რუბრიკებისტატიები

არის თუ არა საქართველოს ექსპორტის ზრდა მდგრადი?

შრომის საერთაშორისო დანაწილებაში ჩართულობის სტაბილური და განვითარებადი ხასიათი ნებისმიერი ქვეყნის უსაფრთხოებისა და ეკონომიკური პროგრესის მნიშვნელოვანი კომპონენტია. ბევრი განვითარებული ქვეყნის სავაჭრო ბრუნვის მოცულობა ან ძალიან ახლოს დგას მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობასთან ან აჭარბებს მას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეროვნული პროდუქციის  ნახევარზე მეტი უცხოური ბაზრებისთვისაა განკუთვნილი. ქვემოთ, ცხრილში მოცემული შესაბამისი მონაცემები კარგად აჩვენებენ ამ ტენდენციას.

შერჩეული ქვეყნების მთლიანი შიდა პროდუქტი და ექსპორტის მოცულობა (მილიონი დოლარი, 2014-2016 წლების მონაცემები, შეფასება)

წყაროhttps://en.wikipedia.org/wiki/List_of_countries_by_GDP_(nominal)https://en.wikipedia.org/wiki/List_of_countries_by_exports

მიუხედავად იმისა, რომ მთლიანი შიდა პროდუქტისა და ექსპორტის მონაცემები ხელმისაწვდომია, შესაბამისად, 2015 და 2016 წლებისათვის, რაც გარკვეულ ცდომილებას არ გამორიცხავს, ცხრილიდან გარკვეული დასკვნების გამოტანა მაინც შესაძლებელია.

პირველი – რაც უფრო პატარაა ქვეყანა, მით უფრო შეზღუდულია მისი შიდა მოხმარება და, შესაბამისად, ბაზრის ზომაც. შედეგად, ამგვარი ქვეყანა უფრო მეტადაა დამოკიდებული გარე ბაზრებზე. ეკონომიკის განვითარების კვალდაკვალ, დამოკიდებულება აუცილებლად იზრდება. ეს არის ობიექტური რეალობა, რომლის უგულებელყოფაც შეუძლებელია. სხვა შემთხვევაში ქვეყანა განწირულია იზოლაციისათვის. თუ გვინდა, რომ ჩვენს ქვეყანას ჰქონდეს სწრაფი ზრდა, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ეს ტენდენციაც.

ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უპირატესობაა შედარებით სტაბილური მაკროეკონომიკური გარემო. ამჟამად ყველაზე უფრო მოწყვლადი მაკროეკონომიკური კომპონენტი შთამბეჭდავი სავაჭრო დეფიციტია. მას აქვს თავისი ობიექტური ხასიათი, საკუთარი ისტორიული წინაპირობები და ეკონომიკური მიზეზები, რომლებიც საკმარისად მნიშვნელოვანია საიმისოდ, რომ ცალკე იყოს შესწავლილი. რეალობა ისაა, რომ საქართველოს სავაჭრო ბალანსი ამჟღავნებს მდგრად დეფიციტს, რომელიც კომპენსირდება რამდენიმე კომპონენტით (მაგალითად, მომსახურება, ტრანზიტი, ტურიზმი, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, ფულადი გზავნილები), რასაც მივყავართ მეტ-ნაკლებად სტაბილური საგადასახდელო ბალანსისაკენ. განგრძობადი უარყოფითი სავაჭრო ბალანსი ქართული ეკონომიკის მთავარი გამოწვევაა. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სავაჭრო დეფიციტის ხვედრითი წილი სავაჭრო ბრუნვასთან მიმართებაში დაახლოებით 50%-ის გარშემო მერყეობს.

საქართველოს სავაჭრო დეფიციტი (მილიონი დოლარი) 

წყაროhttp://geostat.ge/?action=page&p_id=133&lang=geo

ამ მხრივ წელს გარკვეული პოზიტიური ცვლილებები შეინიშნება, ძირითადად ექსპორტის შთამბეჭდავი ზრდის დამსახურებით. თუ საქართველო შეძლებს შეინარჩუნოს ეს პოზიტიური ტენდენცია და შეამციროს სავაჭრო დეფიციტი სავაჭრო ბრუნვის დაახლოებით 25-30%-მდე, მაკროეკონომიკური გარემოს სტაბილურობა გარანტირებული იქნება ყველა თანმდევი შედეგით, მათ შორის, ეროვნული ვალუტის – ლარის კურსის სტაბილურობით.

რეალურად  არსებობს სავაჭრო ბალანსის გაუმჯობესების ორი გზა  – იმპორტის ჩანაცვლება და ექსპორტის გაზრდა. ორივე შემთხვევაში საქართველოს კარგი პოტენციალი აქვს, თუმცა ჩვენი წერილი საექსპორტო განვითარების, მისი ხასიათის, ბუნებისა და შესაძლო გამოწვევების გაანალიზების მოკრძალებული მცდელობაა.

რა არის ასე გაზრდილი ექსპორტის მიზეზი? არის კი ეს მდგრადი?

ყველაზე კარგი შედეგი, რაც აქედან მივიღეთ ისაა, რომ ევროკავშირი საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვან სავაჭრო პარტნიორად იქცა.

საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორები (2017, მილიონი დოლარი, 10 თვე) 

წყარო: http://geostat.ge/cms/site_images/_files/georgian/bop/FTrade__10_2017_GEO-with%20cover.pdf

ზედა ცხრილში დსთ-ის მაგივრად, რომელიც ტრადიციულად არის წარმოდგენილი ქართულ სტატისტიკაში, მითითებულია ევრაზიის საბაჟო კავშირი, რადგან იგი უკეთესად ასახავს ამჟამინდელ ეკონომიკურ რეალიებს. არასდროს უარსებია დსთ-ის ერთიან ბაზარს, თუმცა მისი არსებობის შესაძლებლობაც კი საბოლოოდ მოისპო რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად. დამატებით, დსთ-ის ვაჭრობის წესები, რომლებსაც ზოგადად დაკარგული აქვთ მნიშვნელობა, ვეღარ ახდენენ გავლენას საქართველოს სავაჭრო ურთიერთობებზე  აზერბაიჯანთან, მოლდოვასთან, უზბეკეთსა და ტაჯიკეთან, რომლებიც სამართლებრივად ჯერ კიდევ დსთ-ის წევრები არიან. რაც შეეხება  უკრაინას და  თურქმენეთს, მათ არ მოუხდენიათ დსთ-ის წესდების რატიფიცირება და მასზე არც  ხელი მოუწერიათ. შესაბამისად, სამართლებრივად, ეს ქვეყნები არ არიან დსთ-ის წევრები. საქართველოს სავაჭრო ურთიერთობები უკრაინასა და თურქმენეთთან რეგულირდება ორმხრივი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებით. საქართველოს საგარეო სავაჭრო ურთიერთობების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია სუამის (საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი, მოლდოვა) თავისუფალი ვაჭრობის სივრცე, რომელიც ძალაში 2003 წლის 10 დეკემბერს შევიდა (იხ.: https://guam-organization.org/en/agreement-on-establishment-of-free-trade-area-between-the-guuam-participating-states/).

ვერავინ იტყვის, რომ რუსული ბაზარი მიმზიდველი არაა. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ის ამავე დროს არის სახიფათო, არამდგრადი და ქმნის ბევრ, განსაკუთრებით პოლიტიკური ხასიათის, რისკს.

საქართველოს მთავრობის ბოლო წლების მცდელობის შედეგად, მეტ-ნაკლებად მოგვარებულიყო ორმხრივი ურთიერთობები, რუსულ-ქართული სავაჭრო ბრუნვა მნიშვნელოვნად გაიზარდა.

საქართველო-რუსეთის ვაჭრობის დინამიკა (მილიონი დოლარი) 

წყარო: http://www.geostat.ge/?action=page&p_id=133&lang=geo

დიდი ალბათობით რუსულ-ქართული სავაჭრო ბრუნვა მიმდინარე წელს 1 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს. რუსეთი გახდა ქართული ექსპორტისათვის ყველაზე დიდი ბაზარი 14.3%-ით (314 მილიონი დოლარი 2,203 მილიონი დოლარიდან), ხოლო აზერბაიჯანი მეორე ადგილს იკავებს სულ რაღაც 8.8%-ით. ქართული საექსპორტო ეკონომიკის ზოგიერთ სფეროში დომინირება უფრო დრამატულია. 2017 წლის პირველი ათი თვის განმავლობაში ქართველმა მეწარმეებმა საექსპორტოდ გაიტანეს 61 მილიონი ბოთლი ღვინო, საერთო ღირებულებით 134.6 მილიონი დოლარი. რუსული ბაზარი ყველაზე დიდი მომხმარებელი იყო 38.3 მილიონ ბოთლზე უფრო მეტით (62.7%, 84.6 მილიონი დოლარი), ხოლო უკრაინა მეორე ადგილზე იყო სულ რაღაც 6.2 მილიონი ბოთლით (10.1%). ეს აშკარად აჩვენებს, რამდენად სერიოზულადაა დამოკიდებული ქართული ღვინის წარმოების ინდუსტრია  რუსულ ბაზარზე. რეგიონში რუსეთის ექსპანსიური პოლიტიკისა და, განსაკუთრებით კი, ქართული ტერიტორიების მცოცავი ოკუპაციის შედეგად, ორ ქვეყანას შორის ორმხრივი პოლიტიკური კლიმატის გაუმჯობესების ძალიან მცირე შესაძლებლობა არსებობს (თუ საერთოდ არსებობს). ეს არც ორმხრივ მდგრად ეკონომიკურ თანამშრომლობის მდგრადობას უწყობს ხელს   (იხ.:http://reginfo.ge/economic/item/3540-saqartvelodan-gvinis-eqsporti-59-%E2%80%93it-gaizarda,-chachis-198-%E2%80%93it).

მედლის მეორე მხარეა ქართული ღვინის საშუალო საკონტრაქტო ფასი, რომელიც სულ 2.2 დოლარია. არსებული ტენდენციების მიხედვით, წელს ჯამში დაახლოებით 73-75 მილიონი ბოთლი ღვინო გავა ექსპორტზე. აუცილებელია იმის გათვალისწინება, რომ რაოდენობრივ ზრდას თავისი ბუნებრივი ლიმიტები აქვს. დროა დავიწყოთ ფიქრი, რომ ქართულმა ღვინომ  შეიცვალოს პოზიცია მსოფლიო ბაზარზე და გადავიდეს უფრო მაღალი დონის სეგმენტში – უფრო მცირე რაოდენობით, მაგრამ უფრო მაღალი ფასით. თუკი ეს ტენდენცია მართლაც განხორციელდება, სამომავლოდ ჩვენი ძირითადი ბაზარი რუსეთი კი აღარ იქნება, არამედ ევროკავშირი, ჩინეთი, აშშ, იაპონია და სხვა. ეს არ ნიშნავს, რომ ქართულმა ღვინომ უნდა დათმოს უკვე დამკვიდრებული ადგილი მეგობარი ქვეყნების ბაზრებზე, იქნება ეს უკრაინა, ბელარუსი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი და ა.შ., ან თუნდაც არამეგობარი ქვეყნის – რუსეთის ბაზარი. ცხადია ხარისხისა და, შესაბამისად,  ფასის ზრდის, ისევე როგორც მიმზიდველ, მაგრამ რისკიან ბაზარზე დამოკიდებულების შემცირების სტრატეგიის ჩამოყალიბებისა და განხორციელების პროცესი ფრთხილად და თანმიმდევრულად უნდა წარიმართოს.

ავტორი: ვალერი ჩეჩელაშვილი,

რონდელის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი

წყარო: www.gfsis.org