არის თუ არა საჭირო ქვევრის დაცემენტება

ქვევრის გარე ზედაპირის დაკირვის კულტურას საქართველოში ხჳ საუკუნეში ჩაეყარა საფუძველი. დაკირვის ტრადიცია ქვევრის კედლების სიმტკიცის ამაღლების მიზნით დამკვიდრდა. ეს პასუხი იყო XI საუკუნის მეორე ნახევარში საქართველოში მომხდარ მიწისძვრაზე, რომლის შედეგად ბევრი ქვევრი დაზიანებულა.

ქვევრის დაკირვის ტრადიცია გრძელდება დღემდე, იმ განსხვავებით, რომ შემკვრელ მასალად დღეს კირის მაგიერ ცემენტს იყენებენ, როგორც უფრო ხელმისაწვდომ მასალას; სამწუხაროდ, მის ტოქსიკურობას ანგარიშს არავინ უწევს, ეს კი დაუშვებელია.

ძველი ანდაზა ამბობს: „ჩვეულება რჯულზე უმტკიცესია“-ო სწორედ ასეთ ჩვეულებაში გადაგვეზარდა ჩვენ, ქართვე-ლებს ქვევრის დაცემენტების ეს არაფრისმომცემი ტრადიცია. ჩვეულება რომ არა, ჩვენი წინაპარი ასწლეულების მანძილზე, ჩვენ კი საქართველოში მომხდარი უკანასკნელი მიწისძვრების მიერ დამტვრეულ ქვევრებს, უნდა დავერწმუნებინეთ იმაში, რომ მიწისძვრის წინააღმდეგ ქვევრის დაკირვა-დაცემენტება თავის მოტყუებაა და მეტი არაფერი, რომ დაცემენტება მიწისძვრის წინააღმდეგ ქვევრს ვერაფერს შველის, დაშავებით კი ბევრს უშავებს მასში ჩასხმულ ღვინოს. ასე მაგალითად, 1991 წლის მიწისძვრის დროს ყველაზე მეტად საჩხერისა და ჭიათურის რაიონები დაზარალდა. ნგრევის ზოლმა ჩემს სოფელ მოხოროთუბანზე გაიარა, ამ ზოლში მოხვედრილი ქვევრი კი არა, ზედუბნის ციხის 1,5 მეტრის სისქის ფუნდამენტი გასკდა. ჩემი ძმის სახლი და მარანი ნგრევის ზოლის მეორე მხარეს აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ სამი ქვევრი დაუცემენტებლადაა მიწაში ჩადგმული, დღემდე სამივე მთელია. ასე რომ აუცილებელია მიწისძვრის წინააღმდეგ ბრძოლის სხვა ფორმები მოვძებნოთ. მართალია მიწისძვრაზე გამარჯვება დიდი უიმედო საქმეა, მაგრამ დაკი-რულ-დაცემენტებულ ქვევრზე უფრო მტკიცე ქვევრის დამზადება რომ შეიძლება, მე ამაში ეჭვი არ მეპარება.

ქვევრის სისუსტის მიზეზი მისი დამზადების მეთოდში უნდა ვეძებოთ. ქვევრს კვერცხის ფორმა აქვს. თუ კვერცხის ხელის მოჭერით გატეხვას ძალ-ღონით სავსე ვაჟკაცები ვერ ახერხებენ, ქვევრი რატომაა ასე სუსტი? თუ კვერცხის სიმ-კვრივის მიზეზს შევისწავლით და ქვევრს ამ მიზეზთა გათვალისწინებით დავამზადებთ, ღრმად ვარ დარწმუნებული, დღეს არსებულ ქვევრზე 3-5-ჯერ უფრო მტკიცე ქვევრის დამზადება შეიძლება, რომელსაც არავითარი დაკირვა-დაცემენტება აღარ დაჭირდება და ამით დაცემენტებისთვის საჭირო თანხის ეკონომიასაც გავაკეთებთ და ღვინოზე ცემენ-ტის უარყოფით ზემოქმედებასაც ავიცილებთ.

თუ ნემსის წვერით კვერცხს ნებისმიერ ადგილზე პატარა ნახვრეტს გავუკეთებთ, მაშინ მისი ხელის მოჭერით გატეხვა პრობლემას აღარავისთვის აღარ წარმოადგენს. ე.ი. კვერცხის ნაჭუჭზე ერთი უმცირესი სუსტი ადგილის გაჩენამ დაასუსტა ის, ქვევრს კი ძველი და ახალი თიხის გადაბმის ადგილებზე ასობით ასეთი სუსტი ადგილი აქვს.

აქ შეიძლება ბევრი შემედავოს, რომ კვერცხი დახურული ჭურჭელია, ქვევრს კი 40-50 სმ. დიამეტრის ღია პირი აქვს. ეს მართალია, მაგრამ ქვევრის ფარფლი, რომელიც ქვევრის პირის გარშემო 10-15 სმ. სიფართის მასიური თიხისგანაა მოქვაბული, ნამდვილად ახდენს ქვევრის ამ სუსტი ადგილის „კომპენსაციას“ და მთლიან შეკრულ ფორმას გვაძლევს.

ქვევრის სიმტკიცისთვის უდიდესი მნიშვნელობა ქვევრის სისქეს აქვს. ჩვენს ქვევრს ამ მხრივ ორი სახის დარღვევა აქვს. ჯერ ერთი ოსტატი მას ხელით ამზადებს და ერთიანი სისქის ქვევრის დამზადება პრაქტიკულად შეუძლებელია, და მეორე, ოსტატს ხელი ქვევრის ერთ სისქეზე აქვს მიჩვეული და ერთტონიანი და სამტონიანი ქვევრების სისქეთა შორის სხვაობა უმნიშვნელოა, რაც დიდი დარღვევაა. პრობლემაა ისიც, რომ არ გვაქვს ქვევრის კედლის სისქის სტანდარტი ტევადობის მიხედვით და არ ვიცით, ქვევრის რა ტევადობას როგორი სისქის კედელი სჭირდება. არქეოლოგების მიერ მიკვლეული უძველესი ქვევრები, რომელთა ტევადობა 800-1200 ლიტრია 5-6 სმ. სისქის კედლით არის დამზადებული, ჩვენი ხელოსნები კი დღეს 3 ტონიან ქვევრს საშუალოდ 3 სმ. სისქის კედლით ამზადებენ, რაც კატასტროფაა ქვევრის სიმაგრისათვის. სქელკედლიანი ქვევრი ძალიან ფრთხილი გამოსაწვავია, ამიტომ იყო, რომ ჩვენი წინაპარი ქურის გამოწ-ვას 6-7 დღეს ანდომებდა, დღეს კი ქურის გამოწვას 2-3 დღეში ამთავრებენ. როგორც ხედავთ, აქ საწვავის დიდ ეკონო-მიასთან გვაქვს საქმე (არა მარტო მასთან). თუ უკანასკნელ დრომდე ქვევრი იაფი ღირდა და ასეთი ეკონომიის გაკეთება სასიცოცხლო აუცილებლობას წარმოადგენდა, დღეს ქვევრი უკვე კარგ მოგებას ტოვებს და სათანადოდ მისი საიმედოობაც უნდა გაიზარდოს. აქედან გამომდინარე გაირკვა, რომ ქვევრის სიმტკიცის მისაღწევად აუცილებელია ის გადაბმე-ბის გარეშე დავამზადოთ, კედლის ერთნაირი სისქით, რომელი სისქეც შესაბამისობაში იქნება მოცემული ზომის ქვევ-რის სტანდარტულ სისქესთან. ამის გაკეთება კი ხელოსნის მიერ ხელით გამორიცხულია, ამიტომ აუცილებელია ქვევრის წარმოებაში მექანიკის დანერგვა. საბედნიეროდ ამ მხრივ ყველაფერი რიგზეა და მალე მექანიკის დახმარებით სასურვე-ლი ზომის, ფორმის და სისქის ქვევრის წარმოება პრობლემა აღარ იქნება.

ქვევრის დაცემენტებისადმი ჩემი უარყოფითი დამოკიდებულება გამოწვეულია იმით, რომ დაცემენტებით ქვევრს ბეტონის სარკოფაგში ვსვამთ. ამით კი ჯერ ერთი, ქვევრის კედლებს მიწისგან იზოლირებულს ვხდით და მეორე, დაცემენტებულ ქვევრს სუნთქვის პრობლემა აქვს და მასში ღვინის დავარგების პროცესი არასწორად და დაგვიანებით მიმდინარეობს.

როგორც ცნობილია, ქვევრი მასში მადუღარ ყურძნის წვენს თვითონ უქმნის შაქრების ბოლომდე დადუღებისათვის ნორმალურ ტემპერატურულ რეჟიმს. მძაფრი დუღილის დროს, როცა ბევრი სითბო გამოიყოფა, ქვევრის კედლები ზედმეტ სითბოს გადასცემს მის გარშემო შემოყრილ მიწას და ათბობს მას, ნელი დუღილის დროს კი, როცა სითბოს გამოყო-ფა შეზღუდულია, თბილი მიწა თვითონ ათბობს ქვევრში ღვინოს და ახდენს პასიური დუღილით გამოწვეული სითბოს დანაკლისის „კომპენსაციას“.

აწ გარდაცვლილმა პროფესორმა კონსტანტინე მოდებაძემ შეისწავლა ქვევრში ღვინის დუღილის დროს გამოყოფილი სითბოს ყოველდღიური რეჟიმი და ამ სითბოს ზემოქმედება მადუღარ დურდოზე. ქვევრში მადუღარი ტკბილის მაქსიმა-ლურმა ტემპერატურამ 230C. მიაღწია. მართალია თეთრი ღვინისთვის ეს ტემპერატურა საგანგაშო არ არის, მაგრამ სა-სურველი ტემპერატურა 15-180C-ია. რამ გამოიწვია ქვევრში ტემპერატურის 230-მდე აწევა? ამის მიზეზი ქვევრის დაცემენტებაა. ბეტონი სითბო-სიცივის ცუდი გამტარია, ამიტომ ქვევრის კედლიდან მიღებული სითბო ბეტონმა ცუდად გაატარა მიწის ცივი ფენებისკენ და ქვევრის კედლებზე დატოვა, ამიტომ აიწია ქვევრში დუღილის ტემპერატურამ. მიწა სითბო-სიცივის კარგი გამტარია, ამიტომ, როცა დუღილი დაუცემენტებელ ქვევრში მიმდინარეობს, ქვევრის კედლიდან მიღებულ სითბოს მიწა გადასცემს სიღრმისეულ ცივ ფენებს ე.ი. სითბოს დროზე აშორებს ქვევრის კედლებს და ქვევრში ღვინო 200C-ზე მაღლა არ აიწევს. რაც შეეხება წითელ ღვინოს, მისთვის 230C დაბალია, ამიტომ წითელი ღვინის სადუღა-რი ქვევრი უნდა დაიკიროს. კირი სითბოს კარგად ინახავს და კირის დუღაბი ქვევრისთვის თბილი პერანგი იქნება, რომ-ლის ზემოქმედებითაც ქვევრში მადუღარი დურდოს ტემპერატურა საჭირო დონემდე აიწევს.

ქვევრში მადუღარი ღვინის ტემპერატურა ხშირად არ ჯდება ჩვენს გათვლებში და გაუმართლებლად მაღლა მიდის ან პირიქით. ეს დამოკიდებულია როგორც ქვევრში ჩასხმული ტკბილის საწყის ტემპერატურაზე, ისე მარნის ტემპერატუ-რაზე და ნიადაგზე, სადაც ზის ქვევრი. გაზრდილ-შემცირებული ტკბილის ტემპერატურის სარეგულირებლად ქვევრს აქვს ტრადიციით დამკვიდრებული და საუკუნეებით გამოცდილი საშუალებები, რომლებიც სხვა წერილში იქნება განხილული.

 

  1. ქვევრის გარე კედლების დამუშავების დროს შემკვრელად ცემენტის გამოყენება დაუშვებელია.
  2. თეთრი ღვინის სადუღარი ქვევრი დაკირვის გარეშე უნდა ჩაიდგას მიწაში, ხოლო წითელი ღვინის სადუღარი ქვევრი, უნდა დაიკიროს.
  3. ქვევრები, რომელშიც მიმდინარეობს ღვინის დავარგება და შენახვა-დაძველება დაუკირავად უნდა იდგას მიწაში.

რაც შეეხება ქვევრის დაკირვას, განახორციელეთ შემდეგნაირად. მავთულით დაბორკვის შემდეგ ქვევრი დააყენეთ ვერტიკალურ მდგომარეობაში, ქუსლით მაღლა. შუა მუცელზე, იქ, სადაც იწყება მუჯუროს დახრა, შემოუჭირეთ მსხვი-ლი თოკი ისე, რომ ეს თოკი ქვევრის კედელზე დადებული კირის დუღაბის (ხსნარის) საყრდენი იყოს. ამის შემდეგ 4-5 სმ-ის სისქეზე გალესეთ ქვევრის ჯერ ზემოთა მხარე, გაშრობის შემდეგ კი გადმოაბრუნეთ, დააყენეთ ძირზე და იგივე ოპერაცია შეასრულეთ ქვევრის მეორე ნახევარზე. ქვევრის დაკირვის ოპერაცია შეიძლება გაკეთდეს ჰორიზონტალუ-რად მდგარ ქვევრზეც, ჯერ ზედა მხარე, შემდეგ კი ქვედა მხარე. აგრეთვე შეიძლება დაკიროთ შუას ქვემოთ, შემდეგ ჩადგათ მიწაში და დაკიროთ შუას ზემოთ. კირის დუღაბის ეკონომიის მიზნით გამოიყენეთ კრამიტის ან დამტვრეული ქვევრის ნატეხები.

ქვევრის გახიზვა

ქვევრის კედლის სანთლით ან სხვა სახიზავი საშუალებით დამუშავებას (გახიზვა) საქართველოში დიდი ხნის ისტორია არ აქვს. ამას უძველესი ქვევრების კედელთა შესწავლა ამტკიცებს. მე პირადად დაუშვებლად და დიდ შეცდომად მი-მაჩნია ქვევრის გახიზვა, რადგან ამ შემთხვევაში ქვევრი სრულად ვერ ავლენს ღვინოზე თავის დადებით თვისებებს. გა-ხიზულ ქვევრში ღვინო გამომწვარი თიხის კედლებში კი არ დგას, არამედ სახიზავი მასალის სარკოფაგშია და განიცდის მის ზეგავლენას, ამიტომ გახიზულ ქვევრში დაყენებული ღვინო ქვევრის ღვინო არ არის. გარდა ამისა, სახიზავი საშუალებები ახდენენ ღვინის იზოლირებას გარე სამყაროსგან, გახიზული ქვევრი აღარ სუნთქავს, ეს კი ხელს უშლის ღვინის დავარგება-დამწიფების პროცესი ნორმალურ გარემოში და დროში წარიმართოს.

სანთელი, რომელიც დღეისათვის ძირითადი სახიზავი საშუალებაა, მთლად ინერტული არ არის ღვინისათვის, ამიტომ გვირჩევენ (ხალხური გამოცდილებაა) სანთლით დამუშავებულ ქვევრში ღვინო დიდხანს არ შევინახოთ. ასევე გვირჩე-ვენ ქვევრის სახიზავად ნატურალური სანთელი არ გამოვიყენოთ, ის სხვა სახიზავ საშუალებასთან ერთად ვიხმაროთ.

ქვევრის გახიზვას იმით ამართლებენ, რომ ქვევრის კედლები მაღალ პორიანია და სწორედ ამ პორების ამოსავსებადაა საჭირო სანთელი, რათა ქვევრიდან ღვინომ არ გაჟონოს. ეს მართლაც ასეა და ამ მხრივ სახიზავ საშუალებას კეთილი მისია აკისრია, მაგრამ ვინ გვიშლის ისეთი ქვევრი დავამზადოთ, რომლის კედლები გახიზვის გარეშე ღვინოს რომ არ გაატარებს? ასეთი ქვევრების დამზადება შეიძლება და უნდა დავამზადოთ კიდეც. ასევე შეიძლება სხვა საშუალებათა გა-მოყენება, რომელთა შესახებაც ქვემოთ მოგითხრობთ.

ქვევრის შენება ძალიან შრომატევადი და არც ისე სუფთა საქმეა, მექვევრე ოსტატი მთელი დღე სველ თიხაში ურევს ხელებს. მასში გადახდილი თანხა არასდროს არ ყოფილა იმ შრომის ექვივალენტი, რასაც ოსტატი ხარჯავს მის დამზადებაზე. ამიტომ, ვფიქრობ საქმის გაიოლებას მექვევრეები ყველა დროში მიმართავდნენ. დღეს ქვევრის ფასზე ხელოს-ნებს სამდურავი არ ეთქმით. იმედია ევროპის ბაზარზე გასული ქვევრი მომავალში უფრო გაძვირდება, ამიტომ ხელოს-ნებმაც უნდა შეცვალონ თავიანთი დამოკიდებულება ქვევრის ხარისხის მიმართ.

ახლა მოდით განვიხილოთ ქვევრის კედლების მიერ სითხის გატარების მიზეზი და არსებობს თუ არა მისი აღკვეთის შესაძლებლობა. ქვევრს ორი სახის თიხისგან ამზადებენ: ცხიმიანი და მჭლე თიხისგან. თუ ქვევრს ცხიმიანი თხისგან დავამზადებთ, ასეთი ქვევრიდან ღვინო არასოდეს გაჟონავს, მაგრამ ასეთი ქვევრის გამოწვას დიდი სიფრთხილე და ოსტა-ტობა უნდა. მიუხედავად ყველაფრისა, ქურიდან 1-2 ქვევრი მაინც გატეხილი გამოდის. ქვევრის დამზადება შეიძლება მჭლე თიხისგან. მართალია ასეთი ქვევრი ქურაში გამოწვის დროს არასდროს გაგიტყდება, მაგრამ შიგ ჩასხმულ სითხეს ისეთი ინტენსივობით ატარებს, რომ რამდენიმე წუთში ცარიელი ქვევრი შეგრჩება ხელში. როგორც მკითხველი მიხვდა, ქვევრი სწორედ ამ თიხების ნარევისგან უნდა დამზადდეს, იმ შეფარდებით, რომ არც ქვევრი გაგიტყდეს გამოწვის დროს და ქვევრს სითხის გაჟონვის პრობლემაც არ ჰქონდეს. ქვევრის თიხათა შერევის ეს ნორმა დიდი ხნის მოძებნილია, მაგ-რამ მეტი დამაჯერებლობისთვის, რომ ქურიდან ყველა ქვევრი უვნებლად გამოიღონ, მექვევრე ოსტატები გადახრას აკეთებენ და ყოველთვის მჭლე თიხის სასარგებლოდ. ამ გზით ისინი ქვევრის დაუზიანებლად გამოწვას კი აღწევენ, მაგრამ ასეთ ქვევრებს სითხის შეკავების პრობლემა აქვთ, რომელი პრობლემაც საბოლოოდ ქვევრის მყიდველის პრობლე-მად რჩება და ისიც გახიზვით აგვარებს მას.

ქვევრის ფასთან ერთად უნდა მოიმატოს მისმა ხარისხმაც, ამიტომ ამის შემდეგ თიხათა შერევის ნორმიდან გადახრა თუ იქნება, ის აუცილებლად ცხიმიანი თიხის მხარეზე უნდა მოხდეს, რათა სითხეგაუმტარი ქვევრი დავამზადოთ. ამას-თანავე ქვევრი, რომელსაც ცხიმიანი თიხა ემატება, ნელ ქვევრად ითვლება და მასში ღვინის დუღილის პროცესი რამდე-ნიმე დღით მეტხანს გრძელდება, ეს კი დადებითად აისახება ღვინის ხარისხზე.

გარდა თიხების შერევის ნორმის დაცვისა, სითხეგაუმტარი ქვევრის წარმოებისათვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს ცხიმიანი და მჭლე თიხის ერთმანეთში კარგად შერევას. შერეული თიხა მანამდე უნდა გავატაროთ საზელ დანადგარში, სანამდე ერთიანი მასის თიხას არ მივიღებთ. ამას, რომ ამას მივაღწიოთ, საზელში თიხის გატარება სულმცირე 4-5 ჯერ მაინც უნდა მოხდეს, დღეს კი ოსტატები შესარევი თიხის საზელში 1-2-ჯერ გატარებით კმაყოფილდებიან. ამიტომ ქვევრის კედლის გარკვეული ადგილები შეურეველი მჭლე თიხისაგან კეთდება, ასეთი კედლიდან კი ღვინო ყოველთვის გაჟონავს.

ქვევრი ჩვენი ეროვნული განძია. ჩვენდა საბედნიეროდ ის ნატურალური სუფრის ღვინის დასაყენებლად. ერთადერთი შესაფერისი ჭურჭელია. დღემდე ქვევრს ჩვენ ვაწარმოებდით და ჩვენვე მოვიხმარდით. ჩვენი მომხმარებელი კი ყო-ველთვის უპრეტენზიო იყო, უფრო სწორად მომხმარებელმა არც ადრე იცოდა და არც დღეს იცის, როგორი უნდა იყოს მაღალი ხარისხის ქვევრი, რადგან დღემდე არ გვაქვს ქვევრის სტანდარტი. ამიტომ ჩვენი მომხმარებელი ყოველთვის უპრეტენზიოდ იღებდა იმას, რასაც მას მექვევრე სთავაზობდა. ევროპის ბაზარზე შესვლას კი სხვა დონეზე აჰყავს ქვევრი. რადგან ბაზარზე დამკვიდრება. მხოლოდ ხარისხიანი პროდუქციით შეიძლება, ამიტომ სანამდე სხვა მიგვითი-თებს, ჩვენ თვითონ უნდა მოვხსნათ ქვევრიდან ყველაფერი ის ზედმეტი, რომელიც ზედაპირზე დევს.

ქვევრის განახლება არ ნიშნავს ძველი ტრადიციებიდან გასვლას. ეს რომ არ მოხდეს, უნდა დადგინდეს ქვევრში რაა ტრადიციული, შემდეგ კი ამ ტრადიციულიდან რისი შენარჩუნება აკეთილშობილებს ქვევრს და რაზე შეიძლება ითქვას უარი. ჩვენმა წინაპარმა პირველი ქვევრი პირის, ყელის და ბეჭების გარეშე დაამზადა. საბედნიეროდ ეს ქვევრი მუზეუმ-ში გვიდევს და ყველას შეუძლია ნახოს. მათ რომ ის პირველი ქვევრი არ გაეუმჯობესებინათ, ცხადია ქვევრის დღევან-დელ ფორმამდე ვერ მივიდოდით. ქვევრის გაუმჯობესება დღესაც უნდა მოვახდინოთ, მაგრამ მისი განახლება კვალიფიციური კვლევის შედეგად უნდა მოხდეს. ამ კონტექსტში ქვევრის გახიზვის ტრადიცია მინდა განვიხილო. აქ ასეთი სუ-რათი იკვეთება: შულავერში აღმოჩენილ ქვევრის ძირში ყურძნის ყვავილის მტვერი პროფ. ელისო ყვავაძემ აღმოაჩინა. ჩემთან საუბარში პროფესორმა აღნიშნა, რომ მათმა ჯგუფმა მას შემდეგ ათობით უძველესი ქვევრი გამოიკვლია და ყვე-ლა მათგანში, მეტნაკლები რაოდენობით, ვაზის ყვავილის მტვერი იყო. ჩემი თხოვნით, მათ ჩემი ძმის მარნიდან ერთტონიანი ქვევრის ძირი გამოიკვლიეს. მიუხედავად იმისა, რომ ქვევრი 50 წლის მანძილზე ღვინის სადუღარი ჭურჭელი იყო, მის ძირში ყურძნის მტვერი არ აღმოჩნდა. ამით დადასტურდა, რომ ჩვენი წინაპარი ქვევრს მიწაში გაუხიზნავად დგამდა, ამიტომ მათი პორები ვაზის მტვრით აივსო, ჩემი ქვევრის პორები კი სანთლით იყო ავსილი და მტვრის ადგილი აღარ დარჩა. ეს კი იმასაც ამტკიცებს, რომ ქვევრის გახიზვის ტრადიციას საქართველოში დიდი ხნის ისტორია არ აქვს და ამ ტრადიციის დამკვიდრება უხარისხო ქვევრის წარმოებამ და ზარმაცი მომხმარებლის მომრავლებამ გამოიწვია. რად-გან გასანთლული ქვევრი ადვილად ირეცხება, საქმის გაიოლების მიზნით ქვევრის გახიზვა დამკვიდრდა.

უკანასკნელ დროს ქვევრის ბევრი მეპატრონე მიკავშირდება. ისინი ქვევრის ემალირებას და ჭიქურით მისი კედლების დაფარვას მთავაზობენ. ამით თურმე ქვევრი ადვილად გასარეცხი გახდება. ქვევრი რომ თავის დანიშნულებას კარგავს ეს მათ არც იციან და არც ადარდებთ. დამტკიცებულია, რომ ხარისხიანი ღვინო დიდი ინფორმაციის მატარებელია და ამ ინფორმაციის ვაკუუმში გამომწყვდევა დადებითად არ იმოქმედებს მის ხარისხზე. ასევე გასათვალისწინებელია ქვევ-რის სუნთქვის ჩახშობის მავნე გავლენა ღვინოზე.

ქვევრში დაყენებული ღვინის მაღალ ხარისხს განაპირობებს მისი კედლების სუნთქვის უნარი, ამიტომ გასანთლული ქვევრი აღარ სუნთქავს და ღვინო გამომწვარი თიხის ნაცვლად სანთლის სარკოფაგში დგას. რა არის და როგორ სუნთქავს ქვევრი, აგრეთვე რა დადებით გავლენას ახდენს ის ღვინის ხარისხზე, შემდეგ წერილში შემოგთავაზებთ.

ყველა ზემოთ აღნიშნულიდან ცხადი ხდება, რომ თუ ქვევრის გახიზვის ტრადიციაზე უარს ვიტყვით, ამით ქვევრის ხარისხს ბევრი არაფერი დააკლდება, პირიქით.

როგორც წერილის დასაწყისში დაგპირდით, მინდა ავხსნა ქვევრიდან ღვინის გაჟონვასთან ბრძოლის ძველი ტრადიციული მეთოდი: ქვევრიდან ღვინო მაშინ ჟონავს, როცა ქვევრის გარშემო შემოყრილი მიწა შრება. ქვევრის კედელი გაჟ-ღენთილია ღვინით. მასთან შეხებაში მყოფი მიწა თუ შრება ე.ი. ის ქვევრის სველი კედლიდან გაიწოვს ღვინოს და სისველეს შეინარჩუნებს. ეს გაწოვა რომ არ მოხდეს, ამისთვის მიწა უნდა შევინარჩუნოთ სველ მდგომარეობაში, ანუ დროდადრო უნდა წყლით დავასველოთ. ამ მიზნით ჩვენი წინაპარი ღია მარნებს ზაფხულში წყლით რწყავდა, ხოლო დახურუ-ლ მარნებში, ყველა ქვევრს თავის გარშემო დატოვებული ჰქონდა 2-4 ორმო ზომით დაახლოებით 15-20-15 სმ-ზე და ამ ორმოებში წლის ჩასხმით დროდადრო ქვევრის გარშემო შემოყრილ მიწას ასველებდა და მუდამ მსუბუქად დანესტიანე-ბულ მდგომარეობაში ჰქონდა ის.

ჟორა გაბრიჭიძე,

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა კვლევის სამეცნიერო ცენტრის უფროსი მეცნიერმუშაკი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.