აგრარული განათლებააგროსიახლეებიაგროტექნოლოგიებისტატიები

აბრეშუმის ჭიას ქვეყანაში ათასობით სამუშო ადგილის შექმნა შეუძლია

მეაბრეშუმეობა საქართველოს სოფლის მეურნეობის უძველესი დარგია, რომელმაც წარმატებით გაუძლო ისტორიის მკაცრ ქარტეხილებს და სამართლიანად ითვლება ერის კულტურული მემკვიდრეობის საუკეთესო მაგალითად. აბრეშუმის პარკის წარმოება, გადამუშავება და ქსოვა ყველაზე პრესტიჟულ საქმედ ითვლებოდა ქვეყანაში

სამწუხაროდ, დარგის აღმავლობის პერიოდში, გავრცელდა თუთის მიროპლაზმური დაავადება — ფოთლის სიხუჭუჭე, რომელმაც 15 მილიონზე მეტი ჯიშიანი მცენარე გაანადგურა და სხვა სუბიექტურ მიზეზებთან ერთად დარგის საბოლოო დაცემა განაპირობა. მარტო სოფლის მეურნეობაში დაიკარგა 15-16 ათასი სამუშაო ადგილი, მილიონობით ფულადი შემოსავალი, გაძლიერდა მიგრაციული პროცესები და სხვა უარყოფითი მოვლენები, რამაც მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო სოფლის მოსახლეობა. ამასთან, და-ავადების გავრცელებით გამოწვეულ სირთულეებს დაემატა ჩვენი უყაირათობაც და სავალალო შედე-გიც მივიღეთ. ამჟამად, მეაბრეშუმეობა, როგორც დარგი, თითქმის არ არსებობს.

მეაბრეშუმეობის რეაბილიტაცია-აღორძინების ზოგიერთი პრობლემის დაჩქარებულად გადაწყვეტის აუცილებლობაზე გვესაუბრებიან საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გიორგი ნიკოლეიშვილი და ამავე აკადემიის აკადემიკოსი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ელგუჯა შაფაქიძე.

— როგორ გესახებათ მეაბრეშუმეობაში არსებული მდგომარეობა, რეაბილიტაციის შესაძლებლობა და როლი სოფლის მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური პირობების გაუმჯობესების საქმეში?

— ელგუჯა შაფაქიძე — მეაბრეშუმეობის განვითარების ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა, კარგი ბუნებრივი პირობები, აბრეშუმის წარმოების უძველესი ისტორია, პროდუქციის მაღალი ხარისხი, მსოფლიო გამოფენებზე მოპოვებული ჯილდოები, მცირემიწიანობა, თავისუფალი მუშახელის არსებობა ინვესტიციების მოზიდვისთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის. ამასთან, მოსახლეობაში ჯერ კიდევ არის შენარჩუნებული დარგისადმი დიდი სიყვარული, საკვები ბაზის დაჩქარებული აღორძინების შესაძლებ-ლობა, მეცნიერული პოტენციალი, გამოცდილი პრაქტიკოსი მეაბრეშუმეები და დარგის აღდგენით და-ინტერესებული ენთუზიასტები. ეს არის ჩვენი სასტარტო პირობები, რომლის გონივრულად გამოყენე-ბის შემთხვევაში დარგის გადარჩენა ჯერ კიდევ შეიძლება.

გასული საუკუნის 60-იან წლებში საქართველოში ყოველწლიურად იწარმოებოდა 4,0-4,2 ათასი ტონა ცოცხალი პარკი, 4,5-5 ტ. გრენა, 450-500 ტ. ნატურალური აბრეშუმის ხამი ძაფი, 4,5-5 მილიონი გრძივი მეტრი ნატურალური ქსოვილი და სხვა პროდუქცია, რომელთა რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი წარმატებით ავსებდა ქვეყნის ყველა დონის ბიუჯეტს.

სოფლის მოსახლეობა, მარტო ცოცხალი პარკის რეალიზაციით ყოველწლიურად 16-17 მილიონ მანეთს ღებულობდა, დარგში დასაქმებული იყო 100-120 ათასი ოჯახი (14,5-15 ათასი სამუშაო ადგილი), აბრეშუმის მრეწველობაში —5-6 ათასი კაცი და მეაბრეშუმეობის სამმართველოს სისტემაში — კვალიფიციურ სპეციალისტთა დიდი არმია. სამწუხაროდ, სწორედ ამ ეტაპზე (1964 წელი) გავრცელდა თუთის დაავა-დება — ფოთლის სიხუჭუჭე, რომელმაც გაანადგურა 15 მილიონ ძირზე მეტი ჯიშიანი თუთის ხე. ამას დაემატა საბაზრო ეკონომიკასთან დაკავშირებული სიძნელეებიც, რასაც დარგის საბოლოო დაცემა მოჰყვა.

დღეს დარგი განადგურებულია, თუთის შენარჩუნებული ნარგაობებიც უპატრონოდ არის მიტოვებული და იჩეხება მაშინ, როდესაც დარგის მიზნობრივი განვითარების შემთხვევაში ჩვენი სოფლების ათასობით მკვიდრი საკუთარი შრომით შეძლებდა საარსებო მინიმუმის დანაკლისის შევსებას და ეკოლოგი-ური გარემოც უფრო სუფთა იქნებოდა.

ჩვენი გაანგარიშებით სოფლის მოსახლეობამ პარკის წარმოების შემცირების მიზეზით მიყენებული ზარალი სხვა დარგებიდან მიღებული პროდუქციის რეალიზაციით ვერ აინაზღაურა და ვერც მომავალში აინაზღაურებს. მაგალითად, ლაგოდეხის რაიონის მეაბრეშუმეებმა დაავადების გავრცელებამდე 1982 წელს მოიწიეს 328 ტონაზე მეტი აბრეშუმის ცოცხალი პარკი და 4,0 მილიონამდე მანეთი მიიღეს. სამწუ-ხაროდ, ეს იყო წარსულში, სადღეისოდ კი რაიონში პარკი საერთოდ აღარ იწარმოება, რაც თვალნათლივ დაეტყო სოფელს. ამასთან, დღესაც ათასობით ძირი თუთა დგას გამოუყენებელი და ნადგურდება. ამას-თან, ანალოგიური მდგომარეობაა ხონის, ვანის, სამტრედიისა და სხვა რაიონებში.

სოფლის მეურნეობის ისტორიულად ჩამოყალიბებული დარგობრივი სტრუქტურიდან მეაბრეშუმეობის ჩამოცილებით გაუარესდა ეკონომიკური გარემო, გაძლიერდა მიგრაციის პროცესი, შემცირდა ოჯახური ბიუჯეტის შემოსავლები და ძალიან შემცირდა დასაქმების დონეც.

— უახლოეს ათწლეულში რა რაოდენობის პარკის წარმოება და რამდენი ახალი სამუშაო ადგილის შექმნაა შესაძლებელი? თუ გიფიქრიათ ამაზე?

გიორგი ნიკოლეიშვილი — მართალია, მეაბრეშუმეობა უკიდურესად რთულ მდგომარეობაშია, მაგრამ ბოლომდე ჯერ კიდევ არ არის დაკარგული და პარკის წარმოების გაზრდის რეალური საფუძველიც არ-სებობს. ჩვენი გაანგარიშებით, უახლოეს პერსპექტივაში წელიწადში 450-500 ტონა პარკის წარმოება რეალურია, რაც იმას ნიშნავს, რომ მეაბრეშუმეობაში ყოველწლიურად 2,3-2,5 ათასი კაცი დასაქმდება, ხოლო არცთუ შორეულ პერსპექტივაში 10-12 ათასი სამუშაო ადგილი გაჩნდება. საინტერესოა რამდენი დიდი საწარმო უნდა აშენდეს საქართველოში, რომ მითითებული რაოდენობის მუშახელი დასაქმდეს? ან რამდენი ინვესტიცია იქნება ამისათვის საჭირო? ამაზე ღირს დაფიქრება და იმას კი არ უნდა დაველო-დოთ, როდის დაარეგულირებს საბაზრო ეკონომიკა ჩვენი უყაირათობით დამდგარ კრიზისს, არამედ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ დარგის რეაბილიტაცია-აღორძინების უზრუნველსაყოფად. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს საჯიშე საქმისა და სადრენაჟო წარმოების გაუმჯობესებას. ამასთან, აუცილებელია კვალიფიციური სპეციალისტების მომზადების დაჩქარება.

მეაბრეშუმეობაში შექმნილი ვითარების ანალიზი გვიჩვენებს, რომ თუ დარგის გადარჩენისათვის ახლავე არ დავიწყეთ რადიკალური ღონისძიებების განხორციელება, შეიძლება მისი სრული ლიკვიდაცია მოხდეს.

— თქვენი შეხედულებით, უცხოეთიდან შემოტანილი თუთის ჰიბრიდული ნერგების მასიური გავრცელება სირთულეებს ხომ არ შეუქმნის საკვები ბაზის აღორძინების საქმეს?

გიორგი ნიკოლეიშვილი — შეუქმნის და შეიძლება ძალიან მძიმედაც იმოქმედოს. თუთის ფოთლის სიხუჭუჭე ვერაგი დაავადებაა. იგი 200 წელზე მეტია არსებობს იაპონიაში, მაგრამ ბრძოლის პროფილაქტიკის რადიკალური ღონისძიებათა სისტემა დღემდე არ არის შემუშავებული. სადღეისოდ (ასე იყო ად-რეც) იაპონიაშიც და ჩვენშიც ფოთლის სიხუჭუჭესთან ბრძოლის ერთადერთ რადიკალურ ღონისძიებად მიჩნეულია მედეგი და შედარებით გამძლე ჯიშების გამოყვანა-გამოვლინება.

საამაყოა, რომ ქართველმა მეცნიერებმა (მ. შაბლოვსკაია, მ. კაკულია და სხვები) თხუთმეტზე მეტი შედარებით გამძლე (მედეგი) ჯიში გამოიყვანეს და გამოავლინეს (თბილისური, ივერია, ქუთათური, კოლხეთი, ოშიმა, ნეზუმიგაესი და ა.შ.), რაც წარმატებით ინერგებოდა წარმოებაში. მიმდინარე ეტაპზე თუთის სელექციის მთავარ ამოცანას შეადგენს ისეთი ჯიშების გამოყვანა, „რომელსაც მაღალ პროდუქტიულობასთან ერთად ექნება ამტანობა მავნებელ-დაავადებათა და გარემოს ექსტრემალური პირობე-ბისადმი (თ. დალალიშვილი)”. საქართველოში თუთის ფოთლის სიხუჭუჭის გავრცელების შესახებ მრა-ვალი ვერსია (ტენი, ჭარბი სასუქები) არსებობდა, მაგრამ მეცნიერულად არცერთი დასაბუთებულა. ჩვენი შეხედულებით (გ. ნიკოლეიშვილი, კ. ებანოიძე, ზ. ხარშილაძე) დაავადება ფოთლის სიხუჭუჭე შეიძ-ლება შემოყვა (ფარული ფორმით) იაპონიიდან შემოტანილ ჯიშებს (ოშიმა, ნეზუმიგაესი), რომელიც 1936 წელს ქუთაისის მეაბრეშუმეობის ზონალურ საცდელ სადგურში დაირგო. მომდევნო პერიოდში — 28 წლის შემდეგ კი, როდესაც საიმისო პირობები შეიქმნა, მთელ ქვეყანაში ფართოდ გავრცელდა.

გასული საუკუნის 70-იან წლებში ხსენებულ დაავადებებთან ბრძოლის ცენტრს ქუთაისის მეაბრეშუმეობის ზონალური საცდელი სადგური წარმოადგენდა. ამასთან, ხსენებული დაავადება აღიარებული იყო როგორც უმკაცრესი საკარანტინო ობიექტი. იმდროინდელი საკავშირო სოფლის მეურნეობის სამი-ნისტროს ბრძანებით, მეაბრეშუმეობის ყველა რესპუბლიკას (სულ 11) ევალებოდა წარმოებაში ფართოდ გავრცელებული 2-3 ჯიშის გამოცდა დაავადება ფოთლის სიხუჭუჭის მიმართ ქუთაისის მეაბრეშუმეო-ბის ზონალურ საცდელ სადგურში ჩაეტარებინა. იცდებოდა როგორც სარგავი მასალა, ისე სანამყენე კალმები, თესლნერგები და ა. შ.

სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის (მ. კაკულია) შედეგები დასტურდებოდა სადგურის მიერ და იგზავნებოდა „ადრესატთან”. ამასთან კოლოსალური მუშაობის შედეგად გამოცდილი ჯიშებიდან შედარებით გამძლე აღმოჩნდა მხოლოდ სამი ჯიში, მათ შორის 2 აზერბაიჯანიდან და 1 უკრაინიდან.

ჩვენი შეხედულებით, თუთის დაავადება ფოთლის სიხუჭუჭისადმი გამოცდის გარეშე ჰიბრიდული ნერგების შემოტანა-გავრცელების რისკი ძალზე დიდია და დარგის სამომავლოდ განვითარების თვალ-საზრისითაც უკიდურესად სახიფათოა. მოსალოდნელი ხიფათის თავიდან აცილების მიზნით სოფლის მე-ურნეობის სამინისტრომ უნდა დასვას საკითხი მთავრობის წინაშე:

  1. საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ქუთაისის ყოფილი ზონალური სადგურის ტერიტორიაზე დღემდე შემორჩენილი გამძლე ჯიშების (საკოლექციო, სასელექციო) 5-6 ჰა მიწის ნაკვეთი არ გაიყიდოს (დროებით მაინც) და მასზე გაგრძელდეს სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა და საკალმე მასალის დამზა-დება;
  2. ხონის მეთუთეობის მეურნეობაში (დაყადაღებულია 40 ჰა-მდე ფართობი) 10 ჰა-მდე შენარჩუნებული თუთის გამძლე ჯიშებიდან დამზადებული სამყნობი მასალა უნდა გამოვიყენოთ როგორც ვარჯში მყნობის, ისე თბილი წყლის ბაზაზე მოწყობილ თერმულ მოედანზე საკუთარფესვიანი ნერგების გამო-საზრდელად;
  3. ორივე ნაკვეთიდან მიღებული სამყნობი მასალა 2017 წლის გაზაფხულზე აუცილებლად უნდა გადა-იმყნოს უზბეკეთიდან შემოტანილ ჰიბრიდულ ნერგებზე დაცვის მიზნით (კარანტინის წესების დაცვით).

აღნიშნულ ღონისძიებათა განხორციელების გარეშე ვფიქრობთ სასურველ შედეგს ვერ მივიღებთ და ვის დაეკისრება პასუხისმგებლობა?

— რეალური პირობების გათვალისწინებით, როგორ გესახებათ დარგის განვითარების პერსპექტივა?

გიორგი ნიკოლეიშვილი — საქართველოში მეაბრეშუმეობის განვითარების კოოპერაციული გზა მეურ-ნეობრიობის ერთ-ერთ ტრადიციულ ფორმას წარმოადგენდა. „მეაბრეშუმეთა პირველი ამხანაგობა” ქუთაისის გუბერნიაში 1895 წელს ჩამოყალიბდა (ხელმძღვანელი ნესტორ წერეთელი), რომელიც დაკავე-ბული იყო არა მარტო პარკის მოყვანა-რეალიზაციით, არამედ ჰქონდა საამქრო, სადაც პარკის ამოხვევა, ქსოვა და კუსტარული ნაწარმის დამზადება მიმდინარეობდა.

მეაბრეშუმეებთან ანგარიშსწორება ხდებოდა საბოლოო პროდუქციის (პარკის ღირებულება+რეალიზაცია და სხვა შემოსავლები) მიხედვით. 1896 წელს კოოპერატივმა წმინდა მოგებიდან (3448 მან.) გამოყო „მოძრავი” თანხა — 10%, სათადარიგო თანხა — 10% და ამხანაგობის თითოეულ წევრს დივიდენდად 3 მანეთი დაერიცხა. იგი თავისი შინაარსით ვერტიკალური ინტეგრაციის მიგნებულ ფორმას წარმოადგენდა მეაბრეშუმეობაში და ყველა მონაწილის პატივისცემით სარგებლობდა.

ჩვენი ღრმა რწმენით, აღნიშნული ამხანაგობის სამოქმედო პრინციპს თუ დავხვეწავთ და მივუსადაგებთ ქვეყნის კონკრეტულ პირობებს, უფრო მისაღები იქნება, ვიდრე უცხოურის „გადმოქართულება”. ამასთან, ინტეგრაცია უნდა ასახავდეს პარკის მწარმოებელთა და გადამამუშავებელ სფეროებს შორის ინტერესთა თანხვედრას. ბუნებრივია ასეთი გაერთიანების მართვა მეტად რთულია და ღრმა მეცნიე-რული კვლევის შედეგებს უნდა ემყარებოდეს. ამ მიმართულებით ჩვენი მუშაობის გააქტიურება 120 (1895-2015) წლიანი ინტერვალის წამოწევის შემდეგ მეტად საინტერესოა.

ბუნებრივია, კონკრეტული პირობების გათვალისწინებით (მოგება, წაგება) შედეგები ცვალებადი იქნება, ხოლო გაანგარიშების მეთოდიკა (იგი გადაცემულია გამოსაცემად) ალბათ პრინციპულად არ შეიც-ვლება.

— საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია მეაბრეშუმეობის დარგის განვითარე-ბის მხრივ რა ნაბიჯებს დგამს?

— მეაბრეშუმეობაში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმმა 2010 წლის 25 ივნისს #04 განკარგულებით განიხილა საკითხი „საქართველოში მეაბრეშუმეობის რეაბილიტაციის ღონისძიებათა შემუშავება და მისი მეცნიერული უზრუნველყოფა”. აღნიშნული განკარგულების საფუძველზე შემუშავდა: „საქართველოში მეაბრეშუმე-ობის განვითარების კონცეფცია 2012—2025 წლებში,” „საინვესტიციო პროექტი მეაბრეშუმეობის საკვე-ბი ბაზის, პარკის წარმოების და კუსტარული რეწვის ეტაპობრივი აღდგენა ხონის რაიონში,” რეკომენდა-ციები: „შემოდგომაზე გაუხეშებული თუთის ფოთლისაგან მეცხოველეობის არატრადიციული საკვების (ნეკერი) დამზადების შესაძლებლობა, ტექნოლოგიები და ეკონომიკური ეფექტიანობა”, „თუთის უნიკა-ლური თვისებების მრავალმიზნობრივი გამოყენება”, „პირველ ორ ასაკში თუთის აბრეშუმხვევიას ცენ-ტრალიზებული გამოკვება და უპირატესობა ინდივიდუალურ გამოკვებასთან შედარებით”, „თერმული წყლით გამთბარ სუბსტრატში თუთის კალმით დაფესვიანება და ეკონომიკური ეფექტიანობა” და დარ-გისათვის სხვა სასიცოცხლო რეკომენდაციები, რომელიც დღემდე თაროზე რჩება და წარმოებაში მათი დანერგვა ვერ ხერხდება.

ჩვენი სამინისტროები სუბსიდირებისა (იგი ხშირედ აუცილებელია) და სიღატაკის განსაზღვრის კრი-ტერიუმის მეთოდიკაზე რომ მუშაობენ, ამ სფეროსაც უნდა მიხედონ. ფერმერებს რომ აძლევენ თანხებს მცირე ბიზნესისათვის, გამოყონ თანხა მეაბრეშუმეობისთვისაც და ათასობით ადამიანი დასაქმდება. ადამიანს თევზის ჭამა კი არა, დაჭერა უნდა ასწავლო! ფულის მიცემას, რომელიც ისედაც არაფერში ჰყოფნის, სჯობს საშუალება მისცე და თვითონ საკუთარი შრომით იშოვის ფულს.

ზემოთ აღნიშნული რეკომენდაციებიდან შევეხებით მხოლოდ ერთს „თერმული წყლით გამთბარ სუბ-სტრატში თუთის გამძლე ჯიშების ნაზამთრი კალმით დაფესვიანება და ეკონომიკური ეფექტიანობა (პრობლემა პირველად დამუშავდა ვანის რაიონის სოფელ ამაღლებაში), რომელსაც ჟურნალი „ახალი აგ-რარული საქართველო” (#12 (44), 2014, გვ. 28-30) გამოეხმაურა, მაგრამ ყურადღების მიქცევა ყველას „გამორჩა” მაშინ, როცა აშშ-ის მსოფლიოში ცნობილი სამეცნიერო ჟურნალის „Jo­ur­nal of Agricultural Sci­en­ce and Tec­h­ligy “ რედაქცია 17 სტრიქონიანი აბზაცით გაეცნო მის შინაარსს (BACSA -ს მეაბრეშუმეობის მე-7 საერთაშორისო კონფერენცია, 2015 წელი, რუმინეთი) და თანამშრომლობა შემოგვთავაზა. ამასთან, გვთხოვენ აღნიშნული მასალები თუ არ არის გამოქვეყნებული სხვა ჟურნალში, მივცეთ გამოქ-ვეყნების უფლება. ასევე უყურადღებოდაა მიტოვებული ინსტრუქცია „თუთის ხის იმუნიტეტზე მომქმედი ფაქტორები და სადიაგნოსტიკო ნიშნებით სასელექციო მასალის გამორჩევის პრინციპები” და სხვა. აღნიშნული რეკომენდაციები წარმატებულად არის აღიარებული საერთაშორისო ასპარეზზე.

ვფიქრობთ ახლა მაინც შევიმუშაოთ მეაბრეშუმეობის განვითარების პოლიტიკა, ფერმერების ხელ-შეწყობა, ბაზრის მოძიება და ა.შ. მართალია, ბაზარი ალბათ ყველაფერს „დაარეგულირებს” (ან დაარე-გულირებს საერთოდ?), მაგრამ როდის?

  1. რამდენიმე დღის წინათ ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობამ თხოვნით მიმართა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას, რათა მან დაამუშაოს მეაბრეშუმეობის აღდგენისა და რეაბილიტაციის საინვესტიციო პროგრამა ვანის რაიონისათვის და მეცნიერული დახმარება გაუწიოს რაიონში ჩამოყალიბებულ მე-აბრეშუმეთა კოოპერატივს თბილი წყლის ბაზაზე მოწყობილ თერმულ მოედანზე საკუთარფესვიანი ნერგების გამოსაზრდელად.