აგრარული განათლებადარგებიმეცხოველეობა

ბოცვრის ლისტერიოზი

ბოცვრის ლისტერიოზი საშიში დაავადებაა, რომლის აღმძვრელი — პოლიმორფული ბაქტერია.
ლისტერიოზით ავადდებიან მრავალი სახეობის შინაური და გარეული ცხოველები. ლისტერიოზი შეიძლება გაჩნდეს წელიწადის ყველა დროს. ავადდებიან, ძირითადად, მაკე მდედრები, დასნებოვნების წყაროს წარმოადგენენ ლისტერიოზით დაავადებული ცხოველები, რომლებიც გამოყოფენ ინფექციას ცხვირიდან გამონადენის სახით, შარდთან, ფეკალიასთან, გაბერწებულ ნაყოფთან ერთად.

ლისტერიოზის მუდმივ გადამტანად ითვლებიან მღრღნელები, რომლებიც ლისტერიებით აბინძურებენ ინვენტარს, საკვებს, წყალსა და ქვეშსაფენს.

 კლინიკური ნიშნები

 დაავადება მიმდინარეობს ზემწვავე, მწვავე, ქვემწვავე, ქრონიკული და ატიპური ფორმით. ზემწვავე მიმდინარეობისას მაკე მდედრი ბოცვრები უეცრად იხოცებიან. ყველაზე ხშირია მწვავე ფორმა, რომლის დროსაც მაკეობის მეორე ნახევარში მაკე ბობოცვერი სამილკაჯლდფჯლასდჯფლ;ასდცვრებში ადგილი აქვს გაბერწებას ან უკანა კიდურების დამბლას, რასაც ერთვის საკვების მიღების შეწყვეტა, დასუსტება, ბეწვის აბურძგნა, სასქესო ორგანოდან გამოიყოფა მოყავისფრო გამონადენი.

დაავადება 2-4 დღეს გრძელდება და თითქმის ყოველთვის სიკვდილით სრულდება.

ქვემწვავე და ქრონიკული ფორმის დროს აბორტები არ ხდება, მაგრამ საშვილოსნოში ჩნდება ანთებითი პროცესები, იღუპება და იხრწნება ნაყოფი.

მდედრი ბოცვრების უმეტესობა კვდება მე-10-15 დღეს, ზოგჯერ 1-2 თვის შემდეგ. ატიპური ფორმის დროს მდედრი ბოცვრები ბერწდებიან, ბადებენ მკვდარ ან ცოცხალ განუვითარებელ ბაჭიებს, რომლებიც იხოცებიან პირველივე დღეებში.

ბოცვრის გაკვეთისას საშვილოსნოში აღინიშნება გახრწნილი ნაყოფი, ღვიძლი გადიდებულია, დუნე წერტილოვანი ნეკროზული დაზიანებებით, გადიდებულია ელენთა, ნეკროზის წვრილი წერტილოვანი კერებით.

პროფილაქტიკა და მკურნალობა 

ყველა ავადმყოფი და დაავადებაგადატანილი ბოცვერი უნდა გამოცალკევდეს და დაიკლას, საკვებად ვარგისია 2-საათიანი მოხარშვის შემდეგ. მკვდარი ბოცვერი უნდა დაიწვას, გალიებსა და ინვენტარს გაუკეთდეს დეზინფექცია პრეპარატ ეკოციდი C-ს 3%-იანი ხსნარით.

ფერმაში და მიმდებარე ტერიტორიაზე მღრღნელების საწინააღმდეგოდ ტარდება სადერატიზაციო ღონისძიება „რატიმორის“ ან „რატეკსის“ საშუალებით.

მნიშვნელოვანია, რომ მომსახურე პერსონალმა დაიცვას პირადი ჰიგიენის ნორმები. მეურნეობაში ცხადდება კარანტინი, რომელიც იხსნება 2 თვის შემდეგ, დაავადების ლიკვიდაციისა და დასკვნითი დეზინფექციის ჩატარების შემდეგ.

ლისტერიოზის სპეციფიკური სამკურნალო საშუალება შემუშავებული არ არის, დაავადების საწყის პერიოდში ეფექტურია სტრეპტომიცინის (პენბექსი), სულფანილამიდების (გენტაპრიმი) და დოკსაციკლინის პოლოდოქსინი) შემცველი საინექციო პრეპარატების გამოყენება.

დავით ბოსტაშვილი, ვეტერინარი,

„აგროექსპერტთა ასოციაცია“