საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, ქვეყნის აგრარული დარგის ძირითადი მიზანი სასურსათო უსაფრთხოების მიღწევაა.

გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისისათვის მეჩაიეობა საქართველოს სოფლის მეურნეობის ერთ-ერთ წამყვანი დარგი იყო, რომელიც ჩვენი სუბტროპიკული ზონის ფრიად შეზღუდული შესაძლებლობების პირობებში 65,1 ათასი ჰექტარი ჩაის პლანტაციებიდან 512 ათას ტონა ნედლეულს და 130 ათას ტონაზე მეტ მზა პროდუქციას ამზადებდა. ეს კი საქართველოს სუბტროპიკული ზონის მოსახლეობის ცხოვრების მაღალი დონის ძირითად საფუძველს წარმოადგენდა, რაშიც მნიშვნელოვან როლს სამამულო სასოფლო-სამეურნეო მანქანათმშენებლობის დარგიც ასრულებდა, რომელსაც საფუძველი აკადემიკოსმა შალვა კერესელიძემ ჩაუყარა. ქართველმა სპეციალისტებმა მისი ხელმძღვანელობით ჯერ კიდევ გასული საუკუნის 60-იანი წლების დასაწყისისათვის შეძლეს ჩაის მოვლა-მოყვანის შრომატევადი პროცესებისათვის მანქანათა მთელი კომპლექსის და მათ შორის მსოფლიოში გადაუჭრელ პრობლემად აღიარებული ჩაის ფოთლის შერჩევით საკრეფი მანქანის „საქართველოს“ და მცირეგაბარიტიანი „ჩა-900“-ის შექმნა, დამუშავება და წარმოებაში დანერგვა.


მეორე მხრივ და, არცთუ იშვიათად, ჩაიზე გაზრდილი მოთხოვნების (გაბერილი გეგმის შესასრულებლად), სათანადო სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით აღჭურვილი და შესაბამის კონტროლს მოკლებული მეჩაიეები ხხ საუკუნის 70-იანი წლებიდან მოყოლებული სულ უფრო ხშირად გაუხეშებული ფოთლით, ჩაის ხარისხის შემცირების ხარჯზე, ზრდიდნენ რაოდენობას. ჩაის ფოთლის საკრეფი სპეციალური მანქანების ნაცვლად ჩაის ფოთოლს ხშირად საკოფეინე მასალის ამღები, ჩაის ბუჩქების შპალერული სასხლავი აპარატებით აღჭურვილი, ზემაღალი წარმადობის მქონე „პბკ-1“ მარკის მოწყობილობებით კრეფდნენ, რაც ქართული ჩაის ხარისხს მკვეთრად აუარესებდა. ამის გამო ხხ საუკუნის 90-იანი წლების ცნობილი მოვლენების, აგრეთვე გასაღების ტრადიციული ბაზრის დაკარგვის შემდეგ საქართველოს მეჩაიეობამ საბაზრო ეკონომიკის პირობებში მკვეთრი დეგრადაცია განიცადა.

დღეს კი საქართველოში არსებული პლანტაციების მეტი წილი იმდენადა დაკნინებულია, რომ ხარისხოვანი ფოთლის საკრეფად მათი მასობრივი რეაბილიტაციაა საჭირო. ასევე მძიმე მდგომარეობაშია ჩაის ფაბრიკები, რომელთა აღჭურვილობა მორალურადაც და ფიზიკურადაც მოძველებულია.

აგრარულ პროდუქციაზე მოთხოვნილებასა და მიწოდებას შორის შეფარდების შეცვლის შედეგად მსოფლიო სასურსათო ბაზარზე უახლოეს ორ ათწლეულში დედამიწის მოსახლეობის ზრდით გამოწვეული რადიკალური ცვლილებებია მოსალოდნელი. ასე მაგალითად: დედამიწის მოსახლეობა, რომელმაც 1999 წლის ოქტომბრისათვის 6 მილიარდს მიაღწია, 2020 წლისათვის 8 მილიარდს გადააჭარბებს. მოხდება მოთხოვნის დომინანტის გადანაცვლება მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებიდან მოსახლეობის ზრდის მაღალი ტემპების მქონე რეგიონებში (აფრიკა, ახლო აღმოსავლეთი, ჩინეთი). თუ განვიხილავთ მსოფლიოში ჩაის წარმოების დინამიკას, ნათლად გამოიკვეთება, რომ განვითარებად ქვეყნებში შავი ჩაის მოხმარება სულ უფრო სწრაფად გაიზრდება. კერძოდ: ლათინურ ამერიკაში მოსალოდნელია 18 ათასი ტონიდან 41 ათას ტონამდე გაზრდა, ახლო აღმოსავლეთში — 282 ათასი ტონიდან — 584 ათას ტონამდე, ინდოეთში კი 413 ათასი ტონიდან — 832 ათას ტონამდე გაზრდა. ოცწლიან პერიოდში განვითარებად ქვეყნებში, საერთო ჯამში, შავი ჩაის მოხმარება 1235 ათასი ტონიდან 1950 ათას ტონამდე, ხოლო განვითარებულ ქვეყნებში პირველ ათ წელიწადში 641 ათასი ტონიდან 566 ათას ტონამდე შემცირდება, შემდეგ კი, დაახლოებით, 720 ათას ტონამდე გაიზრდება.

ცხადია, რომ ამ ფრიად მნიშვნელოვანი ფაქტორების გათვალისწინებით საქართველოში მეჩაიეობის განვითარების სამომავლო სტრატეგიის განსაზღვრა უნდა მოხდეს, სადაც ორმოცდაშვიდსაუკუნოვანი ისტორიის მქონე ჩაის კულტურა შედარებით გვიან დამკვიდრდა. მეოცე საუკუნის ოციან წლებში საქართველოში მეჩაიეობა ჯერ კიდევ ჩანასახოვან მდგომარეობაში იმყოფებოდა, ხოლო სამოცდაათიანი წლებისათვის მან ქვეყნის ეკონომიკაში უკვე ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია დაიკავა.

თავის მხრივ მეჩაიეობა იმდენად მნიშვნელოვანია საქართველოსათვის, რომ იგი სტრატეგიულ პროდუქტად უნდა ვაღიაროთ. მასთან მჭიდროდ იყო დაკავშირებული დასავლეთ საქართველოს მთელი რიგი რაიონების მოსახლეობის ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა. აქედან გამომდინარე, მეჩაიეობის დარგის აღდგენისა და რეაბილიტაციის პრობლემა არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ სოციალური და პოლიტიკური მნიშვნელობით ერთ-ერთი უპირველესი და პრიორიტეტული ამოცანაა.

გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოსათვის საქართველოში მეჩაიეობა განვითარებული იყო 26 რაიონში. 1987 წელს არსებული 59,2 ათასი ჰექტარი სრულმოსავლიანი პლანტაციიდან 593 ათასი ტონა ჩაის ფოთოლი მოიკრიფა და ჰექტარზე საშუალო მოსავლიანობამ 10017 კგ. შეადგინა. იწარმოა 104,7 ათასი ტონა შავი და 24 ათასი ტონა მწვანე ბაიხის ჩაი. გარდა ამისა, წარმოებული იქნა აგურა და გრანულირებული ჩაი, მატონიზირებელი სასმელები, კონცენტრატები და ჩაის სხვა პროდუქტები.

რესპუბლიკის ჩაის მრეწველობას ემსახურებოდა იმ პერიოდისათვის მოწინავე ტექნიკითა და ტექნოლოგიით შეიარაღებული 152 პირველადი გადამუშავების, 22 გადამწონი, 2 აგურა ჩაის საწნეხი ფაბრიკა და 3 კონცენტრატებისა და მატონიზირებელი სასმელების მწარმოებელი ქარხანა.

ქვეყანაში განვითარებული ცნობილი მოვლენების შედეგად, განსაკუთრებით ბოლო 20 წლის მანძილზე, მეჩაიეობამ უმძიმესი დანაკარგი განიცადა. აგრარული სექტორიდან ქვეყნის ბიუჯეტის შევსებისა და სუბტროპიკული ზონის მოსახლეობის ფულადი შემოსავლების ძირითადი წყაროს-მეჩაიეობის დარგის პოტენციური შესაძლებლობები ამჟამად მხოლოდ 10 პროცენტითაა გამოყენებული. პერსპექტიული ჩაის პლანტაციების ფართობები, ზემოთ აღნიშნული 65 ათასი ჰექტარიდან, 10 ათას ჰექტრამდე შემცირდა. მათ შორის ფოთოლსაკრეფ მდგომარეობაში მხოლოდ 2264 ჰექტარია.

საქართველოში ჩაის პლანტაციების შემცირების საპირისპიროდ ჩაის მწარმოებელ სხვა ქვეყნებში იგი ზრდის ტენდენციით ხასიათდება და ბოლო წლებში სულ ცოტა 100 ათასი ჰექტარითაა გაზრდილი. საყურადღებოა, რომ გაიზარდა ექსპორტიც, რაც ნაწილობრივ იმითაა გამოწვეული, რომ თავად ჩაის მწარმოებელ კლასიკურ ქვეყნებში (ჩინეთი, ინდოეთი და ა.შ.) მნიშვნელოვნად მოიმატა შიდა მოხმარებამ.

მსოფლიოში მოსახლეობის ზრდისა და სხვა ფაქტორების ზემოქმედების შედეგად ჩაიზე მოთხოვნილების ინტენსიური ზრდის პირობებში, მაშინ როცა ჩაის მწარმოებელ კლასიკურ ქვეყნებში უპირატესად იზრდება მასზე შიდა მოხმარება, ბუნებრივია, ჩაის ექსპორტის ზრდის პოტენციური შესაძლებლობები ექმნებათ იმ ქვეყნებს, რომლებშიც ჩაის შიდა მოხმარება ადგილობრივ წარმოების შესაძლებლობასთან შედარებით მცირეა. ჩაის მწარმოებელი ქვეყნების ასეთ ჯგუფს მიეკუთვნება საქართველო.

FAO-ს ბოლო მონაცემებით საქართველოს ეძლევა შესაძლებლობა მსოფლიო ბაზარზე 78-80 ათასი ტონა ჩაი გაიტანოს, რომლის შესაძლებლობაც, ბუნებრივია, ჩვენ ამჟამად უკვე აღარ გაგვაჩნია. კერძოდ, ქვეყნის მეჩაიეობის ზონის მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი შესაბამისი სამსახურების მიერ ჩატარებული ჩაის პლანტაციების ინვენტარიზაციით დადგენილია, რომ 2013 წლის ივნისისათვის საქართველოში დარჩენილია 19 203 ჰექტარი ჩაის პლანტაცია. აქედან სახელმწიფო საკუთრებაშია 12 551, ხოლო კერძო საკუთრებაში — 6 652 ჰექტარი. მათ შორის: ფოთოლსაკრეფ მდგომარეობაშია 2 453 ჰექტარი, ხოლო დანარჩენი 16 750 ჰექტარი ეკალბარდებითაა დაფარული და გატყევებულია. აღნიშნული გატყევებული ფართობიდან აღდგენას 7 153 ჰექტარი ექვემდებარებოდა, ხოლო დანარჩენი 9 597 ჰექტარი ამოსაძირკვია.

სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა „ჩაის “ მონაცემებიდან დგინდება, რომ ფოთოლსაკრეფ მდგომარეობაში მყოფი (2453 ჰა), შპალერულად გასასხლავი (433 ჰა) და აღსადგენი (7153 ჰა) ჩაის პლანტაციების (ანუ პერსპექტიულის) საერთო ფართობი დღეისათვის 10039 ჰექტარს შეადგენს.

იმის გათვალისწინებით, რომ ამჟამად მსოფლიო სამომხმარებლო ბაზარზე ჩაი ერთჯერად ან მცირე პაკეტებში დაფასოებული იყიდება, რომლის ღირებულებაც სულ მცირე ხუთჯერ მაღალია დაუფასოებელთან შედარებით, შეიძლება ითქვას, რომ ქართველ ჩაის მწარმოებლებს, ჩაის დაფასოების ამ წესის ფართოდ დანერგვის გზით, დარგში ფულადი შემოსავლების გაზრდის დიდი რეზერვი გააჩნიათ.

ეკონომიკური თვალთახედვის გარდა საქართველოში მეჩაიეობის დარგის რეაბილიტაცია საწყის ეტაპზე თუნდაც 10 ათასი ჰექტარის ფარგლებში მეტად სერიოზულ სოციალურ დატვირთვას იძენს იმ თვალსაზრისითაც, რომ დარგში დამატებით 40 ათასი კაცი დასაქმდება ანუ ამდენივე ოჯახს გაუჩნდება ყოველწლიური სტაბილური შემოსავალი.

როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, ახალი პლანტაციების გაშენების და ჩაის ფაბრიკების დღევანდელ მოთხოვნათა დონეზე აღჭურვის პრობლემების გადაჭრა მიმდინარე ეტაპზე უმეტესწილად სახელმწიფოსა და დონორი სუბიექტების სასტარტო ფინანსური დახმარებითაა შესაძლებელი. საქართველოში მეჩაიეობის რეაბილიტაციის პროცესის დაყოვნება და მისი მხოლოდ კერძო სექტორზე მინდობა დარგის განადგურების ტოლფასი იქნება, რასაც ქვეყნისათვის შორსმიმავალი მძიმე შედეგები მოჰყვება. პლანტაციების მოვლის, ჩაის ფაბრიკების გადაიარაღების და პროდუქციის რეალიზაციის პროცესების ცალ-ცალკე სუბსიდირება სასურველ შედეგს არ იძლევა. მიზანშეწონილია ამ საკითხების კომპლექსურად გადაწყვეტის ორგანიზება.

მეჩაიეობის დარგში საჭიროა განვითარდეს წარმოების გაფართოების ისეთი ხელშემწყობი ორგანიზაციული ფორმები, როგორიცაა: კოოპერატივები, სხვა სახის თანამედროვე სამეწარმეო-სამეურნეო (ფერმერული) გაერთიანებები. დახვეწას და ხელშეწყობას საჭიროებს საქართველოს ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის საქმიანობა. მიუხედავად აღნიშნულისა, არასაკმარისი, მაგრამ გარკვეული ძვრები მეჩაიეობის დარგში მაინც არის. კერძოდ, უკანასკნელ პერიოდში იკვეთება შიდა მოხმარების ბაზარზე ქართული ჩაის ხვედრითი წილის ზრდა. წინა წლების 5-6 %-იდან იგი ამჟამად 18-20%-მდეა გაზრდილი. ამასთან, ადგილობრივი ინვესტორების ძალისხმევით მოხერხდა რამდენიმე სახის ახალი ქართული ჩაის ბრენდის შექმნა. უკანასკნელი 3-4 წლის მანძილზე წელიწადში საშუალოდ იკრიფება 12-16 ათასი ტონა ჩაის ფოთოლი და 3-4 ათასი ტონა სხვადასხვა ასორტიმენტისა და ხარისხის მზა პროდუქცია მზადდება. აქედან 90% ექსპორტზე გადის, თუმცა დღემდე მოქმედ საწარმოთა უმეტესობას, ცალკეული გამონაკლისების გარდა, სუსტი ფინანსური მდგომარეობა აქვთ და გაფართოებული კვლავწარმოების შესაძლებლობები არ გააჩნიათ.

სახელმწიფოს მიზნობრივი პროგრამა „ჩაი“ ითვალისწინებს, რომ ქართულმა ჩაიმ პირველ რიგში ადგილი უნდა დაიმკვიდროს შიდა სამომხმარებლო ბაზარზე, რათა ჯანსაღი კონკურენციის გზით მინიმუმამდე შემცირდეს ჩაის იმპორტი, რომლის მიღწევაც შესაძლებელი გახდება პირველ რიგში იმპორტირებულზე მაღალი ხარისხისა და შედარებით იაფი პროდუქციის მომხმარებლისათვის სტაბილური მიწოდებით. ამასთან, ქართული ჩაი ფართოდ უნდა იქნეს წარმოდგენილი საერთაშორისო გამოფენებზე, დეგუსტაციებზე, პრეზენტაციებზე და საერთოდ მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს მისი უპირატესობების რეკლამირებას. სახელმწიფოს მხრიდან საჭიროა ქმედითი ღონისძიებების გატარება ფალსიფიცირებული, სინთეზური საღებავებით შეფერილი ჩაის შიდა ბაზარზე შემოდინების საწინააღმდეგოდ, რომელიც გარდა იმისა, რომ დაუმსახურებელ კონკურენციას უწევს ადგილობრივ ნაწარმს, მავნებელია ადამიანის ჯანმრთელობისათვის.

განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ჩაის წარმოების პროცესების გაუმჯობესებას: გაველურებული პლანტაციების აღდგენას, ახალი პლანტაციების გაშენებას, ჩაის მოვლა-მოყვანა-გადამუშავების პროცესების მექანიზაცია-ავტომატიზაციას,მზა პროდუქციის დაფასოებას და რეალიზაციას. უნდა აღდგეს ჩაის წარმოების მანქანური ტექნოლოგია,ჩაის სასხლავ-საკრეფი, მობილური და მცირე მექანიზაციის ტექნიკური საშუალებების წარმოება. მეჩაიეობაში, დღეს არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, უფრო მისაღებია მცირეგაბარიტიან მანქანათა კომპლექსის გამოყენება. ამ მიმართულებით გარკვეული ნაბიჯები გადადგმულია — შეიქმნა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, რომლის ვრცელი სამუშაო პროგრამა აღნიშნული სამუშაოების ჩატარებას ითვალისწინებს.

საქართველოს სოფლის მეურნეობის დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, დაჩქარებული ტემპით უნდა მოხდეს მეჩაიეობის აღდგენა და შემდგომი განვითარება, ვინაიდან ის დასავლეთ საქართველოს მოსახლეობის დასაქმების და ფულადი შემოსავლების პერსპექტიულ წყაროს წარმოადგენს. პარალელურად მეჩაიეობა ქვეყნისათვის ეკონომიკური გაძლიერების და თანამედროვე საერთაშორისო საბაზრო სივრცეში დამკვიდრების ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება გახდება.

შოთა ჭალაგანიძე, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის

ნამდვილი წევრი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი;

თენგიზ სვანიძე, ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტი;

ნუგზარ ებანოიძე, საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსი,

ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი