ამ დარგებში საქართველოს შრომისუნარიანი მოსახლეობის დიდი ნაწილის დასაქმება შეიძლება

X საუკუნის უდიდესი ეკონომისტი და მონეტარული ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი ფუძემდებელი მილტონ ფრიდმანი წერდა: „ბაზარი შემოქმედია, მას ძალუძს აღმშენებლობა. მთავრობა, რომელიც ცდილობს საბაზრო ძალების დამორჩილებას, მხოლოდ შეცდომებს უშვებს”. იგივე ფრიდმანი სხვა ნაშრომში შემდეგნაირად მოძღვრავს მთავრობებს: „თუ ეკონომიკაში ყველაფერი წესრიგშია, იმოქმედე ისე, როგორც მოქმედებდი, მაგრამ თუ ძალებს იკრებს უარყოფითი ტენდენციები, მოძებნე, სად დაუშვი შეცდომა და შეიმუშავე მისი გამოსწორების გზები”.

როგორც ხედავთ, სულმნათი მ. ფრიდმანი ეკონომიკაში ხელისუფლების ჩაურევლობასაც ქადაგებს და ჩარევის აუცილებლობასაც. მის ამ გაორებულ შეხედულებას შეიძლება ასეთი ახსნა მოვუძებნოთ: მ. ფრიდმანის აზრით, ქვეყნის საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლა ხელისუფლის დეკრეტით კი არ უნდა მოხდეს, არამედ ხელისუფლებამ ყველა ღონე უნდა იხმაროს იმისათვის, რომ ძველ ეკონომიკურ ურთიერთობათა ადგილზე ააშენოს ახალი, ე.ი ხელი შეუწყოს ქვეყანაში ეკონომიკურ ურთიერთობათა სუბიექტების: ბიზნესმენების, მეწარმეთა და ფერმერთა კლასის ჩამოყალიბებას, მერე კი, როცა ეკონომიკას გამართავს, გვერდზე გადგეს და მანამდე აღარ ჩაერიოს მათ საქმეში, სანამდე ეკონომიკის განვითარებაში უარყოფით ტენდენციებს არ შენიშნავს.

ჩვენი სახელოვანი ეკონომისტი, პროფესორი დ. იაკობიძე იმ მთავრობაზე, რომელიც თავისი ლიბერტარიანელობით ამართლებს ეკონომიკაში ჩაურევლობას, ამბობს: „ასეთი ხელისუფლება ამით თავისი უმოქმედობის გამართლებას ცდილობს”. როგორც ხედავთ, მეცნიერება ეკონომიკაში მთავრობის გონივრული ჩარევის არა მარტო მომხრეა, არამედ საბაზრო ეკონომიკის მთავარ შემოქმედად მიაჩნია.

ისეთი პატარა ქვეყნის მეურნეობის გამართვას და ხალხის დასაქმებას, როგორიც საქართველოა, რამდენიმე საბაზისო დარგის განვითარება ჰყოფნის, მერე კი ზედნაშენი ჯეჯილივით წამოვა და ქვეყანაც დასაქმდება. ეს საბაზისო დარგები და გამოუყენებელი რეზერვები საქართველოში საჭიროზე მეტია. სამწუხაროდ, ამისათვის ვერცერთმა პირველმა პირმა ვერ მოიცალა.

ჩემი ამ წერილის მიზანია ორი ასეთი გამოუყენებელი რეზერვი გავაცნო მკითხველს, იქნებ საერთო ძალისხმევით დავძრათ ისინი ადგილიდან.

ქვეყანაში მონოკულტურა ვაზია და ქვეყნის გადარჩენის მონობაზისი, სადაც ის უნდა მივიჩნიოთ, ღვინო მსოფლიო ბაზარზე (სადაც ჩვენ ღირსეულად არასდროს ვყოფილვართ წარმოდგენილნი) ყოველთვის ძვირად ფასობდა. სამწუხაროდ, ჩვენ ამით არასდროს გვისარგებლია და ვერც ვერასდროს ვისარგებლებთ, რადგან ჩვენ ისე როგორც დანარჩენი მსოფლიო მეღვინეობა, ევროპული ტიპის, მუხის მერქნის ორგანული ნივთიერებით გაჯერებულ ღვინოს ვყიდით. ამ ღვინის ავტორად კი ევროპა ითვლება და ისინი ავტორთათვის განკუთვნილ ფასს იღებენ, ჩვენ კი წამბაძველები ვართ და ფასსაც გაცილებით ნაკლებს უნდა დავჯერდეთ და ვჯერდებით კიდეც.

საქართველო ღვინის ქვეყანაა, სუფრის ნატურალური ღვინის ქვეყანაა, ქვევრის და ქვევრის ღვინის ქვეყანაა. ეს ფაქტი ჩვენი გამოუყენებელი რეზერვია, ჩვენი კოზირია, რითაც ჩვენ მსოფლიო ღვინის ბაზარზე უნდა შევიდეთ.

გასულ წელს იუნესკომ ქვევრი და ქვევრის ღვინო მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანა და მემკვიდრედ ჩვენ გამოგვაცხადეს. ეს ფაქტი, გარდა ჩვენი წინაპრის ნაღვაწის მსოფლიო აღიარებისა, იმას ნიშნავს, რომ დადგა ჩვენი ქვევრის ღვინის დრო მსოფლიო ღვინის ბაზარზე. სამწუხაროდ, ჩვენმა ხელისუფლებამ და ქვეყნის მეღვინეობამ ღვთის ეს წყალობა ცნობად მიიღო და მეტი არაფერი, არადა ქვევრის და ქვევრის ღვინის წარმოებით ნახევარი საქართველოს შრომისუნარიანი მოსახლეობის დასაქმება შეიძლება.

ქვევრის ღვინო მსოფლიოსათვის მართალია ეგზოტიკაა, მაგრამ ჭეშმარიტმა მეღვინეებმა და ღვინის სპეციალისტებმა მასში ჭეშმარიტი ნატურალური ღვინო დაინახეს, ამიტომ ბოლო ორი ათეული წელია მოდიან საქართველოში და მიაქვთ ქვევრები, ადუღებენ ქვევრში ღვინოს, მერე მუხის კასრში ავარგებენ და ქვევრის ღვინოდ ჰყიდიან. ე.ი ღვინის ბაზარზე ქვევრის ღვინოდ მკვიდრდება რაღაც უმსგავსოება, ჩვენ კი ამ დროს არხეინად გვძინავს და ჩვენი წინაპრის მიერ გადმოცემული ეს საუნჯე უპატრონოდ გავუშვით ევროპაში. ევროპელი მეღვინეების ეს შეცდომა კი გამოწვეულია იმ მიზეზით, რომ ქვევრთან ერთად მყიდველს არ ვატანთ ქვევრის ღვინის დამზადების კლასიკურ ტექნოლოგიას, რომელიც, სამწუხაროდ, სახელმწიფოს ეგიდით შექმნილი კომისიის მიერ დაწერილ-დამტკიცებული ჩვენც არ გვაქვს.

ცნობილია, რომ ჩილეს მთავრობამ თავიანთი ღვინის მსოფლიო ბაზარზე დამკვიდრებისათვის 8 მილიარდ დოლარზე მეტი გაიღო. რა დაგვიჯდება ჩვენ, ქართველებს, ქვევრის ღვინის წარმოება მსოფლიო მეღვინეობის განვითარების ერთ-ერთ ძირითად მიმართულებად რომ ვაქციოთ?

  1. უნდა შეიქმნას სახელმწიფო კომისია, რომელიც შეისწავლის იმ მექანიზმს, რომელიც ქვევრში დავარგებულ ახალგაზრდა ღვინოს განუმეორებელი გემოს და ბუკეტის ღვინოდ რომ აქცევს. ამავე კომისიამ უნდა აღადგინოს და დაამტკიცოს ქვევრის ღვინის კლასიკური ტექნოლოგია და დააპატენტოს საერთაშორისო მასშტაბით, რათა ყველანაირ ღვინოს ქვევრის ღვინო აღარ დაარქვან.
  2. მართალია საზღვარგარეთელი მეღვინეები დიდ ინტერესს იჩენენ ქვევრისადმი და მათ მოვლენებსაც კი გაუსწრეს წინ, მაგრამ რეკლამა მაინც აუცილებელია. პარალელურად მუხის კასრზე და მასში დავარგებულ ღვინოზე უნდა ითქვას და დაიწეროს ის სიმართლე, რაც ფაქტია.

ქვევრის ღვინის მსოფლიო მასშტაბით გავრცელებას ყოველწლიურად ათი ათასობით მაღალი ხარისხის ქვევრი დაჭირდება. ეს პრობლემა დიდი ხნის გადაწყვეტილია. კერძოდ, შექმნილი მაქვს ქვევრის დამზადების მექანიკური მეთოდი, რომლის გამოყენებით ერთ დღეში ნებისმიერი ზომის ქვევრის დამზადება შეიძლება (სველი ვარიანტი).

საზღვარგარეთ ქვევრის ღვინის წარმოების დამკვიდრება საშუალებას მოგვცემს ყოველწლიურად ათი ათასობით ქვევრი გავიტანოთ ექსპორტზე და ამით ათასობით კაცი დავასაქმოთ. პარალელურად ევროპელი მეღვინეები იზრუნებენ ქვევრის ღვინის ფასზე, ჩვენი ქვევრის ღვინო კი, როგორც ავტორთა ღვინო, ამჯერად მაღალ ფასს დაიმკვიდრებს მსოფლიო ღვინის ბაზარზე.

საქართველოს ყველა კუთხე-კუნჭულში ადგილწარმოშობის საუკეთესო საღვინე ყურძენი გვაქვს, რომელთაგან ადგილწარმოშობის მაღალი ხარისხის სამარკო ღვინო მზადდება. ყოველწლიურად ათიათასობით ექსპორტზე გატანილი ქვევრი და მაღალ ფასში გაყიდული მილიონობით ბოთლი ქვევრის ღვინო მილიარდებს შემოიტანს ქვეყანაში, პარალელურად ხალხიც ბევრი დასაქმდება.

როგორც ხედავთ, ამ საქმის ფეხზე დაყენებას არც ისე დიდი თანხა უნდა. სახელმწიფოს მხარდაჭერა აქ ფინანსურზე უფრო მორალური უნდა იყოს. ბევრი რამ მთავრობის სახელით უნდა გაკეთდეს, რადგან დონეა საჭირო. ქვევრის ღვინის კლასიკური ტექნოლოგია არა მარტო უნდა დაიწეროს, არამედ ცხოვრებაშიც უნდა გატარდეს, ეს კი მხოლოდ მთავრობას შეუძლია.

შაქრის ჭარხალი
მოსახლეობის დასაქმების მეორე დიდი რეზერვი ქვეყანაში შაქრის ჭარხლის წარმოების აღდგენაა. დაბა აგარაში გვაქვს შაქრის მწარმოებელი ქარხანა, რომელიც საზღვარგარეთ ნაყიდ ნახევარფაბრიკატზე მუშაობს. ქარხანას ჰქონდა და გაუნადგურეს ჭარხლის პირველადი გადამუშავების ხაზი, სადაც ქართლის ტერიტორიაზე მოყვანილ შაქრის ჭარხალს გადაამუშავებდნენ. იყო წლები ჭარხალი საქართველოში 5 ათას ჰექტარზე ითესებოდა და საკუთარი ნედლეულით 50 ათას ტონაზე მეტ შაქარს ვაწარმოებდით. დღეს ქარხანა შემოტანილი ნედლეულით საშუალოდ 150 ათას ტონა სასაქონლო შაქარს აწარმოებს, რომელიც სრულად აკმაყოფილებს მოთხოვნას შაქარზე.

ბოლო წლებში მსოფლიოში მასიურად დაიწყეს შაქარშემცველი კულტურების გამოყენება ბიობენზინის წარმოებაში, ამიტომ შაქრის ნახევარფაბრიკატი ყოველწლიურად ძვირდება და დეფიციტი ხდება. მიღწეულია სიტყვიერი შეთანხმება ქარხნის მეპატრონესთან ჭარხლის პირველადი გადამუშავების ხაზის აღდგენის შესახებ, პირობად კი ითხოვს გარანტიას აღვადგინოთ ქვეყანაში შაქრის ჭარხლის წარმოება და გლეხმა ქარხანას ჭარხალი ჩააბაროს. მალე გაირკვევა გლეხის პოზიციაც. ისინი აუცილებლად მოითხოვენ გარანტიას, მოყვანილი ჭარხალი მისაღებ ფასში ჩაიბაროს ქარხანამ. ეს საკითხები განვითარებული საბაზრო ეკონომიკის ქვეყანაში ქარხნის მეპატრონესა და გლეხს შორის მოლაპარაკების გზით წყდება, ჩვენ კი ასეთი საბაზრო ურთიერთობებისაგან ჯერჯერობით შორს ვართ, ამიტომ ორივე მხარის გარანტორად ხელისუფლება უნდა დადგეს. მით უმეტეს გლეხს და ფერმერს წარმოების გამართვისათვის დაბალპროცენტიანი და გრძელვადიანი სესხი დასჭირდება.

ჩემი გათვლებით საკმარისი რაოდენობის ჭარხლის მოყვანას 15-18 ათასი ჰექტარი მიწის სავარგული ესაჭიროება, დანარჩენებისაგან მიიღება მაღალი ხარისხის სპირტი და ლიმონმჟავა, საბოლოო ნარჩენები კი გამოიყენება მეცხოველეობაში. ასე რომ, საბოლოო ჯამში 20 ათას კაცზე მეტი დასაქმდება.

აი, სულ ესაა, პატივცემულო მკითხველო. როგორც ხედავთ, ორი გამოუყენებელი რეზერვის ამოქმედებით, რომლის ფეხზე დაყენებას არც ისე დიდი თანხა ესაჭიროება (ქვეყნის მასშტაბით), შეუძლია ათი ათასობით კაცი დაასაქმოს და ღირსეული ანაზღაურება გაუჩინოს.

აგარის შაქრის ქარხანა მშიერი პროლეტარის ხელით აშენდა 1932 წელს მშიერმა ქვეყანამ მაშინ შაქრის ქარხნის აშენებაც შეძლო და შიშველი ხელებით და კავით შაქრის ჭარხლის (ქვეყნისათვის ახალი კულტურა) მოყვანაც ისწავლა.

ჩვენ და ჩვენს ხელისუფლებას დღეს რა გვემართება?

ჟორა გაბრიჭიძე

ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“