და ადვილად აავადებს როგორც გარეულ, ისე შინაურ ღორს. ლეტალობა 50-100%-იანია.  მეცნიერები ეძებენ ვაქცინას აფრიკული ცხელების საწინააღმდეგოდ, თუმცა უშედეგოდ. ვირუსი მუდმივად განიცდის მუტაციას. თუ ადრე სიკვდილიანობა იყო 100%, ახლა დაავადება ღორებში ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს და იღებს ქრონიკულ ფორმას. შეიძლება ღორი არ მოკვდეს, მაგრამ იყოს დაავადების მატარებელი. ამიტომ ყველა ღორი, რომელიც მოექევა დაავადების ზონაში, რეკომენდებულია განადგურდეს უსისხლოდ და ხორცი დამუშავდეს თერმულად.

დაავადება მკურნალობასა და ვაქცინაციას არ ექვემდებარება. დაავადება რომ შევაჩეროთ და მოვაქციოთ რაღაც მინიმალურ საკარანტინო ჩარჩოში, აუცილებელია დაავადების მონიტორინგი, სარეალიზაციოდ გატანილი გაყინული თუ ახალი ხორცის გამოკვლევა. ამ საქმეს დროული და გულისხმიერი დამოკიდებულება სჭირდება, თუ გვინდა, რომ ღორის მოშენების პერსპექტივა გვქონდეს ოდესმე. აღარაფერს ვამბობთ ადგილობრივი ენდემური ჯიშების შენარჩუნებაზე, რომლის არსებობაც თითქმის საეჭვოა.

ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“